четверг, 29 декабря 2011 г.

My Christmas tree in the new year

Автор: ჯუნა на 12/29/2011 0 коммент.
ჩემს სახლში ნაძვის ხე ყოველთვის 18 დეკემბერს იწყობა.
ეს ტრადიცია 22 წლის წინ დაიწყო, მაშინ როცა დედაჩემს 18 დეკემბერს მუცელი ატკივდა და იფიქრა, ნაძვის ხეს გავაწყობ და გადამივლისო :)
მუცლის ტკივილმა არ გადაუარა ფაქტია, მეც მაინც გავჩნდი ღამის 2 საათზე ანუ უკვე 19-ში, მაგრამ ნაძვის ხე კი დარჩა გაწყობილი :)

с новым годом :)

კარზე :

და ისე:

გილოცავთ დამდეგს :)

среда, 28 декабря 2011 г.

Romantic ....

Автор: ჯუნა на 12/28/2011 0 коммент.
ადამიანს იმდენნაირი შეუძლია იყოს... იმდენი ხასიათი, განწყობა, იმიჯი მოირგოს..
მეც იმდენნაირი ვყოფილვარ, იმდენი როლი მომირგია და მითამაშია, მერე შევცვლილვარ, ზოგჯერ 180 გრადუსითაც, უკიდურესობაში გადავვარდნილვარ... მაგრამ ახლა ამაზე არა...
ახლა უბრალოდ ის მინდა დავწერო ,რომ რომანტიზმში გადავვარდი რამდენიმე დღეა. განწყობა მაქვს რომანტიული და სულს წყურია რომანტიკა :) საერთოდაც ვერ ვუარყობ, რომ რომანტიული ადამიანი ვარ :) საზოგადოებას, ვფიქრობ, არ ხიბლავს ნაზი და ფაქიზი სულის ადამიანები... სხვისთვის ეს დამღლელია. ამიტომ მეც სულ მაგარი გოგო როლში ვარ, არასდროს არაფერი მაწუხებს, არც მტკივა, არც ვიღლები არასდროს. სხვისთვის ყოველთვის ბედნიერი და უპრობლემო ვარ... გადავუხვიე. მოკლედ.
რომანტიკა მინდა..!
მინდა თოვლი თეთრი, სუფთა, მშრალი და ფაფუკი. ისეთი კი არა ქუთაისში რომ იცის, ბინძური, წყალ და ტალახ ნარევი...
სუფთა ჰაერი მინდა, მშრალი და ცივი, ღამე მინდა საახალწლო განათებებით, ფერადი ნათურებით თუ შუქურებით... თავისუფალი დრო მინდა, რაც ასე მაკლია ამ ბოლო დროს ჩემი კურკას ხელში :) მინდა არსად მეჩქარებოდეს, არ ვფიქრობდე დაუსრულებელ სემინარებზე, გამოცდებზე, პროექტებზე... თემუკას საჭმელებზე, მუცელზე, ძილზე.... მინდა ბევრი ფიქრის დრო მქონდეს, არსად მეჩქარებოდეს, აი სადმე აქ ვიჯდე და სულიერად ვისვენებდე...

пятница, 23 декабря 2011 г.

ახალი წლის მოლოდინში :)

Автор: ჯუნა на 12/23/2011 0 коммент.
ყველაზე ძალიან მიყვარს ზამთარი. მიყვარს იმიტომ რომ რაღაცნაირად ჩემია... სიწყნარესთან ვაასოცირებ, სულიერ სიმშვიდესთან, სითეთრესთან, სიმყუდროვესთან.

მიყვარს სიცივე, თოვლი, ნაძვის ხე, გირჩები, თოვლის ბაბუა,თბილად ჩაცმა, ხრაშუნა და სუფთა თოვლი... რასაც სამწუხაროდ ქუთაისში ნაკლებად ნახავ. მოსკოვი ამ მხრივ ჩემია და მენატრება უზომოდ... ისე მიყვარდა ხოლმე საღამოობით ბოდიალი... გაყინული და სუფთა ჰაერის სუნთქვა, ნაკვალევი თეთრ გზაზე და თოვლის კრაჭუნი...
კიდევ ზამთარში ჩემი დაბადების დღე და ახალი წელია. მთელი დეკემბერი ბედნიერი ვარ ხოლმე, ჯერ ჩემს დაბადების დღეს ველოდები, მერე წინასაახალწლო მზადება მაბედნიერებს :) სახლის მორთვა, ახალი სათამაშოები, ნაძვის ხის გაწყობა... მერე გემრიელი სასუსნავები, მილოცვები.. :)
ეს განწყობა ყველაზე მეტად მიყვარს. მეც მინდა პატარასავით მჯეროდეს, რომ ახალი წლის დადგომისას სასწაული მოხდება, კეთილი თოვლის ბაბუ ოქროსფერი ეტლით ჩამოფრინდება და ხურჯინით საჩუქრებს ჩამომიტანს...

ღამე თავზე ხელს გადამისვამს და საჩუქრებს დამიტოვებს:) დილით ცხელი კაკაოს სუნი გამაღვიძებს, ამდგარს კი უამრავი ლამაზად შეფუთული, ფერად ლენტებიანი კარობკები დამხვდება ნაძვის ხის ქვეშ... :)

მანამდე კი მთელი საღამო აუცილებლად განვლილ წელზე უნდა იფიქრო, გაიხსენო წინსვლები, წარმატებები... აღიარო შეცდომები. მადლობა უთხრა განვლილ წელს ყველაფრისთვის და ახალი წელს შეხვდე ახალი იმედებით, გეგმებით....
ჩემთვის 2011 ბედნიერი იყო... ამ წელს დედა გავხდი, ჩემი ბუშტი გამიჩნდა :)

ამიტომ წელს განსხვავებული ახალი წელი მაქვს, რადგან ახალ წელს ერთად პირველად ვხვდებით :)

пятница, 16 декабря 2011 г.

ჩემი ინსტინქტები

Автор: ჯუნა на 12/16/2011 3 коммент.
ორსულობისას, ერთ -ერთ პოსტში ვწერდი დედობრივ ინსტინქტებს ვერ ვგრძნობ-თქო. რატომღაც ყოველთვის მეგონა, რომ დაორსულებიდანვე ან მერე, ბავშვის გაჩენის მომენტიდან, უცებ გამიჩნდებოდა რაღაც კონკრეტული, ძლიერი გრძნობა და ვიტყოდი აი ეს არის დედობრივი ინსტინქტი-თქო. მაგრამ როგორ გამიცრუვდა იმედი, როცა ბავშვის დანახვის დღიდან, ვიგრძენი მისდამი სიყვარული, პასუხისმგებლობა, სიხარული.... და ა.შ. მაგრამ არაფერი ისეთი ზღაპრული და სასწაულებრივი, რაც ჩემში ამ სიტყვებთან ასოცირდებოდა.
ეს მოვიდა უფრო მერე... დროსთან ერთად.

მართლა არაფერი შეედრება დედა-შვილობას და ეს ძალიან მაგარია. მე მას ვგრძნობ, რაღაც შინაგანად, რაღაც უხილავი ძალებით. თითქოს ძაფებით ვართ გადაბმული. მე ვგრძნობ მის ტკივილს, სურვილებს, ვიცი მოცემულ მომენტში რა უნდა, რა ესიამოვნება, ვიცნობ და ვარჩევ მის მიმიკებს, ტირილის ტიპებს...:) არ მჯერა მისტიკური რაღაცეების მაგრამ მე ზოგჯერ, როცა მისგან შორს ვარ, მისი ტირილიც მესმის... ვგრძნობ სხვა ოთახში მძინარეს როდის ეღვიძება, ვგრძნობ მის ემოციებს, მის შინაგანს...
კიდევ ვგრძნობ, რომ ძალიან ვუყვარვარ. როცა დამინახავს თვალები უბრწყინდება და იცინის, მეფერება ხოლმე თავისი პატარა ბოტოტა თითებით და კოცნის მაგივრად მლოკავს ლოყაზე, ნიკაპზე... :) უცხო რომ ხელში აიყვანს მე მიყურებს და თვალებით მეხვეწება ავიყვანო, როცა უჭირს დახმარებას მე მთხოვს, როცა ტკივა მარტო ჩემთან უნდა ყოფნა...

არ ვიცი ალბათ ყველა დედა ასეა.. და ალბათ ეს ბუნებრივიცაა. სულ რაღაც 25 კვირის წინ ხომ ის ჩემში იყო, ჩემი ნაწილი, ჩემი სხეულის ნაწილი... ახლა კი დამოუკიდებელია, ცალკე ადამიანია, მაგრამ ჯერ მაინც ჩემზე მოჯაჭვული...

ჩემს ერთადერთ მიზნად გადაიქცა მისი სიცოცხლე, მისი სიცილი, კარგად ყოფნა, ბედნიერება... ძალიან მინდა კარგად გავზარდო და კარგი გავზარდო. მინდა კეთილი იყოს, გონიერი, მიამიტი, სუფთა, სამართლიანი, განათლებული, შეგნებული, ღვთისნიერი... ვფიქრობ ხოლმე ალბათ რამხელა ბედნიერებაა იმის გაცნობიერება, რომ კარგი შვილი გაზარდე. მეც ძალიან მინდა ერთ დღეს ეს გავაცნობიერო... აი ერთ დილას გავიღვიძო და ფიქრისას გავაცნობიერო, რომ ძალიან კარგი შვილი მყავს :)

вторник, 6 декабря 2011 г.

რა სურთ კაცებს?!.

Автор: ჯუნა на 12/06/2011 0 коммент.
ყველა კაცი ერთნაირიაო ამბობენ... რასაც მე დიდი გულმოდგინებით არ ვეთანხმები. რადგან მინახავს ცუდი კაცები, ცუდი ქმრები. ვუფიქრდები და ვხვდები, რომ არსებობენ მათგან სრულიად განსხვავებული - კარგი ქმრებიც. ნუ თავისთავად ჩემთვის იდეალურია ჩემი ქმრის დამოკიდებულება ჩემდამი, ზოგადად ოჯახისადმი, ჩემი შვილისადმი... ანუ შედარების უნარით და მარტივი ლოგიკით ვასკვნი, რომ კაცები ერთნაირები არ არიან.
საიდან გამიჩნდა საერთოდ ეს აზრები...თავში ამომიტივტივდა თვალცრემლიანი დიასახლისი ცოლი. დღენიადაგ ქმრის მოლოდინში მყოფი, ხალათით და სამზარეულოში რასაკვირველია. ასეთები მრავლად არიან ირგვლივ. ქმარს რომ შვილები გაუჩინა, უზრდის, აცმევს, ასუფთავებს, მასზე ზრუნავს, უყვარს და სიმყუდროვეს უქმნის. ვერ ვიტყვი რომ ეს კაცს არ მოსწონს... პირიქით. ალბათ უკმაყოფილოც კი იქნებოდა სხვა შემთხვევაში. მაგრამ ამ კაცს აუცილებლად გაექცევა თვალი სულ სხვანაირი ქალისკენ. აი ისეთისკენ, მე, ქალიც კი რომ ვერ ჩავუვლი გულგრილად: საოცრად გამომწვევისკენ, რომელიც იქნება ძალიან მოვლილი, სექსუალური, თამამად მოფლირტავე, ვთქვათ თხელი სიგარეტით ხელში... და ყველა ეს მისი თვისება თუ მანერა აღაფრთოვანებს მამაკაცს და პირდაღებულს დატოვებს. ეს ხომ ფაქტია... და აი აქ მივდივართ დასკვნამდე, რომ ქართველი მამაკაცი არასოდეს აძლევს საკუთარ ცოლს უფლებას გააკეთოს ის, რაც მოეწონება მას... ვთქვათ საყვარელში. არასოდეს დარჩება კმაყოფილი ცოლით, რომელსაც ექნება მსგავსი მანერა, არაფრით მოეწონება "სწერვოზულად" გამომწვევი სექსუალური ცოლი... ან მოეწონება, უბრალოდ არ დათანხმდება ამას.
ხოდა რისთვის დავიწყე საერთოდ ეს... მაინტერესებს რა სურთ კაცებს?!. როგორი უნდა იყო ცოლი, რომ არასოდეს იწვნიო ღალატი საკუთარი მამაკაცისგან?
ჩემმა დეიდაშვილმა მითხრა ერთხელ, სულელი ხარ თუ გგონია, რომ ქმარი არასდროს გიღალატებსო.. ვუთხარი: თუ მიღალატებს მასთან ერთი დღეც აღარ გავჩერდები, ვერ ვაპატიებ-თქო, რაზეც სიცილით მითხრა, შენც სხვა ქალებივით შტერი ყოფილხარო :)
ნამდვილად ვეღარ მოვიფიქრე ამაზე რა უნდა მეპასუხა, თუმცა საკუთარ სიტყვებში ეჭვი ოდნავადაც არ შემპარვია.
საბედნიეროდ ის თაობა აღარ ვართ ღიპიანი და მოქეიფე კაცების... ან იმ ქალების, ქმრის ღალატს რომ კაცის ბუნებას აწერენ და რეაქცია არ აქვთ. რომ ამბობენ სხვასთან გატარებული ერთი ღამე ღალატი არ არის, მთავარია საყვარელი არ გაიჩინოსო ან მერე რა თუ საყვარელი ყავს, ცოლი ხომ მე ვარ და ვუყვარვარო...
არ მჯერა რომ ვინმე ამას გულწრფელად ამბობს და ამით თავს დამცირებულად არ გრძნობს... არ მგონია თუ ასეთი ქალი არსებობს საერთოდ ბუნებაში.
მე ზოგადად ქალის ფანი ვარ :) ანუ ვთვლი, რომ ძალიან რთულია იყო ქალი, ცოლი.... და ამიტომ იგი იმსახურებს პატივისცემას, სიყვარულს, ერთგულებას.... ძალიან გული მტკივა, როცა უბედურ ქალს ვხედავ, არშემდგარს და ცხოვრებაზე გულდაწყვეტილს.
ბედნიერებას და კარგ ცხოვრებას ყველა იმსახურებს... სიყვარულით შერთული ცოლისთვის, ნებისმიერი ქმარი უნდა იყოს ერთგული, მოსიყვარულე... მოკლედ იდეალური. ამას მე ყველა ქალს ვუსურვებ :)

вторник, 29 ноября 2011 г.

რა სურთ ქალებს?!.

Автор: ჯუნა на 11/29/2011 0 коммент.
ისევ გამთენიისას გაეღვიძა... უკვე ოთახში შემოსული სინათლის სხივებით ხვდებოდა დროს, იცოდა მაღვიძარას დარეკვამდე მთელი 2 საათი იყო დარჩენილი, მაგრამ დაძინება არც უცდია. იცოდა არაფრით დაეძინებოდა, რადგან უკვე დიდი ხანია ტანჯავდა დეპრესია, რომელიც ვლინდებოდა უძილობაში, საშინელ ხასიათში, უმადობაში...
ყველაფერი ჰქონდა ბედნიერებისათვის. ყოველ შემთხვევაში ასე თვლიდნენ ირგვლივმყოფები. საკუთარი დიდი ბინა, სოლიდური მანქანა, მაღალანაზღაურებადი სამსახური. იყო ლამაზი, მოხდენილი. ბოლოდროინდელი სევდაც უხდებოდა თითქოს, დიდ ცისფერ თვალებში რომ ჩასახლებოდა, ზოგჯერ თვალებს აუწყლიანებდა და ისეთ უსუსურს აჩენდა... მამაკაცები მისი დაცვის სურვილით კვდებოდნენ, თავს აწონებდნენ, მეტიჩრობდნენ, ის კი ახლოსაც არავის იკარებდა და ეს მიუწვდომელობა უფრო სანატრელს ხდიდა მას... ყველაფერი 7წლის წინ დაიწყო. მაშინ, როცა მას პირველად შეუყვარდა. სულ პატარა იყო და სხვანაირი. არა ისეთი, როგორიც ყველა. ოცნებობდა კარიერაზე, დიდ წარმატებაზე, კარგ სამსახურზე. სიყვარული მაშინ დაუცველი და სუსტი ქალების ხვედრი ეგონა, დარწმუნებული იყო საკუთარ სიძლიერეში და ეგონა სხვა ძლიერი საყრდენი გვერდით მას არასოდეს დასჭირდებოდა. მაგრამ მისდა უნებურად მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. შეუყვარდა და ამ სიყვარულმა ყველაფერი დაავიწყა. ცხოვრობდა მხოლოდ ერთით, მისი ცხოვრებით, გემოვნებით, შეხედულებებით, მის ხასიათზე და მთლიანად მისთვის.
შეიცვალა ცხოვრების წესი: თავს უძღვნიდა მთლიანად იმ ერთს, მისთვის ლამაზდებოდა, უკეთებდა სადილებს, ურეცხავდა, ურთავდა ოთახებს და უწყობდა დღესასწაულებს ყოველდღე, მზრუნველობას არ აკლებდა. ყვავილებსაც თავად ყიდულობდა და ლამის მას ჩუქნიდა სიყვარულის ნიშნად. უნდოდა გაეჩინა მისთვის ლამაზი შვილები და ეცხოვრა ასე მშვიდად, ტკბილად. შექმნა თავისი სამყარო, გააფანატა თავისი სიყვარული და ვერ ხედავდა მასში ვერანაირ ნაკლს. ბრმად ენდობოდა და სჯეროდა მისი, ამიტომ რასაკვირველია მისი ღალატიც ვერ დაიჯერა. სასაცილოდ მოეჩვენა და ბოროტი ხალხის მონაჩმახად ჩათვალა. გულის სიღრმეში ალბათ თავიდანვე ყველაფერი იცოდა და გრძნობდა, მაგრამ თავს ეწინააღმდეგებოდა. მის სიცივეს გადაღლილობას აბრალებდა, უხეშობას - ხასიათს და ყოველთვის ყველაფერში უძებნიდა გამართლებას,თუმცა ერთ დღესაც მიხვდა და გაითავისა რომ ყველაფერი დასრულდა.
დაშორება იყო მტკივნეული. რამდენი ეფერა და ეხვეწა, მაგრამ ვერ აპატია. იცოდა რომ იმასაც უყვარდა ჯერ კიდევ ძალიან, მაგრამ საკუთარ თავს ვერ გადაუარა. გუდა ნაბადი აიკრა და 5 წლიანი სიყვარულით სავსე თანაცხოვრების შემდეგ წავიდა მარტოობაში. წავიდა იქ, სადაც არ იცოდა რა ელოდა.
ძლიერი სიყვარულის გვერდით ბევრი საკუთარი თვისება დაეკარგა, უფრო მისუსტებული და განაზებული იყო. საკუთარი მყარი მეც გამქრალიყო.
დიდი ნერვების ფასად დაუჯდა მას საკუთარი თავის დაბრუნება ისეთად, როგორიც იყო ადრე. ფიქრს სრულიად გადაეჩვია, ბევრს მუშაობდა, კითხულობდა, სწავლობდა და სიახლეებს ითვისებდა. იცოდა თავის ადრინდელ ოცნებას აიხდენდა და აუცილებლად გახდებოდა წარმატებული ქალი.
ახლოს აღარავის იკარებდა, თითქოს რობოტს დაემსგავსა ემოციებისა და ყოველგვარი ზედმეტი გრძნობების გარეშე.
რათქმაუნდა წარმატება მოვიდა. იმაზე სწრაფად ვიდრე ელოდა და იმაზე დიდი ვიდრე წარმოედგინა. ფუფუნება, კომფორტი, პატივისცემა, სიმყარე.... აიხდინა ოცნება, მაგრამ მისი ცხოვრება იყო უფერული და ერთფეროვანი. უსაშველოდ ენატრებოდა თავისი სიყვარული, ტკბილი, სითბოთი სავსე და დღესასწაულის მსგავსი თითოეული დღე. მან კარგად იცოდა, რომ ძლიერი საყრდენის გარეშე ქალის ცხოვრება ვერასდროს იქნებოდა სრულყოფილი....

понедельник, 10 октября 2011 г.

ურთიერთობების 4 წელი

Автор: ჯუნა на 10/10/2011 1 коммент.
ყველანაირი ურთიერთობები დროთა განმავლობაში სხვადასხვაგვარი ხდება. ზოგჯერ იცვლება ცუდისკენ და ამას შემდეგ დაშორება მოყვება, ზოგჯერ უკეთესობისკენ... მაგალითად ეს ალბათ იმ შემთხვევაში, როდესაც უსიყვარულოდ ქორწინდებიან და со временем მოდის გრძნობა და ურთიერთგაგება.
ყველაზე კარგ და ჩვეულებრივ სიტუაციაში კი ურთიერთობები ვითარდება. გადადის ფაზიდან ფაზაში, გაივლის ხოლმე ბევრ საფეხურს და ალბათ ოდესღაც ეს პროცესი ჩერდება და რჩება ისეთი, როგორშიც კომფორტულად იგრძნობს თავს ორივე მხარე.
ამ ზაფხულზე ჩემი და გიოს ურთიერთობებს 4 წელი შეუსრულდა :)

ხოდა ჩვენც იმდენი საფეხური გავიარეთ ამ 4 წლის მანძილზე... ჯერ იყო კარგად გაცნობის პერიოდი, ყველაზე პირველი და ტკბილი თვეები... რომლის დროსაც უუამრავს ვჩხუბობდით და ვრიგდებოდით, ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ერთმანეთს ვერგებოდით. რათქმაუნდა იყო რომანტიკაც, ერთმანეთის მეგობრებიც ვიყავით ყოველთვის... ამასთან სიყვარული იყო სულ და იყო ძალიან ძლიერი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ვფიქრობ, ძალიან ძნელია მუდმივად გვერდით აიტანო და იგუო მეორე, შენგან განსხვავებული ადამიანი.(ანუ მე ვერასდროს გავთხოვდებოდი გარიგებით т.е. უსიყვარულოდ)
ჰოდა იმას ვამბობდი, რომ ჩვენი ურთიერთობაც სულ სხვადასხვაგვარი იყო: ზოგჯერ ეჭვიანიც, ხან მეგობრული, ხან ვნებიანი, ხან ცოლ-ქმრული ოჯახური. ბოლო დროს ბავშვმა კიდე სულ სხვანაირი გახადა... ეგზიუპერის სიტყვებია: გიყვარდეს-ერთმანეთის ყურებას კი არ ნიშნავს, არამედ ხედვას ერთი მიმართულებით. ჰოდა ვერასდროს ვგებულობდი ამას.... მხოლოდ ახლა მივხვდი, ჩემებურად.... ჩვენ აქამდე სულ ერთმანეთს ვუყურებდით, ახლა ერთად ჩვენ შვილს ვუყურებთ. მას დავტრიალებთ თავს და თითქოს ჩვენი ცოლ-ქმრობა მეორეხარისხოვანი გახდა, უპირველესი კი დედ-მამობა...
მშობლობა... რომელმაც უდიდესი პასუხისმგებლობა დაგვაკისრა, სულ სხვანაირი სიყვარულით შეგვაყვარა და სამყაროც თითქოს ცოტათი შეიცვალა...
მასზე მნიშვნელოვანი ახლა აღარაფერი არსებობს.
მას უყვარხარ უპირობოდ უანგაროდ და ყველაზე გულწრფელად.
მასზე ტკბილად დილით ვერავინ გაგაღვიძებს... თვალს რომ გაახელ, მზერას დაიჭერს და გულით გაგიღიმებს :)

ღამე ხელებით რომ ჩაგებღაუჭება, თითქოს გამოწმებს ჩემს გვერდით არის თუ არაო...
ატირებული მხარზე თავს რომ დაგადებს და დამშვიდდება...
შვილი სიყვარულს აგვირგვინებს და მისი ნაყოფია
შვილი ბედნიერებაა... რომელიც არასდროს, არცერთი ყოფითი პრობლემის, ცუდი განწყობის თუ ემოციის დროს თავს უბედურად არ გაგრძნობინებს

пятница, 30 сентября 2011 г.

ზებრა

Автор: ჯუნა на 9/30/2011 0 коммент.
როგორი უსუსურია ადამიანი ზოგადად ამ ცხოვრებაში. რა უეცრად შეიძლება მისი ცხოვრება შემოტრიალდეს 180 გრადუსით და გააზრებასაც კი ვერ მოასწრებ რა მოხდა... ჩვენი ბედი ჩვენს ხელთააო, მაგრამ ზოგჯერ ეს ისეთ სისულელედ მეჩვენება... ვფიქრობ, არსებობს სადღაც, რაღაც ღილაკი, რომლის დაჭერაზეც შენი აწყობილი ცხოვრება რადიკალურად იცვლება თუ შენი წარმოდგენები მასზე იმსხვრევა, არ ვიცი... ისიც კი, რაც აქამდე გაბედნიერებდა და გახარებდა, მუქ ფერებში ჩანს და სულაც აღარ იწვევს სიხარულს... იღვიძებს პესიმიზმი, ჩნდება ნერვოზი, გაღიზიანება, გულგრილობა... ყველა გზა გეჭრება და იმედიც გიქრება. ტვინში სულ ერთი და იგივე ციმციმებს
БЕЗВЫХОДНОСТЬ!
არ არის გამოსავალი
არ არის გამოსავალი
....
ამ დროს რა უნდა ქნა?
მე ასეთ დროს მახსენდება ღმერთი... მახსენდება რამდენი ხანი არ მილოცია, არ ვყოფილვარ ეკლესიაში... არა, ეს სულ კი მახსოვს. უბრალოდ ნაბიჯებს ვერ ვდგამ. თითქოს ფეხები რაღაცამ დამიბორკა და ვერ ვინძრევი. ვერ ვინძრევი მანამ, სანამ არ გამოვცდი ყველა სხვა დარჩენილ გზას, არ გავყვები დინებას, არ მივალ უიმედობის ბოლო სტადიამდე და არ დავიწყებ თვითგანადგურებას.
მერე კი ვიკადრებ და ემოციებისგან დაცლილი, მთელ ჩემ ცხოვრებაზე სინანულით სავსე და სულით მართლა მოწყურებული მივალ ღმერთთან... ვიტყვი და გავაკეთებ ყველაფერს, რაც დაამშვიდებს ჩემს სულს. რაც გამწმენდს და ამომიყვანს სიბნელიდან.
და ირგვლივ კვლავ ყველაფერი განათდება... როგორც ერთ რომელიღაც კლიპშია... ამოვა დიდი ყვითელი მზე, სახლები შეიღებება ნათელი კრასკებით, გაჩნდება ისევ იმედი, ოპტიმიზმი, დარეკავს ის, ვინც გეგონა, რომ უკვე აღარასოდეს დარეკავდა, გამოჩნდება სამსახური, შენი შვილიც აღარ იავადმყოფებს, ურთიერთგაგებაც უკან მოვა....
ყველაფერი ისევ დალაგდება და აეწყობა.
ღმერთთან ვივლი ხოლმე ყოველ შაბათ-კვირას, მადლიერების გრძნობით ანთებული.. მერე ერთხელაც ვეღარ მოვიცლი და შევწყვეტ....
ვიცხოვრებ ცოტა ხანი უღმერთოდ, მაგრამ დიდი ხანი ვერა...
მერე ყველაფერი თავიდან დაიწყება.
და ასე მთელი ცხოვრება.

понедельник, 12 сентября 2011 г.

მშობიარობიდან 2 თვის შემდეგ...

Автор: ჯუნა на 9/12/2011 4 коммент.
როგორ მინდა ხოლმე ვწერო, ყოველ დღე თუ არა უბრალოდ ხშირად მაინც. ალბათ მეპატიება ჩვილბავშვიანს პასიურობა, მაგრამ მე თვითონ მენატრება წერა.
40 დღეს რახანია გადავცდით. ყველაზე რთული უკან ჩამოვიტოვეთ. ახლა რომ ვფიქრობ, მეცოდებიან ორსულები, რადგან იმდენი რამე ელით წინ... უძილო ღამეები, ბავშვთან შეჩვევის პროცესი... მანამ, სანამ პატარა ცოტა "აზრზე მოვა", კარგად შეგხედავს და მოგისმენს, შენზე რეაქცია ექნება, ცნობას დაიწყებს... ძალიან რთულია. ახლა უკვე პატარა აღარც მგონია ჩემი შვილი, 2 თვისაა და იმხელა კაცად მეჩვენება :) ასე მგონია, რომ ველაპარაკები ყველაფერი ესმის და მიგებს, რომ მალე პასუხსაც გამცემს :) ნელ-ნელა ხასიათიც ეკვეთება, სახასიათო ქცევებიც უჩნდება. ძალიან დინჯია და უპრეტენზიო, იშვიათად ტირის. ამასთან მხიარულიცაა. ყველას უცინის და თავის ენაზე ელაპარაკება.

სოსკა სძულს და გულს ირევს,
სძულს კალიასკაც და თავისი საწოლიც, ალბათ იმიტომ, რომ ეშინია და მარტო გრძნობს იქ თავს.
იცინის ცალყბად, როგორც მამამისი:)
ბანაობა უყვარს და ამ პროცესით კაიფობს :)

უყვარს წოწიალი, განსაკუთრებით მანქანით. ეგრევე იძინებს და საჭმელიც აღარ ახსენდება. სხვა შემთხვევაში კი ჭამა უყვარს და თან სულ. როცა არ ვაჭმევ ხელებს იწუწნის და მეცოდება :)
მიყვარს როცა აქებენ. ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი და საყვარელი მეჩვენება. ამიტომ მიყვარს როცა სხვებსაც ელამაზებათ :)
ვისაც ის უყვარს მეც მიყვარს <3

კიდე მუსიკალურია. როცა დაძინება უჭირს და ჭირვეულობს, მუსიკებს ვურთავ და მაშინვე იძინებს. ზოგჯერ იავნანას რომ ვუმღერი, თვითონაც მყვება აღუთი და სასაცილოა :)
მე და გიო ვყიდულობთ ხოლმე სათამაშოებს მისთვის. მანქანა ვუყიდეთ და პაზლები :) თუმცა რადგან ჯერ ძალიან პატარაა ამ ყველაფრით ჩვენ ვერთობით:)
უცნაური არაა ალბათ რომ ძალიან გვიყვარს, ხო? ჩემი ერთი ციცქნა ბიჭი მთელ მსოფლიოს მირჩევნია. თუმცა რაღა ერთი ციცქნა, 7 კილოა უკვე :)

ქმარი რომ გყავს გვერდით, რომელთანაც ოჯახი სიყვარულით შექმენი, ბევრი შვილი უნდა გააჩინო. ზუსტად იმდენი, რამდენსაც ღმერთი გაჩუქებს. უბრალოდ ზოგჯერ სურვილი არ ემთხვევა შესაძლებლობებს. სამწუხაროდ.

пятница, 26 августа 2011 г.

მე და ჩემი უფალი

Автор: ჯუნა на 8/26/2011 1 коммент.
ბოლო დროს სულ ერთი და იგივე სიზმარს ვხედავ ხოლმე...
ეკლესიაში შევდივარ და ღმერთს ვესაუბრები. სარკმლიდან გადმოსული სინათლის სხივია თითქოს უფალი. ვერ ვხედავ მას, მაგრამ ინსტინქტურად ვგრძნობ. მას ვეუბნები, რომ მე მთელი გულით მჯერა მისი. რომ მე არ ვგავარ სხვებს და ეჭვიც არ მეპარება, რომ არსებობს უფალი, სამოთხე, ჯოჯოხეთი, ანგელოზები... რომ მე არ მეშინია სიკვდილის და მთლიანად მის ნებაზე ვარ მინდობილი. რომ მე მიყვარს ღმერთი, მისი სახლი და ყველაფერი მასთან დაკავშირებული. ჩემი მამაოც და ხატებიც. ვტირი აღსარების დროს და ყელში სიხარულის ბურთები მახრჩობენ ზიარებისას.
უფალს ვპირდები, რომ არასოდეს გავიკეთებ აბორტს, ჩემ შვილებს აუცილებლად გავზრდი მორწმუნეებად და სულ არ ვიქნები უკმაყოფილო თუ ისინი უფლის გზას აირჩევენ.
სიზმარშიც ვგრძნობ, ამ ყველაფერს მე ღმერთს ვეუბნები, რომ დავამტკიცო ჩემი რწმენა და მისდამი ერთგულება. მაგრამ სულ ერთ რამეს ვთხოვ. რაც იმდენად მაწუხებს, რომ ძილშიც ამიტომ მიმყვება ალბათ... მე ვეღარ ვლოცულობ. ნებისყოფა თუ ნერვები თუ სულის სიმტკიცე თუ აღარ ვიცი რა არ მყოფნის საიმისოდ, რომ დავდგე და ბევრი ვილოცო. რომ გულისყურით მოვუსმინო ყოველ კვირას წირვებს.... რომ არ ავყვე უაზრო ფიქრებს და გონება მოვიკრიბო.
ყოველ ღამე ვეხვეწები უფალს უფრო დიდი რწმენა მომცეს... გონება გამინათოს თუ მეტი აზრი მომცეს... რომ დავდგე ყოველ საღამოს და შვებით ამოსუნთქვამდე ვილოცო... სულის ამჩატებამდე... გულის მოოხებამდე... რომ დავმშვიდდე და დავწყნარდე. რომ ჩემი რწმენა აღარ იყოს მხოლოდ თეორიული და გადამივიდეს ცხოვრების წესში. ამას ვთხოვ უფალს...

среда, 10 августа 2011 г.

მამაჩემის მოთხრობა

Автор: ჯუნა на 8/10/2011 0 коммент.
მთის კალთაზე შეფენილ, პატარძალივით ლამაზ და კოხტა სოფელ "თამარის მკერდში" ყველასაგან გამორჩეული ვახტანგ ხმალაძის ოჯახი ცხოვრობდა. ვახტანგისა და მისი მეუღლის ეთერის მონდომებითა და მუხლჩაუხრელი შრომით ოჯახი დღითი დღე ძლიერდებოდა. ავ თვალს არ ენახვებოდა მათი მოვლილი, დასანსალებული, ჯიქან დატიკინებული ძროხები, დეკეულები, მოზვრები... მთელ ეზოს ეფინებოდა ეთერის წვრილ-ფეხი. თვლა არ ჰქონდა წიწილებს, ჭუკებს, იხვებს, ბატებს.
მათ მყარ ოჯახში სუფევდა სიყვარული, სიმშვიდე, პატივისცემა და ბედნიერება, თუმცა...
დღეს მათ ეზოში არ იდგა ბალღების სიცილ-კისკისი, არც გაჯიუტებული ან დასჯილი ბავშვის ტირილი ისმოდა დროგამოშვებით. არავინ იყო დასასჯელი და არც მოსაფერებელი.
მთელმა სოფელმა იცოდა იმ ტრაგედიის შესახებ, რომელიც მათ ოჯახში დატრიალდა რამდენიმე წლის წინ. ყველამ იცოდა როგორ დაკარგა ოჯახმა ერთადერთი იმედი და სიხარული - პატარა ნინო. მთელი სოფელი ტიროდა მის დაკრძალვაზე, მხოლოდ ვახტანგის თვალს არ მოსწყვეტია ერთი ცრემლიც. გახევებული იდგა 3 წლის ბავშვის ცხედართან მაღალი, გაუპარსავი, შავი პერანგით, დაკოჟრილი ხელებით და უაზრო სახით.

***

ზაფხულის ხვატი ჩამომდგარიყო სოფელში. მოედნიდანაც კი აღარ ისმოდა ბავშვების ჟრიამული. ბურთი გვერდით მიეგდოთ, თვითონ კი თუთის ჩრდილში შეყუჟულიყვნენ. ანეკდოტებს ყვებოდნენ, ტყუილ-მართლით ბერავდნენ ერთმანეთს, შეექცეოდნენ მეზობლის ბოსტანში მოპარულ კიტრებს, საადრეო ყურძენს და თან გეგმებს აწყობდნენ თუ ვინ შეიპარებოდა ხმალაძეების ბაღში ლოყაწითელა ატმების მოსაპარად.
ეთერს კი შუა ეზოში ცეცხლი გაეჩაღებინა, ზედ ქვაბი შემოედგა, სახლის ჩრდილში იჯდა და ატამს თლიდა. დროგამოშვებით ვახტანგს ახსენებდა მარანში წასულიყო და სამურაბე ქილები გადაერჩია.
ეთერი თითქმის უკვე მორჩა ატმის გათლას, კანებით სავსე გობი გვერძე გადადგა, დანა ბოლოს გათლილ ატამს დაასო, წინსაფარი მოიხსნა და შეამჩნია, რომ ვახტანგს ჩასძინებოდა. გასაღვიძებლად შეებრალა უთენია ამდგარი, მთელი დღის ნაჯაფი მეუღლე, იფიქრა მურაბის მოხარშვამდე მოვასწრებ, მე თვითონ მოვიტან ქილებსო და მარნის კარებში გაუჩინარდა. გავიდა მხოლოდ 5 წუთი.
ეთერს მუხლები გაუყინა ბავშვის საბრალო წივილმა. ვერც კი დაიჯერა, რომ ეს ნინოს ხმა იყო ასეთი განწირული, მაგრამ ვახტანგის ღრიალიც რომ გაიგონა, რაღაც ძალამ თითქოს ბურთივით გამოაგდო მარნიდან. წუთში ქვაბთან გაჩნდა და დაქცეული მურაბის, ნინოს დამწვარი სხეულის დანახვამ არაადამიანური ხმა ამოიყვანა მისი პირიდან. ცა გახია ეთერის კივილმა და მთელი სოფელი შეყარა. ტიროდა ყველა.... უხმოდ, უსიტყვოდ. მხოლოდ ნინოს კვნესა ისმოდა.
ორი დღე და ღამე ებრძოდა სიკვდილს პატარა ნინო, ორი დღე და ღამე არ გადასულა სოფელი ვახტანგის ეზოდან, არ დაპურებულა სოფლის წვრილ-ფეხი და არ მოწველილა ძროხები. როგორც ერთი კაცი, ისე იდგა მთელი სოფელი და ელოდნენ, რომ სიცოცხლე აჯობებდა სიკვდილს, ელოდნენ სასწაულს, მაგრამ სასწაული არ მოხდა.
მეორე დღეს, გამთენიისას, სოფელი სათითაოდ, თითო კაცად შევიდა ვახტანგის სახლში, მიუსამძიმრა ოჯახს, უკანასკნელად მოეფერა ერთადერთ დაუწვავ ლოყაზე პატარა ნინოს, რომელსაც დაკრძალვის დღემდე ასდიოდა სურნელოვანი ატმის მურაბის სუნი, და ასე თითო კაცად, ნელ-ნელა გადავიდნენ ვახტანგის ეზოდან.
დარჩა მხოლოდ ვახტანგი, ეთერი და პატარა ნინო. და დარჩა ატმის მურაბის სუნი, რომელიც ეზოდან, სახლიდან, ეთერის ტანსაცმლიდან, ნინოს სხეულიდან, ყოველი კუნჭულიდან ამოდიოდა და ჭკუიდან გადაჰყავდა ვახტანგი.
მამიკო. 2006წელი

понедельник, 1 августа 2011 г.

პირველი ბზარი

Автор: ჯუნა на 8/01/2011 0 коммент.
მიყვარს ქორწილები, შეყვარებულები, სიყვარული.
მიყვარს დედოფალი, ორსული გოგოები, პატარა ბავშვები.
მიყვარს მოსიყვარულე ცოლ-ქმარი, მზრუნველი დედ-მამა, თბილი ოჯახები.....

ქალს ისე უხდება გრძნობა, ანთებული, ციმციმა თვალები. სიყვარულისგან გაკეთილშობილებული გული ისე ალამაზებს...
ზედმეტად სენტიმენტალური ვარ და ემოციურიც ალბათ, რადგან ყველა ზემოთჩამოთვლილის შემყურეს ხან თვალზე ცრემლი მადგება, ხანაც ისტერიულად ვტირი. ბედნიერებისგან ალბათ. მიხარია სხვა რომ ისეთ სიხარულს განიცდის რისი გემოც მე ვიცი, და ალბათ შურის ნოტკებიც მეპარება, რადგან ჩემი ცხოვრება აღარაა ისეთი მშვენიერი და ფერადი როგორიც იყო. მე უფრო სასოწარკვეთილი ქალი ვარ. ისეთებს დავემგვანე ვერასდროს რომ ვერ ვუგებდი: ცოტა დაბოღმილებს, შურიანებს და სასოწარკვეთილებს. სხვისი ბედნიერების შემყურე საკუთარ უბედურებაზე რომ ტირიან და თავსაც ვერ უტყდებიან ამაში.
თავი ძლიერი მეგონა და ვცდებოდი თურმე. სიყვარულით სავსეს რომ გიღალატებენ ძალიან მტკივნეულია. რომ იცი სიცრუეში ცხოვრობ, გული გეწურება და წერტილის დასმასაც ვერ ბედავ. მისგან ისე რომ გინდა ბევრი ყურადღება და სიტკბო და თან მისი ნათქვამი არცერთი თბილი სიტყვის არ გჯერა....
ვორმაგდები, ვორჭოფობ, თავს ვებრძვი და არც ვიცი უნდა ვაპატიო თუ არა. ვამბობდი ოჯახი იდეალური უნდა იყოს-თქო, პატარა ბზარის შემთხვევაშიც კი წერტილი უნდა დაისვას-თქო. ვერ ვუგებდი იმ ქალებს სულელურ ბრძოლას რომ იწყებენ და საკუთარ თავმოყვარეობას ფეხქვეშ თელავენ. მაგრამ თურმე იოლია მსჯელობა მაშინ, როცა ეს შენ ჯერ არ შეგხებია, და ძალიან რთულია ცხოვრებაში დათმო და შეგნებულად გაუშვა ის, ვინც ასე ძალიან გიყვარს და ვის გარეშეც შენი ცხოვრება ვერასდროს წარმოგედგინა. დავცინოდი ხოლმე იმ "ქენქერა" ქალებს ცუდ კაცებს რომ მისტირიან და თავის ფასი არ იციან, მაგრამ მე თვითონ ამდენი ფიქრით გაბრუებული, ალბათ მალე გავხდები სასაცილო, რადგან უსუსური ბავშვივით ტირილით მაინც მინდა შემიცოდოს საყვარელმა ადამიანმა და თვითონ მომცეს იმის საშუალება და საბაბი რომ ვაპატიო....

პ.ს. რადგანაც ჩემ ბლოგს ბოლო დროს ბევრი ნაცნობი თუ ნათესავი კითხულობს, უნდა ვთქვა, რომ ეს პოსტი არ არის პირადი და ჩემს ცხოვრებას არ ასახავს, უბრალოდ ძალიან გული მტკივა, როცა ისეთი ოჯახები ინგრევა, რომლებიც მე იდეალური მეგონა.... ვიცი ძალიან ბანალურია, მაგრამ გული მტკივა იმ ადამიანების მაგივრად, ოჯახისთვის რომ ცხოვრობენ და სამაგიეროდ ღალატს იმკიან. მეუღლეებს რომ ფეხქვეშ ეგებიან, გულით უყვართ, უვლიან, ლამაზ შვილებს უჩენენ/უზრდიან, ერთ დღესაც კი იმის მაგივრად რომ ის სათაყვანოდ გაიხადონ - თავს უსარგებლოდ აგრძნობინებენ. ალბათ ეს ძალიან მტკივნეულია :(

пятница, 15 июля 2011 г.

ყველაფერი თავდაყირა :)

Автор: ჯუნა на 7/15/2011 3 коммент.
ხომ არის რაღაც ეტაპები ყველა ადამიანის ცხოვრებაში, როცა ერთი რომელიღაცა ფაზა მთავრდება და იწყება განსხვავებული, რადიკალურად სხვა ცხოვრება.
ჩემი სხვა ფაზა დაიწყო ალბათ სამშობიაროში, როცა მეორე თუ მესამე ღამეს ბავშვი მე დამიტოვეს. ნაოპერაციები, ტკივილისგან, ემოციებისგან თუ არ ვიცი რისგან დაღლილი, ვითიშებოდი ისე მეძინებოდა, ბავშვი კი გაუთავებლად ტიროდა და ვერაფრით ვაჩერებდი. ის ღამე როგორღაც გავათენეთ, შემდეგ ღამეს კი დავიბარე ექთანი და ბავშვი გავატანე, რომ მოშივდება მაშინ მომიყვანეთ-თქო და, კმაყოფილი იმით რომ საქმე გავაკეთე, მოვემზადე ტკბილად დასაძინებლად, მაგრამ... თვალი რამდენჯერ მოვხუჭე იმდენი ჩემი პატარა შოშია მომელანდა პირდაღებული:) როგორ ტიროდა და ვერ ამშვიდებდნენ. ვიწექი ცოტა ხანი, იქნებ დავისვენო-თქო, მაგრამ სინდისი სულ უფრო და უფრო მქენჯნიდა, თავი "არადედად" ვიგრძენი:) ძლივს წამოვდექი და მივლასლასდი დერეფნის ბოლომდე. კარი შევაღე და დავინახე უამრავი ახალდაბადებული:) ჩემი შვილი მშვიდად იწვა და ეძინა.
ახლა ჩემი პატარა სულ რაღაც 3 კვირისაა და ჩემი რეჟიმი უკვე თავდაყირა დააყენა. ჩემს ნებაზე აღარაა არც ჩემი კვება, არც ძილი, არც სახლსგარეთ გასვლა... მთლიანად ვემორჩილები ამ პატარა კაცუნას, რომელიც ვერც კი ხვდება რამდენი რამე შეცვალა. მთელი 9 თვე ველოდებოდი მას და წარმომედგინა როგორ მოვეფერებოდი, მეყვარებოდა, როგორ გავზრდიდი, მაგრამ არასოდეს მიფიქრია თითოეულ დღეზე, რომლის გავლაც მოგვიწევდა ჩვენ ერთად. არა, ვერაფრით ვიტყვი რომ უპასუხისმგებლოდ მოვეკიდე რამეს, ან გაუაზრებლად. პირიქით.... მე მზად ვიყავი ამისთვის.
ჩემს ოჯახში გაჩენილან პატარები და მიყურებია როგორ იზრდებიან ისინი. ვეფერებოდი, ვათამაშებდი, მაგრამ მომტირალი, რასაკვირველია, გამყავდა დედასთან და თურმე როგორი განსხვავებული ყოფილა შენი შვილი :) მთლიანად შენი, შენზე მონდობილი. ყველაფერზე წინ რომ დგას, რომ შეგიძლია ყველაფერს გადაახტე, ყველაფერი გადალახო და დათმო. რომ არ გიღირს არც ჭამა, არც ძილი მის ტირილად. გული რომ გედუღრება როცა ტკივა და წესიერად არც კი იცი რა... როგორ ვიბნევი ამ დროს და არ ვიცი რა ვაკეთო...
მოკლედ... ვწვდები ნელ-ნელ დედობის არსს :)

воскресенье, 3 июля 2011 г.

როგორც იქნა დავიბადეთ :)

Автор: ჯუნა на 7/03/2011 7 коммент.
გამარჯობათ ჩემო მკითხველებო. როგორც იქნა აქ ვარ და როგორც იქნა უკვე დედიკოს ამპლუაში :) 21 ივნისს შეგვეძინა ბიჭი, თემო ლოლაძე, 3.600კგ და 51სმ.
ისე რომ არც არაფერს ვეჭვობდი, 21-ში დილით მივედი კონსულტაციაზე, აბსოლუტურად მოუმზადებელი და სამშობიარო ტკივილების გარეშე. გამსინჯეს, მითხრეს რომ მშობიარობა უკვე ძალიან მალე დაიწყებოდა, მაგრამ არ ვიცი რა დამემართა. ალბათ თვითონ გასინჯვის პროცესი იყო იმდენად მტკივნეული და ისე შემეშინდა, 9თვე რომ მშობიარობაზე თავს ვიკლავდი, ჩემთვის მოულოდნელად გამოვუცხადე ექიმს საკეისრო მინდა-თქო. გამიკეთეს ეხო, მითხრეს რომ ბავშვი იყო დიდი, 4.100კგ და თანაც ჭიპლარი ქონდა შემოხვეული, სავარაუდოდ მშობიარობა გამიჭირდებოდა. გადაწყდა საკეისრო, თანაც იმ დღესვე, რადგან ტკივილები მალე დაგეწყებაო. სახლშიც კი არ გამომიშვეს, ამიღეს ანალიზები, გამატარეს და ამიშვეს მოსამზადებლად. დამიბინტეს ფეხები, დამისვეს უამრავი კითხვა, გამესაუბრა ანესთეზიოლოგი და 5სთ-ზე შემიყვანეს საოპერაციოში. მარტო ფილმებში მქონდა ასეთი რამეები ნანახი: საოპერაციო მაგიდა, დიდი მრგვალი ნათურებიანი რაღაც... დამაწვინეს, ხელები გამაშლევინეს და ბინტით გამიკრეს, ამიღეს ვენა და დამიდგეს რაღაც გადასხმასავით, ფეხებიც გადამიკრეს მაგიდაზე, წამისვეს უამრავი იოდი მუცელზე, ბოლოს მკერდთან ჩამომაფარეს რაღაც შირმასავით, ისე რომ ვეღარ ვხედავდი საკუთარ მუცელს, მხოლოდ ვგრძნობდი როგორ მალაგებდნენ ზედ რკინის იარაღებს. გავიგონე ექიმის ხმა დავიწყეთო, ანესთეზიოლოგი თმებზე მომეფერა, მითხრა ნუ გეშინია, როცა გეტყვი დაიძინეო, თუმცა მისი ხმა მე აღარც გამიგონია. თვალები წამებში ამერია და წავედი დაუმთავრებელ ლაბირინთებში... რაღაცებს წრეებს ვურტყამდი, ხმებიც მესმოდა არეული, ვფიქრობდი მალე დაიწყონ ოპერაცია სად მატარებენ ამდენს-თქო, დაუმთავრებელი თეთრი ლაბირინთები იყო.... 17:30 წუთზე დაიბადა ჩემი პაწაწუნა :) საოპერაციოდან ინტენსიურში ჩემ ქმარს გადავუყვანივარ, ნუ პალატის საწოლში. მე წამებით თვალები გამიხელია და დედაჩემისთვის მიკითხავს: დე კაი ბავშვია-თქო? :) გამოვედი ნარკოზიდან საკმაოდ იოლად. საშინელი შეგრძნებაა რომ გინდა თვალები გაახილო, აღარ დაგეძინოს, მაგრამ არაფერი გემორჩილება. ხმაც თითქოს შენი არაა, თვალებიც ბინდგადაკრულივით გაქვს. საკუთარი ხმა ვერ ვიცანი, ამოვილუღლუღე ბავშვი მაჩვენეთ გეხვეწებით-თქო. მომიყვანეს გაკრული, პატარა... როგორ არ ვცდილობდი წესიერად დამენახა, ლამის ხელით ვიკავებდი თვალებს, მაგრამ მაშინ ვერაფერი გავარჩიე ისე ვიყავი გაბრუებული. ცოტა ხანში უკვე ყველა ვნახე :) ჩემი პატარაც, გიოც, დედაჩემიც, დედამთილიც..... ალბათ ვერაფერი მოგანიჭებს ოდნავ მსგავს ბედნიერებასაც კი ცხოვრებაში... მარტო რომ დავრჩით და ვაკვირდებოდი... აღვიქვამდი რომ ეს მყავდა მე მუცელში, ეს მე გავაჩინე, ეს იყო ჩემი და გიოს შვილი... ცრემლებად ვიღვრებოდი, რაღაცეებს ველაპარაკებოდი ბავშვს, ჭკუას ვარიგებდი :) მერე იყო კიდე 4 დღე სამშობიაროში. რათქმაუნდა ტკივილები. ჯერ წამოდგომაც არ შემეძლო, განძრევაც კი. მერე წელში გასწორება ვერ შევძელი დიდხანს. იყო უძილო ღამეები ბავშვის გამო. ვერ ჭამდა, რადგან მითხრეს ჯერ კარგად ძუძუს ვერ წოვსო, ბავშვთან ერთად მეც ვტიროდი, ალბათ უსუსურობისგან, მაგრამ მალე ისევ ერთად ვიძინებდით :) დღეს უკვე 12 დღის ვართ :) ლოყები დაგვეტყო, ღაბაბიც ჩამოგვივიდა :) მეც ნაკერები ამომიღეს, სიარულიც აღარ მიჭირს. ერთმანეთს შევეჩვიეთ, ასე თუ ისე მშვენივრად გვესმის ერთმანეთის :) ვართ მშვიდად და ვიზრდებით :)

суббота, 18 июня 2011 г.

ჯერ ისევ ორსული.....

Автор: ჯუნა на 6/18/2011 4 коммент.
რამდენჯერ გავხსენი ახალი პოსტის დასაწერად ფანჯარა და ისევ ჩავხურე... აღარ მინდოდა კიდევ ერთი პოსტი ორსულის სტატუსით, მაგრამ როგორ გაიწელა ეს პროცესი :( ბოლო თვე, მოლოდინით სავსე, საშინელება ყოფილა. ყოველ წამოტკივებაზე რომ ყუჩდები და სამშობიარო ტკივილები გელანდება, ღამე სულ ბავშვი და მშობიარობა გესიზმრება. google-ში ვეძებ სტატიებს შინაარსით: როდის ვიმშობიარებ, როგორ გავიგო რომ მალე ვმშობიარობ.... :) მშობიარობაც დავიჯინე, რაღაც აკვიატებული მაქვს, მაინტერესებს ეს ტკივილები, თვითონ პროცესი, როგორ ჩნდება ახალი სიცოცხლე, რა განცდაა შვილის დაბადება... თორემ გავიკეთებდი საკეისროს, სრულიად უმტკივნეულოდ, უცებ მეყოლებოდა ბაია და აღარც მოლოდინი დამღლიდა.

ვკითხულობ სტატიებს, რომლებშიც აღწერილია ის "პრიზნაკები", რომლების თანახმადაც მალე იმშობიარებ, ყველა მათგანს ვაკმაყოფილებ, მაგრამ წინსვლა მაინც არ გვაქვს :)
ისიც მაბნევს და მაცოფებს, რომ ისიც არ ვიცი ზუსტად რამდენი კვირის ვარ... ჩვენი ძვირფასი ექიმები ხომ მუდმივად ერთმანეთის აზრს არაფერში იზიარებენ... ზოგის ეხოთი 38 კვირის ვარ, ზოგის - 39-ის და ერთი სრულიად დარწმუნებულია რომ 41 კვირას გადავცდი.... ხოდა ვეღარც ის გავიგე ბავშვი რომ ჯერ არ იბადება ნორმალურობაა თუ უკვე უნდა მეშინოდეს... ხანდახან ბავშვსაც ვეხვეწები უკვე მალე გამოდი-თქო, მაგრამ არ ესმის... :)
იმედია მალე დამთავრდება ეს მოლოდინით სავსე ერთფეროვნება და ღმერთის ნებით გაჩნდება ჩემი ყველაზე ლამაზი და ჭკვიანი სიყვარულის ნაყოფი :*

понедельник, 6 июня 2011 г.

დღეს ჩემი მამიკოს დაბადების დღეა და პირველი ცრუ განგაში

Автор: ჯუნა на 6/06/2011 5 коммент.
დღეს ჩემი მამიკოს დაბადების დღეა. იგი 43 წლის გახდებოდა. იმდენად გადატვირთული ვარ ემოციებით, წერას თავს ვერ ვაბავ. წუხელ სამშობიაროში წამიყვანეს და მთელი ღამე იქ გავათიე... ლამის ბიჭი დავამთხვიე მის დაბადების დღეს, მაგრამ ცრუ განგაში აღმოჩნდა ალბათ, რადგან ახლა სახლში ვზივარ და ვწერ... მე თვითონ ვხდები მშობელი, ისეთი, როგორიც ის იყო ჩემთვის და ისე მინდა ჩემს შვილს ისევე ძლიერად ვუყვარდე, როგორც ის მიყვარს მე.

აღარ მინდა ამაზე წერა... უბრალოდ ცრემლებამდე მწყდება გული, რომ ვერ მხედავს როცა ორსული ვარ, არ მყავს გვერდით, როცა დედობისთვის ვემზადები, სამშობიაროში მივდივარ... ვერ ნახავს ჩემს შვილს. და ვერ გაიზიარებს ჩემი პატარა ჩემს იმ დიდ სიყვარულს, რასაც მე მისდამი გულით ვატარებ. ისე მჭირდება მისი გამხნევება ზოგჯერ, მისი ხმა, სიტყვები, თვალები.... გუშინ ბიძაჩემი ჩამოვიდა და რამდენიმე წუთი თვალებში მივაშტერდი. მინდოდა მეგრძნო მისი გამოხედვა...

"ჩემო ჯუნაჩია!
გწერს შენი მამიკო, რომელსაც ძალიან, ძალიან ენატრები. მე დიდი იმედი მაქვს იმისი, რომ შენ მართლა ისეთი კარგი გოგო ხარ, როგორც ამბობენ. აბა შენ იცი. ჩემთვისაც, შენი დედიკოსთვისაც და ყველასთვის ვინც შენ გიყვარს და ვისაც შენ უყვარხარ, დიდი სიამაყე არის და იქნება რაც უფრო და უფრო კარგი გოგო იქნები. კარგი გოგო ხარ თუ მეოთხე კლასს 5-იანებზე ამთავრებ, მაგრამ შენ ხომ იცი, რომ მარტო ეს არ კმარა. ნამდვილად კარგი გოგო იქნები, თუ სკოლასაც და მერე ინსტიტუტსაც სულ 5-იანებზე დაამთავრებ. მე შენი მჯერა და შენი იმედი მაქვს.
ისე, შენ რომ იცოდე, მარტო კარგი სწავლაც არაფერს არ ნიშნავს. პირველ რიგში ადამიანი უნდა იყო, უნდა დაუჯერო უფროსებს, უნდა იყო თავაზიანი, ზრდილობიანი, ისე რომ ყველამ თქვას: ნეტავი ამის დედას, რომ ასეთი კარგი შვილი გაუზრდიაო.
გკოცნი ბევრს, ბევრს, ლამაზ და ჭკვიან თვალებში"
შენი მონატრებული მამიკო

09.05.2000

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review