Показаны сообщения с ярлыком ფსიქოლოგია. Показать все сообщения

вторник, 19 сентября 2023 г.

Just landed

Автор: ჯუნა на 9/19/2023 0 коммент.

          ძალიან კარგი სიტყვაა ინგლისურში landed. რუსულადაც დაახლოებით მსგავსად ჟღერს: приземлится. ქართულში ამ აზრის შესაბამისი სიტყვა სამწუხაროდ ვერ ვიპოვე, მაგრამ ძალიან მომწონს მომენტი, როცა მიწას უახლოვდები, უბრუნდები და ეს შეგრძნება მხოლოდ სახლში დაბრუნებისას მაქვს... იმდენად მომწონს სხვა ქვეყანაში ცხოვრება, მოგზაურობა, ბოშასავით ურუტინო და თავისუფალი, თავს აშვებული დღეები )) მაგრამ ჯამური ლიმიტი ამ თავისუფლების შეგრძნების ალბათ მაქსიმუმ 2 კვირაა. შემდეგ იგივე გრძნობა მიჩნდება, რაც ჰაერში მაქვს, ცას გამოკიდებულად ვგრძნობ თავს, თითქოს ფეხებით მყარად მიწას ვერ შევიგრძნობ და ჩემს სახლში მინდა, ჩემს კუთვნილ მიწასთან ახლოს, იმისთვის რომ თავი მყარად, დაცულად და მშვიდად ვიგრძნო.

          ჰოდა როცა საქართველოს მიწას მივუახლოვდი, ახალი გათენებული იყო. მზის სხივები ჭრიდა თეთრ ღრუბლებს და ცოტა ქვემოთ, ალაგ-ალაგ ჩიტებიც დაფრინავდნენ. ან არ დაფრინავდნენ, არ ვიცი, შეიძლება ეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფია და უბრალოდ მომეჩვენა. ასეთი დავიბადე, თვით აღდგენის უკიდეგანო ფუნქციით და ჩემი ტვინი მხოლოდ იმას მაჯერებს და მაყურებინებს, რაც კარგია და იდეალურია, რაც ლამაზია, რაც მომწონს და მიყვარს.

          აეროპორტიდან გამოსულმა ცას რომ ავხედე, არსად წასვლა აღარ მომინდა. ასეთი ლამაზი ცა ალბათ არ გინახავთ. ჩემთვის ფავორიტია გორის ცა, ავტობანს რომ თავზე ადგას )) არ გაგეცინოთ, მართლა 😊 და ცა გერგეთის თავზე. ისე მიყვარს, შეიძლება ვიტირო. ერთადერთხელ ვნახე და მას შემდეგ მესიზმრება, ვოცნებობ იქ ისევ მოხვედრაზე 😊 ჰოდა აეროპორტის თავზეც ისეთი ლამაზი იყო იმ დილით ცა, სუფთა, კამკამა, დილის ზღვასავით წმინდა და თოლიებით სავსე. დავიფიცებ რომ მათ სახეზე ღიმილსაც კი გავარჩევდი და კიდევ ერთხელ მომინდა დიადი ვიდეოგრაფი ვყოფილიყავი. ეს მომენტი სამუდამოდ აღმებეჭდა თავისი სრული სიმშვენიერით და სხვებისთვის გამეზიარებინა, ბედნიერების ნაკლებობისას.

          ისე ბედნიერება უცნაური რამეა. ამბობენ ხოლმე თვალს მოატან სად არის და ეგრევე გაქრებაო. ასეთი ბედნიერებები ყველას აქვს. წამიერად რომ დაგფარავს და გადაგივლის ტალღასავით, გული ამოგივარდება საგულედან და გგონია ეს წამი მარადიულად შენთან დარჩება, მაგრამ არც არაფერი 😊 გაცილებით რთულია იყო მშვიდად ბედნიერი. არ გჭირდებოდეს არავითარი ტალღა და გაუღიმო შენთან ერთად სახლში მიმავალ ხეებს, აივნიდან ჩიტებს, ყოველ კვირა დღეს გაუყვე გზას ყველაზე ნათელი სხივისკენ და იქედან გზად იყიდო ყველაზე ლამაზი მინდვრის ყვავილები: ყვითლები ან იასამნისფერები. აარჩიო საუკეთესოებს შორის ყველაზე ლამაზი ლარნაკები და საღამოს სანთლის შუქზე დალიო გემრიელი ჩაი. უბრალოდ იგრძნო რომ ცოცხალი ხარ, თუნდაც ამისთვის ხანდახან ტირილიც დაგჭირდეს )) თუნდაც ბევრი რამე გაკლდეს ან ვინმეც. მშვიდი ბედნიერების განცდა საუკეთესოა, რაც კი შეგიძლია შენს თავს აჩუქო.

          როგორ? არ ვიცი. გულწრფელად საგონებელში ვარ და არ ვიცი როგორ ვასწავლო სხვა ადამიანებს შეგრძნება იმისა, რასაც მე ვგრძნობ ხოლმე. მხოლოდ ერთი მინდა - რომ ბევრი დღე მქონდეს ამ შეგრძნებებისთვის. და სხვებისთვისაც, მშვიდი ბედნიერების შეგრძნების ერთ ერთი გასაღები სხვების ბედნიერებასაც გულისხმობს 😊

          17.09.2023

четверг, 20 мая 2021 г.

რთული მარტივი ჭეშმარიტების შესახებ

Автор: ჯუნა на 5/20/2021 0 коммент.

           პატარა რომ ვიყავი, ახლანდელი გადასახედიდან, ვფიქრობ, ზედმეტად სერიოზული და უცნაური ბავშვი ვიყავი. კარგი ანალიზის უნარი მქონდა და ძალიან, ძალიან ბევრს ვფიქრობდი. სკანერში ვატარებდი ყველას და ყველაფერს, ყველა სხვის ნათქვამ სიტყვაზე ბევრს ვფიქრობდი და სხვების ცხოვრებას ვაანალიზებდი. ძალიან კარგად მახსოვს ჩემი გაოცებები, როგორ იჩენდნენ ადამიანები პრობლემებს თავად, ცარიელ ადგილას და როგორ ინგრევდნენ ცხოვრებას ძალით. განსაკუთრებით მაოცებდნენ ფინანსურად შედარებით უზრუნველყოფილი ადამიანები, რომლებსაც ბავშვობაში ძალიან მიუწვდომლად ვთვლიდი. ვერაფრით ვიგებდი, რატომ არ უყვარდათ ერთმანეთი ადამიანებს, რატომ არ გრძნობდნენ თავს ბედნიერად საკუთარ ოჯახებში, რატომ შურდათ ერთმანეთის, რატომ უყურებდნენ ერთმანეთს მტრული განწყობით, რატომ გარბოდნენ სახლებიდან, რატომ იყვნენ დეპრესიაში, ან რატომ ტიროდნენ. რატომ არ შეეძლოთ უბრალოდ ეგრძნოთ ბედნიერება იმის გამო, რაც ღმერთმა მისცა, რატომ არ იყო ეს ყველაფერი მათთვის საკმარისი? აქ რათქმაუნდა მარტივად ფულს არ ვგულისხმობდი, თუმცა ვგულისხმობდი უზრუნველ ცხოვრებას, შესაძლებლობებს, მეუღლეს, სილამაზეს, ჯანმრთელ შვილებს......

          ახლა გავიზარდე და ბევრი ალბათ არც არაფერი შეცვლილა ჩემს ცნობიერებაში. მხოლოდ ის, რომ უკვე მე ვარ ამ გარემოში, დიდების გარემოში და ხშირად, მათ რიგებშიც ალბათ.... ირგვლივ უამრავი ადამიანია, რომლებსაც თანაცხოვრება რთულად შეუძლიათ. რომლებსაც ერთმანეთთან ლაპარაკი არ შეუძლიათ, ერთად სილაღე არ შეუძლიათ, რომელთათვის დეპრესიაში და სტრესებში ყოფნა ბუნებრივია და რომელთა ღიმილის უკან მხოლოდ თავად იციან რა იმალება. რომელთათვის ერთმანეთით უკმაყოფილება ნორმაა და სხვაგვარად არაფერი არსებობს.

          ადამიანებმა რაც უნდა ვისწავლოთ, ალბათ ერთმანეთის სიკარგის დანახვაა. ეს მეც მეხება, რათქმაუნდა. ხანდახან თუ ერთად სიარული რთულია, ეს სიცუდეს ალბათ სულაც არ ნიშნავს... შეძლო გაღიმება, სიმშვიდე, სიჩუმე და სიკარგეზე კონცენტრირება მაშინაც კი, როცა ყველაზე რთულია - აუცილებელია. თუნდაც აღარ იაროთ ერთად, მერე რა...

19.03.2021

вторник, 28 мая 2019 г.

სიცარიელე, რომელიც გვშთანთქავს

Автор: ჯუნა на 5/28/2019 1 коммент.
          კაცობრიობაში ყველა ადამიანის პრობლემა ვფიქრობ შავი ცარიელი ხვრელია საკუთარი თავის შიგნით. თუ ვინმე დაარღვევთ და შეეწინააღმდგეგებით ამ თეორიას მხოლოდ გამიხარდება, მაგრამ, ვფიქრობ თუ საკუთარ თავს შიგნით ჩავიხედავთ, ყველა აღმოვაჩენთ ამ სიცარიელეს.

          ეს ის ხვრელია, ყველაზე დიდ ენერგიას რომ შთანთქვავს საკუთარი მეს ამოსავსებად, შესავსებად, გადასაფარად, რომელიც ზოგჯერ მთლიანად გვფარავს და გვაიძულებს დავიჯეროთ, რომ სიყვარული არაფერია ამ ქვეყნად, არც ემოციები ღირს რამედ, რომ ადამიანებს შორის ურთიერთობები ერთი დიდი ტრაფარეტია და ფარსი. რომელსაც შეუძლია გაგვყინოს და იმ კონდიციაში ჩაგვაგდოს, რომელშიც ვერაფერს გრძნობ, ვერაფერ კარგს ვერ ხედავ, მხოლოდ გინდა მალე დაღამდეს, რომ სქელი საბნის ქვეშ არავინ დაინახოს შენი სევდები, და თუ გათენდება, მალე ამოეფარო რაიმე დიდ ეკრანს, ან შუშებს, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა გაშიფროს რომ მთლიანად დაგფარა სიცარიელემ და გშთანთქა.

          და ყველა სხვადასხვანაირად ებრძვის ამ ხვრელს. ზოგიერთები იტვირთებიან ფიზიკური ან გონებრივი სამუშაოთი იმისთვის, რომ ეს სიცარიელე საკუთარი სრულყოფილებით ან უბრალოდ დაღლილობით ამოავსონ. ზოგიერთები შიგ ყრიან ბოღმას და სხვა ადამიანების სიძულვილს, რადგან ფიქრობენ, რომ მხოლოდ მათ არ გაუმართლად, ამიტომ სხვა ღირსია ჩაგვრის, დაკნინების.... შედეგად, სიბნელეს უფლებას აძლევენ უფრო გაფართოვდეს და ფესვები ღრმად გაიდგას... ზოგიერთები წამლობენ სიყვარულით, რაც, მე ვფიქრობ, ყველაზე სწორი გზაა, რადგან საკუთარი სიცარიელეებიც მხოლოდ იმ შემთხვევების შედეგად გავიჩინე, როცა ეს სიყვარული სადღაც და ვიღაცას დავაკელი.

          ზოგადად, ნათელი მხოლოდ ერთია. რომ დედამიწაზე, ყველა ადამიანის პრობლემა შავი ცარიელი ხვრელია საკუთარი თავის შიგნით. რომელიც სულ რაღაცას გვთხოვს და შთანთქავს და რომელიც ყველამ რაღაცით უნდა ამოვავსოთ. რაღაც უეჭველად კარგით, კეთილით, რწმენით, მოტივაციით, ნდობით, მინდობით, ღიმილით, სიტყვებით, სიყვარულით..... როგორ მინდა ყველაფერი აი ასე, ზუსტად და სწორად მესმოდეს ყოველთვის მეც და ყველას ჩემს ირგვლივ.

вторник, 15 августа 2017 г.

ყველაფერი იქნება კარგად !

Автор: ჯუნა на 8/15/2017 0 коммент.
          ყველაზე დიდი, რაც ადამიანს შეიძლება დააკლდეს და გააუბედუროს - სხვა ადამიანების კეთილგანწყობაა. მე ასე ვფიქრობ. კეთილგანწყობაში მიმითვლია სიყვარულიც, კეთილი განზრახვებიც, დადებითი ემოციებიც.......
          ერთი ჩემზე ბევრად უმცროსი გოგოს საუბარს ვუსმენდი. ასე თქვა, ადამიანის სიცოცხლეს აზრი რომ ქონდეს, სხვაზე კარგი შთაბეჭდილება უნდა მოახდინოსო. დაახლოებით ასე თქვა. ძალიან გავღიზიანდი და შევედავე. შევედავე და ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი და დაბნეული კიდევ მეტად დავაბნიე მგონი.
          რა სისულელეა არა?
          ამ სისულელეს არ ვეთანხმები, მაგრამ მეც იგივეს არ ვამბობ?
          ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ. სამყარო ჩემს ირგვლივ ბრუნავს და ყველაფერს მაძლევს იმისთვის, რომ კარგად ვიყო. ყველაფერს. მაგრამ, მე ეგოისტს, მაინც მაკლია. სულ იმის შეგრძნება მაქვს, რომ ყველა ყველაფერს მაკლებს. სითბოს. კარგ სიტყვებს. აღფრთოვანებას. სიყვარულს. დიდ ემოციას. ფერებს. მადლობებს. სიკეთეს. სიხარულს. გულწრფელ ღიმილებს. და ზოგჯერ ცარიელიც ვარ......
          მეორე გოგოს საუბარსაც ვუსმენდი იმ დღეს... იმან თქვა, ბანკში თუ ვიმუშავებ, ოთხნიშნა ხელფასი მექნება, კარგი ქმარ-შვილი და მანქანა მეყოლება ბედნიერი ვიქნებიო..... მას რომ ვუთხრა, ადამიანები ღიმილს მაკლებენთქო, მართლა გაკლიაო მეტყვის უეჭველი........

          გაიღიმეთ ადამიანებო რა
          ახტით როცა გიხარიათ
          ენა გადმოაგდეთ როცა გწყინთ
          არ იქილიკოთ როცა არ ეთანხმებით
          უთანაგრძნეთ
          ყველაფერი გაგიხარდეთ რა
          თქვენ შანსი გაქვთ სხვა გააბედნიეროთ 
          თქვენს შიგნით თურმე მზე ცხოვრობს.... ყველას მზემ უნდა გამოანათოს
          და
          ყველაფერი იქნება კარგად !

понедельник, 14 сентября 2015 г.

მიზიდულობის ძალა

Автор: ჯუნა на 9/14/2015 0 коммент.
       
          ადამიანურ ურთიერთობებზე რომ მიდგება ჯერი ყველას სხვადასხვა ასოციაცია უჩნდება და ყველას ერთი განსხვავებული სიტყვა მოადგება ხოლმე ენაზე. მე მიზიდულობა მახსენდება.

          ხომ არსებობენ ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ ცხოვრების დინებას გვერძე გაუდგნენ და მშვიდად თვალი ადევნონ სხვა ადამიანებს, მოვლენებს, სხვის ცხოვრებას, საკუთარსაც.... წაფლეგმო ტიპები, რომლებიც ალბათ იბრძვიან მიზნებისთვის, მაგრამ არა ღელვით, არა მთელი არსებით და შეგნებით, არა ემოციებით და ემოციური დატვირთვით. მშვიდად... თუ ეს მიზნები გამოდის, არასდროს შემოკრავენ სიხარულის ტაშს, ან თუ არ გამოდის არ ეხატებათ იმედგაცუება სახის ყველა კუნჭულზე....
          კიდევ, მთელი ცხოვრება მშურდა იმ მელოდრამის გმირების სახლის ეზოებში გაბმულ ჰამაკში რომ კლავდნენ მშვიდ საღამოებს ისე, თითქოს ეს იყო მათი პირდაპირი დანიშნულება და ამისთვის ღირდა მთელი მათი ცხოვრება. რამდენჯერ მოვინდომე საკუთარი თავისთვის ასეთი ,,განცხრომის" მოწყობა, იმდენჯერ თითზე დასათვლელი წუთების ოდენობა მეყო გასანაბად და საკუთარ თავში ჩასაღრმავებლად... მერე კი ლამის ყირამალების კეთებით ვაგრძელებ უაზრო ,,ხეტიალს" და ,,არაწესიერ" შფოთვას.

          ხოდა რას ვამბობდი. მიზიდულობაზე.
          ადამიანებისკენ მიზიდულობის ძალა ჩემზე ყველაზე ძალიან მოქმედებს.
უკიდეგანოდ ვიცი მათი აკვიატება და არანორმალურივით მიწებება. და თუ მივეწებე, მერე ვერაფრის დიდებით ვერ მოძებნით ამ ურთიერთობაში ნორმას, საზღვარს, წერტილს, მძიმეს, პაუზას..... ხომ არის რომ ადამიანთან ხარ, ხარ, ხარ.... მერე თვალი თვალს მოშორდება, ან გული გაცივდება, ან... საერთოდ ერთ დღესაც მოულოდნელად გაიკვირვებ რა გხიბლავდა კონკრეტულ პერსონაში ასე ძალიან და მოკლედ ამ მოსაწყენ ნოტაზე ყველაფერი სრულდება...  ყველაზე საშინელი ის არის, რომ ჩემთვის ეს ურთიერთობები არასდროს არ სრულდება. ამ ჩემს მშფოთვარე ბუნებასთან უკუპროპორციულად სტაბილური ვარ ურთიერთობებში და არაცვალებადი. ძალიან რთულად მეთმობა ყველა ჩემთვის კარგი ემოციის მატარებელი ნებისმიერი ადამიანი და ცუდად მამახსოვრდება ყველაფერი ცუდი. ყველა მცირედად თუ დიდი გაწბილებების შემდეგ ავტომატურად მიაქტიურდება მიზიდულობის ძალა და ჩემს თავს სჭირდება ყველა, ყველა, ვინც კი რაიმე კარგთან ასოცირდება ჩემთვის.

          მოკლე რეზიუმე: მშფოთავი მიმზიდველი (არაპირდაპირი გაგებით :)) ეგოისტი ტიპი, რომელიც ვერასდროს ვერსად სვამს წერტილს და არაფერს და ვერაფერს ელევა....
                                                ფსიქოლოგებო, დამიდეთ დასკვნა

понедельник, 7 сентября 2015 г.

თვალახვეული

Автор: ჯუნა на 9/07/2015 0 коммент.
          მწვანე და შიშველ მინდორზე იყავი მარტო
          და ტრიალებდი თავუზოგავად
          მთელი დღეები და ღამეებიც, შეუჩერებლად, დაუფიქრებლად, რიტმში და ყოველგვარი აზრის გარეშე
          და ამ ტრიალში უეცრად აღმოაჩენ რომ სახე აღარც კი გიჩანს. გაქცეულია ყველა შენი ნაკვთი და არაბუნებრივი, მრავალგვარი და სხვადასხვა. ერთ წუთში მცინარი და მეორე წუთს უფერული. საშინელებათა ფილმს მოგაგონებთ ეს ყველაფერი....
           აი ზღვარს რომ ხედავდე, რომელამდეც შენ შენ ხარ და იმას იქით - თამაშობ. რომელამდეც ნამდვილია შენი ფიქრებიც, გრძნობებიც.... აკეთებ იმას, რასაც ნამდვილად ფიქრობ, ფიქრობ იმას, რასაც ამბობ...... საქმე იმაში არაა, რომ მატყუარა ხარ და ორგული. რომ სხვას ატყუებ, რომ ნიღაბს იფარებ.....არა.
         ყველაზე პირველს საუთარ თავს ატყუებ, ყველაზე პირველს შენს თავს უმალავ ყველაფერს შინაგანს და თვალს ხუჭავ. აი როგორც გზაზე მიდიხარ მიდიხარ თვალდახუჭული და მცინარი.... შეიძლება ამ გზაზე სადღაც ფეხი გადაგიბრუნდეს და კისერი მოიტეხო, შენ ეს იცი, მაგრამ თვალს მაინც არ ახელ და მაინც მიდიხარ.... არც ჩერდები, არც ფიქრობ, არც განიხილავ რაიმე სხვა ვარიანტს..... იმიტომ რომ უკან სვლის უფლება არ გაქვს. არც ტირილის და ვაი ვიშის. მითუმეტეს წუწუნის. საერთოდ არაფრის უფლება არ გაქვს! მხოლოდ წინ და ხელების ქნევით...
          და ალაგ-ალაგ, როცა საუთარ თავს ფიქრის უფლებას მისცემ, გაიაზრებ რომ ეს გზა შენთვის ზედმეტად რთულია, ზედმეტად ვიწროა, აუტანელი, ძალიან გრძელი და უსასრულო....... და მოგაწვება ყველაფერი ადამიანური, ბნელი და სამარცხვინო, რაც კი არსებობს შენს შიგნით. დაიწყება თვითშეცოდების გრძელი პლიადა, როდესაც სიმწრით გავლილი გზიდან უკან იხევ და თავქვე ეშვები......
          მანამ, სანამ ერთ დღესაც შეძლებ, ძალას მოიკრებ, ამოისუნთქავ, თვალებს აიხვევ, ღიმილს დაიყენებ და გზას განაგრძობ. ისევ წინ.

понедельник, 29 июня 2015 г.

მე - მშიშარა !

Автор: ჯუნა на 6/29/2015 0 коммент.
          სველი ჰაერით ნელ-ნელა გაიჟღინთა ფილტვები, დაიბერა ძარღვები, მაგრამ არ გაავსო, არ ამოასუნთქა, ვერა. შოშიასავით ვაღებდი პირს და ვხვდებოდი, რომ სამყაროს ჰაერი არ იყო საკმარისი ჩემთვის. ზედმეტად მძიმე იყო, და ცოტა.
          მუხლები მიკანკალებდა და მუხლებთან ერთად მგონი მანქანაც კანკალებდა.
          რა დებილობა სიტყვაა ეს ბედნიერება. არავის რომ არ შეუძლია არავისთვის მისი მოტანა. საერთოდ. შენ თუ მოერევი შენს საკუთარ ეგოისტობას და თავს კარგად იგრძნობ, მხოლოდ მაშინ ხდება მთელი მაგია. შეგიძლია ირგვლივმყოფებს გაუზიარო შენი ანთებული თვალები და სულ ეგ იქნება მთელი ბედნიერების შეგრძნება, შენიც და სხვისიც.
          მანქანა ნელა დაიქოქა, ძლივს და ცახცახით. ზანტად ამოძრავდა და ისევ ჩაქრა. შიშით ძალა არ ეყო ალბათ. ჩემსავით.
          მეც ხომ ყველაფრის მეშინია. მე, ვითომ მაგარ ტიპს, ხომ სინამდვილეში ცხოვრების მეშინია. ადამიანების, ურთიერთობების, პასუხისმგებლობების, შეცდომების.... მწარე სიმართლის და ვერ დანახული ტყუილის. სიყალბის და სიყვარულისიც. დანაკლისის და ყოველგვარი ზედმეტობის.
          მე, ის მშიშარა ვარ, მთელი შეგნებული ცხოვრება რომ უმტკივნეულო შუალედებს ვეძებ და საკუთარი უნორმობისთვის ვერ მიშველია.
          მე ის მშიშარა ვარ, ყველა სიტყვაში რომ ქვეტექსტებს ვეძებ და ზედმეტად იდეალურად წარმომიდგენია ადამიანებს შორის ურთიერთობები
          მე ის მშიშარა ვარ, საკუთარ ნაჭუჭში რომ ვერ ვეტევი და ხეტიალში ვარიგებ საკუთარ გულს ირგვლივ. მერე კი დანაკლისებს ვეღარ ვივსებ და უაზროდ ვგოდებ.
          ახლა რომ მანქანა დაიქოქებოდეს, აუცილებლად დავასრულებ ამ ყველაფერს.... სამუდამოდ.... ვიფიქრე და დაიქოქა : ) მერე დიდხანს ვიჯექი დაქოქილ მანქანაში და ვფიქრობდი რა უნდა მექნა. ვფიქრობდი სად უნდა წავსულიყავი. იმასაც ვფიქრობდი ყველაზე გულიანად ვინ მომისმენდა და იმასაც, ყველაზე იმედიანი ნუგეში ამ უაზრობაში ვისი იქნებოდა....
          სასაფლაოზე წავედი. ეზოში ეკლესია იყო.
          არსად არ მიყვარს დაგვიანება. მხოლოდ იქ, სადაც ყველაზე დროულად უნდა მიხვიდე წესით. მომწონს იმის შეგრძნება, რომ მე მივდივარ და იქ რაღაც მნიშვნელოვანი მხვდება.... დღეს ეს ჩემდაუნებურად მოხდა. შევედი და მომეგება ერთსულოვნება:
          - ღმეერთი უუფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ.....
          და შიგნით მიხმო სიმშვიდემ.
          მივხვდი რომ ღმერთს მაინც ვუყვარვარ.
       
          შიგნით სანამ გავძელი, თავს ყველაზე დაცულად ვგრძნობდი მსოფლიოში. იქ არ მომკარებია არაფერი ბოროტი, ეგოისტური, დეპრესიული, უვარგისი, უაზრო და ფუჭი....
          იქ ისევ თვალებანთებული გოგო ვიყავი მუჭა მუჭა ცრემლებით სავსე, მაგრამ კარგი.
       
დავიღალე

четверг, 7 мая 2015 г.

მძიმე

Автор: ჯუნა на 5/07/2015 0 коммент.
       
          სახლში რომ შევედი, ხელებაკანკალებული და თვალებდასიებული, მოლოდინით მქონდა გული სავსე. სიმართლე გითხრათ, თავად არ ვიცოდი რას ველოდი, მაგრამ მთელი გულით მინდოდა ყველაფერი ისე დამხვედროდა, თითქოს არც არაფერი მომხდარა. თითქოს მე არ დამელეწოს გუშინ საღამოს სახლში თეფშები, თითქოს მე არ შემეხედოს ჩემი შვილისთვის მთვრალი უსხივო თვალებით, თითქოს მე არ დამეტოვებინოს ატირებული ჩემი ცოლი თავისი ახსნებით ხელში... მარტო.
          განა რად უნდა ამდენი ახსნა იმას, რაც თვითონ ყველაზე კარგად ვიცი. ხომ ვმუშაობ, ხომ გულით მიყვარს, ხომ არაფერს ვაკლებ...... ჩემნაირი კაცები ადრე მე თვითონ არაკაცები მეგონა, ვერ ვუგებდი, მეგონა მონდომება აკლდათ თორემ ძალის მოკრებას რა უნდა-თქო..... ახლა სულაც არ ვთვლი რომ არაკაცი ვარ.... უბრალოდ რა ვქნა თუ სული მტკივა და ეს ცხოვრება აზრს არის ჩემთვის მოკლებული. როცა ვსვამ არაამქვეყნიური იდეალურობა ისადგურებს ჩემს გულში და ნაკლი არ აქვს არაფერს: არც ვირივით შრომა და არასრულფასოვნების აუტანელი გრძნობა მეღვენთება მწარედ გულში, არც უფულობა და უამრავი საყოფაცხოვრებო პრობლემაა ასეთი რთული. არც მხრებზე დადგმული პასუხისმგებლობაა ასეთი მძიმე.... სულ რომ ვატარებ. ბავშვობიდან. რომ არავის უზიდია არცერთი მისხალი ჩემთვის, ჩემს ნაცვლად.... ჰოდა დავიღალე.... რატომ არ ესმით, რომ დავიღალე და საღი გონებით ამხელა ტვირთის ტარებამ გადამასწორა და ბრძოლის ძალა აღარ შემატოვა.
          ყველაზე მეტად მის სიძულვილს ვერ ავიტან.... ოღონდ მისი გულგრილი თვალები არა.... იმიტომ რომ თუ რამე მიკეთებია, ყველაფერი მხოლოდ მისი ხათრით. ახლა თუ ადგება და მარტო დამტოვებს - ეგოისტურად ვანანებ, უკანასკნელი არაადამიანივით გათიშვამდე და საღი აზრის დაკარგვამდე დავლევ და ვიბომჟებ, გადავიკარგები, უჩემობით ვატირებ და ვანანებ..... მან არ უნდა მიმატოვოს, უნდა გამიგოს, უნდა ამიტანოს, იმიტომ რომ უნდა ვუყვარდე! მერე რა რომ ალბათ სულ გულს ვტკენ და გუშინაც.... ვიცი რომ გავაწამე....მაინც არ უნდა წავიდეს და მარტო არ დამტოვოს. დაღუპვის უფლება არ უნდა მომცეს.

          სახლში შევაბიჯე ამ ეგოისტური ფიქრებით, რომ ყველას ყველაფერი ჯადოსნური ძალებით დაავიწყდებოდა და მე უღირსს მაინც შემომეგებებოდნენ სიყვარულით სავსე თვალებით..... სხივიანი და სითბოსგან აწყლიანებული მზერებით.... ყველაზე ჩემიანები, ყველაზე ისინი, ვის გამოც ალბათ შევძლებდი გამომეძებნა ბოლო ძალები და ჩემი გაწამებული ცხოვრება ბოლომდე მიმეყვანა....
          სახლი ცარიელი იყო. არცერთი სულიერი. არ უნდოდა ბევრი ფიქრი იმის გააზრებას, რომ ჩემ გოგოებს აღარ მოუნდათ ასეთ უძლურ, უსუსურ და გამოლეულ კაცთან ცხოვრება.... ალბათ დაიღალნენ... ალბათ სიყვარული არ ეყოთ... ან ალბათ ჩათვალეს რომ ჩემს გარეშე უკეთ იქნებოდნენ.... როგორ შეცდნენ ასე.... როგორ იფიქრეს რომ ამხელა სიყვარულზე უარი უნდა ეთქვათ, რა იფიქრეს?? რანაირი სიყვარულია თუ ფხიზელი ყოფნა არ შეუძლია ჩვენი ხათრითო? ეეეეეეხ..............

          ზუსტად ათი წუთი დამჭირდა იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მიმეღო. რა გგონიათ, ეს იმისთვის გავაკეთე, რომ მინდოდა ჩემი დატოვება ენანათ? არა. სინამდვილეში გულით მიხაროდა, რომ მათ გავათავისუფლებდი ჩემი არსებობისგან და ჩემს თავსაც - ყველანაირი ვალდებულებებისგან. გულით ვზეიმობდი, რომ საპატიო მიზეზი მომეცა ამ ყელაფრისთვის თავად დამესვა საბოლოო წერტილი....

          მე თავი მოვიკალი. ვიცი რომ სისულელე გავაკეთე, ბოლო ჩასუნთქვაში მივხვდი ამას. ამოსუნთქვა რომ ვინატრე. იცით რატომ? ჩემი შვილის ბავშვობა გამახსენდა.
პატარა რომ იყო, ყველა გმირზე დიდ გმირს ხედავდა ჩემში. ყველაზე ძლიერს.
ფიქრობდა, რომ მისთვის მთების გადადგმაც შემეძლო, ფრენაც, ჯადოქრობაც.
მის თვალებში რომ ყველაზე ზღვა სიყვარულს ვხედავდი მთელს მსოფლიოში, ყველაზე გაფანატებულს და დამორჩილებულს.
ყველაზე მეტად ვიჯავრე, რომ ასეთი სუსტი აღმოვჩნდი, ლაჩარი და მას იმედი გავუცრუე.....
ყველაზე მეტად ვინატრე სასწაული ჩემს გადასარჩენად, რათა თავად მომეხდინა სასწაული და განმეცადა ფერიცვალება. ჩემი თავი გვერძე გადამედო... აღარ მეცხოვრა ეგოისტურად და საკუთარი განცდებით.
მივხვდი რომ ეგოისტი ვიყავი.
მივხვდი რომ ბედნიერებამ სულ გვერდით ჩამიარა.
რაღაც კარგსაც გავაკეთებ: თუ ეს შესაძლებელია, ჩემს წილ ბედნიერებას ღმერთს ჩემი გოგოებისთვის ვთხოვ....

пятница, 6 марта 2015 г.

მარტივი 527

Автор: ჯუნა на 3/06/2015 0 коммент.
          მანძილი ჩემს სიმშვიდემდე 527 ნაბიჯია. ბევრჯერ გადამითვლია ნაბიჯ-ნაბიჯ, წვეთ-წვეთად, თითოეულ სანტიმეტრად, იმიტომ რომ ყოველთვის ძალიან მიმძიმდა ამ მანძილის გავლა და ყოველთვის სასოწარკვეთილებაში მაგდებდა ამის საპირისპირო გადაწყვეტილება.
          საკუთარ თავს ყოველთვის ჩემში თავმოყრილ წინააღმდეგობებს ვერ ვპატიობდი. იმას რომ არ ვარ მდგრადი და ჩემში ბლომად ყრია ყველაფერი ერთმანეთის საპირისპირო
          ყველაზე ძალიან მორჩილება მიჭირს. მორჩილება და საკუთარი თავისუფალი ნების დათმობა.
          ვიტანჯები
          და რა სიმარტივეა, რომ ხსნა სრულიად დათვლადი ფაქტორებით მიიღწევა.... მისი გარანტია დღეში 22 დათმობილი წუთი და კვირაში 527 ნაბიჯი გავლილი ოთხჯერ.... და როგორი რთულია ეს ყველაფერი. და რა ილეთების ჩატარებას ვსწავლობ რომ ამ ,,მსხვერპლს'' ავცდე.... და მერე როგორ მღრნის ეს ჩემი ,,ქურდობა" შიგნიდან, გულს მიღებს და როგორ ფუჭად ვიყენებ ამ საკუთარი თავისთვის ,,მოპარულ" დროს....
          რა ხშირად ვწერ ამ ბოლო დროს სიმშვიდეზე. მიუღწეველ ოცნებად მექცა, ჰორიზონტივით მივდევ და მივდევ, მინდა მივწვდე, ხელი დავტაცო და ჩემს შიგნით შევისახლო. რომ მერე გამიადვილდეს დინების მიმართულებით ცურვა თუნდაც საკუთარი თავისუფალი ნების დათმობის სანაცვლოდაც ზოგჯერ.... ყველაფერი ზედმეტის ჩახშობა, გაფრენების მცდელობა და ცხოვრება ისე, ,,როგორც უნდა" !
          დეპრესიასა და ზედმეტი პოზიტიურობის შუალედსაც ვიპოვი
          აუცილებლად ვიპოვი
          მეც გავხდები ნორმალური

среда, 15 октября 2014 г.

ყოველდღიურობიდან...

Автор: ჯუნა на 10/15/2014 0 коммент.
           მთელი ცხოვრება, რაც თავი მახსოვს, საკუთარი თავისადმი პრეტენზიებით ვცხოვრობ....
           პრეტენზია მაქვს რომ ძალიან ძლიერი ვარ, პრეტენზია მაქვს რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებ, პრეტენზია მაქვს რომ მიზანდასახული და პრინციპული ვარ, პრეტენზია მაქვს რომ პატივისცემას ვიმსახურებ და სულაც არ მაინტერესებს თუ სწერვოზულ და ავადმყოფურად საკუთარ თავში დარწმუნებულ ქალად მთვლიან, იმიტომ რომ პრეტენზია მაქვს, რომ ასეთი არ ვარ.  

           ძალიან იშვიათად ხდება როცა გატეხილი ვარ და თავს ცუდად ვგრძობ, როცა რწმენა მაქვს დაკარგული და ვერ ვინძრევი, როცა არც ემოცია მაქვს და არც არაფრის კეთების ხალისი და მუღამი.... რის გამოც არ უნდა ხდებოდეს ეს ყველაფერი, გულში ყოველთვის ყველაფერს მაინც მამაჩემს ,,ვაბრალებ» და ტირილით ვსკდები ფიქრებით: ის რომ იყოს, ასე არ მოხდებოდა.... ღმერთმა იცის რა შუაშია მამაჩემი როცა სამსახურში ვიგრუზები, ან როცა გიოს ვეკამათები, ან როცა თემუკა ავადაა, ან როცა მანქანა მიფუჭდება ან...... სულერთია. ის რომ იყოს ყველაფერი გაცილებით მარტივი იქნება ჩემთვის. რაღაც დასაყრდენი კედელივით, რომელთანაც არაფრის შემეშინდება, რომელთანაც შემეძლება აღარ ვიყო ასეთი მაგარი და ყველაფრგამძლე, რომლისთვისაც სულ ბავშვი ვიქნები და ამ ბავშვობის არ შემეშინდება, რომელიც სულ ჩემზე და სულ სხვაგვარად იზრუნებს....
          ზოგჯერ ძალიან ვიღლები ამდენი საკუთარი თავისადმი პრეტენზიებით........ მინდა უფრო მარტივი და ტკბილი ვიყო, მაგრამ ნე დანო :)

суббота, 16 июня 2012 г.

თემუკა და მისი დამოკიდებულება :)

Автор: ჯუნა на 6/16/2012 0 коммент.
წარმოიდგინე, მთელი შენი ცხოვრება, რაც დაიბადე, აკეთებ ერთი და იგივე რაღაცას. ეს რაღაც შენ ძალიან გიყვარს, ამაზე გარკვეული კუთხით დამოკიდებული ხარ, ამით ნაყრდები, მშვიდდები, ამით იღებ სითბოს, სიყვარულს, თვითდაჯერებულობას... და ერთ დღესაც ამ რაღაცას უცებ წაგართმევენ... საუბარია თემუკაზე და მის ძუძუზე :)
დღეს ჩემი ბიჭი ნერვოპათოლოგთან მყავდა, მაგრამ ეს ვიზიტი უფრო ფსიქოლოგის კონსულტაციას ჰგავდა... ამ ქალმა ისე ნათლად დამანახა რას გრძნობს ჩემი შვილი, რაზეც მილიონჯერ მქონდა ნაფიქრი, მაგრამ ამ კუთხით არასდროს გამიაზრებია.
მას მე წავართვი ის, რაც ძალიან უყვარდა და რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ამის გამო კი თურმე თემუკა სტრესშია, ეშინია მეც არ მივატოვო... :(
ამიტომ დამაგდო და არ მშორდება კისრიდან, ამიტომ არ იძინებს, ამიტომ ღამე ირჩევს სასწაულ პოზებს: სძინავს თავით ჩემს მუცელზე ან მკერდზე..... რომ იგრძნოს დედის სუნი და არ დამკარგოს ძილში... ამიტომ იღვიძებს ხშირად და დამხედავს ხოლმე ვარ თუ არა მასთან, გადამხვევს თავის ხელს და ზოგჯერ მიჭერს ისე, რომ მტკივა...
დამამშვიდებელ-დასაძინებელი წამლის გამოწერაზე მივიღე სასტიკი უარი, რადგან ბავშვი არის ჯანმრთელი. ეს იცი რას გავსო? აი, შენ რომ გშია და წამალი დაგალევინონ რომ დამშვიდდეო... მას აკლია ცხოვრებაში რაღაც, რაც უყვარდა, რაც უნდოდა და ამას განიცდის, ნერვიულობს, არაკომფორტულადაა და რად უნდა წამალი... უბრალოდ გაგიჭირდებათ, მაგრამ ეს ეტაპი ერთად უნდა გადალახოთო...
სულ ერთად უნდა ვიყოთ, არ უნდა ვუყვირო, სულ უნდა ვეფერო, ძილშიც არ უნდა მივატოვო და ცოტა ხანი მის ჭკუაზე ვიარო... თემუკა უნდა მიხვდეს, რომ დედა გვერდითაა და მის მიტოვებას არ აპირებს !
კიდევ მითხრა, რომ ძალიან ჭკვიანი შვილი მყავს (რათქმაუნდა მესიამოვნა, თუმცა ვერ მივხვდი ასე უცებ როგორ მიხვდა და საიდან მივიდა ამ დასკვნამდე);
და კიდევ ის, რომ ძალიან მესაკუთრეა, რაც სრული სიმართლეა და სავარაუდოდ ეს ხასიათი მომავალშიც გაყვება, რაშიც ეჭვიც არ მეპარებოდა :) მეც მესაკუთრე ვარ და გიო ჩემზე უარესი, ამიტომ ბავშვი მეზობელს ვერ დაემსგავსებოდა ცხადია :)
და კიდევ ერთი ფაქტი, რაც ამ სიტუაციის შედეგად გვაქვს: სიგარეტს რომ დაანებებს კაცი თავს უაზროდ იწყებს ჭამას და წონაშიც იმატებს, თემუკასაც ასე დაემართა ძუძუს შემდეგ :) ბავშვს ვეღარ ვაძღებ, სულ შია :)

пятница, 1 июня 2012 г.

გაუფრთხილდით ცოლებს !

Автор: ჯუნა на 6/01/2012 1 коммент.
ჩემს ძმას ერთი მეგობარი ჰყავს... ადრეულ ასაკში მოიყვანა ცოლი და უკვე შვილიც გაუჩნდათ. ვიცნობ, ნორმალური ბიჭია, თითქოს არაფერს აშავებს, მაგრამ სასტიკად არ მომწონს.... ისეთი კარგი ცოლი ჰყავს, ნაზი და ძალიან ლამაზი, ხუჭუჭა თმებით, ჰაეროვანი.... თვითონ კი ველური ბაბნიკი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს... ქალს რომ პატივს არ სცემს და ოჯახი, მაპატიეთ და, კიდია.... დასასვენებლად მარტო დადის, მეგობრებთან რესტორნებში ცოლი არ დაჰყავს და მარტო დასეირნობს ხან სად და ხან ვისთან....

ხანდახან ვფიქრობ ჩემგან კარგი სახალხო კი არადა, ქალთა უფლებების დამცველი დადგებოდა-თქო... ვერაფრით ვეგუები უბედურ და დაჩაგრულ ქალებს და იმდენად მძულს კაცი, რომელიც ამის მიზეზია.... ქალს პატივს არ სცემს, აგინებს, შეურაცხყოფს, ცუდ სიტყვებს ეუბნება და გულს ტკენს... არ მომწონს, როცა კაცის სიტყვა კანონია და ქალის აზრი არაფერს ნიშნავს, არ მომწონს როცა ქალი არ ერკვევა ოჯახის ფინანსებში, ვერ ვგებულობ, როცა ქალმა არ იცის სად მუშაობს და რას აკეთებს მისი ქმარი....
არ მომწონს როცა სამყარო მრგვალია და ყველაფერი მამაკაცის ირგვლივ ტრიალებს.... საჭმელი - მიართვით, ტანსაცმელი - გაუმზადეთ, ბავშვის ტირილმა - არ შეაწუხოს და პლუს ამ ყველაფერთან ერთად: ქალო მოვლილი იყავი, თორემ აღარ მომეწონები და სხვასთან წავალ...!
ისეთი სურვილი მაქვს ასეთი კაცები ვცემო... იმიტომ, რომ არ იციან ქალის ფასი, არ აქვთ სურვილი ხელის გულზე ატარონ საკუთარი ცოლი, არ მოუვათ აზრად რომ მის სამსახურზე ბევრად დამღლელია დიასახლისობა... ვერ დაინახავენ მის შრომას, არ გაუჩნდებათ სურვილი, ხელი მოკიდონ და იზრუნონ მასზე, გაანებივრონ, სიურპრიზები გაუკეთონ, არ მოენატრებათ მათი ღიმილი და გულგრილი დარჩებიან მათი ცრემლების მიმართ....  

მათ არც კი იციან ალბათ რამხელა სიყვარული შეუძლია ქალს, რამხელა ძალა აქვს მას... და არც ის იციან რა ცოდოა დაჩაგრული და სულიერად მიტოვებული ქალი... 

ჩემი აზრით იდეალურ ოჯახში ყველაფერი აგებული უნდა იყოს ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთსიყვარულზე, ურთიერთსითბოზე, ურთიერთზრუნვაზე.... კაცი, ისევე როგორც ქალი, რათქმაუნდა, უნდა ფიქრობდეს თავის სიტყვებზე, მანამ სანამ იტყვის...

ერთ-ერთ გადაცემაში ერთ-ერთ მსახიობს ვუსმენდი, რომელიც თავის მეუღლეზე და მათ სიყვარულზე ყვებოდა. ამბობდა: იმდენად მიყვარდა, ხელის დაკარება მეშინოდა,  რომ რაიმე არ ტკენოდაო...
კიდევ აღარ მახსოვს რა ილაპარაკა, მაგრამ ზოგადად ამ კაციდან მოდიოდა იმდენი სითბო, რაღაც სასწაული ზრუნვა ცოლის მიმართ, სიტყვები: სიფაქიზე, სისათუთე, სინაზე.....:) რაღაც კუთხით ეს სასაცილოა, კაცი ჩმორად ხომ არ უნდა გადაიქცესო შემედავებით ალბათ....

ზომიერება მეგობრებო !

მთავარია დიდი სიყვარული, რომელიც თვითონ გაპოვნინებთ სწორ საზღვრებს, ჩარჩოებს... თქვენ მოგეთხოვებათ მხოლოდ  აყვეთ ამ გრძნობას.... არ გადაიქცეთ ეგოისტად და არ ჩაკლათ იგი ყოველდღიურობაში... 

суббота, 17 марта 2012 г.

უზნეობა

Автор: ჯუნა на 3/17/2012 0 коммент.
რატომაა რომ მაინც და მაინც რამე უნდა დაემართოს ადამიანს რომ მასზე ზრუნვა დავიწყოთ, რომ გამოვავლინოთ მისდამი სითბო, სიყვარული ?!. ავად რომ გახდება ან საერთოდ რომ მოკვდება მერე იწყებენ ადამიანის სიყვარულს, მის პატივისცემას, მასზე ლეგენდების თხზვას და გალექსვას.... რომ თურმე რა ადამიანი ყოფილა, როგორი კეთილი და კარგი. საფლავზე ათკუპლეტიანი მონოლოგების კითხვას, მაშინ როცა სიცოცხლეში არც კი მოუკითხავთ წლობით. არადა ზუსტად სიცოცხლეში რომ გვეთქვა ერთი-ორი თბილი სიტყვა ერთმანეთისთვის იქნებ ერთი ორად მეტიც გვეცოცხლა...

суббота, 25 февраля 2012 г.

მარტოობა......

Автор: ჯუნა на 2/25/2012 0 коммент.
კარგი იქნებოდა ერთი ბილეთი მთვარემდე... გამიგია იყიდებაო იქ მიწები.
ან სულაც რომ წარმოიდგინო, თითქოს დედამიწა ცოტა ხნით დაცარიელდა.... რა კარგია ალბათ მთელ პლანეტაზე მხოლოდ შენ ერთი რომ ხარ მარტო...

ივლიდი უამრავს, ყველა კუნჭულს მოივლიდი, შენი თავის უფროსი შენვე იქნებოდი, როცა გინდა დაიძინებდი, როცა გინდა გაიღვიძებდი, როცა გინდა შეჭამდი და რასაც გინდა იმას გააკეთებდი....
მოგინდებოდა იმღერებდი ხმამაღლა და არ შეგრცხვებოდა რომ არც თუ ისე კარგი ხმა გაქვს;
მოგინდებოდა იცეკვებდი და არ იფიქრებდი რომ ამ მომენტში გვერდიდან ალბათ ტლანქი ჩანხარ და მოუქნელი...
მთელ ღამეს ისეირნებდი და დატკბებოდი სიბნელით და ვარსკვლავებით, რომლებიც მხოლოდ შენთვის გაანათებდნენ.
მოისროლიდი უზარმაზარ ტელევიზორს, კომპიუტერს, დივიდის და ათას აუტანელ ნივთს. ერთადერთი დავიტოვებდი ფლეერს და მხოლოდ მუსიკა იქნებოდა ჩემი თანამგზავრი.
ზაფხულში იბანავებდი ზღვაში და ბედნიერი იქნებოდი მხოლოდ იმ აზრით, რომ მთელი უზარმაზარი ზღვა მარტო შენ ერთს გეკუთვნის...

ზამთარში გაგახარებდა გაუკვალავი თოვლი და გუნდაობა მარტოობაში... :)
ეჰ... სისულელეა ალბათ. რეალურად ეს ყველაფერი შეუძლებელია და ერთ დღეზე მეტად ვერც კი გაძლებს ვერავინ ასე.
როცა პატარა ვიყავი ხშირად მტოვებდნენ ხოლმე სახლში მარტო... და ამ დროს არავინ იყო ჩემზე ბედნიერი. ჩემი სახლი მთელ ჩემ სამყაროდ გადაიქცეოდა ხოლმე. ვაკეთებდი რასაც მინდოდა და როგორც მინდოდა. ზოგჯერ თავს მარტოხელა დიასახლისად წარმოვიდგენდი და სახლს ვალაგებდი, ხან ვმღეროდი, ვკითხულობდი, ვლაპარაკობდი ტელეფონზე..... და რაც მთავარია ვტკბებოდი მარტოობით !
მიყვარს მე მარტოობა და ამიტომ ყოველი ასეთი შემთხვევა ჩემთვის იყო არანორმალურად სასიამოვნო.

საუკუნეა სახლში მარტო არ დავრჩენილვარ და საუკუნეა თავი მარტო არ მიგრძვნია. უკანასკნელი ალბათ კარგია...
ჩემს ირგვლივ იმდენი ხალხია და ისე განსხვავდება ყველა ერთმანეთისგან. ზოგადად ხო თითქოს ყველა ადამიანი ერთნაირია, მაგრამ ამასთან ყველა იმდენად ინდივიდუალურია....ადამიანებს სხვადასხვა ენაზე უნდა ელაპარაკო, მათთან შენც სხვადასხვა უნდა იყო, თითოეულთან აარჩიო მიდგომა, საუბრის ტონი, მანერა, თემა, მიუსადაგო ინტერესის სფერო, ხასიათი, ქცევა.. ზოგს სერიოზული აინტერესებ, ზოგს ჭკუამხიარული, ზოგს ოჯახის გოგო, ზოგს ბავშვი........ თითოეულის სურვილი, ახირება თუ მოთხოვნა უნდა გაითვალისწინო და თითქოს ყველას თავისი გასაღები მოარგო.
უბრალოდ ზოგჯერ გავდივარ ქუჩაში და ამდენი ხალხის ფუსფუსი, რუტინა, ყოველდღიურობა ისე მაღიზიანებს..... რომ ვნატრობ ერთ დღეს ყველა გაქრეს :)

вторник, 6 декабря 2011 г.

რა სურთ კაცებს?!.

Автор: ჯუნა на 12/06/2011 0 коммент.
ყველა კაცი ერთნაირიაო ამბობენ... რასაც მე დიდი გულმოდგინებით არ ვეთანხმები. რადგან მინახავს ცუდი კაცები, ცუდი ქმრები. ვუფიქრდები და ვხვდები, რომ არსებობენ მათგან სრულიად განსხვავებული - კარგი ქმრებიც. ნუ თავისთავად ჩემთვის იდეალურია ჩემი ქმრის დამოკიდებულება ჩემდამი, ზოგადად ოჯახისადმი, ჩემი შვილისადმი... ანუ შედარების უნარით და მარტივი ლოგიკით ვასკვნი, რომ კაცები ერთნაირები არ არიან.
საიდან გამიჩნდა საერთოდ ეს აზრები...თავში ამომიტივტივდა თვალცრემლიანი დიასახლისი ცოლი. დღენიადაგ ქმრის მოლოდინში მყოფი, ხალათით და სამზარეულოში რასაკვირველია. ასეთები მრავლად არიან ირგვლივ. ქმარს რომ შვილები გაუჩინა, უზრდის, აცმევს, ასუფთავებს, მასზე ზრუნავს, უყვარს და სიმყუდროვეს უქმნის. ვერ ვიტყვი რომ ეს კაცს არ მოსწონს... პირიქით. ალბათ უკმაყოფილოც კი იქნებოდა სხვა შემთხვევაში. მაგრამ ამ კაცს აუცილებლად გაექცევა თვალი სულ სხვანაირი ქალისკენ. აი ისეთისკენ, მე, ქალიც კი რომ ვერ ჩავუვლი გულგრილად: საოცრად გამომწვევისკენ, რომელიც იქნება ძალიან მოვლილი, სექსუალური, თამამად მოფლირტავე, ვთქვათ თხელი სიგარეტით ხელში... და ყველა ეს მისი თვისება თუ მანერა აღაფრთოვანებს მამაკაცს და პირდაღებულს დატოვებს. ეს ხომ ფაქტია... და აი აქ მივდივართ დასკვნამდე, რომ ქართველი მამაკაცი არასოდეს აძლევს საკუთარ ცოლს უფლებას გააკეთოს ის, რაც მოეწონება მას... ვთქვათ საყვარელში. არასოდეს დარჩება კმაყოფილი ცოლით, რომელსაც ექნება მსგავსი მანერა, არაფრით მოეწონება "სწერვოზულად" გამომწვევი სექსუალური ცოლი... ან მოეწონება, უბრალოდ არ დათანხმდება ამას.
ხოდა რისთვის დავიწყე საერთოდ ეს... მაინტერესებს რა სურთ კაცებს?!. როგორი უნდა იყო ცოლი, რომ არასოდეს იწვნიო ღალატი საკუთარი მამაკაცისგან?
ჩემმა დეიდაშვილმა მითხრა ერთხელ, სულელი ხარ თუ გგონია, რომ ქმარი არასდროს გიღალატებსო.. ვუთხარი: თუ მიღალატებს მასთან ერთი დღეც აღარ გავჩერდები, ვერ ვაპატიებ-თქო, რაზეც სიცილით მითხრა, შენც სხვა ქალებივით შტერი ყოფილხარო :)
ნამდვილად ვეღარ მოვიფიქრე ამაზე რა უნდა მეპასუხა, თუმცა საკუთარ სიტყვებში ეჭვი ოდნავადაც არ შემპარვია.
საბედნიეროდ ის თაობა აღარ ვართ ღიპიანი და მოქეიფე კაცების... ან იმ ქალების, ქმრის ღალატს რომ კაცის ბუნებას აწერენ და რეაქცია არ აქვთ. რომ ამბობენ სხვასთან გატარებული ერთი ღამე ღალატი არ არის, მთავარია საყვარელი არ გაიჩინოსო ან მერე რა თუ საყვარელი ყავს, ცოლი ხომ მე ვარ და ვუყვარვარო...
არ მჯერა რომ ვინმე ამას გულწრფელად ამბობს და ამით თავს დამცირებულად არ გრძნობს... არ მგონია თუ ასეთი ქალი არსებობს საერთოდ ბუნებაში.
მე ზოგადად ქალის ფანი ვარ :) ანუ ვთვლი, რომ ძალიან რთულია იყო ქალი, ცოლი.... და ამიტომ იგი იმსახურებს პატივისცემას, სიყვარულს, ერთგულებას.... ძალიან გული მტკივა, როცა უბედურ ქალს ვხედავ, არშემდგარს და ცხოვრებაზე გულდაწყვეტილს.
ბედნიერებას და კარგ ცხოვრებას ყველა იმსახურებს... სიყვარულით შერთული ცოლისთვის, ნებისმიერი ქმარი უნდა იყოს ერთგული, მოსიყვარულე... მოკლედ იდეალური. ამას მე ყველა ქალს ვუსურვებ :)

понедельник, 1 августа 2011 г.

პირველი ბზარი

Автор: ჯუნა на 8/01/2011 0 коммент.
მიყვარს ქორწილები, შეყვარებულები, სიყვარული.
მიყვარს დედოფალი, ორსული გოგოები, პატარა ბავშვები.
მიყვარს მოსიყვარულე ცოლ-ქმარი, მზრუნველი დედ-მამა, თბილი ოჯახები.....

ქალს ისე უხდება გრძნობა, ანთებული, ციმციმა თვალები. სიყვარულისგან გაკეთილშობილებული გული ისე ალამაზებს...
ზედმეტად სენტიმენტალური ვარ და ემოციურიც ალბათ, რადგან ყველა ზემოთჩამოთვლილის შემყურეს ხან თვალზე ცრემლი მადგება, ხანაც ისტერიულად ვტირი. ბედნიერებისგან ალბათ. მიხარია სხვა რომ ისეთ სიხარულს განიცდის რისი გემოც მე ვიცი, და ალბათ შურის ნოტკებიც მეპარება, რადგან ჩემი ცხოვრება აღარაა ისეთი მშვენიერი და ფერადი როგორიც იყო. მე უფრო სასოწარკვეთილი ქალი ვარ. ისეთებს დავემგვანე ვერასდროს რომ ვერ ვუგებდი: ცოტა დაბოღმილებს, შურიანებს და სასოწარკვეთილებს. სხვისი ბედნიერების შემყურე საკუთარ უბედურებაზე რომ ტირიან და თავსაც ვერ უტყდებიან ამაში.
თავი ძლიერი მეგონა და ვცდებოდი თურმე. სიყვარულით სავსეს რომ გიღალატებენ ძალიან მტკივნეულია. რომ იცი სიცრუეში ცხოვრობ, გული გეწურება და წერტილის დასმასაც ვერ ბედავ. მისგან ისე რომ გინდა ბევრი ყურადღება და სიტკბო და თან მისი ნათქვამი არცერთი თბილი სიტყვის არ გჯერა....
ვორმაგდები, ვორჭოფობ, თავს ვებრძვი და არც ვიცი უნდა ვაპატიო თუ არა. ვამბობდი ოჯახი იდეალური უნდა იყოს-თქო, პატარა ბზარის შემთხვევაშიც კი წერტილი უნდა დაისვას-თქო. ვერ ვუგებდი იმ ქალებს სულელურ ბრძოლას რომ იწყებენ და საკუთარ თავმოყვარეობას ფეხქვეშ თელავენ. მაგრამ თურმე იოლია მსჯელობა მაშინ, როცა ეს შენ ჯერ არ შეგხებია, და ძალიან რთულია ცხოვრებაში დათმო და შეგნებულად გაუშვა ის, ვინც ასე ძალიან გიყვარს და ვის გარეშეც შენი ცხოვრება ვერასდროს წარმოგედგინა. დავცინოდი ხოლმე იმ "ქენქერა" ქალებს ცუდ კაცებს რომ მისტირიან და თავის ფასი არ იციან, მაგრამ მე თვითონ ამდენი ფიქრით გაბრუებული, ალბათ მალე გავხდები სასაცილო, რადგან უსუსური ბავშვივით ტირილით მაინც მინდა შემიცოდოს საყვარელმა ადამიანმა და თვითონ მომცეს იმის საშუალება და საბაბი რომ ვაპატიო....

პ.ს. რადგანაც ჩემ ბლოგს ბოლო დროს ბევრი ნაცნობი თუ ნათესავი კითხულობს, უნდა ვთქვა, რომ ეს პოსტი არ არის პირადი და ჩემს ცხოვრებას არ ასახავს, უბრალოდ ძალიან გული მტკივა, როცა ისეთი ოჯახები ინგრევა, რომლებიც მე იდეალური მეგონა.... ვიცი ძალიან ბანალურია, მაგრამ გული მტკივა იმ ადამიანების მაგივრად, ოჯახისთვის რომ ცხოვრობენ და სამაგიეროდ ღალატს იმკიან. მეუღლეებს რომ ფეხქვეშ ეგებიან, გულით უყვართ, უვლიან, ლამაზ შვილებს უჩენენ/უზრდიან, ერთ დღესაც კი იმის მაგივრად რომ ის სათაყვანოდ გაიხადონ - თავს უსარგებლოდ აგრძნობინებენ. ალბათ ეს ძალიან მტკივნეულია :(

пятница, 15 апреля 2011 г.

радуга жизни

Автор: ჯუნა на 4/15/2011 1 коммент.
იმაზე საშინელი გრძნობა არ არსებობს ალბათ, როცა შენდაუნებურად ვიღაც ვერ გიგებს, როცა ცხოვრებაში რაღაც არ გამოგდის, როცა ძალიან გინდა, მაგრამ შენი ყოველი დღე არ არის მოფენილი ია–ვარდებით და ყველაფერი არ არის მარტივი.
ცხოვრება ერთის მხრივ იოლია, ისეთი ხალასი, ფერადი. როცა არაფერი გაღელვებს, არც არანაირი საწუხარი გეჩვენება ძალიან რთულად და დარწმუნებული ხარ, რომ ყველაფრის მოგვარება ისე მარტივია ოღონდ მოგინდეს და.... რა კარგია, როცა გიხარია ყველა თბილი დღე, როცა თავბრუს გახვევს იასამნის სურნელი და ელი გაზაფხულს...
და ხანდახან რა მძიმეა ყველაფერი. როცა ვერც კი ამჩნევ ვერც ფერებს, ვერც ხედებს და ვერც სითბოს გრძნობ... როცა სურვილი გაქვს განმარტოვდე, ყელში რაღაც ბურთები გახრჩობენ და ისე გინდება იტირო... ძალით ფიქრობ ხოლმე საშინელებებს და ძალით იჭედავ ტვინს სისულელეებით, რადგან გჭირდება....

უბრალოდ მე არ შემიძლია ასე ცხოვრება. მე არ შემიძლია ვიყო შიშში, სტრესში ან გაურკვევლობაში და მარტოობაში... მე მინდა, რომ ჩემს ცხოვრებას ვხედავდე სულ ნათელ ფერებში, მე სხვანაირად ვერ წარმომიდგენია... მე არ ვარ არც დეპრესიული, არც ჩემი თავის მსხვერპლად წარმოჩენის იდეა მხიბლავს, თუნდაც მხოლოდ საკუთარ თავთან... ალბათ დედამიწაზე ყველაზე მეტად მინდა სიმშვიდე და ადამიანებთან ჰარმონიაში ცხოვრება... ყველაზე მეტად მეშინია ხმამაღალი სიტყვის და ჩხუბის... ჩხუბის რომელიც არც კი ვიცი.. რა ცოდნა უნდა ჩხუბს? მაგრამ არ ვიცი. არ ვიცი რა ვუთხრა ადამიანს, როგორ "მოვაჯინო თავის ადგილას" როგორც იტყვიან ხოლმე, ან როგორ ვუთხრა ვინმეს რამე ისე, რომ მერე 1 კვირა ამაზე არ ვიფიქრო, არ ვიდარდო და ლამის არ გადავყვე მანამ, სანამ არ დამავიწყდება... და ეს ძალიან კარგია ალბათ...
უბრალოდ ძალიან მიამიტური აზრები მაწუხებს და მაშინებს... რა მოხდება, რომ ყველაფერი აირიოს და ისე აიბურდოს რომ აღარ დალაგდეს? რომ ვეღარ დალაგდეს? რომ აღარ მომეცეს იმის საშუალება ვიყო ისეთი, როგორიც ვარ და მინდა ვიყო...
ამ პოსტს ვერც ვერავინ გაიგებს ალბათ... არადა ყველას აქვს მომენტი, როცა ძალიან გვიჭირს ერთმანეთთან ურთიერთობა... ჩვენ ადამიანებს

воскресенье, 20 марта 2011 г.

რა გველის და რა გვიშველის....

Автор: ჯუნა на 3/20/2011 0 коммент.
არ ვარ მშიშარა და დიდად არც სიკვდილის მეშინია.
მეშინია ახლობლების ავადმყოფობის, გაურკვეველი მდგომარეობების, არეულობის, მაგრამ ზოგადად ვიცი, რომ მოსახდენი ყოველთვის მოხდება და მოხდება ისე, როგორც ეს ღმერთს სურს. ამიტომ ერთადერთ გადარჩენად ყოველთვის მიმაჩნია გულმხურვალე ლოცვა, რომელსაც ღმერთი ჩემგან ყოველთვის იღებს. იღებს მაშინ, როცა ეს მართლა გულმხურვალეა.

ვეძებდი საინტერესო სტატიებს ინტერნეტში. აღმოვაჩინე სიტყვა წარღვნა ვიკიპედიაში. იგი განმარტებულია, როგორც მეორედ მოსვლა, წყალრღვნა, სამყაროს დაღუპვა, ადამიანთა მოდგმის გაწყვეტა წყალდიდობის ან მსოფლიო ხანძრის მეშვეობით — საყოველთაო უზნეობის, უსაქციელობის, გადაგვარების დროს. ბიბლიის მიხედვითაც ხომ ასეა. მაშინ, როცა კაენისა და სეითის ერთამენთში აღრეული შთამომავლები უწმინდურნი გახდნენ და მათ გარყვნილობას საზღვარი არ ჰქონდა, ღმერთმა ინება დედამიწა გაეწმინდა (განებანა) ბოროტებისაგან და მოახდინა წარღვნა.

დღეს, როცა ამდენი უბედურება ხდება, თავი რომ დავანებოთ იაპონიას, ლიბიას, ზოგადად ომებს, ბუნებრივ კატაკლიზმებს... მარტო კურიერის მოსმენა რად ღირს ყოველდღე, როცა ხდება ამდენი შოკისმომგვრელი ფაქტი, როცა მამები კლავენ შვილებს და პირიქით, დედები კლავენ ჯერ არ დაბადებულ შვილებს, უკვე დაბადებულ საბრალო ჩვილებს ყრიან, კლავენ ან უბრალოდ მარხავენ ცოცხლად ან.... რავიცი კიდევ რომელი ერთი უნდა გაიხსენო და არც მაქვს სურვილი. მაგრამ ყოველდღე ხდება და გესმის რაღაც ისეთი, რაც მე პირადად მაეჭვებს ადამიანების ნორმალურობაში.

დღეს, ნორმალურობად ითვლება ის, რასაც აქამდე გარყვნილობა ერქვა და არც ვიცი რამ შეცვალა ასე ძალიან ხალხში ეს ცნება. რადგან ის, რასაც მე ამ სიტყვას ვუწოდებ, ხალხისთვის დღეს საამაყოა და იმდენად რომ ხდება ამის რეკლამირება, ამაზე ტაშის დაკვრა, ამით ამაყი და მოწოდება მოლ ვინ ხართ თქვენ მანდ ტელეეკრანებთან, ნახეთ რა მაგარი ვარ, დამემგვანეთ, მომბაძეთ...

ვდებ ვიდეოს, რომლის მოსმენის მართლა შემეშინდა, რადგან ყველაფერი სიმართლეა... ჩვენ, ცოდვილები ამ ცოდვებს საგულდაგულოდ უნდა ვმალავდეთ და სინანულით ვიხსენიებდეთ მხოლოდ აღსარებაში, დღეს კი ხდება ამის აფიშირება და, ვმეორდები, ამით ამაყობა...
ბოზობა გახდა მისაბაძი, ნორმალურ მოვლენად იქცა კაცის კაცისადმი სიყვარული, ქალის ქალისადმი სიყვარული და თუ ეს შენთვის მიუღებელია, გეტყვიან, რომ შენ გოიმი ხარ და ჩამორჩენილი, რომ ყველას აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც მოსწონს და ეს შენი საქმე სულაც არ არის. და ამაზე შენ უნდა გაჩუმდე, რადგან რა გინდა უპასუხო?

მიწისძვრა იაპონიში (ქადაგებს დეკანოზი დავით... by gio_xomasaa

და რაც უნდა ის ამტკიცონ მეცნიერებმა, თქვან რომ არაფერი საშიში არ ხდება, რომ ასე იყო მუდამ, რომ არავის არანაირი საფრთხე არ გვემუქრება...... მე პირადად ვხვდები, რომ დედამიწა მართლაც გადატვირთულია ამდენი არანორმალურობისგან, ამდენი სიბოროტისგან, ბოღმისგან, გარყვნილობისგან, სიბინძურისგან.... და სულაც არ მიკვირს ყველაფერი ის, რაც დღეს ხდება.

„ცოდვისაგან გათავისუფლების ერთადერთი საშუალება კვლავ ღმერთთან დაბრუნებაა, რაც სინანულით მიიღწევა. თუ ადამიანი დაგმობს ცოდვილ ცხოვრებას და სინანულით შესთხოვს უფალს ცოდვების მიტევებას, შენდობას მიიღებს, რადგან არ არსებობს ცოდვა, რომელიც ღვთის სიყვარულსა და მოწყალებას აღემატება.“

воскресенье, 20 февраля 2011 г.

ყოვლისმომცველი ადამიანები

Автор: ჯუნა на 2/20/2011 2 коммент.
საერთოდ დიდი ხანია დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ადამიანი ძალიან მრავალმხრივია. მასში ყველა თვისება, ცუდიც და კარგიც, თანაბრად დევს და მხოლოდ აღზრდა, გარემოება, შთაგონება განაპირობებს თუ რას გამოავლენს და როგორი იქნება იგი. ხშირად ამბობენ: ცუდმა გარემომ გააფუჭაო ან ცუდი ხალხის გარემოცვაში მოექცაო. ადამიანის დამორჩილება ნებსით თუ უნებლიეთ ხშირად ძალიან იოლია. ჩვენ თუთიყუშებივით ვიმეორებთ იმას, რასაც ვხედავთ.
მე პირადად ძალიან სუსტი ნებისყოფის ადამიანი ვარ. ჩემი ქმარი ამას სუსტ ფსიქოლოგიას ეძახის. მე კილოსაც კი იოლად ვიღებ საკმარისია 1 კვირა მაინც ვიცხოვრო სხვა კუთხის თუ ნაციის ადამიანებში.
მაშინ, როცა პირველად მოვხვდი მოსკოვში, მიამიტი, ქუთაისელი, პატარა გოგო, პირდაღებული ვუყურებდი ტუჩ, ცხვირ, წარბ და კიდევ რა არ გახვრეტილ რუსებს და ისეთი საშინელი სიტყვებით ვლანძღავდი.... მაგრამ გავიდა სულ ცოტა ხანი და მე ტუჩი გავიხვრიტე და ჩემი პირსინგი აბსოლუტურ ნორმალურობად მიმაჩნდა. ახლა, დღევანდელი დღის გადასახედიდან, მე გახსენებაც კი მიჭირს რა შეგნება მქონდა მაშინ. არა, გასაგებია რომ ეს არ არის რაღაც сверхистественное მოვლენა, უბრალოდ დღევანდელ მე–ს ხასიათში ეს არანაირად არ ჯდება. და ეს ყოველივე გამოიწვია იმან, რომ სხვადასხვა დროს მე ვიმყოფებოდი სხვადასხვა გარემოში და ჩემზე გავლენას ახდენდნენ აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანები.
საერთოდ, ფიქრის საფუძველზე, მივედი აზრამდე, რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანის ბოლომდე ამოცნობა შეუძლებელია (არ ვგულისხმობ მეუღლეებს, შვილებს. თუმცა, სიურპრიზებს ხანდახან ისინიც აწყობენ). იმდენი საიდუმლო ტვინის უჯრედი და რაღაც ნაწილაკები გვაქვს თავში, რომ ხანდახან ადამიანს თვითონვე უკვირს თავისი საქციელი.

დასკვნა რა არის?
ის საიდანაც ყველაფერი იწყება – აღზრდა უნდა იყოს სწორი. ადამიანი რომელიც გვიყვარს და გვინდა კარგი იყოს – უპირველესად შვილები, უმცროსი დები, ძმები.... უნდა ავღზარდოთ კარგად, სწორად. და ალბათ არც მუდმივი ჩიჩინის ტაქტიკა იქნება ურიგო.

შეძახილმა ხე გაახმოო – ეს გამახსენდა. იმდენი უნდა უმეორო თუ რა არის კარგი და რა ბოროტება, რომ ვერავითარმა ადამიანმა, გარემოებამ და გარემოცვამ ვერ შეუცვალოს აზრი და ვერ გადაუბრუნოს ტვინი.

среда, 9 февраля 2011 г.

ის, რისიც მეშინია

Автор: ჯუნა на 2/09/2011 1 коммент.
აზრი, რომელიც მინდა ამ პოსტში ჩავდო, ძალიან დიდი ხანია თავში მიტრიალებს. ამაზე ვფიქრობდი ჯერ კიდევ მანამ, სანამ გავთხოვდებოდი ან საერთოდ გავიცნობდი გიოს. მაშინ ვცხოვრობდი მოსკოვში, ვსწავლობდი, ვმუშაობდი და ბევრს ვფიქრობდი საკუთარ კარიერაზე, მომავალ ცხოვრებაზე. მაშინდელ ჩემს გეგმებში რასაკვირველია არ შედიოდა არც სიყვარული, მითუმეტეს არც გათხოვება და არც შვილი. მე ვფიქრობდი, რომ გათხოვება არის თავშესაფარი სუსტი ქალების, რომლებიც საკუთარი ძალებით ვერაფერს აღწევენ ცხოვრებაში და რაღაც ეტაპზე ირჩევენ ამოეფარონ მეუღლის ძლიერ მხარს. რათქმაუნდა ეს სისულელეა და ამას მალევე მივხვდი. სიყვარული პირიქით – სტიმულია, რომლის გარეშეც ალბათ აზრი არ აქვს არანაირ წინსვლებს კარიერაში, ზოგადად ცხოვრებაშიც, რადგან ერთხელაც თავს იგრძნობ მარტოსულად და ყველაფერი აზრს დაკარგავს. სულ სხვა მხარეს წავედი.
ამ ფიქრებისკენ მიბიძგა იმან, რაზეც ახლაც ხშირად ვფიქრობ. მთელი შეგნებული ცხოვრება მეშინია ჩამოუყალიბებელი ცხოვრების, აუსრულებელი სურვილების, განუხორციელებელი იდეების... მეშინია რომ ცხოვრება უცებ გაიფრენს... ერთ დღესაც ყოველდღიური პრობლემებით დატვირთული გამოვფხიზლდები და აღმოვაჩენ, რომ უკვე ასაკში ვარ და ვერაფერს მივაღწიე, არ შევდექი როგორც სრულყოფილი ადამიანი, ვერაფერს მივაღწიე საკუთარი შრომით და გადავყევი სახლის ლაგებას ან სადილების კეთებას.
ახლა მარტინ იდენს ვკითხულობ და ისე ნაცნობია ზოგიერთი განცდა, რომელსაც ის აღწერს. გრძნობს რომ რაღაც ძალა აქვს, რომ სხვებისგან განსხვავებულია, რომ ბევრად მეტი შეუძლია იყოს ვიდრე არის. ეს ჩემთვის ნაცნობია, რადგან დიდი ხანია ამაზე ვფიქრობ. მე ვიცი, რომ მე ბევრი რამე შემიძლია, ბევრის მიღწევა შემიძლია და არა ფულისთვის ან კარიერისთვის, არამედ იმისთვის, რომ ჩემი საკუთარი მე იყოს კმაყოფილი და გამუდმებით არ ვგრძნობდე სულის ფორიაქს.
მე ბევრჯერ მინახავს ქალი 40–50–60 წელს გადაშორებული, ჩემთვის პატივსაცემი, რადგან ცხოვრება გაატარა ისე, როგორც შეეფერება ნამდვილ დედას თუ ბებიას. ისინი საღამოობით, ყოველი საქმის შემდეგ უყურებენ გადაცემებს, ფილმებს, ცხოვრობენ სხვისი ცხოვრებით და გულის ტკივილით გრძნობენ რომ მათი სურვილები დარჩა წარსულში, მათ ცხოვრებაში აღარ მოხდება სასწაული და იგი დასრულდება ისე, როგორც მიმდინარეობდა ბევრი წლის განმავლობაში. მე ვუყურებ ამას და საშინლად არ მინდა ასეთი ვიყო 30–40 წლის შემდეგ.... მე მინდა ვიცხოვრო სრულყოფილი ცხოვრებით, ვიმოგზაურო იქ, სადაც მინდა, თავს ვგრძობდე კიდევ ერთხელ ვიტყვი სრულყოფილად, გამოლეულად, მშვიდად და ძალიან არ მინდა არასოდეს გამიჩნდეს გრძნობა, რომ ვერაფერი მოვასწარი.... რომ ტყუილად ვიცხოვრე...

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review