среда, 6 ноября 2013 г.

პროტესტები ყოველდღიურობიდან...

Автор: ჯუნა на 11/06/2013 1 коммент.
ყოველდღიურ რეჟიმში ზოგჯერ ვერც კი ამჩნევ დრო როგორ გადის... ვერ ასწრებ ირგვლივ მოხედვას, ცხოვრებას, და მართალია იმისთვის მუშაობ, რომ კარგად იცხოვრო და შენს ოჯახს ბედნიერად მოახმარო, მაგრამ ჯამში ერთ დღესაც რომ დაფიქრდები აღმოაჩენ, რომ სამსახურით და სამსახურში უფრო ცხოვრობ ვიდრე ოჯახში და ოჯახთან. დილით იღვიძებ ფიქრით, რომ სამსახურის მერე ბავშვს გაასეირნებ, შაბათ-კვირას თოჯინებში წაიყვან, შენს ქმარს დროს დაუთმობ..... და ა.შ. თუმცა სამსახურის მერე მხოლოდ საათზე დაკვირვების თავიღა გაქვს ხოლმე, რომ დრო მალე გავიდეს და ბავშვის დაძინების დრო მოვიდეს..... მერე, თვალების დახუჭვამდე თავისუფალ დროს კი ცოლ-ქმარი ატარებს საკუთარ ლეპტოპებში თავჩარგულს, ინფორმაციული ვაკუუმის ამოსავსებად, პირადი თავისუფლების შესაგრძნებად, ენის, ტვინის დასასვენებლად და შედეგად ყველას ყველა ენატრება..... ყველა ურთიერთობის და ყურადღების ნაკლებობას განიცდის და გარემო ვეღარ ივსება იმდენი სითბოთი და დადებითი მუხტით, როგორითაც სავსე იყო მანამდე.
ზოგადად, ხომ ამბობენ ხოლმე, რომ დროთა განმავლობაში სიყვარულს რაღაც ემართება და ცვდება. აღარ არის იმდენად მწვავე, აღარ დადიან მუცელში პეპლები,  ტელეფონის ეკრანზე მისი სახელის დანახვისას აღარაფერი გემართება ...... ეს ურთიერთობებზეც აისახება, რომლებიც უფრო ყოველდღიურობისგან შეჭმული ხდება... ყველას აქვს ეს პრობლემა. და ზოგჯერ პროტესტი მიჩნდება. იმიტომ რომ არ შემიძლია მეტი დრო დავუთმო იმათ, ვინც მე მიყვარს, არ მაქვს საკმარისი დრო, საკმარისი ენერგია, საკმარისი შეძლება, თუნდაც საკმარისი ფინანსები.... ვერ ვახერხებ რომ აღარ დავიხარჯო ბოლომდე სხვაგან და ბევრი სითბო, მუხტი, ენერგია მივიტანო სახლში.

ჩემგან არ წასულან პეპლები, მე ისევ მიყვარს შენი სუნი, ისევ მენატრები ქრონიკულად, ისევ გული მითბება შენი სახელის დანახვისას ტელეფონის ეკრანზე და მით უმეტეს მესიჯის დანახვისას, რომელიც ასე იშვიათია ბოლო დროს. ვაპროტესტებ. არ მინდა მე იმისთვის ცხოვრება, რომ მე და შენ სულ ვიმუშაოთ. მე მინდა იმისთვის ვიმუშაოთ, რომ მე და შენ ვიცხოვროთ ტკბილად, ბედნიერად და ერთად!

четверг, 31 октября 2013 г.

ჩემი სამსახური - დეგრადაცია თუ....

Автор: ჯუნა на 10/31/2013 0 коммент.
***
ამდენი ხანია მინდოდა დამეწერა იმაზე, თუ როგორ ვგრძნობ თავს ახალ სამსახურში და არ ვიცოდი როგორ ჩამომეყალიბებინა ეს ყველაფერი. მერე ერთმა ადამიანმა მიკარნახა და მივხვდი, რომ ზუსტად ისე იყო, როგორც მითხრა :) თითქოს ჩემი შესაძლებლობები დაკონსერვებული იყო და ახლა გამიშვეს, წყალში ჩამაგდეს და მითხრეს რომ უნდა გავცურო.... და მიუხედავად იმისა რომ მეშინია და ცურვა არ ვიცი - იმდენად მაპატიეთ ამ სიტყვისთვის და კაიფს ვიღებ იმისგან, რასაც ვაკეთებ რომ ამოსუნთქვისთვისაც კი ვერ ვიცლი... ერთი ჩასუნთქვით გადის, დღე, კვირა, თვე... საათის შემოწმებას, კალენდარზე დახედვას, კვირის ბოლომდე დღეების დათვლას ვერ ვასწრებ. ასეთ გიჟურ რიტმში დიდი ხანია არ მიცხოვრია და საერთოდ დიდი ხანია არაფერი მიკეთებია. ასე ,,აზაბოჩენი» დიდი ხანია არაფრით ვყოფილვარ. როცა ახლობლებს, ოჯახის წევრებს და უბრალო შემხვედრებსაც სამსახურზე გინდა მუდმივად ელაპარაკო, როცა სიზმარშიც სესხები და კომიტეტები გესიზმრება, მაგრამ დაღლილი არ ვიღვიძებ, არა ! ალბათ ეს იმიტომ, რომ პირველად ვმუშაობ ჩემი პროფესიით. და ზოგადად სასიამოვნოა იმის შეგრძნება რომ საშენო ადგილას ხარ, საშენო საქმეს აკეთებ და ზოგადად პროფესიის არჩევაშიც თურმე არ შემცდარხარ :)

***
ეს პოსტი დაახლოებით 1 თვის წინ დავწერე და ვეღარ მოვიტანე აქამდე...
სანამ სამსახურს შევიცვლიდი მეუბნებოდნენ სესხის ოფიცრის პოზიციაზე დეგრადირებას დაიწყებო... საწერს თავს ვერ ვუყრიდი აქამდე და ვიფიქრე ალბათ მართლა დეგრადაცია განვიცადე და სესხების გარდა აღარაფერზე ფიქრი აღარ შემიძლია-თქო :) მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ საქმე სხვანაირადაა.... თითქოს ჩემი ტვინის რაღაც ნაწილები დაბინდული იყო და ახლა გაიხსნა, განათდა :) მიუხედავად იმისა, რომ თავს დიდ გოგოდ ვთვლი უკვე რამდენი ხანია, თურმე ბევრი რამე არ ვიცოდი, ადამიანების ცნობა არ მცოდნია და ამ ასაკამდე ჯერ კიდევ ვარდისფერი სათვალით ვცხოვრობდი. თვალი რომ აგეხილება და ისეთ დეტალებს დაინახავ რასაც აქამდე ყურადღებასაც კი არ აქცევდი – ასე ვარ. ბევრად თავდაჯერებულად ვგრძნობ თავს, მაგრამ ამავე დროს ბევრად შებოჭილადაც. დამძაბა რეალობამ. ისეთმა რეალობამ რომელიც აქამდე არ ვიცოდი. ამიტომ რაღაც თავდაცვის მექანიზმები ამიმოქმედდა ავტომატურად და დავიკეტე.... ადამიანებთან ურთიერთობის შემეშინდა ცოტა... თურმე ძალიან მრავალწახნაგოვნები ვყოფილვართ ადამიანები, ბევრი ჭიანჭველები გვყოლია თავში და სხვისი გაწირვაც მარტივად შეგვძლებია. აჟიტირებული აღარ ვარ... უბრალოდ გამოცდილება მომემატა :)

четверг, 8 августа 2013 г.

The hardest job in the world, is the best job in the world !

Автор: ჯუნა на 8/08/2013 2 коммент.
 
        ცოტა ხნის წინ facebook-ში ჩემმა მეგობრებმა გააზიარეს ვიდეო: ყველაზე კარგი სამსახური მსოფლიოში. სიუჟეტი დედებზეა, რომლებმაც სავარაუდოდ მთელი თავისი დრო, ცხოვრება და ენერგია შვილის აღზრდას დაახარჯეს და კარგი შვილებიც აღზარდეს, რაც მომავალში დაუფასდათ. ნუ ვიდეო იყო სენტიმენტალური, პირველად რომ ვუყურე შვილი არც მყავდა და მაინც ავიცრემლე.
        ახლა ბევრად მეტს ვფიქრობ ამ საკითხზე. თემუკა უკვე საკმაოდ დიდია, სრულიად ადეკვატურად აღიქვამს გარემოს და მოვლენებს, სწორ კომენტარებს აკეთებს და ყველაფერს ლაპარაკობს. მაშინ როცა, დედა მუშაობს და იღლება, მაშინ როცა დედა ახალგაზრდაა და ხანდახან უნდა მამასთან გასეირნება (:)) ან თუნდაც facebook-ში უსაქმოდ ხეტიალი სამსახურისგან თავისუფალ დროს და ამ ყველაფრის კეთების დროს, მე პირადად, თავს ვგრძობ დამნაშავედ, რადგან ჩემს შვილს ამდენი არ ესმის და ის ისედაც დაჩაგრულად გრძნობს თავს იმის გამო, რომ დედას უკეთეს შემთხვევაში 6 საათამდე ვერ ხედავს.... გუშინ დაძინებამდე ნოუთბუქი ჩავრთე, მის გვერდით ვიწექი და დაახლოებით ასეთი დიალოგი გვქონდა:
          - დედა, რას აკეთებ?
          - დაიძინე
          - დედა, გამორთეე
          - თემუკა, დაიძინე
          - მომაქჩიე ყურადღებაა
        ლამის გული გამიჩერდა....
        მერე ჩემს თავს ჩავჩიჩინებდი... რა დედა ხარ შენ, რა გეფილმება, რა გე-facebook-ება, საერთოდ დაივიწყე ყველაფერი, არ შეგიძლია? დაახლოებით ამ ტექსტით...
        მეც მინდა საუკეთესო სამსახურში ვმუშაობდე... მინდა მხოლოდ მისით მაღამდებოდეს და მათენდებოდეს. მინდა მის ყოველ ნაბიჯს ვუყურებდე, მის ყოველ ახალ სიტყვას პირველი მე ვუსმენდე, მის ყველა კითხვაზე პასუხს მე ვცემდე, მინდა არ მენატრებოდეს, მინდა არასდროს მივატოვო როცა რაიმე ტკივა ან ავადაა. მინდა გული აღარ მიკვდებოდეს უმისობით....
        ადრე ვფიქრობდი, რომ სამსახური თვითრეალიზაციის საუკეთესო საშუალებაა, ახლა ასე აღარ ვფიქრობ. ახლა ვფიქრობ, კარგი შვილების გაზრდა ისევე გაგაბედნიერებს და გაგიჩენს სრულყოფილების შეგრძნებას, როგორც კარგი კარიერა. ეს მართლაც ყველაზე რთული სამუშაოა, რომლის შედეგსაც წლების შემდეგ მოიმკი, მაგრამ სამაგიეროდ ეს იმხელა ბედნიერებას მოგანიჭებს, როგორსაც ბანკომატზე დარიცხული ვერანაირი ხელფასი ვერ მოგგვრის.
        ძალიან რთულია ეს ყველაფერი.
        ძილის წინ არის ხოლმე მომენტი, როცა ვართ მხოლოდ მე და თემუკა, როცა ის მეფერება პატარასავით და აქვს ხოლმე დაახლოებით ასეთი მონოლოგი:
           - ჩემი პაწუკა გოგო
           - ჩემი ლამაზი დედიკო
           - მომიფერე ჯუნაა
           - ჩამიხუტე
           - ცხორება მიყვარარ
        როცა პატარა იყო, მას უჭირდა ჩემი გაშვება, ახლა გაიზარდა და უკვე მე მიჭირს მისი დატოვება.... მომავალში კიდევ როგორ განვითარდება მოვლენები არ ვიცი....
სექტემბერში ბაღში მივდივართ....

понедельник, 29 июля 2013 г.

კოჰაბიტაცია

Автор: ჯუნა на 7/29/2013 0 коммент.
        იმდენი ხანია ვფიქრობ პოსტის დაწერას, რომ როგორც იქნა გავხსენი ახალი პოსტის ფანჯარა და ახლა სიტყვებს თავს ვეღარ ვუყრი.
        ბევრი სიახლეა ჩემკენ და ზოგადად ამ ბოლო დროს ჩემთან სულ რაღაც ხდება...
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ალბათ ის, რომ სამსახური შევიცვალე. ამაზე ადრეც ვწერდი...  22 ივლისს გამოვედი ახალ პოზიციაზე და გავდივარ ჯერ სტაჟირებას, იმედია ძალიან მალე უკვე დავიწყებ.

        ძალიან მინდა დავწერო ჩემი მოლოდინები, რადგან ვეჭვობ ეს საინტერესო იქნება ჩემთვისვე მომავალში: 
1. ველოდები იმას, რომ  ჩემი სამუშაო დღე იქნება უფრო საინტერესოდ დატვირთული;
2. რომ გავიცნობ ახალ ხალხს და ზოგადად ჩემს ხელში გაივლის უფრო მეტი და უფრო სასარგებლო ინფორმაცია;
3. ვინაიდან და რადგანაც ვარ ბანდალა და ნაკლებად ვერკვევი ბევრ საყოფაცხოვრებო დეტალში, ვვარაუდობ რომ სესხის ოფიცრის პოზიცია გამარკვევს ბევრ ცხოვრებისეულ რამეში. გავერკვევი თუნდაც სოფლის მეურნეობაში, ბიზნესში, ჩემს ქალაქში არსებულ დაწესებულებებში, რაც სამომავლოდ ალბათ როგორმე წამადგება;
3. ბევრად უკეთ გავერკვევი ადამიანებში, მათ ფსიქოლოგიაში, შევძლებ უფრო ეფექტურ კომუნიკაციას;
4. პიროვნულად გავხდები უფრო ძლიერი - და თუ მე ამ პოზიციას ,,გავქაჩავ", მე აუცილებლად გავხდები იმაზე ძლიერი, ვიდრე დღეს ვარ;
5. გავიღრმავებ ცოდნას ჩემს საკუთარ პროფესიაში, დავიხვეწები ფინანსური კუთხით, მივიმატებ გამოცდილებას;
6. და რათქმაუნდა, ყველაზე მეტი მამოტივირებელი არის ხელფასი, რომელსაც ვფიქრობ რომ გამოვიმუშავებ რამოდენიმე თვეში.

         ეს არის ალბათ ის ძირითადი პუნქტები, რის გამოც შეველიე ჩემს საყვარელ და მარტივ სამსახურს და რის გამოც ჯერ-ჯერობით ვცხოვრობ გართულებული ცხოვრებით. კოჰაბიტაცია მიდის რთულად... ყველაზე რთული აღმოჩნდა არა ახალ სამუშაო ფუნქციებთან შეგუება, არამედ ახალ გარემოში ჩაჯდომა და მორგება. ნუ პრინციპში ყველაფერი ხდება ისე, როგორც ვვარაუდობდი რომ მოხდებოდა... ჰოდა სამომავლოდ ვვარაუდობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება - იმედია ეს ვარაუდიც გამართლდება.

        პ.ს. მეგობრებო და ნაცნობებო, აქვე მინდა გაუწყოთ, რომ ახლა თქვენ გყავთ პერსონალური სესხის ოფიცერი :) ნებისმიერი საჭიროების გაჩენისას, იქნება ეს განვადების, მცირე თუ დიდი სესხის აღების სურვილი, შეგიძლიათ მომმართოთ. ამით გარკვეულ წილად დამეხმარებით მეც, და სანაცვლოდ მე ვეცდები თქვენთვის სასურველი პირობები შემოგთავაზოთ :)

пятница, 21 июня 2013 г.

თემუკა 2 წლის :)

Автор: ჯუნა на 6/21/2013 0 коммент.
        1 წლის რომ გახდა ამდენი ემოცია არ მქონია, ასე არ მიამაყია, ასე არ განმიცდია, ასე არ მიგრძვნია. ახლა უფრო დიდია, ბევრად დიდი. უკვე საერთოდ აღარ მაქვს შეგრძნება რომ პატარაა, რომ ბავშვია - ჩვეულებრივი ადამიანია, ჩემი მეგობარია, მართლა, გადამეტების გარეშე. საღამოს ჩემს ამბებს ვუყვები, ჩემს დარდს, სიხარულს ვუზიარებ, ერთად გვიხარია და ვიცინით, ზოგჯერ მე ვტირი, ის მეფერება და გულწრფელად წუხს, ცდილობს დამეხმაროს, გიო მოჰყავს დასამშვიდებლად :)
        ისიც ყველაფერს მეუბნება, რა ნახა ახალი, რა მოეწონა, რა ეტკინა, ზოგჯერ ბურთის თამაში ურჩევნია მშვიდად ჯდომას და ჩვენს დიალოგს, მაგრამ ხათრიანია და დედა უყვარს ძალიან, ამიტომ ჩემთან რჩება და მშვიდად ზის - ზოგჯერ პირიქით თვითონ უნდა ძალიან რომ ,,ეთათ იკოს“ თემო და დედა და მყუდროება არავინ დაგვირღვიოს, დედა სამსახურში არ წავიდეს და დილით გაღვიძებულებმა დიდხანს ვინებივროთ ერთად: ხან მუცელზე დამადოს თავი და გაინაბოს, ხან ლექსები მოვყვეთ, ხან რაიმე გამოგონილი ისტორიები ცხოველებზე, ხან უაზროთ ვიცინოთ ერთად, ხან ვიჭყუმპალავოთ, ქუჩა ქუჩა ვისეირნოთ...
        კეთილია, თუ ტკბილად ეტყვი შეიძლება რაც აბადია ყველაფერი მოგცეს, თუ ვინმეს რამე უჭირს და ტკივა ძალიან წუხს და გული ტკივა. უყვარს დედიკო, მამიკუნია და ენატრება მათთან ბევრი დროის გატარება. გულით უხარია, როცა სამივე ერთად ვერთობით და გულის ტკივილამდე საწყალი გამოხედვა აქვს ზოგჯერ სამსახურში რომ მივდივართ და ვტოვებთ.
        მე მინდა გითხრა დე რომ ძალიან მიყვარხარ. არ ვიცი სხვა დედებს როგორ უყვართ შვილები, ალბათ იმათაც ძალიან, მაგრამ მე ვგიჟდები შენზე, მე შენთვის ვსუნთქავ. მე ბედნიერი ვარ მხოლოდ იმით, რომ შენ მყავხარ ამ ქვეყანაზე და შენზე ძვირფასი ჩემთვის არაფერი არ არსებობს. მე მეიმედები.
        ახლა ვხვდები ხოლმე მამაჩემის წერილების აზრს და ასეთი რამეები აღარ მეჩვენება უბრალო ბანალურობებად.
        სულ რაღაც 2 წლის გახდი დღეს და ამ 2 წელში მთლიანად შეცვალე ჩემში და ჩემს ირგვლივ ყველაფერი.

გილოცავ დე ! მინდა ბედნიერი ბიჭი იყო, სულ ძალიან ძალიან ბედნიერი !

вторник, 4 июня 2013 г.

უბედურებიდან ბედნიერებამდე 3 წუთია

Автор: ჯუნა на 6/04/2013 2 коммент.
       ყველას ცხოვრებაში არის ხოლმე სიტუაცია როცა გაურკვეველი ხარ, როცა გჭირდება თავზე ხელის გადასმა, დამშვიდება და დაკვალიანება, უბრალოდ დახმარების სურვილის გამოთქმა და იმის შეგრძნება, რომ ვიღაც შენს გვერდითაა და არასდროს არ მიგატოვებს. შეიძლება ამ დროს არც არაფერი არ ხდებოდეს, უბრალოდ ისე....  ყველა შენი უბედურება ერთად გაგახსენდეს და უსიამოვნო წარსულზე, გაურკვეველ აწმყოსა თუ დაბინდულ მომავალზე - ერთად მოგინდეს ტირილი და გლოვა.

        გუშინ ერთ-ერთი ასეთი დეპრესიულ საღამოთაგანი იყო, როცა სამსახურიდან მისული საწოლზე მოვიკუნტე და ფიქრებში წავედი. უფრო სწორად დაფიქრებულზე მეტად ჩემი მდგომარეობა გათიშულს შეესაბამებოდა. საერთოდ ადამიანის მდგომარეობა ხომ მის ხასიათზეა დამოკიდებული :
        თუ კარგ ხასიათზე ხარ - გარეთ თურმე მზეა, ფოთლები მწვანეა, ყვავილები ლამაზია, შენი ცხოვრება იდეალური, პერსპექტივები - უკიდეგანო, შესაძლებლობები - ზღვა; ხოლო თუ რაიმე დეტალმა შენი ხასიათი გააფუჭააა - ყველაფერი ისე მიდის როგორც შენ არ გინდოდა, დაღლილი ხარ, ყველაფერი მოგწყინდა, ვერავინ ვერ გიტანს და საერთოდ რატომ გაჩნდი ამ ქვეყანაზე :) ხოდა მეც დაახლოებით ამ უკანასკნელ ფიქრებში ვიყავი და ვერც შევნიშნე საწოლზე თემუკა როგორ ამოძვრა, გვერდით მომიწვა, თავისი მარცხენა ხელი გაშალა და თავქვეშ ამომიდო. დიდი კაცივით თავის მკლავზე დამიწვინა და შემომხედა. ,,დედიკო მიკარარ" - თქვა ტკბილად, მერე ასევე ტკბილად მაკოცა და მითხრა: ,,ეთათ იკოს აქა" - აქ ვიყოთ ერთადო :) და ასე ვიწექით დაახლოებით 3 წუთი, მეტი ერთ ადგილზე გაჩერება მის შესაძლებლობებს ნამდვილად აღემატებოდა, მერე მეპატიჟა ,,ჭამო ბუთი" - წამო ბურთს გეთამაშებიო, მაგრამ ვერ ამიყოლია და წავიდა :) დამტოვა ისევ საწოლზე, მაგრამ უკვე სხვა ფიქრებში, აი ისეთში გარეთ რომ თურმე მზეა, ფოთლები მწვანე, შენი ცხოვრება იდეალური, პერსპექტივები - უკიდეგანო, შესაძლებლობები კი ზღვა :)

понедельник, 3 июня 2013 г.

ნაცრისფერებო !!!

Автор: ჯუნა на 6/03/2013 0 коммент.

ძალიან ცოდოა ადამიანი, როდესაც გრძნობს, რომ მთელი მისი ცხოვრება არასწორი მიმართულებით მიექანება.... როცა ხვდება რომ მიდის, მიყვება დინებას და თითოეული მისი დღე არის არასწორი და უმნიშვნელო, ყოველგვარ ღირებულებას თუ სიამოვნებას მოკლებული. როცა ცხოვრობს მხოლოდ იმიტომ, რომ უნდა იცხოვროს, ავტომატზე დგება დილით, ყოველგვარი სიხალისის და სიჭრელის გარეშე, არავითარი სხვა ფერი: მხოლოდ ნაცრისფერი ყოველდღიურობა... და ამ დროს არც კი ყოფნის ძალა ადგეს და რაიმე მნიშვნელოვანი და ძირეული ცვლილებები შეიტანოს თავის ცხოვრებაში.
ის ფიქრობს, რომ შეცვლას  აზრი აღარ აქვს, რომ მაინც არ გამოუვა და ბოლომდე უნდა გაყვეს დინებას. ის ფიქრობს, რომ არასაკმარისად ჭკვიანია, არასაკმარისი ძალები აქვს და შესაძლებლობა იმისთვის, რომ წელში გაიმართოს და იცხოვროს იმაზე უკეთ, ვიდრე ცხოვრობს. ის დარწმუნებულია, რომ მისი დრო უკვე გავიდა და ახლა როგორმე ასე უნდა ჩაათავოს სიცოცხლე, სხვა ზედმეტი ექსცესების გარეშე. მას მხოლოდ ფანტასტიკა ჰგონია უფრო ბედნიერი და ფერადი ცხოვრება და ფიქრობს, რომ თავად ამის შესაძლებლობით უბრალოდ არ დაბადებულა... ვერც კი ხვდება რომ მისი ცხოვრება მის ხელთაა და შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რაც კი მოესურვება, შეუძლია იყოს ბევრად ბედნიერი ვიდრე არის, შეუძლია ჰქონდეს იმაზე ბევრად საინტერესო ცხოვრება ვიდრე აქვს....
ის ამატებს თავის შეცდომებს ახალს, დღევანდელ ნაცრისფერ დღეს ხვალინდელს და თან ნანობს გუშინდელს, რომ გუშინ არაფერი შეცვალა.
გადის თვეები, წლები და ის უკმაყოფილოა თავისი ცხოვრებით, იმ ადამიანებით, რომლებიც მას გარს ახვევია, იმ გარემოთი რაც ირგვლივაა, იმ ხასიათით, რომელიც მას  თან დაჰყვება...

და კრიტიკულ მომენტებში ადანაშაულებს ყველას: ღმერთს, გარემოს, ქვეყანას, პრეზიდენტს, მშობლებს, ირგვლივმყოფ ადამიანებს, ქმრებს, ცოლებს ..... ყველას, გარდა საკუთარი თავისა!
ამ პოსტს ვწერ იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში მე თვითონვე წავიკითხო და შემოვუძახო თავს, და კიდევ მოგიწოდებთ თქვენ, ნაცრისფერებო, რომ დღეს არ არის გვიან. გააკეთეთ რამე, ისწავლეთ, გამოიძებნეთ ახალი პროფესია, შეიცვალეთ ქალაქი, იმუშავეთ თუნდაც გროშებზე, გაიცანით ახალი ხალხი, დატვირთეთ თქვენი ცხოვრება სიცოცხლით და იარეთ თქვენს ჭკუაზე და არა დინების მიმართულებით. ცხოვრება მოკლეა, მაგრამ მისი თავიდან დაწყება არასდროს არ არის გვიან.

воскресенье, 26 мая 2013 г.

what can I do?.........

Автор: ჯუნა на 5/26/2013 2 коммент.
ნებისმიერ ცვლილებას, რომელიც ჩემს ცხოვრებაში ხდება, ძალიან სერიოზულად აღვიქვამ და ძალიან მიჭირს ხოლმე გადაწყვეტილებების მიღება. ეს მით უფრო რთულია, როცა თვლი რომ ერთ-ერთ პირველ სერიოზულ გადაწყვეტილებას იღებ და მასზე შეიძლება ბევრი რამ იყოს მომავალში დამოკიდებული. ყველაფერი ბევრად მარტივი იქნებოდა ყველა ვარიანტის განვითარებას რომ ხედავდე მომავალში და იცოდე რა, როგორ დამთავრდება, მაგრამ სამწუხაროდ შენ მხოლოდ უნდა იმსჯელო, იმარჩიელო და შემდეგ ეს ან გამართლდება ან არა.
როცა გაქვს კომფორტული სამსახური, და თანაც ისეთი, რომელიც გიყვარს და სადაც თავს გრძნობ ძალიან მშვიდად, თავდაჯერებულად, კომფორტულად, სადაც არ გაწუხებს ზედმეტი პასუხისმგებლობები, სადაც ნაკლებად გაქვს სტრესი და სანერვიულო... და მაინც არ ხარ ისე, როგორც სულ გინდოდა რომ ყოფილიყავი. ძალიან კარგი იგავ-არაკი ვთარგმნე ცოტა ხნის წინ ყავის ჭიქებზე. აუცილებლად წაიკითხეთ. პრობლემა იმაშია რომ მე მაწუხებს ფინჯანი, რომლიდანაც ყავას ვსვამ. მე მინდა ის იყოს ლამაზი, ფერადი, სხვისთვის შესაშური და ამ დროს ვივიწყებ თვითონ ყავის გემოს, რომლითაც წესით მე უნდა ვისიამოვნო. ხოდა ერთ დღესაც გადავწყვიტე, რომ მე შემიძლია უარი ვთქვა კომფორტულ და შესაშურ (რაღაც კუთხით) სამსახურზე და წავიდე იქ, სადაც მექნება მეტი სანერვიულო, მეტი სტრესი, დატვირთული რეჟიმი და სადაც სავარაუდოდ მელოდება არა ერთი დღე და თვე გატარებული არასიმშვიდესა და არაკომფორტში. მაგრამ რატომღაც მე ჩავთვალე, რომ ეს იქნება უკეთესი ჩემი მომავლისთვის, პირადად ჩემთვის - მე ვისწავლი მეტს! მე მივიღებ გამოცდილებას და ბოლო-ბოლო მე თუ ამას შევძლებ - მე შევძლებ ყველაფერს! თუმცა იოლად შესაძლებელია მე არც აღმოვჩნდე ასეთი ძლიერი, მოვკვდე სინანულით, რომ დავკარგე ჩემი საყვარელი და მარტივი გოგოშკური სამსახური, სადაც ყოველ დილას მივდიოდი სიხარულით, ვსვამდი არაჩვეულებრივ ყავას არაჩვეულებრივ ხალხთან ერთად, შემდეგ კი ვმუშაობდი წყნარად, მშვიდად და მთელ დღეს ვატარებდი ტელეფონთან წამომჯდარი ჩემი შვილის მომღიმარი პორტრეტის წინ.
ძალიან რთულია გაურკვევლობა. როცა ცდილობ საკუთარ თავს რაღაც დააჯერო, მაგრამ არ გამოგდის, იმიტომ რომ რაღაც შინაგანი გასწრებს და შენს ნაცვლად დგამს ნაბიჯებს. წარმატების მისაღწევად რისკია საჭირო, მაგრამ იმავე წარმატებას შეიძლება ლოდინითაც მიაღწიო... და სად არის სწორი პასუხი? მირჩიეს გვირილა იყიდეო J მაგრამ ვიფიქრე რომ ეს ჩემი ცხოვრებაა და გადაწყვეტილებას გვირილას ნამდვილად ვერ ვანდობ. მე თვითონ უნდა გადავწყვიტო და შემდეგ თვითონვე უნდა ავიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, ანუ აღარ მივცე საკუთარ თავს ცრემლების ღვრის, დეპრესიების, მესამე პირებზე გადაბრალებების  და გატეხვის საშუალება.

მე ვფიქრობ ასე: ბოლოს და ბოლოს, სადღაც კისერი თუ არ მოვიტეხე და მარცხი არ განვიცადე, ოდესღაც მომავალში დიდი და ნამდვილი წარმატების გემოს ვერ ვიგრძნობ ! თუმცა ვიღებ რჩევებსაც... J

пятница, 1 марта 2013 г.

გაზაფხულისკენ....

Автор: ჯუნა на 3/01/2013 1 коммент.
საფულიდან ფოტო გადმომივარდა, აღება ვერ დავასწარი ჩემს შვილს, გულში ჩაიხუტა და ბაბუაო თქვა. სასწრაფოდ წავართვი, შემეშინდა არ დაეხია, თვალის ჩინივით ვუფრთხილდები ამ ფოტოს, მათბობს და იმ კარგ დროს მახსენებს, როცა მე ბედნიერ ბავშვად ვგრძნობდი თავს. შვილისთვის არაფერია იმაზე კარგი, როცა მის მშობლებს ერთმანეთი უყვართ და ოჯახში ჰარმონიაა.
ფოტო თემუკას მე ვაჩვენე, რათქმაუნდა მევე ავუხსენი, რომ ფოტოზე მისი ბაბუ იყო, თუმცა ჯერ არც მოფიქრებია ეკითხა თუ სად არის მისი ბაბუ. არც დავფიქრებულვარ, როცა მკითხავს, რა ფორმით უნდა ავუხსნა, სად ხარ?..
მას შემდეგ სულ კოცნის ფოტოს, ყველას აჩვენებს და გაუცნობიერებლად ამბობს, რომ ეს მისი ბაბუა.

კედელზე დაკიდებულ კალენდარზე ერთმანეთის მიმდევრობით იცვლება დღეები, თვეები, ერთ ოთახში გამოკეტილმა ვერც კი შევამჩნიე როგორ შეცვალა შემოდგომა ზამთარმა და ნელ-ნელა ზამთარს ცვლის გაზაფხული... დროს გავყევი და უკან მოხედვა დამავიწყდა, ყოველდღიურობაში და ერთფეროვნებაში ჩაფლულს ზოგჯერ მთავარი მავიწყდება.....
იმდენი ხანია საფლავზე არ ვყოფილვარ.... მე ვერც კი ვუვლი შენს საფლავს, ალბათ ამას ჩემი ბებო უკეთესად აკეთებს შენთვის. გული მწყდება, რომ არ ხარ ჩემთან ახლოს. ცოტათი რომ დათბებოდა და გაციების აღარ შემეშინდებოდა, ჩავაცმევდი თემუკას თხელ ჟაკეტს და წამოვიყვანდი შენს საფლავზე. დავჯდებოდით და ვილაპარაკებდით ბევრს, მოვუყვებოდი შენზე, ჭკვიანი შვილიშვილი გყავს, აუცილებლად მიხვდებოდა ყველაფერს, ბევრ კითხვასაც დამისვამდა ალბათ, თავსაც მომაბეზრებდა, მაგრამ ყველაფერზე აუცილებლად ვუპასუხებდი. ვეტყოდი, რომ როგორც მას ვუყვარვარ მე უზომოდ, ასევე ძალიან მიყვარდი მე შენ, რომ ვამაყობდი მე შენით და პირიქითაც იყო - შენ ჩემით. ვეტყოდი, რომ ძალიან კარგი მამა მყავდა და რომ მისი დედიკო თავისი მამიკოს ყველაზე საყვარელი გოგო იყო.
დაგიკრებდით მინდვრის ყვავილებს, თეთრებს და ყვითლებს, ლამაზებს და კოპწიებს (თემუკას საყვარელი სიტყვაა:)) და დავდებდით შენთან ლამაზად.
მერე სანთელს დაგინთებდით ერთად, რომ ჯერ კიდევ სიცივეში შენი ლამაზი სული გაგვეთბო, და მამაო ჩვენოს წავიკითხავდით. ქვაზე დახატულს, მაგრამ მაინც ლამაზს, გაკოცებდით ერთად ჩვეულისამებრ და წავიდოდით გულდაწყვეტილები, მაგრამ გულდამშვიდებულები, რომ შენთან ერთად ვიყავით ცოტა ხანი.
თითქოს დაკავებული გავხდი ამ ბოლო დროს, დრომ წამიღო და აღარ/ვეღარ ვლოცულობ. ზოგჯერ მძულს ჩემი თავი ამის გამო.
თუ მეპატიება მაპატიე
ძალიან მჭირდება ხოლმე შენთან ჩახუტება :(

четверг, 17 января 2013 г.

ჩემზე ანუ თემუკაზე და კრისტალზე :)

Автор: ჯუნა на 1/17/2013 2 коммент.
წერა მომენატრა. ხშირი, ემოციებით სავსე, მე რომ ვიცი ხოლმე ზოგჯერ ლიმონივით გამოწურვა და მთელი ჩემი თავის აქ დატოვება ისე... თორემ გაბერილი ვარ ახლა ამ ზედმეტად დაგროვილი ემოციებით, ათასი არასაჭირო დეტალით და ვეღარ ვიტევ :)
თემუკა კარგადაა, მადლობთ ვისაც გაინტერესებთ და კითხულობთ:)

ვიქნები ჩვეულებრივი დედა და თამამად ვიტყვი, რომ ყველაზე ჭკვიანი შვილი მე მყავს :) როგორც დედაჩემი იხსენებს, მე მის ასაკში 4 "კუპლეტიან" ლექსებს ვყვებოდი და მიუხედავად იმისა, რომ ის მთლიანად 1 "კუპლეტიანსაც" ვერ ყვება ჯერ, მისი ახლანდელი შესაძლებლობები მე სრულებით მაკმაყოფილებს, მით უმეტეს რომ რასაც ვერ ამბობს, იმაზე ბევრად მეტს მისი ჭკვიანი გამოხედვით ვხვდები და ხანდახან მეშინია კიდეც, ამდენი როგორ ესმის ამ თითისტოლას :)
ყველაზე საყვარლად იძახის დედკოს, კითხვაზე ვისი ხარ ამბობს დედიკოში და ყველაზე მეტად მაგიჟებს მსოფლიოში:) ხანდახან არანორმალურივით ვფიქრობ, რომ გაიზრდება ნუთუ ასე აღარ ვეყვარები ან აღარ დავჭირდები და მერე რა უნდა ვაკეთო.... ახლა რომ 5 წუთი არ ამომასუნთქებს და მშვიდად ყავას არ დამალევინებს, შეიძლება მერე 1 დღე ისე გავიდეს რომ არც დამირეკოს, როგორც მე, ჩემი ობიექტური მიზეზების გამო, ვერ ვურეკავ ხოლმე დედაჩემს...
ყოველ ღამე ვეუბნები ხოლმე: შენ რომ კარგი ბიჭი არ იყო, დედას გული ეტკინება და მოკვდება-თქო და თავს მიქნევს :) მჯერა რომ მართლა კარგი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ალბათ მართლა მოვკვდები.

სამსახურს რაც შეეხება ვერა და ვერ დავწერე დეტალურად მის შესახებ, არადა ძალიან მინდა.
სულ რაღაც 6 თვეში ძალიან ბევრი რამე ვისწავლე და რაღაც სხვანაირი გამოვიძერწე, ბევრად კორექტული, დისციპლინირებული, ოფიციალურად მოსაუბრე და მომართული :)
რაღაც სხვანაირი პასუხისმგებლობა გამიჩნდა, რომ არ მასვენებს ისეთი, ზედმეტად კარგად და იდეალურად მინდა ხოლმე გავაკეთო ყველაფერი, რისი გაკეთებაც მევალება და ზოგჯერ საკუთარი თავისგან დაწესებული სტანდარტებით ვიღლები ძალიან.
ჩემთვის სიახლე არ არის რომ ხალხის კერვა შემიძლია, ძველ სამსახურში აღმოვაჩინე ჩემი ეს შესაძლებლობა და ძალიან გამომადგა. ზოგადად უზომოდ საინტერესოა ქართველ კლიენტებთან ურთიერთობა, 70%-ს წარმოდგენაც კი არ აქვს რა პროცენტში აქვს სესხი გაკეთებული, მისთვის მთავარია იყოს იდეალური მომსახურება, როგორ გაუღიმეს, უთხრეს მობრძანდი-დაბრძანდი, შინაურულად აგრძნობინეს თავი, სიტყვიერად აცნობეს, რომ სესხი უკეთდება დაბალ პროცენტში და ეს უკანასკნელი ტყუილიც რომ იყოს არ დაეძებს.... თუმცა საამაყოდ, მინდა ვთქვა, რომ ჩემს ორგანიზაციაზე პატიოსანი ბანკი არ მგონია არსებობდეს... როგორც კლიენტს იმდენ ტყუილში დამიჭერია ზოგიერთი ბანკის მომსახურე პერსონალი, შეიძლება არა იმიტომ რომ ეს მათი პოლიტიკაა, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ სხვანაირად არ იციან.... ჩვენთან ყველაზე წარმოუდგენელია კლიენტის მოტყუება და მთავარი პრინციპია მისი ინტერესების დაცვა, რაც აუცილებლად პატივისცემით განგჭვალავს ჩვენს მიმართ (რა სიტყვა ვთქვი:))
ის ემოცია რომ ახალი ვარ და ყველა ძველი თანამშრომელი უკმაყოფილოა ჩაწევის და ადგილის დათმობის პერსპექტივით უკვე აღარაა აქტუალური... ახლა უკვე ორგანიზაცია ჩვენ ვართ, ნაწერსაც რომ გადავხედე პირველ პირში ვლაპარაკობ კრისტალზე, რაც ამის დასტურია :)

четверг, 3 января 2013 г.

წერილი სანტას !

Автор: ჯუნა на 1/03/2013 4 коммент.
გამარჯობა სანტა

დიდი ხანია შენთვის არაფერი მომიწერია, მაგრამ არ იფიქრო რომ მე შენი აღარ მჯერა. ვერა და ვერ შევედი იმ ასაკში, როცა შენს არარეალურობაში საბოლოოდ  რწმუნდებიან და ახალ წელს აღარც კი ფიქრობენ შენზე.
მე მჯერა შენი, ვიცი რომ ხარ სადღაც შორს, იქ, სადაც დიდი თოვლია და ცივა. შენ ყველას აკვირდები შენი ნაცრისფერი თვალებით, ყველას ცუდ საქციელზე ჯავრობ და პირიქით - ყველას სიხარული გიხარია :) შენ გაქვს შენი დიდი სახლი, სადაც ცხოვრობენ პატარა, საყვარელი და თბილი ელფები. მათ, როგორც ეს ფილმებშია, აქვთ სათამაშოების დიდი ქარხანა, მთელი წელი მუხლჩაუხრელად შრომობენ, გივლიან, შენს ირმებზეც ზრუნავენ და სხვისი სიხარულით ცხოვრობენ. წინასწარ უხარიათ მოლოდინი იმისა, რომ წელიწადში ერთი ღამე უნდა გახდეს მათი წყალობით ჯადოსნური, გაულამაზდეს ცხოვრება ყველას და ახდეს ოცნებები. წლის განმავლობაში ისინი იღებენ ბევრ ტომარა წერილს, ყველას კითხულობენ და ზოგჯერ ტირიან კიდეც მათი კითხვისას.... ტკივათ რომ ამდენი ბავშვი გვყავს ბავშვობადაკარგული, იზიარებენ ყველა მათგანის გასაჭირს და ძალიან უნდათ ყველა ბედნიერი იყოს...

ძვირფასო სანტა !
მიიღე ჩემი წერილიც. 2012 წელს მე ჭკვიანი გოგო ვიყავი, კარგად ვსწავლობდი, მუშაობაც დავიწყე და ძალას არ ვიშურებ რომ კარგი დედა, შვილი და მეუღლე ვიყო. შენ ყველაზე კარგად ხედავ მე როგორ მიჭირს ზოგჯერ ამდენი რამის შეთავსება და როგორ ვიღლები და ისიც ძალიან კარგად იცი რა მინდა ამ ახალ 2013 წელს :)

მინდა ყველა ბედნიერი იყოს, არავის სახე არ იყოს ცხოვრებისგან დაღლილი, არ არსებობდნენ ავადმყოფი, უდედმამო, უსახლკარო ბავშვები. მინდა ყველას ჰქონდეს სამსახური და ყველა გრძნობდეს თავს საჭიროდ და სრულფასოვნად. მინდა ყველას შეეძლოს ოჯახის რჩენა და არავინ გრძნობდეს შვილების წინაშე თავს დამნაშავედ იმისთვის, რომ სხვას მეტი საჭმელი აქვს ახალ წელს, ვიდრე მას. რომ სხვას უკეთესი სახლი აქვს, მანქანა და ასე შემდეგ.......

სანტა, დიდი მადლობა 2012 წლისთვის, შენ თითქმის ყველაფერი ამიხდინე რაც შარშან, ახალ წელს გთხოვე.
ძალიან გთხოვ, წელსაც გაითვალისწინე ჩემი სურვილები.
ბედნიერი შობა !
პატივისცემით ჯუნა :)

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review