Показаны сообщения с ярлыком ოჯახი. Показать все сообщения

пятница, 3 июня 2022 г.

ბრილიანტი 6 წლისაა :)

Автор: ჯუნა на 6/03/2022 0 коммент.
რომ ჩავუფიქრდები ძალიან მდიდარი ადამიანი ვარ მე, ჩემს ასაკში, ძალიან და მიხარია! ობიექტურად, რათქმაუნდა, ალბათ ასე არ არის, ყველაფერი ყოველთვის იდეალური ვერც იქნება..... მაგრამ ჩემს შიგნით ცხოვრობს რაღაც, რომელიც ცოცხალია და ყველაფერს აიდეალურებს, ავსებს, ასრულყოფილებს და ალამაზებს. მადლიერი ვარ ამის გამო! მადლიერი ვარ რომ ამ "სინაზეების" (ღოღობერიძისეული :)) დანახვა და შენახვა შემიძლია. და რა არის ეს სინაზე? აი ვიქტორიას გამოვლენილი სიყვარული სინაზეა, ჩემი იდაყვი რომ ნებისმიერ "უბედურებას" წონის მისთვის :))) ნებისმიერი ტკივილისგან ამშვიდებს - ჩემთვის სინაზეა. თემოს მორიდებული და წრფელი ჩაღიმება სინაზეა. გიოს აწყლიანებული თვალებიც სინაზეა. უჩას ჯერ კიდევ მუცელში მყოფ პატარას რომ წინდები ვუყიდეთ და ერთი სული გვაქვს ვაჩუქოთ - ესეც დიდი სინაზეა. ნიკუშას რომ ველაპარაკები და განსაკუთრებულ სიახლოვეს ვგრძნობ, რაღაცნაირ გრძნობებს - ესეც სინაზეა. მეგობრებს რომ ჩემი დაბადების დღე და ზოგადად დაბადება უხარიათ, საკუთარ თავს, მორიდებას რომ ჯობნიან და მეუბნებიან რომ მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალე - ჩემთვის დიდი სინაზეა.... და ზოგადად ამ სინაზეების დანახვა დიდი რამეა, შეგრძნება - საოცრება და შენახვა - აუცილებელი. ალბათ ზუსტად ასეთი მომენტები გვაქცევს ჩვენ ადამიანებს ადამიანებად და ამ მომენტების გამო ღირს ჩვენი ცხოვრება... ეს მოკლე ჩანაწერი ჩემს დაბადების დღეზე გამიკეთებია, 2021 წელს. დღეს კი ვიკის დაბადების დღეა. ჩემი, ჩვენი ბრილიანტის, რომელიც 6 წლის გახდა. რაღაც კარგი თვისებებით ვიკი ძალიან მგავს. მასშიც ცხოვრობს რაღაც ჭინკა, რომელიც მის ცხოვრებას გაცილებით კარგს, ლამაზს და იდეალურს ხდის. მას აქვს შინაგანი სილაღე და ყველაზე წვრილმანი სინაზეებით ტკბობის უნარი. მხოლოდ ის მინდა რომ ასე დარჩეს... არ დამძიმდეს, ყურები არასდროს ჩამოყაროს, სულ შეეძლოს ათასი ცუდიდან ერთი სიკეთით გაბედნიერება და სულ დარჩეს ჩვენს ბრილიანტად... ვიქტორია, წლების მერე ამ ჩანაწერს რომ ნახავ, მინდა კიდევ ერთხელ შეიგრძნო როგორ ძალიან მიყვარხარ, ძლიერ და ძლიერ, რაც გადის დრო და ხანი და ყოველთვის ასე იქნება, გპირდები ! < 3

четверг, 6 января 2022 г.

შობა, 2020

Автор: ჯუნა на 1/06/2022 0 коммент.

საკუთარ სახლზე უკეთესი ამქვეყნად არაფერი არსებობს. არაფერია მეტად მშობლიური, მშვიდი, იმედიანი და თბილი. ბაკურიანიდან მაშინ ჩამოვედით, მალე რომ შობა უნდა გათენებულიყო. სიხარულით შემოვირბინე მთელი სახლი, ჩავკოცნე ყველა, ვინც კი სახლში იყო: ღვეზელებთან მოფუსფუსე ლილი ბებო და სალო, წნევიანი ჯული, თემური, გია, მარიამი, უჩა, დავურეკე დედაჩემს... გავიქეცი მაღაზიაში ალილოს ბავშვების ტკბილეულისთვის, გზად შევიარე მეზობელ სალონში და შობა მივულოცე ჯერ კიდევ მომუშავე თანამშრომლებს, მერე მაღაზიის კონსულტანტებს... შოკოლადები და ღვეზელები მივართვი მოხუც მარტოხელა მეზობელს, რომელმაც კარში თეფშით რომ დამინახა კისერში მკოცნა და საშვილიშვილოდ დამლოცა :) ყველგან სიკეთე და შობის ჯადოქრობა ტრიალებდა და არაფერი ჯობდა ამ განწყობას < 3

ხვალ ბინას ვყიდულობთ. ჩვენს საკუთარ 85 კვადრატს მე-7 სართულზე. რამდენი წელია ამაზე ვოცნებობთ და ახლა რამოდენიმე დღეა სულ ამ ფიქრების ირგვლივ ვტრიალებთ. ვიქტორიაც კი ძილის წინ ზღაპრების ნაცვლად ჩვენს სახლზე მომიყევიო ითხოვს :) გეგმავს რას დააკრავს თავისი ოთახის კედლებზე და ბედნიერია.

მეც ბედნიერი ვარ. ვიცი რომ ცხოვრება ყოველთვის ისეთი ჯადოსნური არ არის, როგორიც შობის წინა ღამეს ჩანს, მაგრამ ყველაფერს შევძლებთ <3

შობას გილოცავთ, მიყვარხართ

7/01/2020

вторник, 6 апреля 2021 г.

ოცნებები ხდება?

Автор: ჯუნა на 4/06/2021 0 коммент.

          რა უცნაურია ცხოვრება და რა უცნაურები ვართ ჩვენ, ადამიანები. 

          მე შეიძლება მთელი ცხოვრება მხოლოდ ერთ რამეზე ვოცნებობ. რომ სოფლის სახლი ავაშენო, დიდი ფანჯრებით, ფაქტიურად გამჭვირვალე, ხის და მინდვრის ყვავილების სუნით გაჟღენთილი... ძველი რკინის საწოლებზე გატკიცინებული ბაცი ვარდისფერი თეთრეული მაქმანიანი ბოლოებით შევუხამო გახუნებულ ყვავილებიან პლედებს... ბუხარში კეცებზე ვაცხო ჩემი საყვარელი მჭადები პიტნით და ტარხუნით, ეზოში გავშალო პატარა მაგიდები და ყველა სადილს ლამაზი ფოტოების წყება უძღოდეს წინ, იმდენად ლამაზი, რომ თითოეული იბეჭდებოდეს და საპატიო ადგილს იკავებდეს ხის კედლებზე.... წვიმაში ყველაზე გემრიელ ჩაის ვაყენებდეთ ჟოლოთი და პიტნით, ასევე მარწყვით, რადგან ვიქტორიას ყველაზე საყვარელი სასმელია ჩაი მარწყვით, უფრო სწორად მხოლოდ მარწყვი, ჩაიდან ამოცლილი :) დამალობანას ვთამაშობდეთ თივის ზვინებში და ასაკს არ ჰქონდეს მნიშვნელობა... არ აღვიქვამდეთ ასე მძიმედ ქვეყნიერების ამბებს, რადგან ქვეყნიერებიდან შორს ვიყოთ და ეს სიშორე ძალიან ძალიან სასიამოვნო იყოს....

          აი, შეიძლება მხოლოდ ამაზე ვოცნებობდე, მაგრამ მე... რას ვშვებოდე რეალურად მე? ვამბობდე, რომ ჯერ ამისთვის არ მცალია.... 

          ალბათ არ ღირს საკუთარი თავის დადანაშაულება იმაში, რომ ვალდებულებებს და პასუხისმგებლობებს ვერ გავურბივარ და არ ვამჯობინებ საკუთარ ოცნებებს. ხომ მოვიცლი ამისთვისაც ოდესმე.... 5, 10 ან 15 წელიწადში.... აუცილებლად მოვიცლი, მაგრამ მაშინ, ვიქნები კი?....

пятница, 25 декабря 2020 г.

სანუკვარ ადამიანებზე და არა მხოლოდ...

Автор: ჯუნა на 12/25/2020 0 коммент.

 საიდან მოდის ყველაზე სასიამოვნო და ჩვენი ქვეცნობიერის შემქმნელი მოგონებები? რათქმაუნდა ბავშვობიდან.... 

გუშინ გვიან ცენტრში ვსეირნობდი და ძალიან მძაფრად ვიგრძენი მაკის კარტოფილი ფრის სურნელი :))) აი ფილმებში რომ გვინახავს ხოლმე, ისე დატრიალდა და გაცოცხლდა ღრმად შენახული და გადამალული მოგონებები... მამაჩემი რომ სამსახურიდან დაბრუნდებოდა, ჩაგვისვამდა მანქანაში მე და ჩემს ძმას და მივდიოდით დრაივზე :) დღესასწაული იყო დღეები, როცა მამა ძალიან კარგ ხასიათზე იყო, დედაც, პრობლემა არ გვქონდა და ასე გზაში ვყვებოდით დღის ამბებს, ვიცინოდით, ხანდახან ვმღეროდით :) მერე იყო იმ ქაღალდის პარკების გადმოწოდება უკან, სურნელოვანი ფრის, ბიკ მაკების და ყველის სოუსის :)) უცნაურია რომ ბავშვობასთან ეს სურნელები ასოცირდება, მაგრამ როგორც ჩანს ძალიან კარგ მდგომარეობას ასახავს ეს ეპიზოდი და ასე სურნელოვნად მაქვს ჩარჩენილი გონებაში.

და ცოტა ხნის წინ ვფიქრობდი, აი ჩვენი შვილები რომ გაიზრდებიან - რა ჩარჩებათ გონებაში?

ხანდახან ისეთი უსიამოვნო დეტალები ამომიტივტივდება, რაც საერთოდ არ მინდა მახსოვდეს, მაგრამ მაინც მახსოვს და როგორ არ მინდა მსგავსი ჩემს შვილებსაც ჩარჩეთ... აი როგორ ვებუზღუნები გიოს, ან როგორ ვეუბნები უარს თამაშზე ბავშვებს, როგორ არ მცალია მათთვის, ხანდახან როგორ არ მყოფნის მოთმინება და ვყვირი და ... არ ვიცი

ჰოდა ამ თემებზე ჩაფიქრებული, თემოს ვთხოვე მოეყოლა ჩემთვის ძველი ამბები მისი გონებიდან, ყველაფერი რაც ახსოვდა და ემოციებად დარჩა... ჰოდა მომიყვა ყველაფერი კარგი, როგორ ვთამაშობთ, ვცეკვავთ, დავრბივართ და ა.შ. ))) მაგრამ კიდევ ერთი ამბავი მომიყვა, ყველაზე საინტერესო :) რომ ერთხელ, 39 სიცხით იწვა და ცუდად გრძნობდა თავს, შეშინებული იყო, მე კი იმის ნაცვლად, რომ ისე მოვქცეულიყავი, როგორც იქცევა ალბათ დედების აბსოლუტური უმრავლესობა, დედამ შემოგევლოს მეძახა და შეშინებული მერბინა წინ და უკან - ვუთხარი, როგორ არაფერში დამემგვანე, რა გაშინებსთქო :) ჩემი ჭკუით, ალბათ ვეცადე გამემხნევებინა და ძალა მიმეცა მისთვის, ალბათ მინდოდა მეჩვენებინა, რომ არაფრის არ უნდა შეეშინდეს, მაგარი იყოს და მუსკულებით დახვდეს ყველა სირთულეს, მათ შორის ავადმყოფობასაც. მას კი ეს გულში ჩარჩა და აქამდე ახსოვს :)  

რამდენ დეტალზე ფიქრია საჭირო იმისთვის, რომ არ ვატკინოთ გული ყველაზე სანუკვარ ადამიანებს, არ ამოგვცდეს ხანდახან პირიდან ის სიტყვები, რაც მხოლოდ ემოციებისგან იქმნება და ზუსტად 1 წუთში ისე აღარ ვიფიქრებთ... რამდენი მობილიზება და ძალა ჭირდება იმას, რომ მუდმივად ის ვილაპარაკოთ, ისე ვიმოქმედოთ და ისე ვიცხოვროთ, რომ არავის ვავნოთ, არავის ჩავრჩეთ უსიამოვნო მოგონებად  და ყოველთვის ისე გაიგონ ჩვენი, ზუსტად ისე, როგორი განწყობაც გვაქვს და როგორც ვფიქრობთ. და არასოდეს გვაჯობოს წამის ემოციამ, არ დაჯაბნოს ჩვენი რეალური და ბუნებრივი სიკეთე....

ყველაზე კეთილი სურვილია ალბათ, რაც შეიძლება მქონდეს სხვა ადამიანების მიმართ....

четверг, 10 декабря 2020 г.

დისტანციურად მუშაობის ბედნიერება

Автор: ჯუნა на 12/10/2020 0 коммент.

          დისტანციურად ვმუშაობ სტაბილურად მარტის შემდეგ.... ამ პერიოდებში სამსახურში რამდენჯერმე გავედი, თუმცა სულ ცოტ-ცოტა ხანი :( 2 კვირის წინ გაბრაზებული და საკუთარი პროდუქტიულობით უკმაყოფილო, სამსახურში დავბრუნდი და ლამის 300 კაციან ოფისში კანტი-კუნტად მოსიარულე რამოდენიმე ადამიანთან ერთად გავაგრძელე მუშაობა. თავიდან ამოვისუნთქე, ისევ შევიგრძენი ყავის ყველა ყლუპის გემო )) შეხვედრების მშვიდად მოსმენის და  მიკროფონის ჩართვის ბედნიერება, სიმშვიდეში მუშაობის მუღამი გავიხსენე :) მაგრამ 2 კვირის თავზე ამდენი მარტოობა თითქოს მომწყინდა, თან გამახსენდა, რომ თემო 1 კვირაა ყოველ დილას არ წახვიდე არ დამტოვოს მიმღერის :))) და ბავშვების პირობა მივეცი, რომ ერთი დღით მაინც ისევ სახლში დავრჩებოდი და აი, სახლში ვარ :)

          დილა გათენდა და დაიწყო.... ჯერ ერთმა გაიღვიძა, კომპიუტერი გამიწია და მაგრად ჩამეხუტა, საუკუნის უნახავივით, რა კარგია სახლში რომ ხარო... მერე მეორემ გაიღვიძა... აწია ხელები იეეეს ძახილით და კალთაში ჩამიჯდა. ეს ემოციები რომ გადავიარეთ (😇😊), ჩემი კალთა როგორც იქნა გათავისუფლდა, კომპიუტერი კი დამიბრუნდა, ვიფიქრე მორჩათქო......
          ამ დროს ვიქტორია მოვიდა, შენ მინდა რომ ტანსაცმელი გამომიცვალოო (ჩემი სამი ბებო არ მაკმაყოფილებს და მხოლოდ შენ განდობ ჩემი გამოცვლის მთელ პასუხისმგებლობასო :))) 

          მერე თემო მოვიდა, დე იცი დღეს კუმშვად კვეცად სიტყვებს გვიხსნიან და ხომ მაგარიაო... მე დროს არ ვკარგავ, თავის აწევის გარეშე ვთხოვ რომ შესვენებაზე ხელ-პირი დაიბანოს, კბილები გამოიხეხოს და მოწესრიგდეს. თუმცა თავის აწევა მაინც მიწევს, რადგან მატყუებს რომ უკვე მოწესრიგებულია, მერე ჩემს გამჭოლ მზერას ვერ უძლებს და მნებდება :))

          ამ დროს ჩასაფრებული ვიქტორია გამოხტება  - დე თემომ რომ მოგატყუა, დიდი ცხვირი ხომ გაეზრდებაო.... დავარწმუნე რომ ნამდვილად გაეზრდებოდა. სულ ცოტა ხნით დავბრუნდი კომპიუტერში. ამ დროს:

          - ლოტო ხომ არ გვეთამაშაო, მოსინჯა ყველაზე პატარამ. ჩემგან დელიკატური უარი რომ მიიღო დიდი ბოდიშებით, ახსნებით და კოცნებით, ჩავთვალე რომ ბედს დამორჩილდა და თავი გამანება, თურმე ჩუმათ მაგიდის ქვეშ შემომძვრალა და 5 წუთის შემდეგ ვეჰ შეძახილით ამოხტა და მეც ამახტუნა...

          მერე იყო თემო თავისი ნობათით, ჩიფსებით და თხილით მომადგა, ხომ გიყვარს და ჭამეო. მერე ერთ-ერთმა ბებომ მადისაღმძვრელი ღვეზელები გამოაცხო და მომართვა, ჭამეო ბებომ გენაცვალოსო.... მერე დედაჩემი მოვიდა, ყავა მომიდუღა, ცოტა დამელაპარაკეო, რა არასდროს გცალია ჩემთვისო... მერე გიო მოვიდა შესვენებაზე, ერთად ვისადილოთო, რა დროს მუშაობააო...

          ხოდა მოკლედ, ხვალ სამსახურში მივდივარ და კორონა, წადი რა 😕😁

понедельник, 21 сентября 2020 г.

წერილი ვიქტორიას

Автор: ჯუნა на 9/21/2020 0 коммент.
          ახლა, როცა ამას ვწერ, შენგან საძინებელში ვარ დამალული და ვმეცადინეობ :) შენ კი დამალობანას თამაშობ და ჩემი საძინებლის კართან ბაბუს ემალები :) ჩუმათ ჩუმათო შენს თავს აგულიანებ და პატარა ფეხებს ათამაშებ :)
          ბოლო დროს ისე ვარ...გამცვდარი. და ყველა სიტყვა გამიცვდა. ყველაფერი, რაც კი შემიძლია გითხრა, ძალიან ბანალური და გაცვეთილია, ძალას და ენერგიას მოკლებული. შენი დედიკო დაღლილია.
           უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ აუცილებლად გადავაგორებთ ზამთრის მძიმე დღეებს ერთად, მოვა სიჭრელე, ფერები და გაზაფხული. დათბება, მე და შენ თხელ ჟაკეტებს ჩავიცვამთ და გაზაფხულის სურნელით გაჟღენთილ ქუჩებში სახეტიალოდ წავალთ უმისამართოდ. მივეცემით სრულ თავისუფლებას, ვუპასუხებ შენს ყველა მოსაბეზრებელ შეკითხვას, მათ შორის როგორიცაა: სახეზე დუშგელი უნდა წავისვათ თუ მაკიაჟი :)

           რა კარგია რომ შენ მყავხარ. იმედად, ზრუნვად და სითბოდ. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მაგარი გოგო უნდა იყო და ზოგჯერ სულაც არ მემეტები ამ მაგარი გოგოობისთვის. მინდა სულ ასეთ მხიარულ და ჭინკებიან თვალებში მიყურებდე, ვარდისფერი სათვალეებით, სიხალისით და სიფერადით, ისე როგორც შენ გჩვევია და ერთადაც შეგვიძლია, ზოგჯერ :)
 
მარტი, 2019
 
воскресенье, 21 июня 2020 г.

My number ONE

Автор: ჯუნა на 6/21/2020 0 коммент.
          
          სულ პატარა რომ იყო, ჩემს გარეშე რომ არ შეეძლო, სულ გვერდით რომ მყავდა, დედას რომ მისტიროდა, ხელებს რომ მომხვევდა და სიყვარულს მიხსნიდა :)))) ახლა რომ გაიზარდა და ბიჭობს, დასერიოზულდიო რომ მეჩხუბება :)) იმ ბიჭის დღეობაა სუულ მალე 😎 ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა მთავარი ისევ იგივეა - ისევ ისეთია, უზომოდ ემოციური, გულისხმიერი, მზრუნველი და სულ შეუძლია თვალებში მიყუროს....
          ძალიან უყვარს ადამიანები, გულუბრყვილოა, ყველაფერს განიცდის. არ ვიცი როგორ შეიძლება ასე შვილი გავდეს მშობელს, მაგრამ გიოს ასლია ყველა თვისებით, ქცევით, დამოკიდებულებებით... :) მის გვერდითაც ისევე დაცულად ვგრძნობ თავს, ვიცი რომ ჩემზე იზრუნებს და სულ გვერდით იქნება :)

         ცოტა ხნის წინ, გიოს ბაბუ გარდაიცვალა, ჩემი დედამთილი, რათქმაუნდა, ტიროდა და მშობლებთან წასასვლელად ემზადებოდა. ხარჯებისთვის, ჩემმა მამამთილმა რაღაც თანხა მისცა, დაგჭირდებაო. გიომაც დაუძახა და ცოტა ფული მისცა, გამოგადგებაო. და თემუკაც ეძახის: ბებო, მოდი საქმე მაქვსო :) ცალკე ოთახში გაიყვანა და თავისი დაგროვილი ფული მიაწოდა - დაგჭირდება და აიღეო.... :)

          ზოგჯერ მგონია იმედებს ვუცრუებ, ვერ ვაძლევ საკმარისად იმ ყველაფერს, რაც მას უნდა და სჭირდება: დროს, ყურადღებას, ძალისხმევას.....
          დე, თუ ამას ოდესმე წაიკითხავ, მე შენით ძალიან ამაყი ვარ. ყველაზე მთავარია, შენ იყო ღიმილიანი, ბედნიერი, ჩვენ ამისთვის ნამდვილად ყველაფერს შევძლებთ.
                                                                                                                                   შენი დედიკო
                                                                                                                                      14/05/2020

          დღეს, 12 საათის ზღვარზე, ერთად დავჯექით და ბევრი ვილაპარაკეთ :)
          შევაჯამეთ ჩვენი 9 წელი, რა მოგვწონს ერთმანეთში, რა გვაქვს გამოსასწორებელი, რა - დასახვეწი, რაზე საფიქრალი :) რამხელაა უკვე, თავისი აზრებით, შეგნებით, ფიქრებით....
          ვუთხარი რომ ძალიან მომწონს მასში სიკეთე. რომ ძალიან მომწონს მასში ერთგულება. რომ ძალიან გაუმართლებს მის ყველა მეგობარს, რადგან ძლიერი და ერთგული საყრდენი ეყოლებათ მისი სახით. რომ ძალიან ვამაყობ, რადგან მე და გიომ შევძელით და ძლიერი საფუძველი ავაშენეთ მასში რწმენის, სიყვარულის, სწორი გზის განსაზღვრის.... და ხანდახან კი მეშინია იმ დიდი პასუხისმგებლობების, რომ ვერ შევძლო და რამე ისე ვერ გავაკეთო, როგორც საჭიროა, რომ წინ გარდატეხის ასაკია, რომ ყველაფერი ჯერ მხოლოდ წინაა.... მაგრამ მერე ვუყურებ და ვრწმუნდები, რომ ეს კარგი საფუძველი საკმაოდ მყარია და მისით სამართლიანად შეგვიძლია ვიამაყოთ.

          ბევრი რთული გზა გველის ალბათ წინ, მაგრამ ერთად, მჯერა, ყველაფერს მოვერევით, რაც მთავარია - მე შენთან ვარ. აწ და მარადის :)

          დაბადების დღეს გილოცავ დე 😍 უფ, როგორ მიყვარხარ !!!
                                                                                                                                      21/06/2020

вторник, 2 июня 2020 г.

ამბავი ჩემი სიყვარულისა

Автор: ჯუნა на 6/02/2020 0 коммент.
          ზუსტად 4 წლის წინ, საოპერაციოში გავიცანი ეს გოგონა :) ჩემი მუცლიდან ამოიყვანეს, გაალამაზეს და გაღიმებულმა ექთნებმა მომიყვანეს. არც კი ვიცოდი რა რეაქცია უნდა მქონოდა, თავი დავაქნიე, კარგიათქო და ასე გავიცანით ერთმანეთი. ასე გავიცანი ის, ვინც ჩემი გულის ქვეშ ცხოვრობდა და მას შემდეგ არც არსად წასულა.
სულ ჩემთანაა, სულ. რამდენი დღე, ემოცია, სიხარული, ღიმილი, სიტყვა, გამოხედვა გვაკავშირებს..... და რამდენი გვაქვს კიდევ წინ !

          მთავარია რომ მე მყავხარ. მთავარია რომ ჩვენ აგვირჩიეს შენს მშობლებად და გაჩნდი აი ასეთი, უშიშარი, ბობოქარი, მეტიჩარა, ცხოვრების მოყვარული, ლაღი, მხიარული, ლამაზი, კეთილი, ჩიტისგულა :) მაგარი და მტკიცე ხასიათის, მაგრამ თან ასეთი ემოციური, ყველა სიტყვაზე რომ უნდა დაფიქრდე, ამბები შეთხზა, შენებურად აანალიზო და მერე იშფოთო :)))

          რამოდენიმე კვირის წინ, მიტოვებული კნუტი ვიპოვეთ ქუჩაში და თემომ არაფრით დატოვა.... შეშინებულ ვიკის კი უხსნიდა, მის დედიკოს დაეკარგა და რა ცოდოა ვიკუ არ მივატოვოთო.... მას შემდეგ ჩვევად გექცა, ყველა ძილის წინ, ჩემს ხელს რომ თავქვეშ ამოიდებ და დასაძინებლად მოემზადები, უნდა მკითხო ხომ არ დაგკარგავ სადმე ქუჩაში :) რა სასაცილოა რომ მართლა დარდობ ამაზე და რა სულელი ხარ :)

          ყველაზე მეტად მე მაშინ მეშინია, როცა ვფიქრობ როგორ გავუმკლავდები შენს ცხოვრებისეულ პრობლემებს, ამბებს... რა რთული იქნება ხანდახან იმის ყურება, როგორ გატკენენ გულს სხვა ადამიანები, როგორ ეცდებიან დაგინგრიონ შენი სამყარო, სადაც ახლა მხოლოდ სიყვარული და სილაღე არსებობს..... და საერთოდაც ვიქნები თუ არა შენს გვერდით იმდენ ხანს, რამდენი ხანიც შენ ეს დაგჭირდება....
          მაგრამ სანამ ვიქნები, უნდა იცოდე, მაქსიმუმს შევძლებ იმისთვის, რომ შენ თვალებში ციმციმები არ დაკარგო და შენი სამყარო ისეთივე ლამაზი იყოს ყოველთვის, როგორიც ახლაა, 4 წლის ასაკში: ბევრი ადამიანის სიყვარულით, სიხარულით, სილამაზით, სიცელქით, თავნებობით და სილაღით სავსე.<3 p=""> 
<3 p="">           დაბადების დღეს გილოცავ ! აი შენსავით, მეც მგონია რომ ეს დღე რომ დაიწყება სასწაული უნდა მოხდეს, ფეიერვერკები აინთოს, ყველას უხაროდეს, დედამიწა შენს ირგვლივ ბრუნავდეს, სამყარო ბედნიერი იყოს და ყველამ იცოდეს, რომ დღეს ბევრი ადამიანისთვის დიდი სიხარულის დღეა.

           მიყვარხარ. უბრალოდ კარგი ადამიანი იყავი. ეს საკმარისია

среда, 16 октября 2019 г.

story fb-ის გაუქმებისა :)

Автор: ჯუნა на 10/16/2019 0 коммент.
                                                                          ***
          იყო რაღაც ძალიან გრძელი პერიოდი, როცა თემო ყოველ დილით ტიროდა, თუ იმ დროს გაიღვიძებდა, როცა უკვე სამსახურში ვიყავი წასული.... ყოველი ძილის წინ მთხოვდა დილით მეკოცნა და თუ ისე ფრთხილად ვაკოცებდი, რომ არ შეფხიზლდებოდა, უკვე წასულს მირეკავდა და მეჩხუბებოდა...... ტიროდა.
          ვიქტორიას ეს ასაკი ცოტა ადრე დაუდგა. ალბათ ერთი-ორი წლით ადრე. რომ მეგონა ბაღს შეეჩვია და ყველაფერი გადავლახეთ, ორი დღე მიტრიალა კითხვები:
         - ყველას დედა რომ აკითხავს, მე რატომ მაკითხავს სულ ბებო?
         - დღეს გელოდებოდი, მეგონა დღეს მაინც მომაკითხავდი და ისევ ბებომ მომაკითხა...
         - სულ რატომ ხარ სამსახურში?
         - საერთოდ რატომ უნდა იმუშაო?
         ამ ორი დღის მერე კი ადგა და გადაწყვიტა, რომ სულ აღარ უნდოდა ბაღში სიარული...

                                                                           ***
         - დედა, რატომ არ გამაღვიძე რომ წახვედი, ახლა მთელი დღე ვერ გნახავ....
         8 წლის შვილის მესიჯი მოუვიდა ოთახის თანამშრომელს. სახე შეეცვალა. იჩურჩულა ტელეფონში, გარეთაც გავიდა. ამშვიდა. ის ცალკე, თავისი თავი ცალკე.
         - დე არ იტირო და ცუდ ხასიათზე არ იყო.... თუ გიყვარვარ - მესიჯი მიწერა ბოლოს.
         - კარგი, შევეცდები - მოკლე პასუხი გადიდებული პატარა შვილისგან

         გიჟური რიტმის დრო მოვიდა. სადაც მუდმივი დეფიციტია ურთიერთობების. თითქოს რამდენია ეს ყველაფერი. თითქოს სულ მიმოწერაში ვართ, თითქოს სულ ურთიერთობებში ვართ, თითქოს სულ საუბრებში ვართ, სულ მესენჯერებში ვართ, სულ ყველამ ყველაზე და ყველაფერი იცის და მაინც.... ურთიერთობების დეფიციტის დრო მოვიდა. როცა დრო გარბის და ჩვენ მივსდევთ, გამუდმებით მივსდევთ და ვერ ვეწევით. ვერ ვიცლით საკუთარი შვილებისთვის და გვიკვირს იმ ოჯახების კვირაში ერთხელ რომ ერთობლივად განტვირთვას მოახერხებენ.
          - როგორ ახერხებთ? - მე თვითონ უკმაყოფილოს ბევრი მეკითხება.
         მაგრამ რას?
         ვერ ვახერხებ. ვერაფერ საკმარისს. როცა დღე-ღამეში მხოლოდ 24 საათია, საიდანაც 10-ს სამსახური იკავებს, დანარჩენ დიდ წილს ტრანსპორტი, ძილი, ჭამა, თავის მოწესრიგება, ბავშვების მოწესრიგება, კითხვა, გათიშულ მდგომარეობაში fb-ის სქროლვა, ვარჯიშიც პერიოდულად..... და რამდენს იკავებს საკუთარ შვილებთან საუბარი? დღეში 1 საათს? 2-ს?....

         გარდა ამისა, რამდენი ადამიანი ელოდება მუდმივად და  გრძნობს ურთიერთობების დეფიციტს სხვებისგან.... დედა, მამა, ძმა, და, ბებია, ბაბუა, ბიძა, დეიდა, მამიდა, მეგობრები, პერიოდულად ნათესავები, შეიძლება მეზობლებიც, ან ნათლიები, ნათლულები, ან კოლეგები..... ყველას უნდა მიიღოს რაღაც თავისი კუთვნილი ნაწილი ყურადღების, ზარის, შეხვედრის, სითბოსი...... თანამედროვე ადამიანი, რაღაც ოცთავიანი გველეშაპის მსგავსად, ანაწილებს ყველაზე და ყველაფერზე დროს, ძალას, ენერგიას, ემოციას...

          გამოსავლის ძიებაში გავაუქმე fb, მცირე ხნით, უფრო იმისთვის, რომ გათიშულ მდგომარეობაში სქროლვის ჩვევა მომშლოდა. მოვუძებნე ალტერნატივა: instagram-ს  ვსქროლავდი :)

          სერიოზულად ვაპროტესტებ ასე ცხოვრებას და მინდა ვიცხოვრო სხვაგვარად.
          მინდა იმდენი დრო გავატარო დღის განმავლობაში ბავშვებთან რამდენიც მინდა მე და მათ.
          მინდა თემო მე დამყავდეს სკოლაში და მე ვხვდებოდე იქედან გამოსულს. მინდა ასეთი დღეები არ იყოს მისთვის წელიწადში რამოდენიმეჯერ და დღესასწაულის ტოლი.
         მინდა ჩემი და გიოს საუბრები არ იყოს მხოლოდ მაშინ, როცა დავგეგმავთ, საღამოს დროს ბავშვებს მოვაკლებთ და სადმე გავიპარებით, უცებ შევისრუტავთ ერთმანეთის დანაკლისს, ყველაფერს მივედ-მოვედებით და სახლში გავიქცევით.... მინდა ეს დღის ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილი იყოს.
         მინდა ჩვეულებრივი დღეები სავსე იყოს ურთიერთობებით, ყურადღებებით, ლაივებით......
         შესაძლებელია?

პ.ს. ჰო მართლა, საბოლოო ჯამში ვიქტორიამ ბაღის გადაყვარება ვინმე გაბრიელს დააბრალა. რომელმაც, თურმე, სიყვარულზე უარი უთხრა :) მადლიერი ვარ.... მძიმე სინდისის ქენჯნიდან მიხსნა :) თუმცა რომელი ვარიანტი ჯობდა, აღარ ვიცი.... :))

среда, 28 ноября 2018 г.

დღიურებიდან

Автор: ჯუნა на 11/28/2018 1 коммент.

 31.08.2018
რა საყვარლები არიან რაჭველები :) ამბროლაურში ვართ, სადღაც ტავერნა კრიხულაში. კითხვაზე: სად შევჭამთ ყველაზე გემრიელად - რაჭველებმა აქ გამოგვიშვეს: ბნელ, გემრიელ და აშკარად შინაურულ ადგილას, რადგან ჩვენს გარდა ყველა კლიენტი ნაცნობი იყო და მზარეულ-მენეჯერმა ფული არ გადაახდევინა :)) ერთდროულად კართან და სამზარეულოსთან ახლოს მოვკალათდით და შევუკვეთეთ საჭმელი, მათ შორის, რათქმაუნდა, ლობიანი ლორით. სამზარეულოში რომ შეკვეთა გადასცეს, რაჭული გაოცება მოგვესმა ,,შე კაცო, ხაჭაპური არ ჯობია ლობიანსაო" და სადღაც 10 წუთში მართლა ხაჭაპური მოგვიტანეს :) 
ვფიქრობდი, რა ბედნიერებაა, როცა დეტალებს შეუძლიათ ადამიანების გაბედნიერება. ამ დროს თავი გაცილებით სხვა სამყაროში შეიძლება იგრძნო, სადაც ყველაფერი ნათელია, კარგია და სადაც ყველას ყველა უყვარს...

1.09.2018

კარავში ვართ, კრიხულაში :) ეს ადგილი რაღაც პატარა ჩიტის ბუდეს გავს. ყველაფერი მართლაც რომ ერთ ბუდეშია, რომელმაც სრული წარმატებით დაიტია დღეს რომეო და ჯულიეტა ჩემი ცრემლებით, ჩემი და ანდრე რიეუს გაცნობა, ფიგაროს ქორწინება, პატარა ბავშვებივით აღფრთოვანება და ბევრი სიცილი, ცეკვა თავდავიწყებით და ფიქრები, თითქოს ეს დღე იყო ცხოვრების უკანასკნელი, რომელიც მთელი სიმძაფრით უნდა შეგეგრძნო.

არსებობს გრძნობა, როცა აღმატებულად კარგად გრძნობ თავს. ამ გრძნობით სავსე მდგომარეობაში შეგიძლია ჩათვალო რომ ყველაფერზე ძლიერი ხარ სამყაროში და ვერც ერთი მთა ვერ დაგიდგება წინ.  
ჰო, ანდრე რიეუ ძალიან საყვარელია. კეთილი და საოცარი იუმორით. გიო ამბობდა, ალბათ რა ბედნიერებაა როცა საყვარელ საქმეს აკეთებ, თან მშვიდად ხარ, რადგან ზუსტად იცი ჭეშმარიტად კეთილშობილ რამეს ქმნი, თან საკმარისი ხელფასიც გაქვსო. მართალია. ნეტავ მეც მოვიფიქრო რამე ისეთი, რაშიც საკუთარ თავს ბოლომდე გავხარჯავ და ზუსტად მეცოდინება, რომ ჭეშმარიტად კარგს ვეჭიდები.

 19.11.2018
 ბოლო დროს ბევრი დრო მჭირდება საკუთარი თავისთვის. რთული პერიოდი მაქვს, ჯერ რომ არ ყოფილა იმდენი მუშაობის და სწავლის.
იმდენად შევიჭერი როლებში, სულ ვფიქრობ ნეტა კიდევ უფრო მეტი დრო მქონდეს, ნეტა ღამე უძილობაც არაფერს მაკლებდეს, ნეტა ბავშვებიც დიდები იყვნენ, რომ არ ჭირდებოდეს ჩემი ჩარევა მათი პირის დაბანებს და ბუტერბროდების კეთებებს ნეტა კიდევ უფრო დიდ მუსკულებიანი და სუპერ ენერგიული ვიყო....
მაგრამ არის დღეები, როგორც დღეს, როცა ნანატრი დრო ჩნდება და შემიძლია იმდენი დრო დავუთმო საკუთარ თავს, რამდენსაც ვფიქრობდი, რომ მჭირდებოდა. და ახლა, სრულიად უუნარო ვარ. მხოლოდ ვიქტორიას თვალების ტრიალი, თლიფინი ან თემოს უკბილო ღიმილები მელანდება
ეს იმ სერიიდანაა, როცა ზუსტად იცი რაშია შენი საკუთარი ბედნიერება.

 20.11.2018
თბილისიდან ისე ჩამოვედი დაღლილობა სულ არ მეტყობოდა, სულ რაღაც ლაპარაკი არ შემეძლო და ზედმეტი ნაბიჯის გადადგმა :) ჩიხში გიო დამხვდა. ბავშვებისთვის ნაყიდი შოკოლადები ჯიბეში ჩამიკუჭა, ვიცოდი რომ მაღაზიაში გავლის ძალა არ გექნებოდა და შენ მიეცი, ვითომ თბილისურიაო :) სახლში ქურდივით შევიპარე და პირველი თემომ დამინახა. გამოიქცა და ისე ჩამეხუტა, მეგონა სადღაც საზღვარგარეთ ვიყავი და 5 წლის შემდეგ ძლივს დავუბრუნდი ოჯახს :) გული რომ ვიჯერეთ უკვე ვიქტორია მორბოდა დეედიკოს ძახილით. ისიც ისე ჩამეფსკვნა ლამის საბერძნეთსაც გავცდი :)
ჰოდა ვფიქრობდი, რა მარტივად კარგია ყველაფერი. აი სულ არაფერი, არაფერი რომ არ გინდა, გარდა იმისა რაც ისედაც გაქვს.
საძინებელში ვიჯექით, საწოლზე, წრეში, 4-ნი, ჰეფი ბესდეის ვუმღეროდით რიგ-რიგობით ვიქტორიას ყველა თოჯინას: ბაბის, ტასოს, ნონა ბებოს, კატოს, ბარბარეს, ვიკის :) მერე ჯუნას, მერე გიოს, მერე თემოს..... 

ბოლოს ჩვენ ყველა სახელი ამოვწურეთ და ყელიც გვეტკინა, მაგრამ ვიქტორია ბოლომდე გაჰკიოდა: ჰეეფი ბეესდეი დიივაანი..... რაც მისეული დეარის ვარიანტია :) და მეჩხერი ულამაზესი პრინცესული ღიმილით გვანათებდა :))

вторник, 28 августа 2018 г.

დღიურებიდან

Автор: ჯუნა на 8/28/2018 0 коммент.
                                                                          24.07
 
          ახლა იქ ვარ, სადაც მთელი სიბერის გატარება მქონდა გეგმაში. სადაც ყველაფერი ისეა, როგორც ჩემს სიბერეში უნდა იყოსსუფთა თეთრი და ლურჯი ფერები, მზის შეგებებებ დილაადრიან, მისთვის მოყოლილი განსაკუთრებული ამბები და ნუგეშები, სხივებისფერი თმები, მარილიანი მლაშე ზღვის სუნი სხეულზე, ყველაზე საოცარი დაისები, მთვარის შუქზე პლედმოხვეული ფიქრები, ღამის სანაპიროები და ოდნავ დარდიანი სიმშვიდე. თითქოს იქ გადავსახლდი. 30 ან 40 წლით მომავალში....

          ყველაფერი კარგადაა. უბრალოდ ექიმების ვარაუდით რაღაც ჩიყვი მაქვს. თითქოს არაფერი. ამას წელის ტკივილებიც დაერთო და ბონუსად ნერვოპათოლოგთან ვიზიტი. წამლები, უძილო ღამეები, ტკივილები....  თითქოს ხომ არაფერი. მაგრამ მთელი ჩემი წარმოდგენები მუსკულებიან საკუთარ თავზე წყალში ჩამეყარა. ფიქრები იმის შესახებ, რომ ყველაზე მაგარი, გამძლე ვარ, ვერაფერი მომერევა და სულ ასე იქნება - გაქრა. რაღაც მომერია და აღარაფერი იქნება ისე, როგორც ადრე. გაქრება ჩემი მუსკულებიც და გიოს ხელით სატარებელი ვეყოლები, ქალივით სუსტი და უმწეო.

1.08

          მოკლედ, მოიცდის სიბერე :) არავითარი ჩიყვი არ მაქვს. ისევ მუსკულებიანი ყოვლის შემძლე ვარ :) შეეშალათ ამ ექიმებს რაღაც და ძალიანაც კარგი....
          დღეს, თბილისიდან მოვდიოდი და გორთან ახლოს ყვავილები დავინახე. ერთხელ ვნახე ესენი, სადღაც შეკვეთილთან, ციცინათელასთან ახლოს  - საითაც გავიხედე ყველგან ესენი იყვნენ: იასამნისფერები, საოცრებები. ლანდიშებიათქო ვიძახდი, მაგრამ თურმე ლანდიში სულ სხვაგვარია. ეს ჩემი ყვავილები კი მინდვის ყოფილა, თავისთვის ამოდის და ასე უბრალოდ მრავლდებაო მითხრეს. გიოს უნდოდა ჩემთვის დაეკრიფა და ლამის გუბეში გადავარდა :) მერე ქუთაისში ვიპოვეთ :)

19.08

          რახანია გიოზე არაფერი მომიყოლია. ალბათ იმ დროიდან, ვიქტორია რომ პატარა იყო და აფთიაქში გავიპარეთ :) მას შემდეგ ბევრი არაფერიც შეცვლილა, გარდა იმისა რომ შვილები გაიზარდნენ და იმაზე ბევრად მეტ ყურადღებას ითხოვენ, ვიდრე ოდესმე. ჩვენ კი ისევ ვცდილობთ ზოგჯერ რაღაც საქმეები გამოვჩიჩქნოთ, გავაჩინოთ, მერე მხრები ავიჩეჩოთ რომ კი არ გვინდა, მაგრამ საჭიროა. იესთქო ერთმანეთს თვალებით ვანიშნოთ და ჩუმად გავიპაროთ. განა რას ვაფუჭებთ :) უბრალოდ ზოგჯერ მგონია, რომ მართლა ძალიან პატარები ვართ და უჩვეულოდ დიდი შვილები გვყავს.
          მე ძალიან მიყვარს გზები. გრძელი და მშვიდი. ბოლო თვეში მგონი ორჯერ გავიპარეთ. ერთხელ ზღვაზე:
          მთელი გზა შეუსვენებლად ვსაუბრობდით. მოსწრებაზე.
          გამახსენდა, ერთხელ  ერთმა ფსიქოლოგმა მითხრა, რომ თურმე ბევრ ადამიანს აი ასე ერთმანეთთან საუბარი არ შეუძლია. ყოფითზე კი არა...აი ისე... უბრალოდ. მითუმეტეს მეუღლეებს. ბევრს ვფიქრობდი ამაზე. მივხვდი, რომ როგორც ყოველთვის აქაც ძალიან გამიმართლა.
          დრო ცოტა გვქონდა, სულ რაღაც საათი და ცოტა. ვილაპარაკეთ ადამიანებზე, ურთიერთობებზე, შიშებზე.... სიყვარულზეც ბევრი ვილაპარაკეთ. შეგნებებზე და ეგოისტობებზე.  ეგოიზმისა და თვითშეგნების ბრძოლაზე. რომ ზოგჯერ, ადამიანს ეგოისტობა გადაგწონის და ამ დროს, როცა თითქოს ჰარმონიაში უნდა იყო საკუთარი მეს წინ წაწევისთვის, სინამდვილეში ჰარმონიას კარგავ გვერდით მდგომთან. შეიძლება სინდისი გქენჯნის, ან იქნებ გვერდით მდგომის არც ისე ბედნიერი სახე გგვრის სევდას.... მაგრამ ფაქტია, რომ სიმშვიდე მიდის. ჰოდა, თუ შეძლებ და შეგნება ეგოიზმზე გაამარჯვებინებ - სწორ გზასაც დაინახავ, დათმობ და კომპრომისებსაც იპოვი....  
          იქ გავჩერდით, რომ ზღვაზე მივდიოდით. ჩემი ხელი ხელში ეჭირა, პერიოდულად ტუჩებთან მიჰქონდა, თითქოს რწმუნდებოდა რომ ნამდვილად მე ვიყავი და მშვიდდებოდა. ერთ ადგილას, სადღაც ლანჩხუთთან გააჩერა, ჩამეხუტა და მითხრა. რომ ძალიან ვუყვარდი. კიდე მითხრა, რომ ყოველთვის შეძლებდა ჩახუტებით ყველა ჩემი ტკივილები თავისთან წაეღო. რა ბავშვობაა :)

          მეორეჯერ გურიაში გავიპარეთ. გავიპარეთ რა, საქმეზე წავედით :) დრო საათზე ნაკლები გვქონდა ალბათ. ისე მოსწრებაზე ბევრი ვილაპარაკეთ. გიოს მოსმენა ზოგადად ძალიან მიყვარს. არ ვიცი სუბიექტური ვარ თუ არა, მაგრამ ის რომ საუბრობს მშვიდად, დინჯად, აი ისე, თითქოს მთელი ცხოვრება იმაზე ფიქრობდა, რასაც გიხსნის - შეუძლებელია არ დაუჯერო. შეუძლებელია იფიქრო რომ ცდება, იმიტომ რომ ჩემსავით არასდროს ხტება და ემოციები არ ასულელებს. ცივი გონებით და სამართლიანად მსჯელობა უყვარს.
          ჰოდა გიო იმას ამბობდა რაზეც დიდი ხანია თავად ვფიქრობ. რომ დანაშაულია ადამიანში ეჭვი შეგეპაროს. წამიერადაც კი. თუ სხვას ყველა საბუთი და ახსნა დაუდე საკუთარი თავის გასასამართლებლად- ეს რწმენა აღარაა. არც კაცთმოყვარეობაა, ალბათ. ყველაფერი თუ ომით ახსენი - სადღაა რწმენა? რაღაა ნდობა?... ჰო, კიდევ ურწმუნო თომაზე მომიყვა. თქვენ იცით რატომ ვეძახით თომას, ქრისტეს მოციქულს და წმინდანს ურწმუნოს?  
          თურმე, მას სიხარულით რომ ახარეს სხვა მოციქულებმა ქრისტე აღდგაო, ,,უკეთუ არა ვიხილო, არა სადა მრწმენესო“ - უპასუხა და მოითხოვა,რომ თავად დარმუნებულიყო მათ ნათქვამში. ამ წამიერი ეჭვით მას სამუდამოდ შერჩა ურწმუნო თომას სახელი....
         ჩემი აზრით სხვაობა ვიღაცეებსა და შენთვის ერთგულ ადამიანებს შორის ზუსტად ესაა - ერთგულებს სჯერა შენი. უბრალოდ გიყურებს და სჯერა. ვიღაცეებს - არა. რომ დაუჯდე, ყველა სიტყვა და ქცევა აუხსნა - ვიღაცაც აუცილებლად დაგიჯერებს. მაგრამ ეს დამღლელია. და არასიყვარულური :)

25.08

          ვიქტორიას ვუბრაზდები ძალიან. ან იქნებ ვერც ვუბრაზდები და ამიტომაცაა, რომ დღითი დღე უფრო გასაბრაზებლად იქცევა. ყველაფერში გვგავს. ხან მე, ხან გიოს. ალბათ უფრო მე. ხომ ვთქვი ემოციებისგან მე ვსულელდებითქო :) რთულია საკუთარ ქცევებს გაუბრაზდე. ნეტავ დაჭკვიანდებოდეს.....

          ძილის წინ თავისი სოსკა პირში ჩამიდო და ახლა მე დაგაძინებო გამომიცხადა. ხელები ლოყაზე მომისვა, როგორც მე ვეფერები ხოლმე და ,,იკო და ალა იკო ერთი საკალელი და ლალაზი გოგონა სახელად ქვიოდა პეპა გოჭიო" - მიაყარა..... თვალებდახუჭული რომ მომიგულა ადგა, გიოს ხელი ჩაკიდა, ,,ქელი მოტიდე და ვიტუნაოთო“ - უბრძანა. გიოს კი ეძინებოდა, მაგრამ ხომ ვამბობ ვერ ვუბრაზდებითთქო - თვალები სითბოთი აევსო, ერთი გულიანად გადაიკისკისა, ვიკუნას ხელები ჩაჰკიდა და ორივემ ერთად საწოლზე ხტუნვა დაიწყო. მხიარულად, მშვიდადთითქოს ნორმალურებივით იქცეოდნენ და ასეც უნდა ყოფილიყო ძილის წინ.

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review