აზრი, რომელიც მინდა ამ პოსტში ჩავდო, ძალიან დიდი ხანია თავში მიტრიალებს. ამაზე ვფიქრობდი ჯერ კიდევ მანამ, სანამ გავთხოვდებოდი ან საერთოდ გავიცნობდი გიოს. მაშინ ვცხოვრობდი მოსკოვში, ვსწავლობდი, ვმუშაობდი და ბევრს ვფიქრობდი საკუთარ კარიერაზე, მომავალ ცხოვრებაზე. მაშინდელ ჩემს გეგმებში რასაკვირველია არ შედიოდა არც სიყვარული, მითუმეტეს არც გათხოვება და არც შვილი. მე ვფიქრობდი, რომ გათხოვება არის თავშესაფარი სუსტი ქალების, რომლებიც საკუთარი ძალებით ვერაფერს აღწევენ ცხოვრებაში და რაღაც ეტაპზე ირჩევენ ამოეფარონ მეუღლის ძლიერ მხარს. რათქმაუნდა ეს სისულელეა და ამას მალევე მივხვდი. სიყვარული პირიქით – სტიმულია, რომლის გარეშეც ალბათ აზრი არ აქვს არანაირ წინსვლებს კარიერაში, ზოგადად ცხოვრებაშიც, რადგან ერთხელაც თავს იგრძნობ მარტოსულად და ყველაფერი აზრს დაკარგავს. სულ სხვა მხარეს წავედი.
ამ ფიქრებისკენ მიბიძგა იმან, რაზეც ახლაც ხშირად ვფიქრობ. მთელი შეგნებული ცხოვრება მეშინია ჩამოუყალიბებელი ცხოვრების, აუსრულებელი სურვილების, განუხორციელებელი იდეების... მეშინია რომ ცხოვრება უცებ გაიფრენს... ერთ დღესაც ყოველდღიური პრობლემებით დატვირთული გამოვფხიზლდები და აღმოვაჩენ, რომ უკვე ასაკში ვარ და ვერაფერს მივაღწიე, არ შევდექი როგორც სრულყოფილი ადამიანი, ვერაფერს მივაღწიე საკუთარი შრომით და გადავყევი სახლის ლაგებას ან სადილების კეთებას.
ახლა მარტინ იდენს ვკითხულობ და ისე ნაცნობია ზოგიერთი განცდა, რომელსაც ის აღწერს. გრძნობს რომ რაღაც ძალა აქვს, რომ სხვებისგან განსხვავებულია, რომ ბევრად მეტი შეუძლია იყოს ვიდრე არის. ეს ჩემთვის ნაცნობია, რადგან დიდი ხანია ამაზე ვფიქრობ. მე ვიცი, რომ მე ბევრი რამე შემიძლია, ბევრის მიღწევა შემიძლია და არა ფულისთვის ან კარიერისთვის, არამედ იმისთვის, რომ ჩემი საკუთარი მე იყოს კმაყოფილი და გამუდმებით არ ვგრძნობდე სულის ფორიაქს.
მე ბევრჯერ მინახავს ქალი 40–50–60 წელს გადაშორებული, ჩემთვის პატივსაცემი, რადგან ცხოვრება გაატარა ისე, როგორც შეეფერება ნამდვილ დედას თუ ბებიას. ისინი საღამოობით, ყოველი საქმის შემდეგ უყურებენ გადაცემებს, ფილმებს, ცხოვრობენ სხვისი ცხოვრებით და გულის ტკივილით გრძნობენ რომ მათი სურვილები დარჩა წარსულში, მათ ცხოვრებაში აღარ მოხდება სასწაული და იგი დასრულდება ისე, როგორც მიმდინარეობდა ბევრი წლის განმავლობაში. მე ვუყურებ ამას და საშინლად არ მინდა ასეთი ვიყო 30–40 წლის შემდეგ.... მე მინდა ვიცხოვრო სრულყოფილი ცხოვრებით, ვიმოგზაურო იქ, სადაც მინდა, თავს ვგრძობდე კიდევ ერთხელ ვიტყვი სრულყოფილად, გამოლეულად, მშვიდად და ძალიან არ მინდა არასოდეს გამიჩნდეს გრძნობა, რომ ვერაფერი მოვასწარი.... რომ ტყუილად ვიცხოვრე...
16 წელი
-
უკვე თექვსმეტი წელია, ბლოგი მაქვს. წარმოგიდგენიათ? თექვსმეტი წელი! ძალიან
დიდი დროა. წარმოუდგენელია, რომ ამდენი დრო გავიდა, მაგრამ თან ძველ პოსტებს
რომ ვ...
месяц назад
1 коммент.:
Отправить комментарий