Показаны сообщения с ярлыком ქალებისთვის. Показать все сообщения

пятница, 15 мая 2020 г.

ჩანაწერები კარანტინიდან

Автор: ჯუნა на 5/15/2020 0 коммент.
          არასოდეს გქონია განცდა რომ შენ შენ არ ხარ?
          აი ეს წონა შენი არ არის.
          არც ის ხარ შენ, თემოს გაკვეთილების გამო რომ უყვირის.
          არც ის, ექსელში ჩაძრომა რომ ურჩევნია ზოგჯერ ადამიანებთან ურთიერთობებს.
          არც ის, ამ ადამიანების რომ ეშინია ზოგჯერ და ცდილობს არავისთან გახდეს ზედმეტად ,,შიშველი'', არავინ ჩაწვდეს მის გრძნობებს და დადგეს ზედმეტად ახლოს.
          არც ის, ვისი ფეხებიც ხანდახან იატაკს ეწებება თითქოს და ვიკასთან ცეკვაზე უარს ამბობს, რადგან ძალა არ აქვს.
          აი სარკეში რომ იხედები და ელი გოგოს, აწეული პუჩოკით, ღიმილისგან ლოყებჩაკეცილს, თვალებმოხუჭულს და ეშმაკებიანს და ოდნავ ლოყებიანი, თვალებქვეშ ამოშავებულ სახიანს მოკრავ თვალს. დაღლილი თვალებით რომ იყურება.
          სინამდვილეში ფარატინა, თხელი, პატარა გოგო ხარ. 
          ისეთი, დიდ ბოტებს რომ მოიხდენს შიშველ ფეხებზე და ღიმილით მთელ ქალაქს შემოივლის.
          საღამოობით, დინამიკებს რომ შემოდგამს ფანჯრის რაფაზე და ქანცის გაწყვეტამდე რომ იცეკვებს ჭკუამხიარულ ბავშვებთან ერთად. 
          მთელი ქუთაისის მეგობარი რომ იქნება და ყველგან წანწალი დიდ სიამოვნებას მოჰგვრის. 
          სამსახური რომ მხოლოდ სამსახური იქნება და არა თემოსთვის მოსაბეზრებელი, ლამის საძულველი მუდმივი საქმიანობა. 
          დამალობანას თამაში რომ ისევე გააბედნიერებს, როგორც მის ჭკუამხიარულ შვილებს. ჭიდაობაც.
          ეს მეორე გოგოც ხომ მე ვარ. უბრალოდ ბოლო დროს პირველი მეტია და მღლის ხოლმე. როგორ არ მინდა ჩემში მხოლოდ ის გოგო დარჩეს სულ რომ მუშაობს, იშვიათად იღიმის, ხშირად ავადმყოფობს და ქრონიკულად დაღლილია.

пятница, 25 сентября 2015 г.

ერთი ნახვით და ბოლომდე

Автор: ჯუნა на 9/25/2015 0 коммент.
                                                                       ....მერე კი ერთხელ...
                                                                                             შენ დაგინახე!
                                                                      თითქოს მთელი ჩემი სიცოცხლე
                                                                      რაღაც მოსაწყენ, გრძელ დერეფნებში ვიხეტიელე
                                                                      და უცებ ბნელში
                                                                                         გადამალულ
                                                                                                     მზეებს
                                                                                                             წავაწყდი.

          პირველად რომ ვნახე შემიყვარდა
          აი ასე მარტივად და ერთი ნახვით
          თხელი, თეთრი კანი ჰქონდა და უკონტურო, ბაცი ვარდისფერი ტუჩები; ოდნავ კეხიანი ცხვირი, გრძელი კისერი.
          სავსე, პატარა მკერდი და გრძელი, ძალიან გრძელი და თხელი თითები.
          ჩვეულებრივი, მუქი სარაფანი ეცვა, ლურჯი პრინტებით. დაკვირვებული თვალი მარტივად შეამჩნევდა მოძრაობისას მუქი ნაცრისფერი ჩულქის მაქმან სილიკონიან დაბოლოვებას, ხარბად რომ შემოკვროდა თეთრ ბარძაყზე...
          ოქროსფერი თმები სადად ჰქონდა შეკრული კეფასთან. ,,აი, ვინც არ უნდა ჩაიცვას ასე, ვერავის შეამჩნევენ" - ვიფიქრე მახსოვს. ის ანათებდა.
          ბევრჯერ მინახავს ასეთი ხალხი, შიგნიდან რომ ანათებენ. ამ დროს სულ არ აქვს მნიშვნელობა მათ გარეგნულ იერსახეს, არც ჩაცმულობას, იმდენად გიზიდავს რაღაც შიგნეული და სურვილს ღძრავს გულში ჩაიკონო, ხელები შემოხვიო და აღარ მოიშორო.
          შემიყვარდა გამაღიზიანებლად
          სულ ყველგან მელანდებოდა
          სულ ყველგან მინდოდა ყოფილიყო
          სულ ყოველთვის მინდოდა მასთან
          ხარბად მივილტვოდი მასთან შეხვედრებზე, უბრალოდ სალაპარაკოდ. სახელის ხსენებაზეც კი მასი წარმოდგენის სიამოვნება მჟრჟოლავდა ტანში.
          ვერ ვიტანდი მის პრობლემებს, გაჭირვებებს, ფიქრებს. ვერ ვიტანდი ადამიანებს, მისდამი გულგრილთ. მინდოდა მხოლოდ იმიტომ ეარსება, რომ ყოფილიყო სტაბილურად ღიმილიანი და თვალებანთებული.    
          მისი სიმშვიდის დაკარგვა ჩემთვის კატასტროფა იყო, მისი საკუთარ თავში ჩაკეტვა - ჩემი განადგურება.
          ეგოისტურად მიყვარდა და მსურდა ფიქრის უნარიც კი წამერთმია მისთვის. რომ მხოლოდ ეხამებინა მხარამოღებული ბლუზები ვიწრო და ტანგამოყვანილ იუბკებთან, მაქმანიანი კაბები ფერად ქუსლებზე, საყურეებიც კაბასთან ტონში და შემოეხედა ისე, როგორც მხოლოდ მას შეეძლო.
          საერთოდ ბევრ რამეს აკეთებდა ისე, როგორც მხოლოდ თვითონ შეეძლო. შეეძლო ეფრქვია უზღვავი ენერგია დაუღალავად, ერთ გამოხედვაში აერია კვირეებით ნალაგები პეპლები მუცელში, ელაპარაკა ამდენი გრძნობით, ეცეკვა ასე ვნებით....
          როგორ ერთდროულად მახარებდა და მტანჯავდა ამხელა სიყვარული. როგორ მინდოდა მასაც ეგრძნო თუნდაც მეოთხედი იმ პეპლების, რაც ჩემში დაფრინავდა და მასაც ეტანჯა თავისი წილი.
          ზოგჯერ პატარა ბავშვივით ვიჩემებდი ეგოისტობას, ვფიქრობდი მე უფრო ვუყვარდი თუ მისდამი უსაზღვრო სიყვარული ჩემში.
          ჩვენ დავშორდით. ერთ დღეს უბრალოდ ხელები ჩამოვუშვი, მინდოდა ცოტა ხანი მე მეჯიუტა და მას დაეთმო. მინდოდა ცოტა ხანი ის ყოფილიყო ჩვენ ორში წამყვანი და მისი სიყვარული გაგვეყო დროებით ორად. ალბათ გასაყოფი არაფერიღა იყო. არ ვიცი.
          ხომ ამბობენ რომ მთელი ცხოვრება ვიღაც ერთისთვის უნდა იცხოვრო. მე ახლაც მისთვის ვარ.

понедельник, 29 июня 2015 г.

მე - მშიშარა !

Автор: ჯუნა на 6/29/2015 0 коммент.
          სველი ჰაერით ნელ-ნელა გაიჟღინთა ფილტვები, დაიბერა ძარღვები, მაგრამ არ გაავსო, არ ამოასუნთქა, ვერა. შოშიასავით ვაღებდი პირს და ვხვდებოდი, რომ სამყაროს ჰაერი არ იყო საკმარისი ჩემთვის. ზედმეტად მძიმე იყო, და ცოტა.
          მუხლები მიკანკალებდა და მუხლებთან ერთად მგონი მანქანაც კანკალებდა.
          რა დებილობა სიტყვაა ეს ბედნიერება. არავის რომ არ შეუძლია არავისთვის მისი მოტანა. საერთოდ. შენ თუ მოერევი შენს საკუთარ ეგოისტობას და თავს კარგად იგრძნობ, მხოლოდ მაშინ ხდება მთელი მაგია. შეგიძლია ირგვლივმყოფებს გაუზიარო შენი ანთებული თვალები და სულ ეგ იქნება მთელი ბედნიერების შეგრძნება, შენიც და სხვისიც.
          მანქანა ნელა დაიქოქა, ძლივს და ცახცახით. ზანტად ამოძრავდა და ისევ ჩაქრა. შიშით ძალა არ ეყო ალბათ. ჩემსავით.
          მეც ხომ ყველაფრის მეშინია. მე, ვითომ მაგარ ტიპს, ხომ სინამდვილეში ცხოვრების მეშინია. ადამიანების, ურთიერთობების, პასუხისმგებლობების, შეცდომების.... მწარე სიმართლის და ვერ დანახული ტყუილის. სიყალბის და სიყვარულისიც. დანაკლისის და ყოველგვარი ზედმეტობის.
          მე, ის მშიშარა ვარ, მთელი შეგნებული ცხოვრება რომ უმტკივნეულო შუალედებს ვეძებ და საკუთარი უნორმობისთვის ვერ მიშველია.
          მე ის მშიშარა ვარ, ყველა სიტყვაში რომ ქვეტექსტებს ვეძებ და ზედმეტად იდეალურად წარმომიდგენია ადამიანებს შორის ურთიერთობები
          მე ის მშიშარა ვარ, საკუთარ ნაჭუჭში რომ ვერ ვეტევი და ხეტიალში ვარიგებ საკუთარ გულს ირგვლივ. მერე კი დანაკლისებს ვეღარ ვივსებ და უაზროდ ვგოდებ.
          ახლა რომ მანქანა დაიქოქებოდეს, აუცილებლად დავასრულებ ამ ყველაფერს.... სამუდამოდ.... ვიფიქრე და დაიქოქა : ) მერე დიდხანს ვიჯექი დაქოქილ მანქანაში და ვფიქრობდი რა უნდა მექნა. ვფიქრობდი სად უნდა წავსულიყავი. იმასაც ვფიქრობდი ყველაზე გულიანად ვინ მომისმენდა და იმასაც, ყველაზე იმედიანი ნუგეში ამ უაზრობაში ვისი იქნებოდა....
          სასაფლაოზე წავედი. ეზოში ეკლესია იყო.
          არსად არ მიყვარს დაგვიანება. მხოლოდ იქ, სადაც ყველაზე დროულად უნდა მიხვიდე წესით. მომწონს იმის შეგრძნება, რომ მე მივდივარ და იქ რაღაც მნიშვნელოვანი მხვდება.... დღეს ეს ჩემდაუნებურად მოხდა. შევედი და მომეგება ერთსულოვნება:
          - ღმეერთი უუფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ.....
          და შიგნით მიხმო სიმშვიდემ.
          მივხვდი რომ ღმერთს მაინც ვუყვარვარ.
       
          შიგნით სანამ გავძელი, თავს ყველაზე დაცულად ვგრძნობდი მსოფლიოში. იქ არ მომკარებია არაფერი ბოროტი, ეგოისტური, დეპრესიული, უვარგისი, უაზრო და ფუჭი....
          იქ ისევ თვალებანთებული გოგო ვიყავი მუჭა მუჭა ცრემლებით სავსე, მაგრამ კარგი.
       
დავიღალე

четверг, 8 августа 2013 г.

The hardest job in the world, is the best job in the world !

Автор: ჯუნა на 8/08/2013 2 коммент.
 
        ცოტა ხნის წინ facebook-ში ჩემმა მეგობრებმა გააზიარეს ვიდეო: ყველაზე კარგი სამსახური მსოფლიოში. სიუჟეტი დედებზეა, რომლებმაც სავარაუდოდ მთელი თავისი დრო, ცხოვრება და ენერგია შვილის აღზრდას დაახარჯეს და კარგი შვილებიც აღზარდეს, რაც მომავალში დაუფასდათ. ნუ ვიდეო იყო სენტიმენტალური, პირველად რომ ვუყურე შვილი არც მყავდა და მაინც ავიცრემლე.
        ახლა ბევრად მეტს ვფიქრობ ამ საკითხზე. თემუკა უკვე საკმაოდ დიდია, სრულიად ადეკვატურად აღიქვამს გარემოს და მოვლენებს, სწორ კომენტარებს აკეთებს და ყველაფერს ლაპარაკობს. მაშინ როცა, დედა მუშაობს და იღლება, მაშინ როცა დედა ახალგაზრდაა და ხანდახან უნდა მამასთან გასეირნება (:)) ან თუნდაც facebook-ში უსაქმოდ ხეტიალი სამსახურისგან თავისუფალ დროს და ამ ყველაფრის კეთების დროს, მე პირადად, თავს ვგრძობ დამნაშავედ, რადგან ჩემს შვილს ამდენი არ ესმის და ის ისედაც დაჩაგრულად გრძნობს თავს იმის გამო, რომ დედას უკეთეს შემთხვევაში 6 საათამდე ვერ ხედავს.... გუშინ დაძინებამდე ნოუთბუქი ჩავრთე, მის გვერდით ვიწექი და დაახლოებით ასეთი დიალოგი გვქონდა:
          - დედა, რას აკეთებ?
          - დაიძინე
          - დედა, გამორთეე
          - თემუკა, დაიძინე
          - მომაქჩიე ყურადღებაა
        ლამის გული გამიჩერდა....
        მერე ჩემს თავს ჩავჩიჩინებდი... რა დედა ხარ შენ, რა გეფილმება, რა გე-facebook-ება, საერთოდ დაივიწყე ყველაფერი, არ შეგიძლია? დაახლოებით ამ ტექსტით...
        მეც მინდა საუკეთესო სამსახურში ვმუშაობდე... მინდა მხოლოდ მისით მაღამდებოდეს და მათენდებოდეს. მინდა მის ყოველ ნაბიჯს ვუყურებდე, მის ყოველ ახალ სიტყვას პირველი მე ვუსმენდე, მის ყველა კითხვაზე პასუხს მე ვცემდე, მინდა არ მენატრებოდეს, მინდა არასდროს მივატოვო როცა რაიმე ტკივა ან ავადაა. მინდა გული აღარ მიკვდებოდეს უმისობით....
        ადრე ვფიქრობდი, რომ სამსახური თვითრეალიზაციის საუკეთესო საშუალებაა, ახლა ასე აღარ ვფიქრობ. ახლა ვფიქრობ, კარგი შვილების გაზრდა ისევე გაგაბედნიერებს და გაგიჩენს სრულყოფილების შეგრძნებას, როგორც კარგი კარიერა. ეს მართლაც ყველაზე რთული სამუშაოა, რომლის შედეგსაც წლების შემდეგ მოიმკი, მაგრამ სამაგიეროდ ეს იმხელა ბედნიერებას მოგანიჭებს, როგორსაც ბანკომატზე დარიცხული ვერანაირი ხელფასი ვერ მოგგვრის.
        ძალიან რთულია ეს ყველაფერი.
        ძილის წინ არის ხოლმე მომენტი, როცა ვართ მხოლოდ მე და თემუკა, როცა ის მეფერება პატარასავით და აქვს ხოლმე დაახლოებით ასეთი მონოლოგი:
           - ჩემი პაწუკა გოგო
           - ჩემი ლამაზი დედიკო
           - მომიფერე ჯუნაა
           - ჩამიხუტე
           - ცხორება მიყვარარ
        როცა პატარა იყო, მას უჭირდა ჩემი გაშვება, ახლა გაიზარდა და უკვე მე მიჭირს მისი დატოვება.... მომავალში კიდევ როგორ განვითარდება მოვლენები არ ვიცი....
სექტემბერში ბაღში მივდივართ....

пятница, 1 июня 2012 г.

გაუფრთხილდით ცოლებს !

Автор: ჯუნა на 6/01/2012 1 коммент.
ჩემს ძმას ერთი მეგობარი ჰყავს... ადრეულ ასაკში მოიყვანა ცოლი და უკვე შვილიც გაუჩნდათ. ვიცნობ, ნორმალური ბიჭია, თითქოს არაფერს აშავებს, მაგრამ სასტიკად არ მომწონს.... ისეთი კარგი ცოლი ჰყავს, ნაზი და ძალიან ლამაზი, ხუჭუჭა თმებით, ჰაეროვანი.... თვითონ კი ველური ბაბნიკი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს... ქალს რომ პატივს არ სცემს და ოჯახი, მაპატიეთ და, კიდია.... დასასვენებლად მარტო დადის, მეგობრებთან რესტორნებში ცოლი არ დაჰყავს და მარტო დასეირნობს ხან სად და ხან ვისთან....

ხანდახან ვფიქრობ ჩემგან კარგი სახალხო კი არადა, ქალთა უფლებების დამცველი დადგებოდა-თქო... ვერაფრით ვეგუები უბედურ და დაჩაგრულ ქალებს და იმდენად მძულს კაცი, რომელიც ამის მიზეზია.... ქალს პატივს არ სცემს, აგინებს, შეურაცხყოფს, ცუდ სიტყვებს ეუბნება და გულს ტკენს... არ მომწონს, როცა კაცის სიტყვა კანონია და ქალის აზრი არაფერს ნიშნავს, არ მომწონს როცა ქალი არ ერკვევა ოჯახის ფინანსებში, ვერ ვგებულობ, როცა ქალმა არ იცის სად მუშაობს და რას აკეთებს მისი ქმარი....
არ მომწონს როცა სამყარო მრგვალია და ყველაფერი მამაკაცის ირგვლივ ტრიალებს.... საჭმელი - მიართვით, ტანსაცმელი - გაუმზადეთ, ბავშვის ტირილმა - არ შეაწუხოს და პლუს ამ ყველაფერთან ერთად: ქალო მოვლილი იყავი, თორემ აღარ მომეწონები და სხვასთან წავალ...!
ისეთი სურვილი მაქვს ასეთი კაცები ვცემო... იმიტომ, რომ არ იციან ქალის ფასი, არ აქვთ სურვილი ხელის გულზე ატარონ საკუთარი ცოლი, არ მოუვათ აზრად რომ მის სამსახურზე ბევრად დამღლელია დიასახლისობა... ვერ დაინახავენ მის შრომას, არ გაუჩნდებათ სურვილი, ხელი მოკიდონ და იზრუნონ მასზე, გაანებივრონ, სიურპრიზები გაუკეთონ, არ მოენატრებათ მათი ღიმილი და გულგრილი დარჩებიან მათი ცრემლების მიმართ....  

მათ არც კი იციან ალბათ რამხელა სიყვარული შეუძლია ქალს, რამხელა ძალა აქვს მას... და არც ის იციან რა ცოდოა დაჩაგრული და სულიერად მიტოვებული ქალი... 

ჩემი აზრით იდეალურ ოჯახში ყველაფერი აგებული უნდა იყოს ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთსიყვარულზე, ურთიერთსითბოზე, ურთიერთზრუნვაზე.... კაცი, ისევე როგორც ქალი, რათქმაუნდა, უნდა ფიქრობდეს თავის სიტყვებზე, მანამ სანამ იტყვის...

ერთ-ერთ გადაცემაში ერთ-ერთ მსახიობს ვუსმენდი, რომელიც თავის მეუღლეზე და მათ სიყვარულზე ყვებოდა. ამბობდა: იმდენად მიყვარდა, ხელის დაკარება მეშინოდა,  რომ რაიმე არ ტკენოდაო...
კიდევ აღარ მახსოვს რა ილაპარაკა, მაგრამ ზოგადად ამ კაციდან მოდიოდა იმდენი სითბო, რაღაც სასწაული ზრუნვა ცოლის მიმართ, სიტყვები: სიფაქიზე, სისათუთე, სინაზე.....:) რაღაც კუთხით ეს სასაცილოა, კაცი ჩმორად ხომ არ უნდა გადაიქცესო შემედავებით ალბათ....

ზომიერება მეგობრებო !

მთავარია დიდი სიყვარული, რომელიც თვითონ გაპოვნინებთ სწორ საზღვრებს, ჩარჩოებს... თქვენ მოგეთხოვებათ მხოლოდ  აყვეთ ამ გრძნობას.... არ გადაიქცეთ ეგოისტად და არ ჩაკლათ იგი ყოველდღიურობაში... 

вторник, 6 декабря 2011 г.

რა სურთ კაცებს?!.

Автор: ჯუნა на 12/06/2011 0 коммент.
ყველა კაცი ერთნაირიაო ამბობენ... რასაც მე დიდი გულმოდგინებით არ ვეთანხმები. რადგან მინახავს ცუდი კაცები, ცუდი ქმრები. ვუფიქრდები და ვხვდები, რომ არსებობენ მათგან სრულიად განსხვავებული - კარგი ქმრებიც. ნუ თავისთავად ჩემთვის იდეალურია ჩემი ქმრის დამოკიდებულება ჩემდამი, ზოგადად ოჯახისადმი, ჩემი შვილისადმი... ანუ შედარების უნარით და მარტივი ლოგიკით ვასკვნი, რომ კაცები ერთნაირები არ არიან.
საიდან გამიჩნდა საერთოდ ეს აზრები...თავში ამომიტივტივდა თვალცრემლიანი დიასახლისი ცოლი. დღენიადაგ ქმრის მოლოდინში მყოფი, ხალათით და სამზარეულოში რასაკვირველია. ასეთები მრავლად არიან ირგვლივ. ქმარს რომ შვილები გაუჩინა, უზრდის, აცმევს, ასუფთავებს, მასზე ზრუნავს, უყვარს და სიმყუდროვეს უქმნის. ვერ ვიტყვი რომ ეს კაცს არ მოსწონს... პირიქით. ალბათ უკმაყოფილოც კი იქნებოდა სხვა შემთხვევაში. მაგრამ ამ კაცს აუცილებლად გაექცევა თვალი სულ სხვანაირი ქალისკენ. აი ისეთისკენ, მე, ქალიც კი რომ ვერ ჩავუვლი გულგრილად: საოცრად გამომწვევისკენ, რომელიც იქნება ძალიან მოვლილი, სექსუალური, თამამად მოფლირტავე, ვთქვათ თხელი სიგარეტით ხელში... და ყველა ეს მისი თვისება თუ მანერა აღაფრთოვანებს მამაკაცს და პირდაღებულს დატოვებს. ეს ხომ ფაქტია... და აი აქ მივდივართ დასკვნამდე, რომ ქართველი მამაკაცი არასოდეს აძლევს საკუთარ ცოლს უფლებას გააკეთოს ის, რაც მოეწონება მას... ვთქვათ საყვარელში. არასოდეს დარჩება კმაყოფილი ცოლით, რომელსაც ექნება მსგავსი მანერა, არაფრით მოეწონება "სწერვოზულად" გამომწვევი სექსუალური ცოლი... ან მოეწონება, უბრალოდ არ დათანხმდება ამას.
ხოდა რისთვის დავიწყე საერთოდ ეს... მაინტერესებს რა სურთ კაცებს?!. როგორი უნდა იყო ცოლი, რომ არასოდეს იწვნიო ღალატი საკუთარი მამაკაცისგან?
ჩემმა დეიდაშვილმა მითხრა ერთხელ, სულელი ხარ თუ გგონია, რომ ქმარი არასდროს გიღალატებსო.. ვუთხარი: თუ მიღალატებს მასთან ერთი დღეც აღარ გავჩერდები, ვერ ვაპატიებ-თქო, რაზეც სიცილით მითხრა, შენც სხვა ქალებივით შტერი ყოფილხარო :)
ნამდვილად ვეღარ მოვიფიქრე ამაზე რა უნდა მეპასუხა, თუმცა საკუთარ სიტყვებში ეჭვი ოდნავადაც არ შემპარვია.
საბედნიეროდ ის თაობა აღარ ვართ ღიპიანი და მოქეიფე კაცების... ან იმ ქალების, ქმრის ღალატს რომ კაცის ბუნებას აწერენ და რეაქცია არ აქვთ. რომ ამბობენ სხვასთან გატარებული ერთი ღამე ღალატი არ არის, მთავარია საყვარელი არ გაიჩინოსო ან მერე რა თუ საყვარელი ყავს, ცოლი ხომ მე ვარ და ვუყვარვარო...
არ მჯერა რომ ვინმე ამას გულწრფელად ამბობს და ამით თავს დამცირებულად არ გრძნობს... არ მგონია თუ ასეთი ქალი არსებობს საერთოდ ბუნებაში.
მე ზოგადად ქალის ფანი ვარ :) ანუ ვთვლი, რომ ძალიან რთულია იყო ქალი, ცოლი.... და ამიტომ იგი იმსახურებს პატივისცემას, სიყვარულს, ერთგულებას.... ძალიან გული მტკივა, როცა უბედურ ქალს ვხედავ, არშემდგარს და ცხოვრებაზე გულდაწყვეტილს.
ბედნიერებას და კარგ ცხოვრებას ყველა იმსახურებს... სიყვარულით შერთული ცოლისთვის, ნებისმიერი ქმარი უნდა იყოს ერთგული, მოსიყვარულე... მოკლედ იდეალური. ამას მე ყველა ქალს ვუსურვებ :)

вторник, 29 ноября 2011 г.

რა სურთ ქალებს?!.

Автор: ჯუნა на 11/29/2011 0 коммент.
ისევ გამთენიისას გაეღვიძა... უკვე ოთახში შემოსული სინათლის სხივებით ხვდებოდა დროს, იცოდა მაღვიძარას დარეკვამდე მთელი 2 საათი იყო დარჩენილი, მაგრამ დაძინება არც უცდია. იცოდა არაფრით დაეძინებოდა, რადგან უკვე დიდი ხანია ტანჯავდა დეპრესია, რომელიც ვლინდებოდა უძილობაში, საშინელ ხასიათში, უმადობაში...
ყველაფერი ჰქონდა ბედნიერებისათვის. ყოველ შემთხვევაში ასე თვლიდნენ ირგვლივმყოფები. საკუთარი დიდი ბინა, სოლიდური მანქანა, მაღალანაზღაურებადი სამსახური. იყო ლამაზი, მოხდენილი. ბოლოდროინდელი სევდაც უხდებოდა თითქოს, დიდ ცისფერ თვალებში რომ ჩასახლებოდა, ზოგჯერ თვალებს აუწყლიანებდა და ისეთ უსუსურს აჩენდა... მამაკაცები მისი დაცვის სურვილით კვდებოდნენ, თავს აწონებდნენ, მეტიჩრობდნენ, ის კი ახლოსაც არავის იკარებდა და ეს მიუწვდომელობა უფრო სანატრელს ხდიდა მას... ყველაფერი 7წლის წინ დაიწყო. მაშინ, როცა მას პირველად შეუყვარდა. სულ პატარა იყო და სხვანაირი. არა ისეთი, როგორიც ყველა. ოცნებობდა კარიერაზე, დიდ წარმატებაზე, კარგ სამსახურზე. სიყვარული მაშინ დაუცველი და სუსტი ქალების ხვედრი ეგონა, დარწმუნებული იყო საკუთარ სიძლიერეში და ეგონა სხვა ძლიერი საყრდენი გვერდით მას არასოდეს დასჭირდებოდა. მაგრამ მისდა უნებურად მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. შეუყვარდა და ამ სიყვარულმა ყველაფერი დაავიწყა. ცხოვრობდა მხოლოდ ერთით, მისი ცხოვრებით, გემოვნებით, შეხედულებებით, მის ხასიათზე და მთლიანად მისთვის.
შეიცვალა ცხოვრების წესი: თავს უძღვნიდა მთლიანად იმ ერთს, მისთვის ლამაზდებოდა, უკეთებდა სადილებს, ურეცხავდა, ურთავდა ოთახებს და უწყობდა დღესასწაულებს ყოველდღე, მზრუნველობას არ აკლებდა. ყვავილებსაც თავად ყიდულობდა და ლამის მას ჩუქნიდა სიყვარულის ნიშნად. უნდოდა გაეჩინა მისთვის ლამაზი შვილები და ეცხოვრა ასე მშვიდად, ტკბილად. შექმნა თავისი სამყარო, გააფანატა თავისი სიყვარული და ვერ ხედავდა მასში ვერანაირ ნაკლს. ბრმად ენდობოდა და სჯეროდა მისი, ამიტომ რასაკვირველია მისი ღალატიც ვერ დაიჯერა. სასაცილოდ მოეჩვენა და ბოროტი ხალხის მონაჩმახად ჩათვალა. გულის სიღრმეში ალბათ თავიდანვე ყველაფერი იცოდა და გრძნობდა, მაგრამ თავს ეწინააღმდეგებოდა. მის სიცივეს გადაღლილობას აბრალებდა, უხეშობას - ხასიათს და ყოველთვის ყველაფერში უძებნიდა გამართლებას,თუმცა ერთ დღესაც მიხვდა და გაითავისა რომ ყველაფერი დასრულდა.
დაშორება იყო მტკივნეული. რამდენი ეფერა და ეხვეწა, მაგრამ ვერ აპატია. იცოდა რომ იმასაც უყვარდა ჯერ კიდევ ძალიან, მაგრამ საკუთარ თავს ვერ გადაუარა. გუდა ნაბადი აიკრა და 5 წლიანი სიყვარულით სავსე თანაცხოვრების შემდეგ წავიდა მარტოობაში. წავიდა იქ, სადაც არ იცოდა რა ელოდა.
ძლიერი სიყვარულის გვერდით ბევრი საკუთარი თვისება დაეკარგა, უფრო მისუსტებული და განაზებული იყო. საკუთარი მყარი მეც გამქრალიყო.
დიდი ნერვების ფასად დაუჯდა მას საკუთარი თავის დაბრუნება ისეთად, როგორიც იყო ადრე. ფიქრს სრულიად გადაეჩვია, ბევრს მუშაობდა, კითხულობდა, სწავლობდა და სიახლეებს ითვისებდა. იცოდა თავის ადრინდელ ოცნებას აიხდენდა და აუცილებლად გახდებოდა წარმატებული ქალი.
ახლოს აღარავის იკარებდა, თითქოს რობოტს დაემსგავსა ემოციებისა და ყოველგვარი ზედმეტი გრძნობების გარეშე.
რათქმაუნდა წარმატება მოვიდა. იმაზე სწრაფად ვიდრე ელოდა და იმაზე დიდი ვიდრე წარმოედგინა. ფუფუნება, კომფორტი, პატივისცემა, სიმყარე.... აიხდინა ოცნება, მაგრამ მისი ცხოვრება იყო უფერული და ერთფეროვანი. უსაშველოდ ენატრებოდა თავისი სიყვარული, ტკბილი, სითბოთი სავსე და დღესასწაულის მსგავსი თითოეული დღე. მან კარგად იცოდა, რომ ძლიერი საყრდენის გარეშე ქალის ცხოვრება ვერასდროს იქნებოდა სრულყოფილი....

понедельник, 1 августа 2011 г.

პირველი ბზარი

Автор: ჯუნა на 8/01/2011 0 коммент.
მიყვარს ქორწილები, შეყვარებულები, სიყვარული.
მიყვარს დედოფალი, ორსული გოგოები, პატარა ბავშვები.
მიყვარს მოსიყვარულე ცოლ-ქმარი, მზრუნველი დედ-მამა, თბილი ოჯახები.....

ქალს ისე უხდება გრძნობა, ანთებული, ციმციმა თვალები. სიყვარულისგან გაკეთილშობილებული გული ისე ალამაზებს...
ზედმეტად სენტიმენტალური ვარ და ემოციურიც ალბათ, რადგან ყველა ზემოთჩამოთვლილის შემყურეს ხან თვალზე ცრემლი მადგება, ხანაც ისტერიულად ვტირი. ბედნიერებისგან ალბათ. მიხარია სხვა რომ ისეთ სიხარულს განიცდის რისი გემოც მე ვიცი, და ალბათ შურის ნოტკებიც მეპარება, რადგან ჩემი ცხოვრება აღარაა ისეთი მშვენიერი და ფერადი როგორიც იყო. მე უფრო სასოწარკვეთილი ქალი ვარ. ისეთებს დავემგვანე ვერასდროს რომ ვერ ვუგებდი: ცოტა დაბოღმილებს, შურიანებს და სასოწარკვეთილებს. სხვისი ბედნიერების შემყურე საკუთარ უბედურებაზე რომ ტირიან და თავსაც ვერ უტყდებიან ამაში.
თავი ძლიერი მეგონა და ვცდებოდი თურმე. სიყვარულით სავსეს რომ გიღალატებენ ძალიან მტკივნეულია. რომ იცი სიცრუეში ცხოვრობ, გული გეწურება და წერტილის დასმასაც ვერ ბედავ. მისგან ისე რომ გინდა ბევრი ყურადღება და სიტკბო და თან მისი ნათქვამი არცერთი თბილი სიტყვის არ გჯერა....
ვორმაგდები, ვორჭოფობ, თავს ვებრძვი და არც ვიცი უნდა ვაპატიო თუ არა. ვამბობდი ოჯახი იდეალური უნდა იყოს-თქო, პატარა ბზარის შემთხვევაშიც კი წერტილი უნდა დაისვას-თქო. ვერ ვუგებდი იმ ქალებს სულელურ ბრძოლას რომ იწყებენ და საკუთარ თავმოყვარეობას ფეხქვეშ თელავენ. მაგრამ თურმე იოლია მსჯელობა მაშინ, როცა ეს შენ ჯერ არ შეგხებია, და ძალიან რთულია ცხოვრებაში დათმო და შეგნებულად გაუშვა ის, ვინც ასე ძალიან გიყვარს და ვის გარეშეც შენი ცხოვრება ვერასდროს წარმოგედგინა. დავცინოდი ხოლმე იმ "ქენქერა" ქალებს ცუდ კაცებს რომ მისტირიან და თავის ფასი არ იციან, მაგრამ მე თვითონ ამდენი ფიქრით გაბრუებული, ალბათ მალე გავხდები სასაცილო, რადგან უსუსური ბავშვივით ტირილით მაინც მინდა შემიცოდოს საყვარელმა ადამიანმა და თვითონ მომცეს იმის საშუალება და საბაბი რომ ვაპატიო....

პ.ს. რადგანაც ჩემ ბლოგს ბოლო დროს ბევრი ნაცნობი თუ ნათესავი კითხულობს, უნდა ვთქვა, რომ ეს პოსტი არ არის პირადი და ჩემს ცხოვრებას არ ასახავს, უბრალოდ ძალიან გული მტკივა, როცა ისეთი ოჯახები ინგრევა, რომლებიც მე იდეალური მეგონა.... ვიცი ძალიან ბანალურია, მაგრამ გული მტკივა იმ ადამიანების მაგივრად, ოჯახისთვის რომ ცხოვრობენ და სამაგიეროდ ღალატს იმკიან. მეუღლეებს რომ ფეხქვეშ ეგებიან, გულით უყვართ, უვლიან, ლამაზ შვილებს უჩენენ/უზრდიან, ერთ დღესაც კი იმის მაგივრად რომ ის სათაყვანოდ გაიხადონ - თავს უსარგებლოდ აგრძნობინებენ. ალბათ ეს ძალიან მტკივნეულია :(

четверг, 17 марта 2011 г.

რა მინდა მე... ანუ ტკბილი ოცნება

Автор: ჯუნა на 3/17/2011 3 коммент.
ვის არ უოცნებია თუ არ უფიქრია საკუთარ, დიდ თუ პატარა, ლამაზ და მყუდრო სახლზე, რომელშიც მოაწყობდა ყველაფერს თავის ჭკუაზე, თავისი გემოვნებით, რომელშიც გაზრდიდა თავის შვილებს და დაელოდებოდა მეუღლეს სამსახურიდან... გაატარებდა თავისი ცხოვრების ლამაზ და ბედნიერ წლებს და შემდეგ, დიიდი ხნის შემდეგ იქ იცხოვრებდნენ ცისფერთვალა შვილიშვილები.... შორს წავედი, მაგრამ ოცნება ტკბილია.

ხშირად მიფიქრია როგორი მინდა იყოს ჩვენი სახლი...
მაგალითად სამზარეულო:

ეს ის სამზარეულოა, რომელიც ჩემს ქმარს სასაცილოდაც არ ეყოფა ალბათ, თუმცა ამ საკითხში მისი აზრის გათვალისწინება არ მინდა, რადგან ეს ჩემი კუთხეა და მე იქ კომფორტულად მინდა თავს ვგრძნობდე... ხომ უნდა მოვუმზადო დილაობით უგემრიელესი და განსხვავებული საუზმეები, საღამოობით უგემრიელესი ვახშმები, შაბათ–კვირას კი ორიგინალური დესერტები და ტკბილეულობები... ეს უნდა იყოს კუთხე, სადაც სულ იქნება სითბო, არ იქნება ტელევიზორი და არანაირი თვალშისაცემი ტექნიკა. შეიძლება მხოლოდ პატარა რადიო, რომ საჭმლის მომზადების პროცესი იყოს მხიარული და მუსიკალური:)
აქედან განხორციელდება უმნიშვნელოვანესი სატელოფონო ზარები გოგოების და ნათესავების მიმართულებით, აქ უნდა ვეჭორავო სტუმრად მოსულ დედას, დედამთილს, მულს და რავიცი კიდევ ვის არა... სწორედ აქ უნდა დავუცადო ქმარს სამსახურიდან, (რადგან მე ყოველთვის მასზე ადრე დავბრუნდები სახლში :)) აქ გავაკეთებთ სადღესასწაულო კერძებს, ყველა ერთად გავაწყობთ ულამაზეს სუფრას, გადავაფარებ ქათქათა, თეთრ გადასაფარებელს, თუნდაც იმას, ნათესავმა რომ მაჩუქა როცა გავთხოვდი :)) თეთრს და ნაქარგებით... ავანთებთ ლამაზ სანთლებს, მერე დავაწყობთ სალათებს, გემრიელობებს და ყველაფერს ერთად დავაგემოვნებთ...

ჩვენი სამზარეულო უნდა იყოს თბილი, მყუდრო და პატარა. კედლებზე ჩემი ნაქარგებით და ნაჩუქარი, ლამაზი თეფშებით. მოხერხებული დივნით და კარადაზე ლამაზი ვაზით, რომელშიც ჩავაწყობ ხოლმე მეუღლის მორთმეულ ლურჯ ყვავილებს....

ბევრი ვიფიქრე საბავშვო ოთახზეც, შესაფერისი ფოტოც ბევრი ვეძებე, მაგრამ სამწუხაროდ google-ში ვერაფერი ვიპოვე... ჩვენ ხომ მარტო ერთი შვილი არ გვეყოლება... რადგან ძალიან არ მინდა ჩემი შვილები ეგოისტებად გაიზარდნონ და დედმამიშვილური სიყვარული არ იცოდნენ. ამიტომ ერთი ბავშვისთვის ოთახსაც ვერ ვეგუები. ძალიან მინდა ჩემი შვილებისთვის ლამაზი ოთახი, ხის პაწაწუნა ავეჯით, შიგ ბევრი სათამაშოებით, კედლებზე უამრავი ბედნიერი ფოტოთი, საყოფი კარადებით და ბევრი წიგნებით...
მათთანაც დავკიდებ რომელიმე ჩემს მომავალ ნაქარგს, მაგალითად რაიმე ამათ მსგავსს:

და მათი ოთახიც იქნება ძალიან ნათელი და თბილ ფერებში, რომ პაწუა გულებში ჩაეღვაროთ სითბო და არასოდეს იფიქრონ ბოროტებაზე..
.
ბევრი ოცნება მაქვს კიდევ, რაღაცეეები ზუსტად წარმომიდგენია კიდეც:) მაგალითად ვიცი, რომ ჩემს სახლში იქნება ძალიან ბევრი საოჯახო ფოტო, ბევრი წიგნი, კიდევ ყველა ერთმანეთს მოუსმენს და ამავდროულად ყველა იქნება დამოუკიდებელი.
ძალიან იოლია ალბათ ოცნება.... და ძალიან რთული მისი განხორციელება...
მაგრამ როცა რაღაც მთელი გულით გინდა, წინ ვინ გადაგეღობება?

среда, 9 февраля 2011 г.

ის, რისიც მეშინია

Автор: ჯუნა на 2/09/2011 1 коммент.
აზრი, რომელიც მინდა ამ პოსტში ჩავდო, ძალიან დიდი ხანია თავში მიტრიალებს. ამაზე ვფიქრობდი ჯერ კიდევ მანამ, სანამ გავთხოვდებოდი ან საერთოდ გავიცნობდი გიოს. მაშინ ვცხოვრობდი მოსკოვში, ვსწავლობდი, ვმუშაობდი და ბევრს ვფიქრობდი საკუთარ კარიერაზე, მომავალ ცხოვრებაზე. მაშინდელ ჩემს გეგმებში რასაკვირველია არ შედიოდა არც სიყვარული, მითუმეტეს არც გათხოვება და არც შვილი. მე ვფიქრობდი, რომ გათხოვება არის თავშესაფარი სუსტი ქალების, რომლებიც საკუთარი ძალებით ვერაფერს აღწევენ ცხოვრებაში და რაღაც ეტაპზე ირჩევენ ამოეფარონ მეუღლის ძლიერ მხარს. რათქმაუნდა ეს სისულელეა და ამას მალევე მივხვდი. სიყვარული პირიქით – სტიმულია, რომლის გარეშეც ალბათ აზრი არ აქვს არანაირ წინსვლებს კარიერაში, ზოგადად ცხოვრებაშიც, რადგან ერთხელაც თავს იგრძნობ მარტოსულად და ყველაფერი აზრს დაკარგავს. სულ სხვა მხარეს წავედი.
ამ ფიქრებისკენ მიბიძგა იმან, რაზეც ახლაც ხშირად ვფიქრობ. მთელი შეგნებული ცხოვრება მეშინია ჩამოუყალიბებელი ცხოვრების, აუსრულებელი სურვილების, განუხორციელებელი იდეების... მეშინია რომ ცხოვრება უცებ გაიფრენს... ერთ დღესაც ყოველდღიური პრობლემებით დატვირთული გამოვფხიზლდები და აღმოვაჩენ, რომ უკვე ასაკში ვარ და ვერაფერს მივაღწიე, არ შევდექი როგორც სრულყოფილი ადამიანი, ვერაფერს მივაღწიე საკუთარი შრომით და გადავყევი სახლის ლაგებას ან სადილების კეთებას.
ახლა მარტინ იდენს ვკითხულობ და ისე ნაცნობია ზოგიერთი განცდა, რომელსაც ის აღწერს. გრძნობს რომ რაღაც ძალა აქვს, რომ სხვებისგან განსხვავებულია, რომ ბევრად მეტი შეუძლია იყოს ვიდრე არის. ეს ჩემთვის ნაცნობია, რადგან დიდი ხანია ამაზე ვფიქრობ. მე ვიცი, რომ მე ბევრი რამე შემიძლია, ბევრის მიღწევა შემიძლია და არა ფულისთვის ან კარიერისთვის, არამედ იმისთვის, რომ ჩემი საკუთარი მე იყოს კმაყოფილი და გამუდმებით არ ვგრძნობდე სულის ფორიაქს.
მე ბევრჯერ მინახავს ქალი 40–50–60 წელს გადაშორებული, ჩემთვის პატივსაცემი, რადგან ცხოვრება გაატარა ისე, როგორც შეეფერება ნამდვილ დედას თუ ბებიას. ისინი საღამოობით, ყოველი საქმის შემდეგ უყურებენ გადაცემებს, ფილმებს, ცხოვრობენ სხვისი ცხოვრებით და გულის ტკივილით გრძნობენ რომ მათი სურვილები დარჩა წარსულში, მათ ცხოვრებაში აღარ მოხდება სასწაული და იგი დასრულდება ისე, როგორც მიმდინარეობდა ბევრი წლის განმავლობაში. მე ვუყურებ ამას და საშინლად არ მინდა ასეთი ვიყო 30–40 წლის შემდეგ.... მე მინდა ვიცხოვრო სრულყოფილი ცხოვრებით, ვიმოგზაურო იქ, სადაც მინდა, თავს ვგრძობდე კიდევ ერთხელ ვიტყვი სრულყოფილად, გამოლეულად, მშვიდად და ძალიან არ მინდა არასოდეს გამიჩნდეს გრძნობა, რომ ვერაფერი მოვასწარი.... რომ ტყუილად ვიცხოვრე...

пятница, 28 мая 2010 г.

სილამაზის ფორმულა

Автор: ჯუნა на 5/28/2010 3 коммент.
ყველა ქალი ლამაზია ჩემი აზრით.
მე ვერ ვხედავ ქალებში სიმახინჯეს.
რასაც მე ვხედავ ქვია მოუვლელობა, საკუთარი თავის წარმოჩენის უცოდინარობა, ვხედავ იმას, რასაც სოფლელობას ეძახიან ზოგიერთები ზოგჯერ, ხანდახან საკუთარი თავის დაუფასებლობასაც ვხედავ.

მიყვარს ხალხის თვალიერება, ვაკვირდები ქალებს და ხშირად მინდება ხოლმე მქონდეს ბევრი ფული....

აი იმას, ჩემს კურსზე რომ სწავლობს, აუცილებლად ჯერ კოსმეტოლოგთან წავიყვანდი სახეს გავუწმენდდი, ლამაზ მაკიაჟს გავუკეთებდი, თმას მოვუწესრიგებდი, მერე ლამაზ ტანსაცმელს ვუყიდდი, მაღალია, სუსტია - იმდენ რამეს მოვახდენდი და მერე მის დანახვაზე ყველას დავამუნჯებდი, აღარ ექნებოდა მას "გამჭირვალე" ადამიანის ეფექტი. იქნებოდა ქალი. ლამაზი ქალი, რომელსაც ქუჩაში თვალს გააყოლებდნენ და მე ამით ვიამაყებდი, რადგან მე ჩავდგამდი ამ ქალში სულს...
მაგრამ
გარეგნული სილამაზე ხომ ყველაფერი არ არის. მეტიც, მე იგი ხანდახან ერთჯერადიც მგონია.
ჩემთვის სილამაზე უპირველესად შიგნიდან მოდის
ბევრი ადამიანი მინახავს, რომლებთანაც ურთიერთობისას მათ გარეგნობას თითქოს აღარანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, არც კი გახსოვს, რომ პირველ დანახვაზე გაიფიქრე რა დიდი ცხვირი აქვს მას ან როგორი მოუვლელი თითები ან ადრიანი ნაოჭები........
სილამაზე შიგნიდან მოდის და მას სული ქმნის. სული ისეთი, ყველას რომ მოხიბლავს და ატყვევებს. გნებავთ აბრმავებს და მხოლოდ იმას ანახებს, რაც ღრმადაა, შიგნითაა.
ასეთი სული უთუოდ მტკიცე უნდა იყოს, სუფთა და წრფელი.
სილამაზის ფორმულა ჯანსაღ ფსიქიკაშია, საკუთარი თავის რწმენაშია, თავდაჯერებულობაშია, აუცილებლად სიყვარულსა და ბედნიერებაშია.

მაგრამ ამ ფორმულას ვერასდროს მოირგებს კომპლექსიანი და საკუთარი თავით უკმაყოფილო სული...

ამიტომ მაინც მინდა ბევრი ფული მქონდეს :)

среда, 12 мая 2010 г.

თავის მოვლა სახლის პირობებში

Автор: ჯუნა на 5/12/2010 3 коммент.
ძალიან მიყვარს თავის მოვლა და კოსმეტიკა. ბევრი სხვადასხვა ფერის, ზომის, სურნელების "ბანოჩკები" მაქვს სახლში. კრემები, გელები, სკრაბები... უამრავი რამ მაქვს და კიდე უამრავი რამე მინდა, все мне мало :)) თაას ბლოგს ინტენსიურად ვათვალიერებ და მისი წყალობით ვეცნობი ხარისხიან კოსმეტიკას, თუმცა 20 წლის ასაკში ძალიანაც არ მინდა კანი ამდენ რამეს შევაჩვიო (არ ვიცი სწორია თუ არა ეს ტაკტიკა). ერთი სიტყვით, მაქვს რამდენიმე საკუთარ თავზე გამოცდილი რეცეპტი, როგორ მოვუაროთ სახეს და არამარტო სახეს სახლის პირობებში:

პირველ რიგში სახის პილინგი ( პილინგი აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას, მისი დახმარებით ვიშორებთ მკვდარ უჯრედებს კანის ზედაპირიდან, ამით ვეხმარებით "სუნთქვაში" და კოსმეტიკური საშუალებებიდან სასარგებლო ნივთიერებების უკეთ შეწოვაში). სახლის პირობებში მარტივად კეთდება პილინგი - ყავის ნალექისგან, რომელიც არაჩვეულებრივ ეფექტს იძლევა. წრიული მოძრაობებით მსუბუქად უნდა წავისვათ მთელს სახეზე. საოცრად არბილებს სახის კანს.

კიდე ვიცი მჭადის ფქვილსაც ხმარობენ, კარგია შავი წერტილების ამოსაყვანად (ცხვირზე ნიკაპზე) სკრაბივით იხმარება.
ძალიან მშრალი აქერცვლადი კანისთვის (მე მაქვს ასეთი კანი)ძალიან კარგია თუ დუშგელში ავურევთ ყავის ნალექს და 1 ჩ. კ. მარილს.
ყავის ნალექს რუჯისთვისაც იყენებენ. არის ნიღაბი, რომელიც არბილებს და აახალგაზრდავებს კანს და ასევე მატებს მას მსუბუქ ნამზეურს:
1 ს.კ. თაფლი, 1 ს.კ. ყავა, 3 წვეთი კასტორის (მე ზეითუნს ვხმარობ) ზეთი, 1/2 ჭ. რძე - ეს ინგრედიენტები ერთმანეთში საგულდაგულოდ უნდა ავურიოთ, მიღებული მასა წავისვათ სუფთა სახეზე. 15 წუთის შემდეგ ჩამოვიბანოთ თბილი წყლით.
ყავის ნალექში თუ ცოტა შაქარს და 1 ჩ. კ. ზეითუნის ზეთს ავურევთ, მივიღებთ გადასარევ ტანის სკრაბს, რომელიც ამკვრივებს კანს და ებრძვის ცელულიტს.
არაჩვეულებრივია კანისთვის აგრეთვე ზეითუნის ზეთი.

დღეს იგი ყველასთვის ხელმისაწვდომია, იყიდება აფთიაქებში და სულაც არ ღირს ძვირი. მდიდარია შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც ხელს უწყობენ კანის დატენიანებას, თმების (თმაში იზელენ და იგი ებრძვის თმის ცვენას) და ფრჩხილების ჯანმრთელობას.
და კიდე, ზეითუნის ზეთს მე წამწამებზე ვისვამ ხოლმე, ბზინვარეს ხდის უფრო წამწამებს, ახშირებს და მგონი აგრძელებს ვიზუალურადაც)) მომწონს ძალიან :)

суббота, 8 мая 2010 г.

მარტივი სალათი პომიდვრით

Автор: ჯუნა на 5/08/2010 0 коммент.
ზაფხული დადგა უკვე და მემგონი დამეთანხმებით, რომ ზაფხულში ყველაზე გემრიელი საჭმელი კიტრი და პომიდორია. ყოველ შემთხვევაში მე უზომოდ მიყვარს ორივე.
ხოდა დღეს ვნახოთ რისი გაკეთება შეიძლება პომიდორისგან.
რაც დაგვჭირდება:
2 ცალი პომიდორი;
200გრ. ყველი;
5 კბილი ნიორი;
მაიონეზი.

ავიღოთ პომიდორი და დავჭრათ ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები

მერე გავაკეთოთ მარტივი სალათა: გავხეხოთ ყველი, ავურიოთ იგი მაიონეზთან ერთად და დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ნიორი

ეს სალათა უნდა წავუსვათ პომიდორის თითოეულ ნაჭერს.ძალიან მარტივია და გემრიელი გამოდის

შეიძლება სხვა ფორმითაც ამის გაკეთება. როგორაც უფრო მოგეწონებათ:

среда, 5 мая 2010 г.

ეფექტური დიეტა და გემრიელი ფოტო))

Автор: ჯუნა на 5/05/2010 6 коммент.
გუშინდელი კულინარიული პოსტის შემდეგ ლოგიკურია დავწერო დიეტაზე))
საერთოდ რაც თავი მახსოვს სულ დასუსტება მინდა... გენები მაქვს ასეთი. ვარ ძვალმსხვილი და სულ მაქვს 5–6 კილო ზედმეტი წონა.
ერთ დიეტაზე მინდა დავწერო, რომელიც მართალია ცოტა ნელა მოქმედებს, მაგრამ ეფექტურია და თან დაკლებული კილოგრამები უკან არ გიბრუნდება, როგორც ეს უმრავლეს შემთხვევებში ხდება ხოლმე.
დიეტა მარტივია: ჭამ დღეგამოშვებით ანუ ერთი დღე ჭამ რასაც გინდა, როცა გინდა, რამდენსაც გინდა (თუმცა მერწმუნეთ ბევრს ვერ შეჭამთ); მეორე დღეს არ ჭამთ. საერთოდ. მხოლოდ 6 სთ.მდე სვამთ ხსნარს, რომელიც მზადდება ასე:
1ლიტრ გადადუღებულ წყალს ვუმატებთ 1ს/კ თაფლს, ხსნად ყავას, არაყს და ლიმონის წვენს.
ეგ არის და ეგ.
პლიუსი ამ დიეტის ვფიქრობ არის ის, რომ არაფერი გენატრება. ანუ იცი რომ გათენდება ხვალინდელი დღე და შეჭამ იმ შოკოლადსაც, ნაყინსაც..... ეს ფსიქოლოგიური მომენტია და ძალიან კარგად მოქმედებს.
მე 2 კვირაში 5 კილო დავიკელი და მინდა ვთქვა არც გამჭირვებია. მიუხედავად იმისა, რომ უნებისყოფო ვარ და დიეტაზე 1 კვირასაც ვერ ვძლებ :))

და განწყობისთვის:

вторник, 4 мая 2010 г.

ოლივიე და ცეზარი

Автор: ჯუნა на 5/04/2010 6 коммент.
ჩემს ბლოგზე რომ კულინარია გამოჩნდება ვიცი ეს ფაქტი ზოგ ზოგიერთებს სასაცილოდაც არ ეყოფად, რადგან რეალურად გაზქურასთან არც არავის ვუნახივარ)) მაგრამ თქვენ არ იცით, მე ჩუმ-ჩუმად ვიპარები ხოლმე სამზარეულოში და დიასახლისობას ვსწავლობ :დ ან კი რა არის იმაში ცუდი ჩემი საყვარელი საჭმელების რეცეპტებს თუ დაგიწერთ იქნებ გამოგადგეთ ჰა?
უაზროდ მიყვარს სალათები. შემიძლია სხვა ყველა საჭმელზე უარი ვთქვა და მხოლოდ ამეებით ვიკვებო. ამიტომ პირველ ჯერზე ორ ყველაზე გემრიელ სალათზე დავწერ:

1. Оливье
ოლივიე პირველად მოსკოვში, ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე გავაკეთე. ეს ის დღე იყო როცა მის ბინაში პროდუქტებთან და რეცეპტებთან ერთად გამომკეტეს და დაბადების დღის პურმარილი მთლიანად მე უნდა გამეკეთებინა, რადგან სხვებს და თვით იუბილარსაც სხვა ფრიად მნიშვნელოვანი საქმეები ქონდათ.

ერთი სიტყვით ოლივიეს მომზადება ძალიან მარტივია.
ამისთვის დაგვჭირდება:

2ცალი მოხარშული კარტოფილი
მჟავე კიტრი
150გრ ძეხვი
30გრ მწვანე ხახვი
2ცალი კარგად მოხარშული კვერცხი
100გრ გაროხი

ყველა ეს პროდუქტი წვრილად უნდა დავჭრათ და მოვათავსოთ ერთ ჯამში

დავუმატოთ მარილი გემოვნებით და მაიონეზი

უმარტივესია და უგემრიელესი ))

2. Цезарь

ცეზარს რაც შეეხება მასთან დიდი ხნის სიყვარული მაკავშირებს და ვისაც ეს სალათი გაგისინჯავთ ალბათ დამეთანხმებით რომ სულ სხვანაირი და გემრიელი გემო აქვს))

გვჭირდება:
1თავი კომბოსტო
1ცალი პომიდორი
ძეხვი
ყველი
ზეთისხილი
მაიონეზი

ვჭრით პომიდორს, დაახლოებით ისე როგორც ეს სურათზეა

მერე ვჭრით კომბოსტოს, ძეხვს, ვათავსებთ პომიდორთან ერთად. ვახეხავთ ყველს, ვუმატებთ ზეთისხილს და სუხარებს.

ამ ყველაფერს ვურევთ მაიონეზს და ნუ კიდე მარილი მწვანე ხახვი გემოვნებით.

приятного аппетита друзья:)

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review