Показаны сообщения с ярлыком ორსულობა. Показать все сообщения

пятница, 3 июня 2016 г.

დღეს მე გოგო მეყოლება : )

Автор: ჯუნა на 6/03/2016 0 коммент.
          ცუდზე არაფერზე ვფიქრობ. ვიცი რომ რამოდენიმე ,,გადასატან" დღეში ბევრი ტკივილი და ნერვიულობა მელოდება, ბევრი უსიამოვნო შეგრძნება და დაღლა.... მერე ბევრი უძილო ღამეც, ალბათ კიდე ტკივილები და ტირილებიც, მაგრამ ამისთვისაც მზად ვარ. არ მეშინია, პატარა ხომ აღარ ვარ, ბოლოს და ბოლოს მეორე შვილი მეყოლება : )
          სადღაც გულის კუნჭულში გაუთვალისწინებელი შემთხვევების ალბათობაც მაფრთხობს, გაურკვევლობაც და გაწელილი ნარჩენი აღარც 12 საათიანი მოლოდინიც... მაგრამ მთელი დარჩენილი ბოლო ძალებით ვიგერიებ აბეზარებს... არ მაქვს უფლება ძალიან ღიმილიანი არ ვიყო. ამისთვის არცერთი მიზეზი არ არსებობს და იმიტომ : )
          თემომ გულში ჩამიკრა და მითხრა საშიში არაფერი არაა, ჩემი ოცგული (ერთგული ეცოტავება: )) ხარ და მიყვარხარო : ) გიო ნერვიულობს... თუმცა მხნედ დგას და გაოცებული სახით მეკითხება რატომ უნდა ვინერვიულოთო : )
          საწოლი გაწყობილია, ზედმეტი რაოდენობით ტანსაცმელი და 7 წყვილი ფეხსაცმელი ნაყიდი )))), ჩანთები ჩალაგებული, ბუშტები ნაყიდი, ყველა გაფრთხილებული, გულშემატკივრები მობილიზებული..... :)
         მოკლედ, ვმხნევდები იმედით, რომ ყველაფერი კარგად იქნება ; )

понедельник, 4 апреля 2016 г.

წონა - მარტორქისხელა, თვითშეგრძნება - სპილოსმაგვარი ანუ მხიარული მოლოდინი

Автор: ჯუნა на 4/04/2016 2 коммент.
          წონა - მარტორქისხელა, თვითშეგრძნება - სპილოსმაგვარი, ყოვლად უნიათო, ძალაგამოლეული და ბებერივით.... როცა უზღვავ ენერგიას და წოწიალს დაჩვეულს ზოგჯერ წამოდგომაც მიჭირს, როცა მეჩვენება რომ კილო ორასი ნაზი, ფითქინა და კიკინიანის ნაცვლად ბევრი და მძიმე ქვები ჩამიყარეს სხეულში, როცა გული მატყუებს და ყველას და ყველაფერს მინდა მოვედო, ღიპსაც არ ვიმჩნევ, მაგრამ ხან თირკმელი გუბდება, ხან სუნთქვა არ შემიძლია, ხან გული მიჩქარდება, ხან ჰემოგლობინი მაკლია და ხან ტონუსი მაქვს ზედმეტად, ხანაც მეჩვენება რომ ქალბატონი ვიქტორია გაპასიურდა და ნერვოზი მეწყება.... როცა სელფებიც კი აღარ მგვრის სიამოვნებას, რადგან ეკრანიდან მიღიმის სიმპატიური, მაგრამ აშკარად გოჭის სახის მოყვანილობის არსება : )))

          და მაინც, ისე მივედი თითქმის 30 კვირამდე ეს ორსულობის ბოლოსთვის აუცილებელი და დაგეგმილი დეპრესია არა და არ მოდის :)  პირიქით - ამხელა მწუხარებების ფონზე (:დ) სადღაც შიგნიდან უწყვეტად მოედინება გაურკვეველი და უზღვავი სიხარული: მოლოდინის, ბედნიერების, სილამაზის, იმედის.... არ ვიცი რისი მეტი, რომელიც ყველაფერს ფარავს და ანეიტრალებს. რომელიც მამშვიდებს, ღიმილს არ მაშორებს და ბედნიერების შეგრძნებას.....
          მუცელზე ხელებდაკრეფილი ვაკვირდები, როგორ ტალღასავით გადაივლის კიკინას აქტივობები, მოაკაკუნებს და მომიკითხავს... ამოიზნიქება ხან მარჯვნივ, ხან ზემოთ, ზურგზეც გავა და ლამის გულზე ამაწყოს თავისი ალბათ 200 გრამიანი ფეხები :)) არჩევს პოზებს, განწყობებს, საჭმელებს, მისწორებს გემოვნებას, მუსიკასაც კი... ჩამჯდარა და მბრძანებლობს, აღარც კი მასუნთქებს ჩემს ჭკუაზე : )
          როგორ მიყვარხარ რომ იცოდე : ) შენს წარმოდგენაზე ღიმილს ვერ ვიკავებ და სიხარულები მცვივა ალბათ თვალებიდან... დიდად იმედი ნუ გექნება რომ დალაგებულ ,,საზოგადოებაში" მოხვდები: მამაშენი და შენი უფროსი ძმა ძილის წინ ყოველ საღამოს ხელგადახვეული გიმღერებენ chans de lise-ს ქართულ ვარიანტს :) მე მუხლზე გადახეულ ჯინსებს ვეძებ, რომ ფერად მაისურებზე ჩაგაცვა და ბევრი გაწოწიალო, ,აბადოკებს" გიგროვებ და ნულ ზომა სასაცილო ,,ბასანოჩკებს", თემუკა გეგმებს აწყობს როგორ გაბანავებს თავისი ხელით, არავის დაუთმობს და არ დააჯაგვრინებს (დააჩაგვრინებს:)) შენს თავს :)
          ასე რომ, გელით გელით :*

воскресенье, 17 января 2016 г.

ვიქტორია

Автор: ჯუნა на 1/17/2016 0 коммент.
          შენი სხეულის შიგნიდან გარკვევით მუჯლუგუნებს რომ იგრძნობ, მაშინ შეიძლება დარწმუნდე, რომ ყველაფერი თურმე ბოლომდე სრულყოფილია შენს ირგვლივ. და ეს სრულყოფილება ძალაუნებურად გხდის მშვიდს და გულგრილს. გულგრილს - ამ სიტყვის ყველაზე კარგი გაგებით, რაც კი არსებობს... აღარ მიგიწევს გული იქით, სადაც გეგონა უშენოდ ვერაფრით გაძლებდნენ... აღარ გინდა ის, რაც შენგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს და უნაყოფოა... აღარც ის, რაც ღელვის, შფოთვის და უსამართლობის შეგრძნებას გიჩენს.... მხოლოდ იქ, სადაც შენს სიხარულს იზიარებენ. მხოლოდ იქ, სადაც შენი ესმით. მხოლოდ იქ, სადაც გარემო კეთილი და თბილია, სადაც შენი  შინაგანის სიმშვიდეს შენსავით უფრთხილდებიან და არ გულგრილობენ. ამ სიტყვის ყველაზე ეგოისტური გაგებით.
          ბოლო დროს ჩავიკეტე. ალბათ სიძლიერე დავკარგე დროებით, გავბავშვდი, გავნაზდი..... არ ვიცი.  და არავინ მინდა მნახოს ასეთი. ხშირად მიჩნდება საკუთარ ბაქანში თავის შეყოფის და გარე სამყაროს არ დანახვის სურვილი - ეს გარკვეული პროტესტია. არ მინდა არანაირი შეხება მქონდეს იმასთან, რაც არ მომწონს და რასაც ვერ ვერევი. მინდა დროებით მაინც მხოლოდ ის მქონდეს, რაც ზუსტად ვიცი რომ ჩემია და ნამდვილია.... არა შენიღბული და ყველანაირ ,,უკანა" აზრებს მოკლებული.

          ვინც არ იცის გაცნობებთ, რომ (ჩემი სუბიექტური აღქმით) ყველაზე ლამაზ გოგონას ველი უკვე აღარც კი 5 თვეში.
          5 წლის წინ ყველა ინტერნეტ გამოცემის სიახლეს ვკითხულობდი ორსულობის ყველა კვირაზე, კლასიკურ მელოდიებზე ვიძინებდი, სწორად ვიკვებებოდი, არასოდეს ვიღლებოდი ზედმეტად... და კიდევ რა ვიცი რამდენ კარგ რამეს ვაკეთებდი : ) ახლა დღეები ჩემსავით კისრიტეხით გარბიან და ქრონიკულად დაღლილს და ზოგჯერ უსაუზმო-უსადილოდ დარჩენილსაც მხოლოდ ის მაიმედებს, რომ სამაგიეროდ მოლოდინი მიმსუბუქდება.... სამაგიეროდ ჩემი გოგო ძლიერი იქნება. მაგარი და ამტანი : ))
           ახალს ვერაფერს ვიტყვი გარდა იმისა, რომ დღეს, ასე გარკვევით მუჯლუგუნებს რომ ვგრძნობ, გული მეკუმშება მშვიდი ბედნიერებისგან და მიყვარს.... უზომოდ მიყვარს.

вторник, 4 сентября 2012 г.

მეორე ლოლაძე :)

Автор: ჯუნა на 9/04/2012 4 коммент.

ძალიან ბანალური იქნება ალბათ თუ ვიტყვი, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰყავდეს შვილი; რომ ეს ბუნებრივი გაგრძელებაა მისი და მოვალეობა. მოვალეობა მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე.

ადამიანს, რომელმაც გაზარდა შვილი, ფეხზე დააყენა, განათლება მისცა და ზოგადად მისგან სხვა, კარგი ადამიანი გამოძერწა, შეუძლია თავადაც საკუთარი თავი სრულყოფილად იგრძნოს. ესე იგი მას უკვალოდ არ ჩაუვლია და დატოვა თავისი სისხლი, გენი... სადღაც ვიღაცას მისი თვალები აქვს ან ხასიათი... ერთ ადამიანს მან სიცოცხლე აჩუქა, ერთ ადამიანზე ის პასუხისმგებელია, ერთი ადამიანი მთლიანად მასზეა მინდობილი და რასაც ჩაუნერგავს იმასვე მიიღებს პასუხად...

ვერ ვიტყვი, რომ თემუკა ზოგადად პრობლემური ბავშვი იყო, თუმცა მის გაზრდას თან ახლდა უამრავი სირთულე, რამაც ძალიან დამღალა. ეს ალბათ ბუნებრივიცაა, არ ვიცი....

სწორედ ამიტომ არ მინდოდა მეორე ბავშვზე ფიქრიც კი...  ძალიან დიდი ხანი ღამე კოშმარივით მესიზმრებოდა, რომ ორსულად ვარ და შეშინებული ვიღვიძებდი J

ცნობისმოყვარე ხალხის შეძახილზე, რომ დროა მეორე დავიწყო ( J ) მეცინებოდა და ჩემთვის ამ აზრსაც კი არ ვუშვებდი...

რამდენიმე დღის წინ ჩემს ნაცნობს მეორე ბავშვი შეეძინა.... ფოტოებს ვათვალიერებდი და ლამის ავტირდი ისე მომინდა კიდევ პატარა.... თემუკა ასე თუ ისე უკვე გაიზარდა, ყოველ შემთხვევაში თოთო და პაწუა აღარ არის, მე კი თურმე მომნატრებია მისი ღუღუნი, დედის რძის სუნი კისერში, ხელში დაჭერა, პაწაწუნა ხელები, სასაცილო ტანსაცმელი, ზრუნვა, ალერსი, კვება .....  მანამდე მთელი 9 თვე მოლოდინი, გაურკვეველი სიხარული, შვილის ნახვის სურვილით გაწელილი ბოლო თვეები და პირველი შეხვედრა....

ძალიან მინდა თემუკას ბევრი დედ-მამიშვილი ჰყავდეს, ყველა ერთმანეთს ჰგავდეს და ერთმანეთი ძალიან უყვარდეთ.... ბევრი რა... და და ძმა, თუმცა ვფიქრობ ეს ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული...

მართლაც რომ გმირები არიან მშობლები, რომლებსაც ბევრი შვილი ჰყავთ და ამასთან მათ შვილებს არაფერი აკლიათ...
მეც ძალიან მინდა ასე !
თუმცა ჯერ არა :)

воскресенье, 22 января 2012 г.

მკითხველს...

Автор: ჯუნა на 1/22/2012 2 коммент.
გამომეპარა თარიღი როცა ჩემს ბლოგს 1 წელი შეუსრულდა ეს იმდენად დიდი ხნის წინ იყო რომ მალე 2 წლის იუბილესაც ვიზეიმებ :)) სინამდვილეში აღსანიშნავი არც არაფერია უბრალოდ მიყვარს ჩემი ბლოგი და რაღაც თარიღებს ველოდები რომ ეს დავწერო. მიყვარს თითოეული პოსტი რომელიც ჩემი ცხოვრების რაღაც ადგილებს მახსენებს, ხან ცუდს ხან კარგს, ბედნიერს... და ჩემი თავის მადლიერი ვარ რომ იმ რაღაც დროის ჩემი თავი შემომინახა, ის ემოცია რაც აღარ განმეორდება. შეყვარებული მე , ჯვრისწერის წინ მე, უკვე ცოლი მე, ორსული მე... მთელი 9 თვე... წერილები მამაჩემს...ყველა პოსტს რაღაც დროის შემდეგ სულ ისე ვკითხულობ, თითქოს სხვამ დაწერა და რომ ვაცნობიერებ ჩემია, რაღაცნაირად მიხარია :)
მიხარიხართ ყველა, ვინც მიცნობთ და ვისაც გაინტერესებთ, ვინც ჩემთან "სტუმრად დადიხართ", რომ ჩემი ცხოვრება ცოტა ხნით მაინც გაიზიაროთ, ვისაც გაღიმებთ ჩემი პოსტები, როგორც მე ზოგიერთი თქვენგანის, ვისაც ჩემი პოსტებით გული გიკეთილდებათ და სიყვარული გინდებათ... ვიცი ასეთები არსებობთ, რადგან თქვენს წერილებს ვიღებ ხოლმე და ეს უზომო სიხარულს მგვრის. ისე მაწუხებს ის ფაქტი, რომ წერას ვეღარ ვახერხებ დროის უქონლობის გამო. თითქოს რაღაც ვალდებულება მაქვს აღებული, პასუხისმგებლობა დაკისრებული და თავს ვერ ვართმევ. ასეც რომ არ იყოს, რაღაც შინაგანი მოთხოვნილება მიჩნდება ხოლმე ვწერო...
ზოგჯერ ბლოგის გაუქმებაზეც კი ვფიქრობ, მაგრამ მენანება... ვერ ველევი.

четверг, 29 декабря 2011 г.

My Christmas tree in the new year

Автор: ჯუნა на 12/29/2011 0 коммент.
ჩემს სახლში ნაძვის ხე ყოველთვის 18 დეკემბერს იწყობა.
ეს ტრადიცია 22 წლის წინ დაიწყო, მაშინ როცა დედაჩემს 18 დეკემბერს მუცელი ატკივდა და იფიქრა, ნაძვის ხეს გავაწყობ და გადამივლისო :)
მუცლის ტკივილმა არ გადაუარა ფაქტია, მეც მაინც გავჩნდი ღამის 2 საათზე ანუ უკვე 19-ში, მაგრამ ნაძვის ხე კი დარჩა გაწყობილი :)

с новым годом :)

კარზე :

და ისე:

გილოცავთ დამდეგს :)

пятница, 16 декабря 2011 г.

ჩემი ინსტინქტები

Автор: ჯუნა на 12/16/2011 3 коммент.
ორსულობისას, ერთ -ერთ პოსტში ვწერდი დედობრივ ინსტინქტებს ვერ ვგრძნობ-თქო. რატომღაც ყოველთვის მეგონა, რომ დაორსულებიდანვე ან მერე, ბავშვის გაჩენის მომენტიდან, უცებ გამიჩნდებოდა რაღაც კონკრეტული, ძლიერი გრძნობა და ვიტყოდი აი ეს არის დედობრივი ინსტინქტი-თქო. მაგრამ როგორ გამიცრუვდა იმედი, როცა ბავშვის დანახვის დღიდან, ვიგრძენი მისდამი სიყვარული, პასუხისმგებლობა, სიხარული.... და ა.შ. მაგრამ არაფერი ისეთი ზღაპრული და სასწაულებრივი, რაც ჩემში ამ სიტყვებთან ასოცირდებოდა.
ეს მოვიდა უფრო მერე... დროსთან ერთად.

მართლა არაფერი შეედრება დედა-შვილობას და ეს ძალიან მაგარია. მე მას ვგრძნობ, რაღაც შინაგანად, რაღაც უხილავი ძალებით. თითქოს ძაფებით ვართ გადაბმული. მე ვგრძნობ მის ტკივილს, სურვილებს, ვიცი მოცემულ მომენტში რა უნდა, რა ესიამოვნება, ვიცნობ და ვარჩევ მის მიმიკებს, ტირილის ტიპებს...:) არ მჯერა მისტიკური რაღაცეების მაგრამ მე ზოგჯერ, როცა მისგან შორს ვარ, მისი ტირილიც მესმის... ვგრძნობ სხვა ოთახში მძინარეს როდის ეღვიძება, ვგრძნობ მის ემოციებს, მის შინაგანს...
კიდევ ვგრძნობ, რომ ძალიან ვუყვარვარ. როცა დამინახავს თვალები უბრწყინდება და იცინის, მეფერება ხოლმე თავისი პატარა ბოტოტა თითებით და კოცნის მაგივრად მლოკავს ლოყაზე, ნიკაპზე... :) უცხო რომ ხელში აიყვანს მე მიყურებს და თვალებით მეხვეწება ავიყვანო, როცა უჭირს დახმარებას მე მთხოვს, როცა ტკივა მარტო ჩემთან უნდა ყოფნა...

არ ვიცი ალბათ ყველა დედა ასეა.. და ალბათ ეს ბუნებრივიცაა. სულ რაღაც 25 კვირის წინ ხომ ის ჩემში იყო, ჩემი ნაწილი, ჩემი სხეულის ნაწილი... ახლა კი დამოუკიდებელია, ცალკე ადამიანია, მაგრამ ჯერ მაინც ჩემზე მოჯაჭვული...

ჩემს ერთადერთ მიზნად გადაიქცა მისი სიცოცხლე, მისი სიცილი, კარგად ყოფნა, ბედნიერება... ძალიან მინდა კარგად გავზარდო და კარგი გავზარდო. მინდა კეთილი იყოს, გონიერი, მიამიტი, სუფთა, სამართლიანი, განათლებული, შეგნებული, ღვთისნიერი... ვფიქრობ ხოლმე ალბათ რამხელა ბედნიერებაა იმის გაცნობიერება, რომ კარგი შვილი გაზარდე. მეც ძალიან მინდა ერთ დღეს ეს გავაცნობიერო... აი ერთ დილას გავიღვიძო და ფიქრისას გავაცნობიერო, რომ ძალიან კარგი შვილი მყავს :)

понедельник, 12 сентября 2011 г.

მშობიარობიდან 2 თვის შემდეგ...

Автор: ჯუნა на 9/12/2011 4 коммент.
როგორ მინდა ხოლმე ვწერო, ყოველ დღე თუ არა უბრალოდ ხშირად მაინც. ალბათ მეპატიება ჩვილბავშვიანს პასიურობა, მაგრამ მე თვითონ მენატრება წერა.
40 დღეს რახანია გადავცდით. ყველაზე რთული უკან ჩამოვიტოვეთ. ახლა რომ ვფიქრობ, მეცოდებიან ორსულები, რადგან იმდენი რამე ელით წინ... უძილო ღამეები, ბავშვთან შეჩვევის პროცესი... მანამ, სანამ პატარა ცოტა "აზრზე მოვა", კარგად შეგხედავს და მოგისმენს, შენზე რეაქცია ექნება, ცნობას დაიწყებს... ძალიან რთულია. ახლა უკვე პატარა აღარც მგონია ჩემი შვილი, 2 თვისაა და იმხელა კაცად მეჩვენება :) ასე მგონია, რომ ველაპარაკები ყველაფერი ესმის და მიგებს, რომ მალე პასუხსაც გამცემს :) ნელ-ნელა ხასიათიც ეკვეთება, სახასიათო ქცევებიც უჩნდება. ძალიან დინჯია და უპრეტენზიო, იშვიათად ტირის. ამასთან მხიარულიცაა. ყველას უცინის და თავის ენაზე ელაპარაკება.

სოსკა სძულს და გულს ირევს,
სძულს კალიასკაც და თავისი საწოლიც, ალბათ იმიტომ, რომ ეშინია და მარტო გრძნობს იქ თავს.
იცინის ცალყბად, როგორც მამამისი:)
ბანაობა უყვარს და ამ პროცესით კაიფობს :)

უყვარს წოწიალი, განსაკუთრებით მანქანით. ეგრევე იძინებს და საჭმელიც აღარ ახსენდება. სხვა შემთხვევაში კი ჭამა უყვარს და თან სულ. როცა არ ვაჭმევ ხელებს იწუწნის და მეცოდება :)
მიყვარს როცა აქებენ. ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი და საყვარელი მეჩვენება. ამიტომ მიყვარს როცა სხვებსაც ელამაზებათ :)
ვისაც ის უყვარს მეც მიყვარს <3

კიდე მუსიკალურია. როცა დაძინება უჭირს და ჭირვეულობს, მუსიკებს ვურთავ და მაშინვე იძინებს. ზოგჯერ იავნანას რომ ვუმღერი, თვითონაც მყვება აღუთი და სასაცილოა :)
მე და გიო ვყიდულობთ ხოლმე სათამაშოებს მისთვის. მანქანა ვუყიდეთ და პაზლები :) თუმცა რადგან ჯერ ძალიან პატარაა ამ ყველაფრით ჩვენ ვერთობით:)
უცნაური არაა ალბათ რომ ძალიან გვიყვარს, ხო? ჩემი ერთი ციცქნა ბიჭი მთელ მსოფლიოს მირჩევნია. თუმცა რაღა ერთი ციცქნა, 7 კილოა უკვე :)

ქმარი რომ გყავს გვერდით, რომელთანაც ოჯახი სიყვარულით შექმენი, ბევრი შვილი უნდა გააჩინო. ზუსტად იმდენი, რამდენსაც ღმერთი გაჩუქებს. უბრალოდ ზოგჯერ სურვილი არ ემთხვევა შესაძლებლობებს. სამწუხაროდ.

воскресенье, 3 июля 2011 г.

როგორც იქნა დავიბადეთ :)

Автор: ჯუნა на 7/03/2011 7 коммент.
გამარჯობათ ჩემო მკითხველებო. როგორც იქნა აქ ვარ და როგორც იქნა უკვე დედიკოს ამპლუაში :) 21 ივნისს შეგვეძინა ბიჭი, თემო ლოლაძე, 3.600კგ და 51სმ.
ისე რომ არც არაფერს ვეჭვობდი, 21-ში დილით მივედი კონსულტაციაზე, აბსოლუტურად მოუმზადებელი და სამშობიარო ტკივილების გარეშე. გამსინჯეს, მითხრეს რომ მშობიარობა უკვე ძალიან მალე დაიწყებოდა, მაგრამ არ ვიცი რა დამემართა. ალბათ თვითონ გასინჯვის პროცესი იყო იმდენად მტკივნეული და ისე შემეშინდა, 9თვე რომ მშობიარობაზე თავს ვიკლავდი, ჩემთვის მოულოდნელად გამოვუცხადე ექიმს საკეისრო მინდა-თქო. გამიკეთეს ეხო, მითხრეს რომ ბავშვი იყო დიდი, 4.100კგ და თანაც ჭიპლარი ქონდა შემოხვეული, სავარაუდოდ მშობიარობა გამიჭირდებოდა. გადაწყდა საკეისრო, თანაც იმ დღესვე, რადგან ტკივილები მალე დაგეწყებაო. სახლშიც კი არ გამომიშვეს, ამიღეს ანალიზები, გამატარეს და ამიშვეს მოსამზადებლად. დამიბინტეს ფეხები, დამისვეს უამრავი კითხვა, გამესაუბრა ანესთეზიოლოგი და 5სთ-ზე შემიყვანეს საოპერაციოში. მარტო ფილმებში მქონდა ასეთი რამეები ნანახი: საოპერაციო მაგიდა, დიდი მრგვალი ნათურებიანი რაღაც... დამაწვინეს, ხელები გამაშლევინეს და ბინტით გამიკრეს, ამიღეს ვენა და დამიდგეს რაღაც გადასხმასავით, ფეხებიც გადამიკრეს მაგიდაზე, წამისვეს უამრავი იოდი მუცელზე, ბოლოს მკერდთან ჩამომაფარეს რაღაც შირმასავით, ისე რომ ვეღარ ვხედავდი საკუთარ მუცელს, მხოლოდ ვგრძნობდი როგორ მალაგებდნენ ზედ რკინის იარაღებს. გავიგონე ექიმის ხმა დავიწყეთო, ანესთეზიოლოგი თმებზე მომეფერა, მითხრა ნუ გეშინია, როცა გეტყვი დაიძინეო, თუმცა მისი ხმა მე აღარც გამიგონია. თვალები წამებში ამერია და წავედი დაუმთავრებელ ლაბირინთებში... რაღაცებს წრეებს ვურტყამდი, ხმებიც მესმოდა არეული, ვფიქრობდი მალე დაიწყონ ოპერაცია სად მატარებენ ამდენს-თქო, დაუმთავრებელი თეთრი ლაბირინთები იყო.... 17:30 წუთზე დაიბადა ჩემი პაწაწუნა :) საოპერაციოდან ინტენსიურში ჩემ ქმარს გადავუყვანივარ, ნუ პალატის საწოლში. მე წამებით თვალები გამიხელია და დედაჩემისთვის მიკითხავს: დე კაი ბავშვია-თქო? :) გამოვედი ნარკოზიდან საკმაოდ იოლად. საშინელი შეგრძნებაა რომ გინდა თვალები გაახილო, აღარ დაგეძინოს, მაგრამ არაფერი გემორჩილება. ხმაც თითქოს შენი არაა, თვალებიც ბინდგადაკრულივით გაქვს. საკუთარი ხმა ვერ ვიცანი, ამოვილუღლუღე ბავშვი მაჩვენეთ გეხვეწებით-თქო. მომიყვანეს გაკრული, პატარა... როგორ არ ვცდილობდი წესიერად დამენახა, ლამის ხელით ვიკავებდი თვალებს, მაგრამ მაშინ ვერაფერი გავარჩიე ისე ვიყავი გაბრუებული. ცოტა ხანში უკვე ყველა ვნახე :) ჩემი პატარაც, გიოც, დედაჩემიც, დედამთილიც..... ალბათ ვერაფერი მოგანიჭებს ოდნავ მსგავს ბედნიერებასაც კი ცხოვრებაში... მარტო რომ დავრჩით და ვაკვირდებოდი... აღვიქვამდი რომ ეს მყავდა მე მუცელში, ეს მე გავაჩინე, ეს იყო ჩემი და გიოს შვილი... ცრემლებად ვიღვრებოდი, რაღაცეებს ველაპარაკებოდი ბავშვს, ჭკუას ვარიგებდი :) მერე იყო კიდე 4 დღე სამშობიაროში. რათქმაუნდა ტკივილები. ჯერ წამოდგომაც არ შემეძლო, განძრევაც კი. მერე წელში გასწორება ვერ შევძელი დიდხანს. იყო უძილო ღამეები ბავშვის გამო. ვერ ჭამდა, რადგან მითხრეს ჯერ კარგად ძუძუს ვერ წოვსო, ბავშვთან ერთად მეც ვტიროდი, ალბათ უსუსურობისგან, მაგრამ მალე ისევ ერთად ვიძინებდით :) დღეს უკვე 12 დღის ვართ :) ლოყები დაგვეტყო, ღაბაბიც ჩამოგვივიდა :) მეც ნაკერები ამომიღეს, სიარულიც აღარ მიჭირს. ერთმანეთს შევეჩვიეთ, ასე თუ ისე მშვენივრად გვესმის ერთმანეთის :) ვართ მშვიდად და ვიზრდებით :)

суббота, 18 июня 2011 г.

ჯერ ისევ ორსული.....

Автор: ჯუნა на 6/18/2011 4 коммент.
რამდენჯერ გავხსენი ახალი პოსტის დასაწერად ფანჯარა და ისევ ჩავხურე... აღარ მინდოდა კიდევ ერთი პოსტი ორსულის სტატუსით, მაგრამ როგორ გაიწელა ეს პროცესი :( ბოლო თვე, მოლოდინით სავსე, საშინელება ყოფილა. ყოველ წამოტკივებაზე რომ ყუჩდები და სამშობიარო ტკივილები გელანდება, ღამე სულ ბავშვი და მშობიარობა გესიზმრება. google-ში ვეძებ სტატიებს შინაარსით: როდის ვიმშობიარებ, როგორ გავიგო რომ მალე ვმშობიარობ.... :) მშობიარობაც დავიჯინე, რაღაც აკვიატებული მაქვს, მაინტერესებს ეს ტკივილები, თვითონ პროცესი, როგორ ჩნდება ახალი სიცოცხლე, რა განცდაა შვილის დაბადება... თორემ გავიკეთებდი საკეისროს, სრულიად უმტკივნეულოდ, უცებ მეყოლებოდა ბაია და აღარც მოლოდინი დამღლიდა.

ვკითხულობ სტატიებს, რომლებშიც აღწერილია ის "პრიზნაკები", რომლების თანახმადაც მალე იმშობიარებ, ყველა მათგანს ვაკმაყოფილებ, მაგრამ წინსვლა მაინც არ გვაქვს :)
ისიც მაბნევს და მაცოფებს, რომ ისიც არ ვიცი ზუსტად რამდენი კვირის ვარ... ჩვენი ძვირფასი ექიმები ხომ მუდმივად ერთმანეთის აზრს არაფერში იზიარებენ... ზოგის ეხოთი 38 კვირის ვარ, ზოგის - 39-ის და ერთი სრულიად დარწმუნებულია რომ 41 კვირას გადავცდი.... ხოდა ვეღარც ის გავიგე ბავშვი რომ ჯერ არ იბადება ნორმალურობაა თუ უკვე უნდა მეშინოდეს... ხანდახან ბავშვსაც ვეხვეწები უკვე მალე გამოდი-თქო, მაგრამ არ ესმის... :)
იმედია მალე დამთავრდება ეს მოლოდინით სავსე ერთფეროვნება და ღმერთის ნებით გაჩნდება ჩემი ყველაზე ლამაზი და ჭკვიანი სიყვარულის ნაყოფი :*

понедельник, 6 июня 2011 г.

დღეს ჩემი მამიკოს დაბადების დღეა და პირველი ცრუ განგაში

Автор: ჯუნა на 6/06/2011 5 коммент.
დღეს ჩემი მამიკოს დაბადების დღეა. იგი 43 წლის გახდებოდა. იმდენად გადატვირთული ვარ ემოციებით, წერას თავს ვერ ვაბავ. წუხელ სამშობიაროში წამიყვანეს და მთელი ღამე იქ გავათიე... ლამის ბიჭი დავამთხვიე მის დაბადების დღეს, მაგრამ ცრუ განგაში აღმოჩნდა ალბათ, რადგან ახლა სახლში ვზივარ და ვწერ... მე თვითონ ვხდები მშობელი, ისეთი, როგორიც ის იყო ჩემთვის და ისე მინდა ჩემს შვილს ისევე ძლიერად ვუყვარდე, როგორც ის მიყვარს მე.

აღარ მინდა ამაზე წერა... უბრალოდ ცრემლებამდე მწყდება გული, რომ ვერ მხედავს როცა ორსული ვარ, არ მყავს გვერდით, როცა დედობისთვის ვემზადები, სამშობიაროში მივდივარ... ვერ ნახავს ჩემს შვილს. და ვერ გაიზიარებს ჩემი პატარა ჩემს იმ დიდ სიყვარულს, რასაც მე მისდამი გულით ვატარებ. ისე მჭირდება მისი გამხნევება ზოგჯერ, მისი ხმა, სიტყვები, თვალები.... გუშინ ბიძაჩემი ჩამოვიდა და რამდენიმე წუთი თვალებში მივაშტერდი. მინდოდა მეგრძნო მისი გამოხედვა...

"ჩემო ჯუნაჩია!
გწერს შენი მამიკო, რომელსაც ძალიან, ძალიან ენატრები. მე დიდი იმედი მაქვს იმისი, რომ შენ მართლა ისეთი კარგი გოგო ხარ, როგორც ამბობენ. აბა შენ იცი. ჩემთვისაც, შენი დედიკოსთვისაც და ყველასთვის ვინც შენ გიყვარს და ვისაც შენ უყვარხარ, დიდი სიამაყე არის და იქნება რაც უფრო და უფრო კარგი გოგო იქნები. კარგი გოგო ხარ თუ მეოთხე კლასს 5-იანებზე ამთავრებ, მაგრამ შენ ხომ იცი, რომ მარტო ეს არ კმარა. ნამდვილად კარგი გოგო იქნები, თუ სკოლასაც და მერე ინსტიტუტსაც სულ 5-იანებზე დაამთავრებ. მე შენი მჯერა და შენი იმედი მაქვს.
ისე, შენ რომ იცოდე, მარტო კარგი სწავლაც არაფერს არ ნიშნავს. პირველ რიგში ადამიანი უნდა იყო, უნდა დაუჯერო უფროსებს, უნდა იყო თავაზიანი, ზრდილობიანი, ისე რომ ყველამ თქვას: ნეტავი ამის დედას, რომ ასეთი კარგი შვილი გაუზრდიაო.
გკოცნი ბევრს, ბევრს, ლამაზ და ჭკვიან თვალებში"
შენი მონატრებული მამიკო

09.05.2000

суббота, 28 мая 2011 г.

ორსულობის 35-ე კვირა

Автор: ჯუნა на 5/28/2011 4 коммент.
35-ე კვირა... მთელი 35 კვირა ვნატრობდი როდის დადგებოდა მაისის ბოლო, რომ მოახლოვებულიყო ბავშვის დაბადება...
მაგრამ ახლა ისე ცუდად ვგრძნობ თავს... სარკეში ჩახედვა არ მინდა, რადგან ძალიან დიდი ვარ და გასიებული, ფორმადაკარგული. სახეც, ძალიან არა, მაგრამ შესამჩნევად გამიპუტკუნდა, თითებიც, ფეხებიც, მუცელზე აღარაფერს ვამბობ... მგონი შიგ გოლიათი მიზის...
ასე სულ ვწუწუნებ და შეწუხებული ვარ, 7 თვე არაფერი მიჭირდა, სამაგიეროდ ახლა ძალიან დავიღალე. ჩემი თავის ტარება მიჭირს, ცუდად მძინავს, სულ მცხელა, სუნთქვაც მიჭირს... სურვილი მაქვს დილას ლოგინიდან არ ავდგე, ვიწვე და ვიძინო მანამ, სანამ დარჩენილი 3-4 კვირაც არ გავა... მაგრამ არ გამოდის ასე, რადგან ფინალური 6 გამოცდა მაქვს ადრიანად ჩასაბარებელი, რაც იმას ნიშნავს რომ მომავალი 2 კვირა ყოველდღე უნდა ვიარო უნიში... თან კიდე ბოლო თვეში ბევრი უნდა იაროო, სულ უნდა იმოძრავოო..... ვოცნებობ იმ დღეზე როცა მუცელი ამტკივდება, რადგან მეცოდინება რომ იმ დღეს ჩემი ორსულობა დამთავრდება...

აი ასე ვარ განწყობილი და თვითონ ის ფაქტიც, რომ ეს აზრები ჩემს თავში ტრიალებს, ძალიან მაწუხებდა. მაგრამ ინტერნეტში 35 კვირაზე ცნობები მოვიძიე და აღმოჩნდა, რომ ყველა ეს ჩემი აზრი თუ შეგრძნება დროული, ზომიერი და ნორმალურია. ვთარგმნი:
მუცლის ტარება ხდება ყოველდღიურად უფრო და უფრო რთული... გაწუხებთ უძილობა, რადგან ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გეკვრებათ სუნთქვა, ხშირად გეღვიძებათ, გაღვიძებულს გიჭირთ ძილის შებრუნება, რადგან გაწუხებთ ფიქრები მომავალზე. ძილი შეიძლება მხოლოდ გვერდულად, რადგან მუცელზე ვერ დაწვებით ფიზიკურად, ზურგზე წოლისას კი გტკივდებათ წელი. სიამოვნებას არ განიჭებთ არც ჭამა, არც სეირნობა, რადგან ძალიან იღლებით. არ შეგიძლიათ დიდხანს დგომაც...
35-ე კვირაში მომავალი დედიკო გრძნობს ყველაზე დიდ დაღლილობას თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე და შემხვედრების კითხვაზე უფრო გოგო უნდა თუ ბიჭი, გაბრაზებული პასუხობს: «Хоть лягушку, только скорее» :) რათქმაუნდა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მას გადაუყვარდა თავისი პატარა, რომელიც აქამდე მას ასე ახარებდა თავისი არსებობით. დედიკო დაღალა არა ბავშვმა, არამედ მდგომარეობამ, რომელშიც ის იმყოფება.
ბავშვის წონა ამ დროისთვის არის 2,5 კილოგრამი, სიგრძე 45 სანტიმეტრი.

вторник, 10 мая 2011 г.

33–ე კვირის სიახლეები :)

Автор: ჯუნა на 5/10/2011 4 коммент.
მე–9 თვეში გადავედი უკვე მგონი... ან მალე გადავალ. რავიცი ამ კვირებს ვერაფერი გავუგე. 40 კვირა 9 თვეზე ვერაფრით გადავანაწილე... თან მთელი ორსულობა დროს წინ ვუსწრებდი და ახლა ეს ბოლო 2 თვე საშინლად იწელება.
ახლა ვართ 33 კვირის, ჩემი კურკა (თუმცა უკვე რაღა კურკა:)) იწონის დაახლოებით 2000–2200 გრამს, და 43 სანტიმეტრია.

ის აღარ წააგავს დანაოჭებულ „უცხოპლანეტელს“, უკვე შეღინღლული პატარა ადამიანია. ამავდროულად, ჯერ არაა გამაგრებული ძვლები, ანუ რბილი ძვლები აქვს, რაც საშუალებას აძლევს ადვილად გადაადგილდეს დედიკოს მუცელში :) 33-ე კვირა, როგორც წერენ, კიდევ ერთი რამით გამოირჩევა: ახლა უკვე შესაძლებელია გარჩევა, შენი პაწაწინა შიგნიდან რით გაწვება – მუხლით თუ იდაყვით. თუმცა, რა თქმა უნდა, ის ახლა გაცილებით ნაკლებად მოძრაობს, ვიდრე გასული პერიოდის განმავლობაში, რადგან მუცელში უკვე საგრძნობ ადგილს იკავებს. ეს ორსულის მოძრაობებზეც აისახება, მე პირადად ექიმმა მითხრა, რომ კვატივით დავდივარ :)) კიდევ, აშკარად ვგრძნობ როგორ შემიშუპდა და ზომაში გამეზარდა თითები, მაჯები, მთლიანად – ხელები. თურმე, მთელი სხეულის ნებისმიერი ადგილი ივსება სითხით, მათ შორის ხელებიც.
ჩემი პატარა ბოლოს ვნახე 2 კვირის წინ, ეხოზე:) ხელები სახეზე ჰქონდა აფარებული და არაფრით სახე არ დაგვანახა)

უკვე აქტიურად დავიწყეთ მზადება მასთან შესახვედრად: ვიყიდეთ ტანსაცმელები, პაწუა ნასოჩკები, პირის მოსაწმენდები, ქუდები :)) მალე უნდა შევიძინოთ საწოლი, რომელიც უკვე არჩეულია და ძალიან ლამაზია.

ხო, კიდევ გვაქვს პირველი სათამაშოები: ჟირაფიკი, რბილი Ванька-встанька და მასკა, რომლითაც ჯერ ჩვენ ვთამაშობთ :))

წერა რაღაც აგრესიულ ნოტაზე დავიწყე, მაგრამ უკვე დავდნი :) უბრალოდ ამ ბოლო დროს ვხვდები, რომ მიდრეკილება გამიჩნდა თავის შეცოდებისკენ. ვითხოვ უზარმაზარ ყურადღებას, სითბოს... პატარა ბავშვს დავემსგავსე, უმიზეზოდ მცვივა ცრემლები, კატასტროფული სიჩქარით მეცვლება ხასიათი, მგონია რომ აღარაფერი შემიძლია, აღარაფრის თავი არ მაქვს. მინდება დედამ მომეფეროს, მომიაროს, მაჭამოს, სულ ჩემთან იყოს, ჩემზე იზრუნოს და ხელი არ გამანძრევინოს :)
დედიკოსთან მინდა მოკლედ...

понедельник, 25 апреля 2011 г.

31 კვირის ვართ დეე.....:)

Автор: ჯუნა на 4/25/2011 3 коммент.
პირველად გეუბნები ამ სიტყვებს დე... და მეუცხოვება. მეგონა მზად ვიყავი შენთვის, მაგრამ სანამ არ დაგინახავ, ბოლომდე მაინც ვერ შევძლებ შენს აღქმას ალბათ... უკვე 30 კვირას გადავცდით. რა ცოტა დრო გავიდა და უკვე რამხელა ბიჭი ხარ... :) ვკვდები სურვილით ისე მინდა გაგიცნო, გნახო როგორს გატარებ მუცლით, ვის გავხარ, როგორი ნაკვთები გაქვს, რა ფერის თვალები... მალე, სულ ცოტა დაგვრჩა და უკვე აღარ ვიცი როგორ გავწელო ეს დრო... ისე მიჭირს ფიზიკურად, მორალურად... ძალიან ვიღლები, სულ მინდა ვიწვე, სულ მეძინება. ვერც ვკითხულობ, ვერც ვმეცადინეობ, ვეღარც ვქარგავ... ძალიან დავმძიმდი და ხანდახან ძალიან მიჭირს ხოლმე შენი ხტუნვის გაძლება...:) რთული ყოფილა 9 თვე შვილის მუცლით ტარება ))
მაგრამ ისე მიყვარხარ... გვიყვარხარ. ყველა ისე გეფერება და გელოდება. მამა (ესეც როგორ მეუცხოვება :)) სულ გკოცნის ხოლმე და გეფერება, შენს კომფორტზე ზრუნავს, შენს უფლებებს იცავს, რომ შემთხვევით არ დაგჩაგრო, უგემოვნო არაფერი მოგასმენინო ან ჩემი წოლით არ შეგავიწროვო :))

მე ყველაფერი მინდა ვიცოდე შენზე... ვიცი როდის გძინავს ხოლმე და ხანდახან ისე მომენატრება შენი კაკუნი ხმამაღალ მუსიკას გირთავ და ძალით გაღვიძებ :) კიდე შენი წვალება მიყვარს, რამდენს ამოიზნიქები იმდენს რომ გეფერები და შენც გარბიხარ, მე კი არ გასვენებ :) უბრალოდ ამ ფორმით გეკონტაქტები...
მე ბევრს ვკითხულობ შენზე. ვიცი, ახლა კიდეც რომ დაიბადო უკვე საფრთხე აღარ გემუქრება, რომ ჩამოყალიბებული პატარა კაცუნა ხარ და შენი ყველა ორგანო მუშაობს. თვალის გუგებიც აგეხილა და ისევე რეაგირებ სინათლესა და სიბნელეზე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი. შენი კანი მოვარდისფრო ფერისაა, ფრჩხილებმა კი უკვე თითის ბოლომდე მიაღწიეს. გრძნობ და გესმის ყველაფერი, რაც შენს ირგვლივ ხდება. ხარ დაახლოებით 40 სანტიმეტრი და 1600 გრამი :)

მალე ეხოზე მივდივარ და გნახავ.... იქნებ სურათიც მომცენ შენი...
შეხვედრამდე :) :*

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review