среда, 2 декабря 2015 г.

გამოწვევებსა და სისუსტეებზე

Автор: ჯუნა на 12/02/2015 0 коммент.
          მოსკოვის ცენტრში, მეტრო ბელორუსკაიას ამოსასვლელთან ერთი ფართო ქუჩაა, რომელიც ასევე სხვა ორ ფართო ქუჩასთან იკვეთება და უდიდეს გზაჯვარედინს ქმნის. ამ გზის გავლა მიწევდა ყოველ დილით, როცა მეათე კლასის მოსწავლე სკოლისკენ მივაბიჯებდი და არცერთხელ მისარგებლია ქვეითთა გადასასვლელით, რომელიც მის ქვეშ არსებობდა. ყოველ დილას, ახლა უკვე სასაცილო, მაშინ კი რაღაც უაზრო თავის საწვრთნელ გამოწვევას ვიღებდი. იქ მისვლამდე სიამოვნებისგან თუ ადრენალინისგან ვკანკალებდი. შუა გზაზე მდგარი კი, ფარანთებული და უთვალავი ეშმაკებივით პირდაღებული მანქანების პირისპირ ჩემს თავს ვტუქსავდი აკვიატების გამო და ამ ერთხელ, ბოლოჯერ გადარჩენას ვთხოვდი ღმერთს. ამ ერთხელ და ბოლოჯერ დგებოდა მეორე დღესაც და ყოველ დღე......დაახლოებით 1 წლის განმავლობაში.
          არ ვიცი ამას რატომ ვაკეთებდი ან ახლა რატომ მომინდა ამაზე დამეწერა. სულ ვცდილობდი ჩემში ფესვებშივე მომეცელა სიმხდალე და სხვა ქალური თუ ადამიანური სისუსტეები. და სულ მინდოდა ვყოფილიყავი ძლიერი , მყარი და უშიშარი.
          და აი თითქოს ახლაც, ფართო ქუჩაში ვდგავარ და მინდა გზის მეორე მხარეს გადავიდე... პირღია ეშმაკების აღარ მეშინია, მაგდენი რწმენა კი ავაგროვე.... უბრალოდ ანთებული თვალები მჭრიან თვალს, მაბნევენ  და ხშირად არ ვიცი ეს თვალები უნდა დავხუჭო და მათ მივენდო რომ არ გადამივლიან, თუ ფართოდ გავახილო და ჯიქურ ბოლომდე მივიყვანო საკუთარი გზა თუ ნება.... во имя собственной силы, воли и силы воли....
          ამ ყველაფერში ერთადერთი პრობლემა არსებობს: ეშმაკი, ბოროტი და საძაგელი სენტიმენტები. საზიზღარი სენტიმენტები და კიდევ უფრო უსაზიზღრესი ემოციები. რომლებიც ჩემს სიძლიერეს ფარავენ ზოგჯერ; გზას მიბინდავენ და ნაბიჯს არ მადგმევინებენ წინ.
          ამ სუსტ ,,ადამიანობას" ვერ მოვერიე ჯერ.

среда, 21 октября 2015 г.

ანალოგია

Автор: ჯუნა на 10/21/2015 0 коммент.
          ერთი გზა მაქვს, რომელიც ძალიან საყვარელი და უსაფრთხო მგონია სულ ყოველთვის... ერთი გზა მაქვს, რომლისკენ ხშირად მიმიწევს გული და ამ გზაზე დადგომისას სულ რაღაც აუღწერელის მოლოდინში ვარ. ერთი გზა მაქვს, რომელსაც ჩემს საყვარელ ბიჭამდე მივყავარ და იქიდან გულდამშვიდებული მოვყავარ. ამ გზას რომ დავადგები, ვფიქრობ, ჩემს ბავშვობაში მივდივარ და თავი ისევ პატარა და ყველაზე საყვარელი გოგო მგონია. ისევ ის, ვის გამოც აკანკალებთ, ვისზეც სულ ეფიქრებათ, ვისი ოდნავი წუხილისთვისაც ,,სახეს გაუხევენ" ნებისმიერს და ვისი სიხარულის დანახვაც ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა.
          მე ჩემდაწილად ყველაფერს მივცემდი მისი ფუმფულა ლოყების ჩაკოცნა რომ შემეძლოს და მის კალთაში მშვიდად ჩაჯდომა. მე ჩემდაწილად  ძალიან ბევრს შეველეოდი იმ სიმშვიდის განცდისთვის, რაც მხოლოდ მასთან ჩახუტებამ შეიძლება მომიტანოს.
          და ალბათ იმიტომაც ვარ ასე გათამამებული, თავდაჯერებულიც და სიყვარულით სავსე, რომ სულ ის გოგო ვიყავი, ვინც უყოყმანოდ სირთულეებისკენ მიიწევდა ნაბიჯ-ნაბიჯ და არაფრის ეშინოდა, რადგან დიდი ძლიერი კედელი მიყვებოდა უკან...
          ამ ყველაფრის მერე როგორი ამაყი ვარ, რომ მეც იგივე ვარ ჩემი შვილისთვის, რაც მამაჩემი იყო ჩემთვის.
          რომ ჩემს შვილსაც შეუძლია ამდენი სიყვარული და სითბო. რომ მასაც აქვს ჩემი იმედი დაუსრულებლად და მუდმივად. რომ ისიც ამაყობს ჩემით. რომ მასაც აქვს სურვილი ყველა დღე და მნიშვნელოვანი მოვლენა მე გამიზიაროს. რომ მასაც ეგულიანება ჩვენი დედაშვილური მეგობრობა.... ისიც დარწმუნებულია, რომ მას ვერავინ დაჩაგრავს და სიყვარულით გათამამებულს ვიცი არავისი შურს.
          დღეს ბაღში თურმე სასაცილოდ ტიროდა. ჩემს ერთადერთ დედასთან მინდაო : )

          ნეტავ ყველა შეცდომის მიუხედავად, მასაც თუ გაყვება ჩემსავით ბოლომდე რწმენა, რომ მე მისთვის ყველაზე საუკეთესო ვარ და რომ ყველაზე დიდი სიყვარულით მე მიყვარს....

пятница, 25 сентября 2015 г.

ერთი ნახვით და ბოლომდე

Автор: ჯუნა на 9/25/2015 0 коммент.
                                                                       ....მერე კი ერთხელ...
                                                                                             შენ დაგინახე!
                                                                      თითქოს მთელი ჩემი სიცოცხლე
                                                                      რაღაც მოსაწყენ, გრძელ დერეფნებში ვიხეტიელე
                                                                      და უცებ ბნელში
                                                                                         გადამალულ
                                                                                                     მზეებს
                                                                                                             წავაწყდი.

          პირველად რომ ვნახე შემიყვარდა
          აი ასე მარტივად და ერთი ნახვით
          თხელი, თეთრი კანი ჰქონდა და უკონტურო, ბაცი ვარდისფერი ტუჩები; ოდნავ კეხიანი ცხვირი, გრძელი კისერი.
          სავსე, პატარა მკერდი და გრძელი, ძალიან გრძელი და თხელი თითები.
          ჩვეულებრივი, მუქი სარაფანი ეცვა, ლურჯი პრინტებით. დაკვირვებული თვალი მარტივად შეამჩნევდა მოძრაობისას მუქი ნაცრისფერი ჩულქის მაქმან სილიკონიან დაბოლოვებას, ხარბად რომ შემოკვროდა თეთრ ბარძაყზე...
          ოქროსფერი თმები სადად ჰქონდა შეკრული კეფასთან. ,,აი, ვინც არ უნდა ჩაიცვას ასე, ვერავის შეამჩნევენ" - ვიფიქრე მახსოვს. ის ანათებდა.
          ბევრჯერ მინახავს ასეთი ხალხი, შიგნიდან რომ ანათებენ. ამ დროს სულ არ აქვს მნიშვნელობა მათ გარეგნულ იერსახეს, არც ჩაცმულობას, იმდენად გიზიდავს რაღაც შიგნეული და სურვილს ღძრავს გულში ჩაიკონო, ხელები შემოხვიო და აღარ მოიშორო.
          შემიყვარდა გამაღიზიანებლად
          სულ ყველგან მელანდებოდა
          სულ ყველგან მინდოდა ყოფილიყო
          სულ ყოველთვის მინდოდა მასთან
          ხარბად მივილტვოდი მასთან შეხვედრებზე, უბრალოდ სალაპარაკოდ. სახელის ხსენებაზეც კი მასი წარმოდგენის სიამოვნება მჟრჟოლავდა ტანში.
          ვერ ვიტანდი მის პრობლემებს, გაჭირვებებს, ფიქრებს. ვერ ვიტანდი ადამიანებს, მისდამი გულგრილთ. მინდოდა მხოლოდ იმიტომ ეარსება, რომ ყოფილიყო სტაბილურად ღიმილიანი და თვალებანთებული.    
          მისი სიმშვიდის დაკარგვა ჩემთვის კატასტროფა იყო, მისი საკუთარ თავში ჩაკეტვა - ჩემი განადგურება.
          ეგოისტურად მიყვარდა და მსურდა ფიქრის უნარიც კი წამერთმია მისთვის. რომ მხოლოდ ეხამებინა მხარამოღებული ბლუზები ვიწრო და ტანგამოყვანილ იუბკებთან, მაქმანიანი კაბები ფერად ქუსლებზე, საყურეებიც კაბასთან ტონში და შემოეხედა ისე, როგორც მხოლოდ მას შეეძლო.
          საერთოდ ბევრ რამეს აკეთებდა ისე, როგორც მხოლოდ თვითონ შეეძლო. შეეძლო ეფრქვია უზღვავი ენერგია დაუღალავად, ერთ გამოხედვაში აერია კვირეებით ნალაგები პეპლები მუცელში, ელაპარაკა ამდენი გრძნობით, ეცეკვა ასე ვნებით....
          როგორ ერთდროულად მახარებდა და მტანჯავდა ამხელა სიყვარული. როგორ მინდოდა მასაც ეგრძნო თუნდაც მეოთხედი იმ პეპლების, რაც ჩემში დაფრინავდა და მასაც ეტანჯა თავისი წილი.
          ზოგჯერ პატარა ბავშვივით ვიჩემებდი ეგოისტობას, ვფიქრობდი მე უფრო ვუყვარდი თუ მისდამი უსაზღვრო სიყვარული ჩემში.
          ჩვენ დავშორდით. ერთ დღეს უბრალოდ ხელები ჩამოვუშვი, მინდოდა ცოტა ხანი მე მეჯიუტა და მას დაეთმო. მინდოდა ცოტა ხანი ის ყოფილიყო ჩვენ ორში წამყვანი და მისი სიყვარული გაგვეყო დროებით ორად. ალბათ გასაყოფი არაფერიღა იყო. არ ვიცი.
          ხომ ამბობენ რომ მთელი ცხოვრება ვიღაც ერთისთვის უნდა იცხოვრო. მე ახლაც მისთვის ვარ.

понедельник, 21 сентября 2015 г.

ჭიანჭველებზე

Автор: ჯუნა на 9/21/2015 0 коммент.
          ჩვენ, ჩვეულებრივ ადამიანებს, უჩვეულო შფოთვები გვახასიათებს. ვშფოთავთ ყველაფერზე, უაზროდ განვიცდით და ვბორგავთ. გულში ვახარებთ ჭიანჭველებს, ვაფუთფუთებთ, მათ ჭკუაზე დავდივართ, ტვინს ვარევინებთ და თავს ვაშინებინებთ...
          და როდესაც კრიტიკულ ზღვარს ვუახლოვდებით და ცვლილებებისკენ მივდივართ, მაშინ ვხვდებით რაოდენ უაზრო და ულოგიკოა პატარა ჭიანჭველებზე აყოლა. რაოდენ ძვირფასია ყველაფერი ის, რაც უკვე გვაქვს და რაოდენ საკმარისი იმისთვის, რომ გული არ გვეწურებოდეს და უაზროდ არ ვშფოთავდეთ.
          მე ვიყავი ადგილას, სადაც ეს ჭიანჭველები არ ყავთ. სადაც არ იწურავენ გულს უაზრო შფოთვებით, არ დარდობენ ჯერ არ მომხდარს, არ ებინდებათ ხოლმე გონება, ყველაფერს აფასებენ საღად, ყველაფერს ხვდებიან მოლოდინით და ცოდნით, რომ ასეც უნდა ყოფილიყო და ესეც გაივლის.... შეუძლიათ მოერიონ ყველა ჭიანჭველას კი არა ცეცხლიან ურჩხულებსაც კი და დადგნენ საკუთარ თავზე მაღლა....
          ამ ყველაფერს ალბათ ერთი წამალი აქვს და როგორ ძალიან მახარებს ჩემი თავი მაშინ, როცა შემიძლია საღი ადამიანებივით მეც ყველაფერი ნათლად დავინახო. როცა მეც შემიძლია მშვიდად ვიყო და განზე გამდგარი, ემოციების გარეშე თვალი ვადევნო ყველაფერს, რაც ხდება.
          აუცილებლად იქნება მომენტები, როცა იფიქრებ რომ დაუმსახურებლად გერჩიან, როცა გულის ტკენას და მსგავს ბანალურობებს იგრძნობ, როცა მოგინდება რომ ადამიანებს მარტივად შეეძლოთ ყველაფერი ის, რაც მართლა მარტივი და კარგია.... მაგრამ არ მინდა ის შეგნება დავკარგო, რაც დღეს, ახლა მაქვს. არ მინდა არასდროს ვეცადო საქმეების გარჩევა, სამყაროს შეცვლა, ხასიათების გადაკეთება. უნდა შევძლო მხოლოდ სიმშვიდე, ღიმილი და ფიქრი, რომ ვინც ჩემია ის ყველაფრის მიუხედავად ჩემთან იქნება... ყოველგვარი ძალისხმევის, შფოთვის, ძალდატანების, ახსნის, ბრძოლის გარეშე.
          და ახლა როგორ სულ კარგად ვიქნებოდი დაღლილი  რომ არ ვიყო
            ბოლოც მალე უნდა გამოჩნდეს

понедельник, 14 сентября 2015 г.

მიზიდულობის ძალა

Автор: ჯუნა на 9/14/2015 0 коммент.
       
          ადამიანურ ურთიერთობებზე რომ მიდგება ჯერი ყველას სხვადასხვა ასოციაცია უჩნდება და ყველას ერთი განსხვავებული სიტყვა მოადგება ხოლმე ენაზე. მე მიზიდულობა მახსენდება.

          ხომ არსებობენ ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ ცხოვრების დინებას გვერძე გაუდგნენ და მშვიდად თვალი ადევნონ სხვა ადამიანებს, მოვლენებს, სხვის ცხოვრებას, საკუთარსაც.... წაფლეგმო ტიპები, რომლებიც ალბათ იბრძვიან მიზნებისთვის, მაგრამ არა ღელვით, არა მთელი არსებით და შეგნებით, არა ემოციებით და ემოციური დატვირთვით. მშვიდად... თუ ეს მიზნები გამოდის, არასდროს შემოკრავენ სიხარულის ტაშს, ან თუ არ გამოდის არ ეხატებათ იმედგაცუება სახის ყველა კუნჭულზე....
          კიდევ, მთელი ცხოვრება მშურდა იმ მელოდრამის გმირების სახლის ეზოებში გაბმულ ჰამაკში რომ კლავდნენ მშვიდ საღამოებს ისე, თითქოს ეს იყო მათი პირდაპირი დანიშნულება და ამისთვის ღირდა მთელი მათი ცხოვრება. რამდენჯერ მოვინდომე საკუთარი თავისთვის ასეთი ,,განცხრომის" მოწყობა, იმდენჯერ თითზე დასათვლელი წუთების ოდენობა მეყო გასანაბად და საკუთარ თავში ჩასაღრმავებლად... მერე კი ლამის ყირამალების კეთებით ვაგრძელებ უაზრო ,,ხეტიალს" და ,,არაწესიერ" შფოთვას.

          ხოდა რას ვამბობდი. მიზიდულობაზე.
          ადამიანებისკენ მიზიდულობის ძალა ჩემზე ყველაზე ძალიან მოქმედებს.
უკიდეგანოდ ვიცი მათი აკვიატება და არანორმალურივით მიწებება. და თუ მივეწებე, მერე ვერაფრის დიდებით ვერ მოძებნით ამ ურთიერთობაში ნორმას, საზღვარს, წერტილს, მძიმეს, პაუზას..... ხომ არის რომ ადამიანთან ხარ, ხარ, ხარ.... მერე თვალი თვალს მოშორდება, ან გული გაცივდება, ან... საერთოდ ერთ დღესაც მოულოდნელად გაიკვირვებ რა გხიბლავდა კონკრეტულ პერსონაში ასე ძალიან და მოკლედ ამ მოსაწყენ ნოტაზე ყველაფერი სრულდება...  ყველაზე საშინელი ის არის, რომ ჩემთვის ეს ურთიერთობები არასდროს არ სრულდება. ამ ჩემს მშფოთვარე ბუნებასთან უკუპროპორციულად სტაბილური ვარ ურთიერთობებში და არაცვალებადი. ძალიან რთულად მეთმობა ყველა ჩემთვის კარგი ემოციის მატარებელი ნებისმიერი ადამიანი და ცუდად მამახსოვრდება ყველაფერი ცუდი. ყველა მცირედად თუ დიდი გაწბილებების შემდეგ ავტომატურად მიაქტიურდება მიზიდულობის ძალა და ჩემს თავს სჭირდება ყველა, ყველა, ვინც კი რაიმე კარგთან ასოცირდება ჩემთვის.

          მოკლე რეზიუმე: მშფოთავი მიმზიდველი (არაპირდაპირი გაგებით :)) ეგოისტი ტიპი, რომელიც ვერასდროს ვერსად სვამს წერტილს და არაფერს და ვერაფერს ელევა....
                                                ფსიქოლოგებო, დამიდეთ დასკვნა

понедельник, 7 сентября 2015 г.

თვალახვეული

Автор: ჯუნა на 9/07/2015 0 коммент.
          მწვანე და შიშველ მინდორზე იყავი მარტო
          და ტრიალებდი თავუზოგავად
          მთელი დღეები და ღამეებიც, შეუჩერებლად, დაუფიქრებლად, რიტმში და ყოველგვარი აზრის გარეშე
          და ამ ტრიალში უეცრად აღმოაჩენ რომ სახე აღარც კი გიჩანს. გაქცეულია ყველა შენი ნაკვთი და არაბუნებრივი, მრავალგვარი და სხვადასხვა. ერთ წუთში მცინარი და მეორე წუთს უფერული. საშინელებათა ფილმს მოგაგონებთ ეს ყველაფერი....
           აი ზღვარს რომ ხედავდე, რომელამდეც შენ შენ ხარ და იმას იქით - თამაშობ. რომელამდეც ნამდვილია შენი ფიქრებიც, გრძნობებიც.... აკეთებ იმას, რასაც ნამდვილად ფიქრობ, ფიქრობ იმას, რასაც ამბობ...... საქმე იმაში არაა, რომ მატყუარა ხარ და ორგული. რომ სხვას ატყუებ, რომ ნიღაბს იფარებ.....არა.
         ყველაზე პირველს საუთარ თავს ატყუებ, ყველაზე პირველს შენს თავს უმალავ ყველაფერს შინაგანს და თვალს ხუჭავ. აი როგორც გზაზე მიდიხარ მიდიხარ თვალდახუჭული და მცინარი.... შეიძლება ამ გზაზე სადღაც ფეხი გადაგიბრუნდეს და კისერი მოიტეხო, შენ ეს იცი, მაგრამ თვალს მაინც არ ახელ და მაინც მიდიხარ.... არც ჩერდები, არც ფიქრობ, არც განიხილავ რაიმე სხვა ვარიანტს..... იმიტომ რომ უკან სვლის უფლება არ გაქვს. არც ტირილის და ვაი ვიშის. მითუმეტეს წუწუნის. საერთოდ არაფრის უფლება არ გაქვს! მხოლოდ წინ და ხელების ქნევით...
          და ალაგ-ალაგ, როცა საუთარ თავს ფიქრის უფლებას მისცემ, გაიაზრებ რომ ეს გზა შენთვის ზედმეტად რთულია, ზედმეტად ვიწროა, აუტანელი, ძალიან გრძელი და უსასრულო....... და მოგაწვება ყველაფერი ადამიანური, ბნელი და სამარცხვინო, რაც კი არსებობს შენს შიგნით. დაიწყება თვითშეცოდების გრძელი პლიადა, როდესაც სიმწრით გავლილი გზიდან უკან იხევ და თავქვე ეშვები......
          მანამ, სანამ ერთ დღესაც შეძლებ, ძალას მოიკრებ, ამოისუნთქავ, თვალებს აიხვევ, ღიმილს დაიყენებ და გზას განაგრძობ. ისევ წინ.

воскресенье, 6 сентября 2015 г.

იყო ერთი გოგო ანუ უმისამართო წერილი

Автор: ჯუნა на 9/06/2015 0 коммент.
          იყო ერთი გოგო.
          და ამ გოგოს ნაცრისფერი სული ჰქონდა. ნაცრისფერი იმიტომ რომ მიწიერი იყო ძალიან.
          ჩემს ირგვლივ მრავალფერ სულიანი ხალხი დადის. ზოგი იასამნისფერია შიგნიდან, ზოგი ყვითელი, ზოგი უფერო.... ეს გოგო მიწის ფერი იყო.
          არსებობდა დრო, როცა თავი სამყაროს ცენტრი მეგონა და ვფიქრობდი, ყველას გავასწორებდი და გავანათებდი, ვისაც კი გულით შევეხებოდი. მოსკოვში რომ ვცხოვრობდი მეგობრები დამცინოდნენ, შენი ნება რომ იყოს სახლში ყველა რუს გოგოს მიიყვან და მანამ არ გაუშვებ სანამ პატიოსნად არ დაათხოვებო : ) ასეთი რამეები აღარ მჭირს, გავიზარდე და ვიცი, რომ ვერავისაც მე ვერ გავასწორებ, ოდნავადაც კი ვერ შევცვლი ვერავის მისი სურვილის საწინააღმდეგოდ... სიმართლე გითხრათ არც ვცდილობ, უნიკალური ნიჭი მაქვს ყველა ისეთად მივიღო, როგორიც არის.
          უბრალოდ ხშირად დავძვრები სხვა ადამიანების სულებში და ბევრი მათგანის აგებულება ჩემდაუნებურად ვიცი.... როგორები არიან შიგნიდან და რა აწუხებთ. ცნობისმოყვარეობა არ დამაბრალოთ, არა. უბრალოდ გულგრილობა არ შემიძლია... ვერ ვიტან გაყინულ მზერებს, აჭრილ თვალებს, მშრალ სიტყვებს, მატყუარა ღიმილს. არც სიძულვილი შემიძლია.
          სამყაროს ცენტრიც აღარ მგონია თავი, უბრალოდ ვიცი რომ ბევრის სული შემიძლია დავალაგო..... ამისთვის არაფრის თქმაც არაა საჭირო. მე ყველაფერი ისედაც ვიცი. ნუ განაცრისფერდება რა.... მიწიერება ძალიან აბოროტებს ადამიანს და ამძიმებს.... სანამ შეგიძლია მიწას ფეხი სულ არ უნდა დაადგა, უნდა იფრინო, უნდა იბრძოლო, ხელები იქნიო რაც ღონე გაქვს.....
          რამდენჯერ მიფიქრია სად გადის ზღვარი კარგსა და ცუდს შორის..... როგორი რთულია ჩემთვის ამ ზღვარის პოვნა, იმიტომ რომ ყველას შემიძლია მოვუძებნო ახსნა, ყველას ქცევის არგუმენტი შემიძლია ვიპოვო... ყველაზე შემიძლია ვიფიქრო რომ იგივე მეც შეიძლებოდა დამმართნოდა. ხომ დამმართნია ისეთი რამეები, რის გამოც სხვას დიდ ტალახს ვესროდი... ყველას დამართნია. ოღონდ ერთმანეთის უჩუმრად. მერე სახეებზე ნიღბები აგვიფარებია და ისევ გვივლია ხალხში, ისევ გაგვიგრძელებია სვლა, ისევ გვისვრია ერთმანეთისთვის ტალახი და გამარჯვებულ სახიანი ნიღბების შიგნით საუთარი სინდისის ქაჩვა უნამუსოდ ჩაგვიჩუმებია.... მარტო აქ არის ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა. სხვაგან არსად.
          შენ კი
          მიწისფერო
          ბოროტდები
          ეცადე ისე გააგრძელო წინ სიარული რომ მიწას ფეხი აღარ დაადგა.... თავს თუ არ დაიმძიმებ სხვისთვის ტალახების სროლით იქნებ შენც აღარაფერი გეტკინოს და ნელ-ნელა სხვა ფერებად გაფერადდე.... ისეთ ფერებად, ძალიან რომ მოგიხდება
                                                       საუკეთესო სურვილებით

вторник, 11 августа 2015 г.

p.s. სადღაც იქ, იშვიათი მე...

Автор: ჯუნა на 8/11/2015 1 коммент.
          არ ვიცი ყველაში სახლობს თუ არა ორი ადამიანი. ყველა დახტის თუ არა ერთი სამყაროდან მეორეში, ერთი ხასიათიდან სხვაში და ასე გამუდმებით სტაბილურობის ძებნაში. მხოლოდ ის ვიცი, რომ იმ ერთ-ერთ ჩემთაგანს ძალიან უნდა უბრალო, მარტოსული, ყველასგან დავიწყებული, უპრეტენზიო გოგო იყოს და სადმე იქ ცხოვრობდეს, რომლის იქითაც მამალი აღარ ყივის. ფიქრობს, რომ ეს იქნებოდა ერთადერთი მშვიდობა ყველა მის ომში საკუთარ თავთან თუ სხვა დანარჩენ სამყაროსთან. ფიქრობს, რომ ისწავლიდა ბარვას და თოხნას, მოიყვანდა ბოსტნეულს თავისი ხელებით, ეზოს გაასუფთავებდა, ყვავილებს მოუვლიდა, ძაღლს იყოლიებდა ერთგულს, დამჯერეს და ისეთს, მის დანახვაზე ენაგადმოგდებულ და თვალებაბრწყინებულ რეაქციას რომ ვერ შეცვლიდა ვერაფერი.

          ვარსვლავებით გადაჭედილი მუქი ლურჯი ცა ექნებოდა ქუდად და მწვანე დედამიწა საყრდენად. ასე იდგებოდა არაფრით გამორჩეული, ყველაზე ბუნებრივი და ისე ილოცებდა თითქოს შიგ ყურში ეჩურჩულებოდა თავისი ხმით ცას.... ყოველი დილა და საღამო ერთმანეთს შეეჯიბრებოდა სიმშვიდეში. დადგებოდა ცის ქვეშ და ღმერთს წაუკითხავდა სულ თავის ცოდვებს, მოუყვებოდა თავის კონფლიქტებზე, გაუგებრობებზე, პრეტენზიებზე. ბევრს იტირებდა, იწუწუნებდა, იმსჯელებდა, საპასუხოდ კი თავზე ხელის გადასმას დაელოდებოდა.
          მერე დაწვებოდა და ზაფხულის ხმებს დაუგდებდა ყურს. სოფლის ხმებს. ტურების ქალებივით კივილს, ბაყაყების გაუჩერებელ ყაყანს, ჭრიჭინების სიმღერებს ფონად....თავში აღარ ექნებოდა არცერთი აზრი, არც ამდენი დამღლელი ფიქრი. არ აფორიაქდებოდა და გული არ ამოუვარდებოდა, არ იშფოთებდა და არც შეეშინდებოდა.... იმიტომ კი არა რომ გაცარიელდებოდა ან გამოიფიტებოდა, უბრალოდ იმიტომ რომ ზედმეტად უმნიშვნელო იქნებოდა ეს ყველაფერი იმ მდგომარეობაში...

          იქ მოვიდოდა ბედნიერება ყველაზე მარტივად. ჭეშმარიტებამდეც იქ იქნებოდა ყველაზე მოკლე. ღვთის სათნოობა - სულ იოლად მისაღწევი. მიწასთან ჭიდილში დაღლილი სამართლიანად ჩათვლიდა, რომ მეტად იმსახურებს ღვთის სიყვარულს, წყალობას... მადლით აევსებოდა გული და ფიზიკურად გამოლეულს ძალა აღარ ექნებოდა წუხილის... უმიზეზოდ და უსაქმურად წუხილის. 

пятница, 24 июля 2015 г.

25 - 5

Автор: ჯუნა на 7/24/2015 0 коммент.
          სიყვარული, როგორც სიტყვა და მისი არსიც ძალიან გახუნდა. თითქოს თავისი სიძვირფასე დაკარგა და გაჩვეულებრივდა. არსებობს სიყვარულზე აღმატებული რამეც. ის, რაც სიტყვით არ ითქმის; ის, რაც მხოლოდ იგრძნობა; ის, რაც ვიცი მხოლოდ მე, რასაც ვხედავ მხოლოდ მე, როგორადაც გიცნობ მხოლოდ მე და რასაც ლაპარაკი საერთოდ არ სჭირდება.
           ამ პოსტს იმიტომ არ ვწერ რომ მე და შენ ქორწინების 5 წელი და ერთად ყოფნის 8 წელი გვისრულდება. არა. შენ იცი რომ მე სიყვარულის გამოხატვისთვის თარიღები არ მჭირდება. უბრალოდ მე და შენ არაფერი მარტივად არ გვეძლევა ამ ცხოვრებაში და ერთმანეთის გვერდიგვერდ ბევრს ვომობთ და ვიბრძვით იმისთვის, რომ ერთმანეთს ხალისი და სიმშვიდე შევარჩინოთ. ვიბრძვით ისე, როგორც შეგვიძლია. ხან გამოგვდის, ხანაც მეტნაკლებად.... მინდა იღიმოდე, სულ სულ იღიმოდე. მინდა შენს ცხოვრებაში მე მხოლოდ იმისთვის ვარსებობდე რომ შენ იღიმოდე!
          იცი რამდენი ბედნიერი წუთი გვაქვს წინ? უამრავი. ჩვენი იმედებით სავსე ბიჭი მალე ბაღში უნდა გავუშვათ.... მერე წელიწადში, არ ვიცი რამდენჯერ, ჩუმი სიამაყით და გულამოვარდნილი სიმშვიდით უნდა დავესწროთ მის ზეიმებს, ვუყუროთ მის წარმატებებს, სიახლეებს, სიჭკვიანეებს....  მტკივნეულად გადავიტანოთ მისი გულისტკივილები და ვუგულშემატკივროთ ცხოვრებასთან ადაპტაციაში... მერე ვიკი უნდა გაგვიჩნდეს : ) ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ჩემი ვარაუდით, პატარანაკვთებიანი, ქერა და ცისფერთვალება გოგო გვეყოლება : ) ჯიუტი, ლამაზი და თავნება იქნება და კიდევ შენ ეყვარები ძალიან... იმიტომ რომ დედისგან გამოყვება მამის ფანატიკური სიყვარული. მე ცოტას ვიეჭვიანებ ხოლმე, როგორც ცოტას შენ - თემუკაზე : ) მაგრამ არაუშავს : )
          მერე თემუკას სკოლა, გაკვეთილები, სიყვარულები, სიბრაზეები, პრობლემები და სიხარულები.....
          მე და შენ ორი შვილის მშვიდი მშობლები ვიქნებით, ისევ გადავათენებთ ღამეებს მომავლის გეგმების დაწყობაში, ისევ არ გვეყოფა დრო, ისევ შემოგვეპარება ზოგჯერ უიმედობა, ისევ ვიკამათებთ უაზრობებზე, მაგრამ ისევ ძალიან ძალიან მეტკინება ხოლმე გული უშენობით და ისევ გვექნება ტკბილი შერიგებები...
          იქნება ბევრი ერთად გადაგორებული სირთულე, ერთად მიღწეული და აღნიშნული ბევრი წარმატება....
          მე სულ მეცოდინება რომ ძალიან ძალიან გჭირდები და ისიც, რომ შენ ყველაფერს შეძლებ ჩემთვის....
          როგორი ბანალურია, მაგრამ ბოლო ალბათ მაინც იქნება ის, რომ მივყვებით ერთმანეთს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ზურგზე მოკიდებული ერთად გამოვლილი ჩვენი ცოლ-ქმრობით.... შევრჩებით ერთმანეთს ბოლომდე მხოლოდ ჩვენ და ჩვენი ერთად გავლილი წლები, რომლებშიც არ იქნება არაფერი ისეთი, რითიც ვერ იამაყებენ ჩვენი შვილები და რასთანაც თვალის გასწორება გაგვიჭირდება ოდესმე.
          მე ყველაფერს ვაკეთებ ამისთვის
          ვიცი რომ შენ ჩემზე მეტს
          გილოცავ

понедельник, 29 июня 2015 г.

მე - მშიშარა !

Автор: ჯუნა на 6/29/2015 0 коммент.
          სველი ჰაერით ნელ-ნელა გაიჟღინთა ფილტვები, დაიბერა ძარღვები, მაგრამ არ გაავსო, არ ამოასუნთქა, ვერა. შოშიასავით ვაღებდი პირს და ვხვდებოდი, რომ სამყაროს ჰაერი არ იყო საკმარისი ჩემთვის. ზედმეტად მძიმე იყო, და ცოტა.
          მუხლები მიკანკალებდა და მუხლებთან ერთად მგონი მანქანაც კანკალებდა.
          რა დებილობა სიტყვაა ეს ბედნიერება. არავის რომ არ შეუძლია არავისთვის მისი მოტანა. საერთოდ. შენ თუ მოერევი შენს საკუთარ ეგოისტობას და თავს კარგად იგრძნობ, მხოლოდ მაშინ ხდება მთელი მაგია. შეგიძლია ირგვლივმყოფებს გაუზიარო შენი ანთებული თვალები და სულ ეგ იქნება მთელი ბედნიერების შეგრძნება, შენიც და სხვისიც.
          მანქანა ნელა დაიქოქა, ძლივს და ცახცახით. ზანტად ამოძრავდა და ისევ ჩაქრა. შიშით ძალა არ ეყო ალბათ. ჩემსავით.
          მეც ხომ ყველაფრის მეშინია. მე, ვითომ მაგარ ტიპს, ხომ სინამდვილეში ცხოვრების მეშინია. ადამიანების, ურთიერთობების, პასუხისმგებლობების, შეცდომების.... მწარე სიმართლის და ვერ დანახული ტყუილის. სიყალბის და სიყვარულისიც. დანაკლისის და ყოველგვარი ზედმეტობის.
          მე, ის მშიშარა ვარ, მთელი შეგნებული ცხოვრება რომ უმტკივნეულო შუალედებს ვეძებ და საკუთარი უნორმობისთვის ვერ მიშველია.
          მე ის მშიშარა ვარ, ყველა სიტყვაში რომ ქვეტექსტებს ვეძებ და ზედმეტად იდეალურად წარმომიდგენია ადამიანებს შორის ურთიერთობები
          მე ის მშიშარა ვარ, საკუთარ ნაჭუჭში რომ ვერ ვეტევი და ხეტიალში ვარიგებ საკუთარ გულს ირგვლივ. მერე კი დანაკლისებს ვეღარ ვივსებ და უაზროდ ვგოდებ.
          ახლა რომ მანქანა დაიქოქებოდეს, აუცილებლად დავასრულებ ამ ყველაფერს.... სამუდამოდ.... ვიფიქრე და დაიქოქა : ) მერე დიდხანს ვიჯექი დაქოქილ მანქანაში და ვფიქრობდი რა უნდა მექნა. ვფიქრობდი სად უნდა წავსულიყავი. იმასაც ვფიქრობდი ყველაზე გულიანად ვინ მომისმენდა და იმასაც, ყველაზე იმედიანი ნუგეში ამ უაზრობაში ვისი იქნებოდა....
          სასაფლაოზე წავედი. ეზოში ეკლესია იყო.
          არსად არ მიყვარს დაგვიანება. მხოლოდ იქ, სადაც ყველაზე დროულად უნდა მიხვიდე წესით. მომწონს იმის შეგრძნება, რომ მე მივდივარ და იქ რაღაც მნიშვნელოვანი მხვდება.... დღეს ეს ჩემდაუნებურად მოხდა. შევედი და მომეგება ერთსულოვნება:
          - ღმეერთი უუფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ.....
          და შიგნით მიხმო სიმშვიდემ.
          მივხვდი რომ ღმერთს მაინც ვუყვარვარ.
       
          შიგნით სანამ გავძელი, თავს ყველაზე დაცულად ვგრძნობდი მსოფლიოში. იქ არ მომკარებია არაფერი ბოროტი, ეგოისტური, დეპრესიული, უვარგისი, უაზრო და ფუჭი....
          იქ ისევ თვალებანთებული გოგო ვიყავი მუჭა მუჭა ცრემლებით სავსე, მაგრამ კარგი.
       
დავიღალე

воскресенье, 21 июня 2015 г.

Temo's fourth birthday : )

Автор: ჯუნა на 6/21/2015 0 коммент.
         
          ვზივარ და ვფიქრობ რითი უნდა დავიწყო ეს პოსტი;
          რა უნდა მოვახვედრო რამოდენიმე აბზაცში ისეთი, რომელშიც თვალნათლივ გამოჩნდება როგორი ბიჭი მყავს მე თემუკა ან როგორი გოგო ვარ მე მარტო თემუკასთვის;
          ერთმანეთის გვერდით ცუდად არ ვართ, ასე არ ხდება;
          ერთმანეთის გვერდით ნეგატიურობები არ გვაქვს, არ არსებობს;
          არც გადაუჭრელი პრობლემები;
          ჩემი გულითადი მეგობარი ხარო - მითხრა ცოტა ხნის წინ, ისე, უბრალოდ, სხვათაშორის;
          ის ჩემს გვერდით ის კაცია, რომელიც ჩემზე ზრუნავს, ჩემთვის ფიქრობს, რომელსაც ვუყვარვარ და რომელიც ყველაფერს გააკეთებს ჩვენი დედა შვილობისთვის;
          და მე მის გვერდით მთა ვარ -
          მთა, რომელსაც არაფრის ეშინია დედამიწის ზურგზე;
          ყველაზე ძლიერი, ყველაზე მაგარი და ყოვლისშემძლე...
          შენი ბედნიერებისთვის დედამიწას შევძრავ და გადავდგამ.
          მინდა იცოდე, რომ ყველაზე დიდი სიყვარულით მიყვარხარ რაც კი არსებობს დედამიწის ზურგზე.
          4 წლის შესრულებას გილოცავ დე ! მე და მამა გილოცავთ ! ჩვენი მზე და მთელი აზრი ხარ შენ !

четверг, 11 июня 2015 г.

ღამის კოშმარები და აბლაბუდები

Автор: ჯუნა на 6/11/2015 0 коммент.
       
          სიყვარული ყველგანაა
          ბევრია
          ყ ვ ე ლ ა ს შ ი ა
          ყველას ყველა უყვარს: იფიცებიან, იმტკიცებიან, იფათურებიან, გიშინაურდებიან, სენტიმენტალურობენ, გულში გიძვრებიან, მაგრამ საკმარისია რამე ოდნავ შეცვალო, რომ არავინ არაფერს ცდილობს, არავინ არაფერს არკვევს, არავის არაფერი უნდა.... ეს ხომ ეგოისტობის კანონებს აღემატება. ისადგურებს უკუნი სიბნელე და სიცივე ერთ დროს გაცხელებულ გულებში და ბოლო რომ მაკვირვებდა ის ფიციც კი აღარ ჩანს ხოლმე არსად....
          ბევრს უყვარს, ბევრს
          მაგრამ ყველას სიყვარული ეგოისტურია და საკუთართავისო....
          შენც მხოლოდ ისეთი გიყვარვარ, როგორიც შენს წარმოდგენაში ვარ. როგორიც შენს ფიქრებში დამსახე და როგორადაც ჩამიბეჭდე შენს წარმოსახვაში. როგორადაც მომნათლე და სულ აღარ გინდა დაინახო ჩემი სხვა წახნაგები, მხარეები, მანკიერებებიც, გადამეტებული სითბოებიც....
          არაფერი გინდა ზედმეტი
          მე უნდა ვიყო ჩემს ტყავში, ჩემს ადგილას და არ ვამეტებდე საკუთარ თავს.
          არადა, როგორც არავინ, ხომ ისე კარგად იცი, რომ ყოველთვის მინდა ჩემს თავზე მეტი ვიყო.... ვბობოქრობდე, ვდუღდე და გადმოვდიოდე.
          ხომ იცი, მე იშვიათი ნიჭით ვარ დაჯილდოებული. მე შემიძლია ძალიან მიყვარდეს სასხვისოდ.... საშენოდ. მე ისე მიყვარხარ, რომ ზღვარი არ ვიცი და ნორმა. წესი. ფორმა. მე საკუთარი თავი ყველაზე ნაკლებად მადარდებს შენთან. იმიტომ რომ შენ ხარ უპირატესი. ასეთი რამ ალბათ მაშინ ხდება ხოლმე, როცა სხვის სიკარგეში უფრო არ გეპარება ეჭვი, ვიდრე საკუთარი თავისაში.... და კიდე იცი რა? მე შენით მიყვარს ჩემი, საკუთარი თავი.... ერთ დღესაც რომ ადგე და შეწყვიტო ჩემი სიყვარული, ლამაზად და მყარად აშენებულ ჩემს ეგოისტურ ცხოვრებას, ჩემი პატივმოყვარეობას, ჩემს სილამაზეს, ჩემს პოზიტივს, ჩემს ხალისს, ჩემს ენერგიას, ჩემს უნარებს, ჩემს ძალებს - ყველაფერს დაანგრევ და მიწასთან გაასწორებ. გამანულებ.
          ხშირად მესიზმრება ხოლმე, რომ მაღალი მთიდან ვეშვები და უმოწყალოდ ვენარცხები დედამიწას.... ეს შეჯახება იმდენად ძლიერია, რომ ყველაფერს წერტილს უსვამს და ანადგურებს.
          ცოტა მეშინია
         
воскресенье, 10 мая 2015 г.

ერთი ნახვით მიყვარხარ

Автор: ჯუნა на 5/10/2015 0 коммент.
          ერთი ნახვის შეყვარების გჯერა? მე სხვანაირი სიყვარულის არ მჯერა... რომ დადიხარ, იცნობ, თითქოს გულს აძალებ, მასში კარგ თვისებებს ეძებ, მერე იგრძნობ ვითომ და შეგიყვარდა.... თითქოს და შეეჩვიე.... ფიქრობ პრაგმატულად და მსჯელობ გონებით: როგორ გამოგადგება, როგორი იქნება.... ეს რანაირი სიყვარულია.... საყოფაცხოვრებო, ჩუმი, ოჯახური, ცუდი არა, მაგრამ.... მდგარი და მდუმარე.
          სიყვარულია რომ შეხედავ და მიხვდები, რომ არ არსებობს სამყარო მის გარდა;
          სიყვარულია როცა განცდა არ გტოვებს, რომ მთელი ცხოვრებაა იცნობ, წინა ცხოვრებაშიც ერთად იყავით და ერთად გადიოდა დღეები და ღამეები ერთმანეთში ძრომიალში;
          სიყვარულია თვალებში მისი სულის ამოკითხვა რომ შეგიძლია და იქედან მოდის მთელი სამყარო შეგრძნებებისა: სითბო, გრძნობა, უსიტყვო გაგება, პეპლების ზღვა.....
          სიყვარულია მისი ღიმილის და ხალისის დაკარგვა რომ კატასტროფაა სრული;
          როცა სულის ყველა კუნჭულს იცნობ და იცი მისთვის რის შემდეგ რა მოდის.... რა თანმიმდევრობით, რა როგორ უყვარს, რა წყინს და რა ახარებს, რა აბედნიერებს, რას ვერ თმობს და რა აღიზიანებს;
          და თუნდაც ბევრ რამეში არ ეთანხმებოდე - ეშმაკსაც წაუღია შენი სიამაყე, არ არსებობდეს ჭეშმარიტება გარდა მისი მოსაზრებისა. რატომ?? საკმარისი მიზეზია: მას უნდა ასე.

          მისი ყელის მარჯვენა ბორცვთან ამოდის მზე, ნელ-ნელა გათბობს სველი თითებით, მოტკბო ტუჩებით, ცივი ლოყებით.... სურნელოვანი და თბილი პეპლები ფრენას იწყებენ მუცელში შიგნით.... და შენ ის არის და ის შენ ხარ, ორია მაგრამ ერთ სულ და ერთ ხორც, შენი წილი და შენი სულ შენი, მისი ნეკნისგან შთაგბერეს სული, ალბათ მიტომაც შენთან ახლოს თუ ჩაისუნთქავს - ამოსუნთქვასაც შეძლებ მარტივად, მისი ჰაერით, მასში ნამყოფით.

четверг, 7 мая 2015 г.

მძიმე

Автор: ჯუნა на 5/07/2015 0 коммент.
       
          სახლში რომ შევედი, ხელებაკანკალებული და თვალებდასიებული, მოლოდინით მქონდა გული სავსე. სიმართლე გითხრათ, თავად არ ვიცოდი რას ველოდი, მაგრამ მთელი გულით მინდოდა ყველაფერი ისე დამხვედროდა, თითქოს არც არაფერი მომხდარა. თითქოს მე არ დამელეწოს გუშინ საღამოს სახლში თეფშები, თითქოს მე არ შემეხედოს ჩემი შვილისთვის მთვრალი უსხივო თვალებით, თითქოს მე არ დამეტოვებინოს ატირებული ჩემი ცოლი თავისი ახსნებით ხელში... მარტო.
          განა რად უნდა ამდენი ახსნა იმას, რაც თვითონ ყველაზე კარგად ვიცი. ხომ ვმუშაობ, ხომ გულით მიყვარს, ხომ არაფერს ვაკლებ...... ჩემნაირი კაცები ადრე მე თვითონ არაკაცები მეგონა, ვერ ვუგებდი, მეგონა მონდომება აკლდათ თორემ ძალის მოკრებას რა უნდა-თქო..... ახლა სულაც არ ვთვლი რომ არაკაცი ვარ.... უბრალოდ რა ვქნა თუ სული მტკივა და ეს ცხოვრება აზრს არის ჩემთვის მოკლებული. როცა ვსვამ არაამქვეყნიური იდეალურობა ისადგურებს ჩემს გულში და ნაკლი არ აქვს არაფერს: არც ვირივით შრომა და არასრულფასოვნების აუტანელი გრძნობა მეღვენთება მწარედ გულში, არც უფულობა და უამრავი საყოფაცხოვრებო პრობლემაა ასეთი რთული. არც მხრებზე დადგმული პასუხისმგებლობაა ასეთი მძიმე.... სულ რომ ვატარებ. ბავშვობიდან. რომ არავის უზიდია არცერთი მისხალი ჩემთვის, ჩემს ნაცვლად.... ჰოდა დავიღალე.... რატომ არ ესმით, რომ დავიღალე და საღი გონებით ამხელა ტვირთის ტარებამ გადამასწორა და ბრძოლის ძალა აღარ შემატოვა.
          ყველაზე მეტად მის სიძულვილს ვერ ავიტან.... ოღონდ მისი გულგრილი თვალები არა.... იმიტომ რომ თუ რამე მიკეთებია, ყველაფერი მხოლოდ მისი ხათრით. ახლა თუ ადგება და მარტო დამტოვებს - ეგოისტურად ვანანებ, უკანასკნელი არაადამიანივით გათიშვამდე და საღი აზრის დაკარგვამდე დავლევ და ვიბომჟებ, გადავიკარგები, უჩემობით ვატირებ და ვანანებ..... მან არ უნდა მიმატოვოს, უნდა გამიგოს, უნდა ამიტანოს, იმიტომ რომ უნდა ვუყვარდე! მერე რა რომ ალბათ სულ გულს ვტკენ და გუშინაც.... ვიცი რომ გავაწამე....მაინც არ უნდა წავიდეს და მარტო არ დამტოვოს. დაღუპვის უფლება არ უნდა მომცეს.

          სახლში შევაბიჯე ამ ეგოისტური ფიქრებით, რომ ყველას ყველაფერი ჯადოსნური ძალებით დაავიწყდებოდა და მე უღირსს მაინც შემომეგებებოდნენ სიყვარულით სავსე თვალებით..... სხივიანი და სითბოსგან აწყლიანებული მზერებით.... ყველაზე ჩემიანები, ყველაზე ისინი, ვის გამოც ალბათ შევძლებდი გამომეძებნა ბოლო ძალები და ჩემი გაწამებული ცხოვრება ბოლომდე მიმეყვანა....
          სახლი ცარიელი იყო. არცერთი სულიერი. არ უნდოდა ბევრი ფიქრი იმის გააზრებას, რომ ჩემ გოგოებს აღარ მოუნდათ ასეთ უძლურ, უსუსურ და გამოლეულ კაცთან ცხოვრება.... ალბათ დაიღალნენ... ალბათ სიყვარული არ ეყოთ... ან ალბათ ჩათვალეს რომ ჩემს გარეშე უკეთ იქნებოდნენ.... როგორ შეცდნენ ასე.... როგორ იფიქრეს რომ ამხელა სიყვარულზე უარი უნდა ეთქვათ, რა იფიქრეს?? რანაირი სიყვარულია თუ ფხიზელი ყოფნა არ შეუძლია ჩვენი ხათრითო? ეეეეეეხ..............

          ზუსტად ათი წუთი დამჭირდა იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მიმეღო. რა გგონიათ, ეს იმისთვის გავაკეთე, რომ მინდოდა ჩემი დატოვება ენანათ? არა. სინამდვილეში გულით მიხაროდა, რომ მათ გავათავისუფლებდი ჩემი არსებობისგან და ჩემს თავსაც - ყველანაირი ვალდებულებებისგან. გულით ვზეიმობდი, რომ საპატიო მიზეზი მომეცა ამ ყელაფრისთვის თავად დამესვა საბოლოო წერტილი....

          მე თავი მოვიკალი. ვიცი რომ სისულელე გავაკეთე, ბოლო ჩასუნთქვაში მივხვდი ამას. ამოსუნთქვა რომ ვინატრე. იცით რატომ? ჩემი შვილის ბავშვობა გამახსენდა.
პატარა რომ იყო, ყველა გმირზე დიდ გმირს ხედავდა ჩემში. ყველაზე ძლიერს.
ფიქრობდა, რომ მისთვის მთების გადადგმაც შემეძლო, ფრენაც, ჯადოქრობაც.
მის თვალებში რომ ყველაზე ზღვა სიყვარულს ვხედავდი მთელს მსოფლიოში, ყველაზე გაფანატებულს და დამორჩილებულს.
ყველაზე მეტად ვიჯავრე, რომ ასეთი სუსტი აღმოვჩნდი, ლაჩარი და მას იმედი გავუცრუე.....
ყველაზე მეტად ვინატრე სასწაული ჩემს გადასარჩენად, რათა თავად მომეხდინა სასწაული და განმეცადა ფერიცვალება. ჩემი თავი გვერძე გადამედო... აღარ მეცხოვრა ეგოისტურად და საკუთარი განცდებით.
მივხვდი რომ ეგოისტი ვიყავი.
მივხვდი რომ ბედნიერებამ სულ გვერდით ჩამიარა.
რაღაც კარგსაც გავაკეთებ: თუ ეს შესაძლებელია, ჩემს წილ ბედნიერებას ღმერთს ჩემი გოგოებისთვის ვთხოვ....

вторник, 28 апреля 2015 г.

გზააბნეული

Автор: ჯუნა на 4/28/2015 0 коммент.

ყველაზე ძალიან
მინდა შენს მეტი არაფერი მინდოდეს
მინდა შენს ერთგულებაზე მეტი არაფერი შემეძლოს
მინდა სიმშვიდეს მხოლოდ შენთან ვეძებდე
მინდა ჭიანჭველებს გულიდან მხოლოდ შენ მისუფთავებდე
მინდა საშველად მხოლოდ შენთან გამოვრბოდე
მინდა ვერ ვხედავდე გზას შენს გარეშე
მინდა მთელი გულით მხოლოდ შენ მიყვარდე
მინდა შენთან მოსვლა დღესასწაულად მქონდეს
მინდა დღე უშენოდ ქვეყნის დაქცევას გავდეს
მინდა ჩემს ფიქრებს მხოლოდ შენ განდობდე

აღარ მინდა ვედებოდე ღობეს, ყორეს, სხვას, ყველას უკიდურესობამდე და მხოლოდ ბოლო გზას ვიტოვებდე შენთან მოსასვლელს;
აღარ მინდა ვეძებდე საშველს სხვაგან და თავს ვცდიდე უშენობით;
მხოლოდ ძალა მინდა:
სულ ცოტა ძალა, რომ შევძლო და გული შენით ავივსო;
რომ გიერთგულო;
რომ ჭიანჭველებმა ვერ დაჯაბნონ შენი სიყვარული ჩემს გულში.

დ ა ვ ი ღ ა ლ ე

четверг, 23 апреля 2015 г.

ციკლიდან: მხოლოდ ჩემს განზომილებაში

Автор: ჯუნა на 4/23/2015 0 коммент.
       
          სადღაც შორს, ამ სამყაროს მეორე მხარეს ერთი გოგო ცხოვრობს. იგი ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო. და ახლაც არის. მეგობრობა ხომ არ შეიძლება გაქრეს. არ შეიძლება არსებობდეს რაღაც დიდი და ძალიან მყარი ძაფი ადამიანებს შორის და მერე უეცრად გაწყდეს. თურმე ისეთი გრძნობებიც არსებობს, რომელთაც არ სჭირდება სიტყვები, ყოველდღიური ურთიერთობები, ცხოვრებისეული დეტალების გაზიარება, მუდმივად ფერება და რაიმე ვალდებულებების ტვირთვა.
          მერე რა, რომ შეიძლება ჩავიარო მთელი ცხოვრება და ვერც კი ვნახო.... ჩვენ ხომ ბავშვობაში შევპირდით ერთმანეთს ვინც პირველი მოკვდებოდა მეორეს დაესიზმრებოდა :) რა მიამიტურია, მაგრამ დღემდე მჯერა ამის. ვიცი რომ მასაც.
          და მერე რა, რომ ის ვერასოდეს მომინათლავს შვილს, და ვერც მე მოვასწარი მისი პატარა დის მონათვლა....
          და მერე რა, რომ მან არ იცის რა მშვიდად მეცხოვრება მე აქ და გულწრფელად არც მე ვიცი ბედნიერია თუ არა თავის ბოქსიორ და ,,ძია" კაცთან..... ის ვერასდროს ვერ გაიგებს რა მაბედნიერებს და მამშვიდებს მე, და ვერც მე გავუგებ ვერასდროს მის ბევრ არჩევანს... და მერე რა......
          ადამიანებმა ხომ დამოუკიდებლად, ყველამ სათითაოდ უნდა გაიაროს თავისი ცხოვრება და გააკეთოს საკუთარი არჩევანი.  მთავარი ისაა, რომ მე ის სულ გულში მყავს. მთავარი ისაა, რომ ჩვენ საერთო ბავშვობა გვაქვს, მთავარი ისაა, რომ დროის რაღაც მონაკვეთი ჩვენ ერთი, საერთო ცხოვრებით ვცხოვრობდით და მასთან ერთად ეს ცხოვრება მე ძალიან მიყვარდა.... მე ხშირად ვფიქრობ მასზე. ის ჩემი ნაწილია. მე მისი. და ამას ვეღარაფერი შეცვლის.
          დღეს ვიკას დაბადების დღეა. ცუდია რომ ამას ვერასდროს წაიკითხავს. ერთადერთი რაც ძალიან მინდა - ოდესმე ერთხელ მაინც კიდევ ვნახო. მე ბედნიერი ვარ. ცხოვრებაში ძალიან მიმართლებს ადამიანებში და იმიტომ. მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ შენი ცხოვრება შემოატრიალონ და მთლიანად შეცვალონ, კვალი დატოვონ შენს შიგნით. ალბათ, ერთეულებს ვაძლევთ ამის უფლებას და მათში კიდევ უფრო ერთეულებს უჩნდებათ ამის სურვილი.... იფილტრებიან მხოლოდ შენი განზომილების ადამიანები....
          ჩემო ერთეულებო, მე მიხარია თქვენი არსებობა

воскресенье, 5 апреля 2015 г.

ყველაზე მეტი....

Автор: ჯუნა на 4/05/2015 0 коммент.
       
          საქანელაზე ბავშვობაში ხომ მჯდარხართ? მაღლა რომ აფრინდებით, გული შეგიტოკდებათ, განუზომელ, უცნაურ და ამოუცნობ სიხარულს რომ იგრძნობთ, აი ზუსტად ეს ვიგრძენი იქ. რიგში. ხომ ამბობენ იმ რიგში დგომა შეგრცხვებაო, ხალხი ბრბოსავითააო.... მე ვერ ვიგრძენი. რამდენჯერმე გამომხედეს წარბშეკრულმა ბებოს ტოლებმა, რომ მეღიმებოდა, ვეუცნაურე ალბათ. მათაც გავუღიმე და აღარ შემოუხედავთ. ჰოდა სიხარულზე ვამბობდი.... ვიდექი გაღიმებული და თვალზე ცრემლმორეული... ამაყი არა, სიამაყე არ მიგრძვნია, უბრალოდ პირველად ჩავთვალე რომ ღირსი ვიყავი იქ დგომის.
          პატარა გოგო იდგა ჩემს გვერდით, ქერა, გრძელთმიანი, თხელტუჩება და უგონოდ ლამაზი. მე მელამაზა. ერთმანეთს ვუყურებდით და ისიც მიღიმოდა, ძალიან კარგი უნდა ყოფილიყო შიგნიდან, ასე მომეჩვენა. რათქმაუნდა ჩემზე წინ წავიდა, მამაოსთან მიაჭრა, თვალებში ჩახედა და ამოირაკრაკა: ,,როგორ მიყვარხარ მამაო".... (უეჭველად მართლა უყვარდა). ყველა გაკეთილდა. გაიღიმეს. ,,მეც მიყვარხარ ჩემო ლამაზო"-  ის დრო იყო ყველას რომ ყველა უყვარდა ირგვლივ ფარისევლობის გარეშე.
          მერე ციგნის გოგო მოვიდა. ძველი, გაწელილი სპორტული შარვალი ეცვა, თავშიშველს, სახეგამურულს დიდი ხნის დაუბანელი შავი თმები უშნოდ ჰქონდა შეკრული. მამაოს გამოეცხადა, ნესტანი მქვია და ზიარება მინდაო. რატომღაც ვიფიქრე გააგდებდა, შევცდი რათქმაუნდა. აღსარებაზე გაუშვა. ვიფიქრე აღარ დაბრუნდებოდა და ისევ შევცდი. მალევე მობრუნდა. ამჯერად კაბის ჩაცმა მოსთხოვეს. 5 წუთიც არ იყო გასული თავდახურული და სპორტულ შარვალზე თავშალშემოხვეული რომ დაბრუნდა. ეზიარა მონდომებულმა... სადიდებლად უფლისა.
          დედა მივიდა პატარა ბავშვით. სულ თოთო იყო. ტიროდა. რიგში ბებოებმა შეიცხადეს: ,,რად უნდა ჩვილს ზიარება? ისედაც ხომ წმინდაა?" არ ვიცოდი და ვერ შევეპასუხე. ბავშვი წინ გაატარეს, მამაომდე მიუშვეს, დედაც ნერვიულობდა, ვერაფრით რომ ვერ დააწყნარა შვილი. ,,დედის ლოცვებს კითხულობ?" - გამოუტანა განაჩენივით.
შერცხვა დედას. ,,შენ თუ არ იზრუნებ შენს შვილზე, მე როგორ უნდა ვიზრუნო მასზე? იფიქრე..." აზიარეს.
         ერთ-ერთი ბებოსტოლას დრო რომ მოვიდა და მამაოს გაუსწორდა, აღმოჩნდა რომ მისი სულიერი შვილი იყო და აღსარების ჩაბარება დავიწყებოდა. ,,მაღალი წნევა მაქვს, ფეხზე ძლივს ვდგავარ, მამაო გნახავთ, მაგრამ გევედრებით, ახლა მაზიარეთ".... ყველა გაირინდა. ,,ვინმეზე გაბრაზებული ხომ არ ხარ? ვინმეს წყენა ხომ არ გაქვს გულში" - ეს ერთადერთი ჰკითხა და აზიარა. რა მნიშვნელოვანი კითხვა ყოფილა...
         ბევრი ამბავი მოხდა კიდევ იქ. ყველა ადამიანში იყო ამბავი სიკეთისა და ბოროტების. ყველაში არ იყო რიგში დგომის აზრი. ყველაში არ იყო ალბათ სიყვარული. ჩემში ძალიან მძაფრად ვგრძნობდი და გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა სიხარულისგან.
         ერთი სტატია წავიკითხე ამ ბოლოს და ძალიან მომეწონა. ურწმუნო გოგოზე იყო, რომელსაც დიალოგი ჰქონდა პატრიარქთან. ამითი დავამთავრებ. მე ძალიან მაკლია რწმენა. ბევრი რამ არ ვიცი და ბევრი მეშლება. მაგრამ საკუთარ შეგრძნებებს ხომ ვენდობი... და მეც ზუსტად ვიცი ის, რომ რაც ზიარებისას მივიღე ნამდვილად არ იყო მხოლოდ ღვინო და პური. ეს იყო დიდი საიდუმლო. რომელიც ჩემში შემოვიდა და გულში ჩამისახლდა.
          ყველა სიკეთემ და ყველა სუფთა თვალმა, ყველა სიტყვამ და ყველა ნოტმა წვეთ-წვეთად ამივსო სული და გაანათა იქაურობა. ირგვლივ ყველაფერი ლამაზი გახდა.
          ამაზე მეტი არაფერი არ არსებობს, არ ეძებოთ. მე ყველგან ვეძებდი და ვერ ვიპოვე.

пятница, 20 марта 2015 г.

ცა და მიწა - გზაგასაყარი

Автор: ჯუნა на 3/20/2015 0 коммент.
          ცა მაღალი მიწიდან იწყება. აი სადღაც შორს რომ ჰორიზონტის ხაზი ჩანს, სადაც მიწა მთავრდება და ცას უერთდება, იქამდე უნდა მიათრიო შენი უბადრუკი სხეული, საკუთარი მძიმე ჯვრით ხელში. 
          გზაში იმდენჯერ გააგდებ ამ მძიმე ჯვარს, იმდენს იჯავრებ მის არსებობას, იმდენჯერ მოგინდება მის გარეშე მჩატე და მარტივი ცხოვრება: დატოვებ და გადაუხვევ, მიატოვებ, უარყოფ..... ითამაშებ, გაერთობი, ჭრიჭინასავით ახტუნდები, ამაოდ იმეტყველებ, უგუნურად იცინებ, იამპარტავნებ, იცუდდიდებულებ, იკადნიერებ... მაგრამ რამდენჯერაც დატოვებ შენს ჯვარს შენ საბრალო, აუცილებლად იმდენჯერვე მიბრუნდები მასთან.... ისევ აიღებ და გზას გააგრძელებ. დამძიმებული, მაგრამ სიმსუბუქის გრძნობით, რომ სწორ გზას ადგახარ. გრძნობით, რომ უპასუხისმგებლო არ ხარ და ზუსტად ისე იქცევი როგორც შენი ვალია.... გრძნობით, რომ მნიშვნელოვან და ჭეშმარიტად ღირებულს აკეთებ.....
          თეორიულად რამდენი რამე ვიცი, რა სწორად ვიცი, მაგრამ პრაქტიკაში რა რთულია. რთულია იარო მძიმე ტვირთით მხრებზე და ამასთან შეინარჩუნო სიმშვიდე, წონასწორობა, არ მოგინდეს არაფერი ისეთი, რასაც ტვირთთან ერთად ვერ გაწვდები, ვერ შეინარჩუნებ, რასაც ჯვრის ტარებას ვერ შეუთავსებ.... რა რთულია გინდოდეს მხოლოდ ის, რაც შენი ვალდებულებაა.... რა ტკბილია ყველაფერი მარტივი და აკრძალული.

          და აი სულ ბოლოს, ჰორიზონტის ხაზთან რომ მიხვალ და აღმოაჩენ რომ გზა დასრულდა, შემოგეგებება წინ  ისევ ცა მაღალი და უფსკრული.
          უფსკრული, რომელშიც დაიკარგები და გაქრები უკვალოდ.
          და ცა, რომელთანაც გზას მაღლა გააგრძელებ....
          ჯინებივით გამომწყვდეული იშვიათი, მჩატე და თავისუფალი სულები თეთრად ტრიალდებიან თავიანთი ღერძის გარშემო და არაამქვეყნიური ბედნიერებით სავსეები უერთდებიან ზეცას. მათსავით თეთრ და სუფთა ღრუბლებს ეკვრიან და ფერმკრთალდებიან....
          სხვანი კი თავიანთი გაყინული სხეულებით მოწყვეტით ეშვებიან უპირო და შავ უფსკრულში. იქ, საიდანაც მათ ხმას ვეღარავინ გაიგებს, იქ სადაც ისინი შეწყვეტენ არსებობას და აღარ ექნებათ ფერი, აზრი, გრძნობა.... ორთქლდებიან უკვალოდ. თითქოს არც ყოფილან, არ უარსებიათ, არ უფიქრიათ, არც უგრძვნიათ......
          მთელი ცხოვრება ვოცნებობდი შესაძლებლობაზე საკუთარი სურვილებით მეცხოვრა.... ახლა ვცდილობ ვალდებულებებით ვიცხოვრო. ბევრად რთული ამოცანაა....

четверг, 19 марта 2015 г.

სამშვიდობო დასამშვიდობებელი პოსტი : )

Автор: ჯუნა на 3/19/2015 0 коммент.
          არ მიყვარს მე ასეთი პოსტების წერა. ძალიან პირადი და კონკრეტული. მაგრამ მაინც.... იშვიათ შემთხვევათაგანი ხდება. რატომღაც მომინდა დამეწერა ამაზე, ალბათ უბრალოდ განვიცდი.
          ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი ადამიანი იყო. ყველასგან გარკვეული წილი ,,მათი" ავიღე, მასწავლეს, ამავსეს; ზოგმა ,,გამომაკეთა", ზოგმა უბრალოდ გამოცდილება მომცა თავისნაირებთან ურთიერთობის... არასოდეს არავის გავუბოროტებივარ. თავს არ ვიქებ, ალბათ უბრალოდ მე გამიმართლა და ბევრი კარგი გადამეყარა.....
          ამას მნიშვნელობაც არ აქვს. მთავარი რისი თქმაც მინდა არის ის, რომ უკვალოდ არავის ჩაუვლია. ბევრმა ეტაპმა გადაიარა აქამდე ჩემს თავს და ამ ეტაპებში ბევრი ადამიანი დავკარგე: მანძილის გამო, ცხოვრების სტილის ცვლილების გამო, შეგნების ცვლილების გამო და ა.შ. მაგრამ ყველამ დამიტოვა თავისი კონკრეტული კვალი და სითბო, მოგონებები რომლებსაც ვუფრთხილდები, დროდადრო ამოვალაგებ ხოლმე გონებიდან, ვუღიმი, ვუფრთხილდები, ვაანალიზებ, ვიგონებ... ვუვლი და მერე ისევ თავის ადგილას ვაბრუნებ და ასე იქნება სულ, მანამ სანამ გონება არ მიღალატებს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრებაა, ჩემი კუთვნილი, რაღაც ნაწილი. 
          და როგორ არ მესმის იმ ადამიანების, რომლებსაც ერთი ხელის მოსმით შეუძლიათ ყველაფრის გადაგდება და თავიდან მოშორება;      
          რომლებისთვისაც ადგილი/მნიშვნელობა არ აქვს მოგონებებს, განვლილ წუთებს, თუნდაც მცირეს.          
          რომლებიც ძალიან პრაგმატულად უდგებიან ცხოვრებისეულ სირთულეებს და მათთვის მხოლოდ ერთი სწორი, გახაზული გზა არსებობს. ნებისმიერი გადახვევა მთავარი გზიდან კი იმას ნიშნავს, რომ მისთვის უბრალოდ აღარ არსებობთ. აი ასე მარტივად.          
          საერთოდ არ მშურს. მით უმეტეს არ მივტირი. რა დიდი ხანია გამოვედი ამ ასაკიდან :) ასეთი პოსტიც კი მიკვირს საკუთარი თავისგან, ზედმეტად თინეიჯერული და მერვე კლასელური :)          
          უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ მე ჩემს სამყაროში ძალიან კარგად ვარ.... აქ ყველა ის მყავს, ვინც არსად გარბის, ვინც მჭირდება/ვჭირდები და ვინც ჩემია....          
          და ყველა ისიც მყავს, ვინც გაიქცა და ჩემთან დარჩენა აღარ ისურვა. 
          გინახავთ მოგონებებად...        
          ბედნიერ და საინტერესო ცხოვრებას გისურვებთ : )

გაფრენა, სახელად პეპლები

Автор: ჯუნა на 3/19/2015 0 коммент.

ვიყავით სამნი
მე ერთი,
შენ ერთი,
და პეპლები ათასი:
ნაირფერები,
ჭრელები,
თბილები,
საყვარლები,
ლამაზებიც?
არა, ლამაზები არა.
მე არ მელამაზებოდნენ.
უფრო მიმზიდველები.
და ასე დაფრინავდნენ მთელს ოთახში, თავბრუს მახვევდნენ, მაშინებდნენ,
მეტმასნებოდნენ,
თავს არ მანებებდნენ,
თავზე მეხვეოდნენ,
გონებას მირევდნენ,
რამდენჯერ გავაღე კარი და გავუშვი.
ვთხოვე, ვუყვირე, ვუსაყვედურე, ხელებს ვუქნევდი, კედელს თავს ვურტყამდი....
რამდენჯერ გავაფრინე...
მაინც მოფრინდნენ.
რა ურჩები ხართ.....
როგორ მაშინებთ, სულ ყველგან რომ ხართ, ყოველ ნაბიჯზე და თავს ვერ ვაღწევ თქვენს რეალობას...
გკლავთ ასე სათითაოდ
როდის ავალ ათასზე.........
ოდესმე ხომ ავალ...
და დავრჩებით მხოლოდ ჩვენ ორნი
მე ერთი
შენც ერთი
ათასი პეპლის გარეშე !

пятница, 6 марта 2015 г.

მარტივი 527

Автор: ჯუნა на 3/06/2015 0 коммент.
          მანძილი ჩემს სიმშვიდემდე 527 ნაბიჯია. ბევრჯერ გადამითვლია ნაბიჯ-ნაბიჯ, წვეთ-წვეთად, თითოეულ სანტიმეტრად, იმიტომ რომ ყოველთვის ძალიან მიმძიმდა ამ მანძილის გავლა და ყოველთვის სასოწარკვეთილებაში მაგდებდა ამის საპირისპირო გადაწყვეტილება.
          საკუთარ თავს ყოველთვის ჩემში თავმოყრილ წინააღმდეგობებს ვერ ვპატიობდი. იმას რომ არ ვარ მდგრადი და ჩემში ბლომად ყრია ყველაფერი ერთმანეთის საპირისპირო
          ყველაზე ძალიან მორჩილება მიჭირს. მორჩილება და საკუთარი თავისუფალი ნების დათმობა.
          ვიტანჯები
          და რა სიმარტივეა, რომ ხსნა სრულიად დათვლადი ფაქტორებით მიიღწევა.... მისი გარანტია დღეში 22 დათმობილი წუთი და კვირაში 527 ნაბიჯი გავლილი ოთხჯერ.... და როგორი რთულია ეს ყველაფერი. და რა ილეთების ჩატარებას ვსწავლობ რომ ამ ,,მსხვერპლს'' ავცდე.... და მერე როგორ მღრნის ეს ჩემი ,,ქურდობა" შიგნიდან, გულს მიღებს და როგორ ფუჭად ვიყენებ ამ საკუთარი თავისთვის ,,მოპარულ" დროს....
          რა ხშირად ვწერ ამ ბოლო დროს სიმშვიდეზე. მიუღწეველ ოცნებად მექცა, ჰორიზონტივით მივდევ და მივდევ, მინდა მივწვდე, ხელი დავტაცო და ჩემს შიგნით შევისახლო. რომ მერე გამიადვილდეს დინების მიმართულებით ცურვა თუნდაც საკუთარი თავისუფალი ნების დათმობის სანაცვლოდაც ზოგჯერ.... ყველაფერი ზედმეტის ჩახშობა, გაფრენების მცდელობა და ცხოვრება ისე, ,,როგორც უნდა" !
          დეპრესიასა და ზედმეტი პოზიტიურობის შუალედსაც ვიპოვი
          აუცილებლად ვიპოვი
          მეც გავხდები ნორმალური

вторник, 24 февраля 2015 г.

რა მათბობს და რას ვეძებ....

Автор: ჯუნა на 2/24/2015 0 коммент.
          ყველაზე მეტად რა შეიძლება გათბობდეს ამ სამყაროში.... იტყვით ბედნიერებაო. რა ფანატიკოსი და არაფრის მომტანი რომანტიზმით სავსე ადამიანების მოგონილია ეს ბედნიერება. როგორც წამი რომ არსებობს მხოლოდ და შურით ბერავს ადამიანთა მოდგმას, თავის თავს ანატრებს და ცრემლს ადენს მისი დამორჩილების სურვილით გულანთებულებს. განა შეიძლება ვინმე მუდმივად ბედნიერი იყოს.... განა იმიტომ არ არსებობს ბედნიერება რომ მუდმივად სანატრელი, საძიებელი და მიუწვდომელი იყოს ჩვენთვის.... განა ჩვენი ჯვრის სატარებლად და მუდმივად წვალებით აღმართ-აღმართ ფორთხვისთვის არ ვართ ჩვენ - ადამიანები გაჩენილები.....
          მე ყველაზე ნაკლებად ბედნიერებას ვეძებ.... არ მჭირდება იგი იმისთვის, რომ საკუთარი არსებობის აუცილებლობა შევიგრძნო დედამიწაზე. არ მჭირდება იგი იმისთვის, რომ ვინმე მიყვარდეს და არც ჩემი სიყვარულის აუცილებელ შედეგად მევლინება ეს ე.წ. ბედნიერება.....
          აბა რა მათბობს? წამი..... აი სულ წამით რომ ის გამახსენდება ვინც ჩემია.... ირგვლივ ყველაფერი გაქრება, ჩემი თვალები ტვინის იმ უჯრედს მიაშტერდება, რომელიც მისტიურად უზრუნველყოფს ჩემი და ცნობილი ,,ჩემის" ერთად ყოფნას.... და ყოველივე ეს წარმოშობს ღიმილს :)
          დაგინახავთ ქუჩაში ადამიანი მარტო რომ მოდის და იღიმის :) ხომ უეჭველია რომ ის უყვართ. რომ მას სახლში ელიან, რომ მივა და კისერზე შემოხვევენ სითბოთი ხელებს, მზერას გაყინავენ მის თვალებში და დაიკარგებიან ძიებაში აბა რას ფიქრობს, რა უხარია.... აუცილებლად ასე იქნება, ტყუილად არ გაიღიმებდა... და ამ დროს მის ტვინში ერთმანეთის მიმდევრობით იცვლებიან  ფოტოები მისი და ვინმე ,,მისის" კარგი ცხოვრებიდან... რა შედარებითია ყველაფერი, კარგი ცხოვრებაც ხომ არ არსებობს რეალურად. ესეც მითია. ყველაფერი მხოლოდ წამია.... მხოლოდ აი ეს ერთი წამი, როცა ქუჩაში მიდიხარ და ირგვლივ არავინ არ არსებობს. არსებობ მხოლოდ შენ და შენი წარმოსახვა, რომელიც გაიძულებს რომ გაიღიმო.... მოკლედ, ეს გოგო ქუჩაში რომ მიდის და იღიმის მე ვარ. ძალიან ხშირად დავდივარ ასე მარტო და მომღიმარი და ერთ დღესაც გავაცნობიერე რომ მშვიდად ვარ.
          ამერიკა. აი რა არის მთავარი. ყველაზე მეტად რა შეიძლება მათბობდეს ამ სამყაროში? სიმშვიდე ! ბედნიერება არა. ვერ ვენდობი ვერაფერს არასტაბილურს, მოჩვენებითს.... მხოლოდ სიმშვიდე ჩემს შიგნით!

суббота, 7 февраля 2015 г.

მაჯლაჯუნები

Автор: ჯუნა на 2/07/2015 0 коммент.
          მას ხშირად ჰქონდა მომენტები როცა დედამიწა ამძიმებდა, არ ვიცი ამ დროს როგორაა: გედიდება ეს დედამიწა თუ გეპატარავება, მაგრამ ფაქტია სული ეხუთებოდა და მუცელს უწვავდა ყველაფერი ის, რასთან შეხებაც უწევდა. გულს უმძიმებდა, ღლიდა, ეშაბლონებოდა, ეერთნაირებოდა, ესტანდარტებოდა და ყველაფერი მიაჩნდა ერთ მუჭა უაზრობად და ვალდებულებად, აუტანელ ჩარჩოდ.... რატომღაც ასე ეგონა.
          ყველაზე მეტად მას თავისუფლება უყვარდა. არა ამ სიტყვის ბინძური გაგებით, არამედ ყველაზე ბავშვური და სულელური, რაც კი შეიძლება იდეაში არსებობდეს. ოცნებობდა ჩიტივით თავისუფლებაზე, ფრენაზე, სიმჩატეზე, უყვარდა გაზაფხული, ჰორიზონტები, ჟღურტულიანი გაფრენები და გულით სძულდა ყველანაირი დამამძიმებელი გარემოებები, შეზღუდულობები, პასუხისმგებლობები..... ეს ყველაფერი ცუდი არ იყო მაგრამ...
           ერთ დღესაც ამ არაადეკვატურობის მიზეზი გაირკვა.... აღმოჩნდა, რომ ის ავად იყო. მას გულში მაჯლაჯუნები ჰყავდა. ის საშინლად იტანჯებოდა, ვის აღარ თხოვდა ხსნას, მაგრამ საშველი არსად იყო....  ყველაზე ტკბილი და სანატრელი იყო მისთვის თავისუფლად ამოსუნთქვა, გულის მარწუხებისგან ახსნა, აწყვეტა და სიმშვიდის მოპოვება.... ცარიელი თავი, შაბლონური მშვიდი ერთფეროვნება, ჰორიზონტები, გაზაფხული და სუფთა გული, მაგრამ მაჯლაჯუნები დასცინოდნენ მას, შვებას არ აძლევდნენ და გულს სულ უფრო და უფრო უწურავდნენ...
          ერთ დღესაც გულში სხვა დაიბადა. ეს სხვა ძალიან თბილი და ძლიერი იყო. მას იმედი ერქვა. ის ეუბნებოდა მაჯლაჯუნებს მოვერევი და შენ არ დაგთმობო, რაც არ უნდა მოხდეს მე გადაგარჩენო, რა პატარა იყო მათთან, მაგრამ რა დიდი გული ჰქონდა. ეუბნებოდა შენ აგვირჩიე რომელი გინდა გყავდეს შენს გულში და დანარჩენი მე ვიციო :)
           იმედი ტკბილია.... როცა იცი რომ შიგ გულში გყავს ის, ასე რომ ეძვირფასები და შენი გულისთვის შავ-ბნელ და საშიშ მაჯლაჯუნებსაც კი შეებრძოლება, დაგიხსნის და მშვიდად, უპრეტენზიოდ გააგრძელებს შენში ცხოვრებას....
           ყველა ზღაპარში, კეთილისა და ბოროტის შერკინებისას ხომ კეთილი იმარჯვებს. ეს კონკრეტული ისტორია, სამწუხაროდ, არ ვიცი როგორ დასრულდა, მაგრამ მე მჯერა რომ ყველა ადამიანის გულში იმედი და რწმენა მოერევა ბოროტ მაჯლაჯუნებს. ყველა შვებით ამოისუნთქავს და ყველას სუფთა გულში დაისადგურებს სიმშვიდე......

четверг, 5 февраля 2015 г.

ჩვენი საღამოს ამბებიდან

Автор: ჯუნა на 2/05/2015 1 коммент.

  ამბავი 1
           ღამე, ღრმად მძინარე, პატარა თბილსულიანი გუნდა რომ გეტყვის: ,,ძალიან, ძალიან, გულში მიყვარხარ...." მერე თავის პატარა მაჯებს მოგხვევს კისერზე და ტუჩებს მოპრუწავს უმისამართოდ, მაგრამ ზუსტად იცი, რომ შენს საკოცნელად, ამის მერე რამ უნდა მოგკლას.... :)
          გუშინ ვკითხე, ,,დე, ასე ძალიან რატომ გიყვარვარ-თქო", კარგა ხანს ფიქრობდა, მერე სერიოზული კაცური მანერით მითხრა - ,,დედა, მიზეზი არ ვიციო..."  რა კარგია :)
          ამბავი 2
          - ,,დე, ჩემს ჯვარს გაგიკეთებ და უცბათ კარგად გახდები" - მეუბნება ჩემი ბიჭი, რომელიც, მაქვს ბედნიერება და ჩემი წარბის შეხრასაც კი ტრაგედიად აღიქვამს, რომელიც ჩემშია შემომძვრალი და შიგნით არსებული აურის ყველა უარყოფით ტალღას ყველაზე უკეთ გრძნობს და ნერვიულობს...
           - დე, ჩემთან ერთად იცინე რააა - ასეთიც ხშირად ხდება. ის დღე რა დღეა, როცა ერთად არ ვიგიჟებთ და სისულელეზე არ ვიხარხარებთ ჩვენ ორნი, ერთი ჭკუისანი :)  რა ბედნიერებაა :)
ამბავი 3
          - ,,ძალიან მიყვარხარ ჯუნა, დიდი რომ გავიზრდები ყველაფერს შეგისრულებ კარგიი?" -  მისი პატარა, ჭკვიანი ტვინი ჯერ ყველაფერს მატერიალურ სურვილებთან აკავშირებს, ან კი საიდან უნდა იცოდეს, რომ ჩვენ, დიდები უაზროები ვართ და არ არსებულ თუ ძალით გამოგონილ თუ მარტივად გადასაჭრელ პრობლემებზე თავს ვიგრუზავთ და სამარცხვინოდ თავ-პირი ჩამოგვტირის.... რა სამარცხვინოა....
ამბავი 4
          - ჩემი სიცოცხლე ხარ დედას ფუნთუშა :) - ასეთებს რომ ტკბილობს ისე მეგემრიელება, მინდა შევჭამო და გულში ჩავიძვრინო... ჩვენს სიყვარულს ზღვარი არ აქვს, მთელ დედამიწაზე მეტად უსაზღვროა.

          აი ერთადერთი რამ, რაზე კი არა და ვისზე წერასაც არც ჩემი ხასიათი სჭირდება და არც მუზა, ჩემი ბიჭი, რომელსაც დღითი დღე, სულ უფრო და უფრო მეტად და მიზანმიმართულად ჭკუიდან გადავყავარ :)

понедельник, 2 февраля 2015 г.

კრისტალი

Автор: ჯუნა на 2/02/2015 0 коммент.
          ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ შეიძლება იფიქროთ, რომ ძალიან სუბიექტური ვარ, რადგან რთულია ობიექტურად შეაფასო ყველაფერი ის, რასაც ვარდისფერი სათვალის შიგნიდან ანთებული თვალებით უყურებ.... მაგრამ მაინც. მინდა ყველას გაგაცნოთ ადგილი, სადაც მე ვმუშაობ. დიდი ხანი არაა რაც ამაზე დავიწყე ფიქრი და მივხვდი, რომ ირგვლივმყოფი ადამიანების უმეტესობა ჩემსავით როდი ამაყობს თავისი სამსახურით... ზოგს მოტივაციას თანამშრომელი-მეგობრები და პონტები უქმნიან, ზოგს - ხელფასი, ზოგსაც საკუთარი სრულფასოვნების შეგრძნება მხოლოდ აზრით, რომ უბრალოდ აქვს სამსახური.... იშვიათად თუ მინახავს კადრი, რომელიც თავისი ორგანიზაციით ამაყობს. მე ასეთი ვარ, მინდა გითხრათ.
          ვფიქრობ, ალბათ რა ძლიერი და ამაყია ადამიანი, რომელმაც თავი მოუყარა ამდენ გულანთებულს და საერთო მიზნისკენ მიმავალს ერთად.... ადამიანებს რომლებსაც არ ეზარებათ დილის გათენება, რომლებიც მოტივირდებიან საკუთარი წარმატებით, ადამიანები, რომელთაც უყვართ ვარდისფერი და რომელთა ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი კრისტალია..... 
         ჩვენ ვართ ის ძლიერი გუნდი, რომელთა გამაერთიანებელიც კრისტალია, პატარა ნალოლიავები ბავშვივით ვიცავთ მის სახელს და გული გვეწვება მისი რეპუტაციის შელახვის ყველა მცდელობისას, მისი დაჩაგვრის, მასზე მორევის და დაჯაბნის ყველა მცდელობისას....
          მე მყავს მენეჯერი, რომელიც ღამეებს ათენებს ჩვენი უკეთ მუშაობისთვის ფიქრით.... რომელიც თავის თავზე იღებს ყველა სირთულეს და ჩვენს სამუშაო პროცესს კომფორტად აქცევს.... ის საუკეთესო მენეჯერია ყველა მათ შორის, ვისთანაც პირადად მქონია შეხება და ვის შესახებაც მსმენია.
         მე მყავს თანამშრომლები, რომელთაც ახასიათებთ ერთგულება, გუნდურობა, უსაზღვრო ენერგია, შრომისმოყვარეობა და მე მართლა, მთელი გულით მჯერა კი არა და ვიცი, რომ თუ მოვინდომებთ, ჩვენ ვიქნებით მთელი მსოფლიო !

вторник, 6 января 2015 г.

მშვიდი შობის პოსტი

Автор: ჯუნა на 1/06/2015 0 коммент.

          ჩემი ცხოვრების პრობლემა მუდმივად ნეიტრალურობის არ ცოდნაში იყო.... ყოველთვის ვიყავი ან მკვეთრად პლიუსი ან მინუსი, ან სულ ძალიან პოზიტიური ან დეპრესიული და არ ვცნობდი ნორმალურობას, ადეკვატურობის ფარგლებს, საზღვრებს, დინების მიმართულებას და სხვა მსგავს საყოველთაოდ აღიარებულ ნორმალურობებს. ზოგადად არასდროს მინდოდა ვყოფილიყავი სტანდარტული, სტერეოტიპებიანი, შაბლონური......
          ზოგჯერ იმხელა ძალას ვგრძნობ სამყაროს შევცვლი მგონია, ჩემი ღიმილი და პოზიტივი ყველას გულს მოერევა მგონია, ჩემი სიყვარული ყველას ეყოფა მგონია, გული მაქვს სავსე, სული მიდუღს და სხეულში აღარ დამეტევა მგონია და გადმოდუღდება.... ამხელა ,,ჩემს თავს" ვერცერთ სიტყვაში ვერასდროს ვერ ვატევ და თვალები მაქვს ვარსკვლავებივით ხოლმე, დიდი და ტევადი, ციმციმა და მონუსხული :)
ზოგჯერ კი სულ სხვა უკიდურესობაში ვვარდები და ძალა იმისთვისაც კი არ მყოფნის, რომ ძალით გავიღიმო, ენერგია არ მაქვს თავი მოვაჩვენო, ნაღველი მავსებს და მერევა, სულს მივსებს და ისევ მიდუღებს, ოღონდ სულ სხვანაირად.....
          რატომ ვწერ ამ პოსტს
          იმიტომ რომ მე საზღვრები ვიპოვე. მართალია ჩემთვის ძალიან რთულია ამ ჩარჩოში მოქცევა, ისევე როგორც ყველასთვის, ვინც კი ამ საზღვრებს ეძებს.... ასკინკილით გზის შეუცდომლად გავლის ტოლფასია, როცა ზოგჯერ იქცევი, ზოგჯერ გინდა უფრო ფართოდ და თავისუფლად იარო, მაგრამ ბედნიერება ზუსტად იცი, რომ მხოლოდ საზღვრებშია

          თავსაც კი ვერ ვპირდები, რომ მხოლოდ ,,სწორ გზაზე ვივლი", მაგრამ ამ წამს მე ზუსტად ვიცი სად უნდა ვეძებო ჩემი წილი ცხოვრების ბედნიერება და მშვიდობა
          დღეს შობაა.
          შობა ძალიან მიყვარს.
          შობას ახალი უნდა დაიბადო ხოლმე, გულში უფლით
          ჩემს გულში დღეს მშვიდობაა, რასაც მთელი გულით მუდმივად გისურვებთ

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review