среда, 10 августа 2011 г.

მამაჩემის მოთხრობა

Автор: ჯუნა на 8/10/2011
მთის კალთაზე შეფენილ, პატარძალივით ლამაზ და კოხტა სოფელ "თამარის მკერდში" ყველასაგან გამორჩეული ვახტანგ ხმალაძის ოჯახი ცხოვრობდა. ვახტანგისა და მისი მეუღლის ეთერის მონდომებითა და მუხლჩაუხრელი შრომით ოჯახი დღითი დღე ძლიერდებოდა. ავ თვალს არ ენახვებოდა მათი მოვლილი, დასანსალებული, ჯიქან დატიკინებული ძროხები, დეკეულები, მოზვრები... მთელ ეზოს ეფინებოდა ეთერის წვრილ-ფეხი. თვლა არ ჰქონდა წიწილებს, ჭუკებს, იხვებს, ბატებს.
მათ მყარ ოჯახში სუფევდა სიყვარული, სიმშვიდე, პატივისცემა და ბედნიერება, თუმცა...
დღეს მათ ეზოში არ იდგა ბალღების სიცილ-კისკისი, არც გაჯიუტებული ან დასჯილი ბავშვის ტირილი ისმოდა დროგამოშვებით. არავინ იყო დასასჯელი და არც მოსაფერებელი.
მთელმა სოფელმა იცოდა იმ ტრაგედიის შესახებ, რომელიც მათ ოჯახში დატრიალდა რამდენიმე წლის წინ. ყველამ იცოდა როგორ დაკარგა ოჯახმა ერთადერთი იმედი და სიხარული - პატარა ნინო. მთელი სოფელი ტიროდა მის დაკრძალვაზე, მხოლოდ ვახტანგის თვალს არ მოსწყვეტია ერთი ცრემლიც. გახევებული იდგა 3 წლის ბავშვის ცხედართან მაღალი, გაუპარსავი, შავი პერანგით, დაკოჟრილი ხელებით და უაზრო სახით.

***

ზაფხულის ხვატი ჩამომდგარიყო სოფელში. მოედნიდანაც კი აღარ ისმოდა ბავშვების ჟრიამული. ბურთი გვერდით მიეგდოთ, თვითონ კი თუთის ჩრდილში შეყუჟულიყვნენ. ანეკდოტებს ყვებოდნენ, ტყუილ-მართლით ბერავდნენ ერთმანეთს, შეექცეოდნენ მეზობლის ბოსტანში მოპარულ კიტრებს, საადრეო ყურძენს და თან გეგმებს აწყობდნენ თუ ვინ შეიპარებოდა ხმალაძეების ბაღში ლოყაწითელა ატმების მოსაპარად.
ეთერს კი შუა ეზოში ცეცხლი გაეჩაღებინა, ზედ ქვაბი შემოედგა, სახლის ჩრდილში იჯდა და ატამს თლიდა. დროგამოშვებით ვახტანგს ახსენებდა მარანში წასულიყო და სამურაბე ქილები გადაერჩია.
ეთერი თითქმის უკვე მორჩა ატმის გათლას, კანებით სავსე გობი გვერძე გადადგა, დანა ბოლოს გათლილ ატამს დაასო, წინსაფარი მოიხსნა და შეამჩნია, რომ ვახტანგს ჩასძინებოდა. გასაღვიძებლად შეებრალა უთენია ამდგარი, მთელი დღის ნაჯაფი მეუღლე, იფიქრა მურაბის მოხარშვამდე მოვასწრებ, მე თვითონ მოვიტან ქილებსო და მარნის კარებში გაუჩინარდა. გავიდა მხოლოდ 5 წუთი.
ეთერს მუხლები გაუყინა ბავშვის საბრალო წივილმა. ვერც კი დაიჯერა, რომ ეს ნინოს ხმა იყო ასეთი განწირული, მაგრამ ვახტანგის ღრიალიც რომ გაიგონა, რაღაც ძალამ თითქოს ბურთივით გამოაგდო მარნიდან. წუთში ქვაბთან გაჩნდა და დაქცეული მურაბის, ნინოს დამწვარი სხეულის დანახვამ არაადამიანური ხმა ამოიყვანა მისი პირიდან. ცა გახია ეთერის კივილმა და მთელი სოფელი შეყარა. ტიროდა ყველა.... უხმოდ, უსიტყვოდ. მხოლოდ ნინოს კვნესა ისმოდა.
ორი დღე და ღამე ებრძოდა სიკვდილს პატარა ნინო, ორი დღე და ღამე არ გადასულა სოფელი ვახტანგის ეზოდან, არ დაპურებულა სოფლის წვრილ-ფეხი და არ მოწველილა ძროხები. როგორც ერთი კაცი, ისე იდგა მთელი სოფელი და ელოდნენ, რომ სიცოცხლე აჯობებდა სიკვდილს, ელოდნენ სასწაულს, მაგრამ სასწაული არ მოხდა.
მეორე დღეს, გამთენიისას, სოფელი სათითაოდ, თითო კაცად შევიდა ვახტანგის სახლში, მიუსამძიმრა ოჯახს, უკანასკნელად მოეფერა ერთადერთ დაუწვავ ლოყაზე პატარა ნინოს, რომელსაც დაკრძალვის დღემდე ასდიოდა სურნელოვანი ატმის მურაბის სუნი, და ასე თითო კაცად, ნელ-ნელა გადავიდნენ ვახტანგის ეზოდან.
დარჩა მხოლოდ ვახტანგი, ეთერი და პატარა ნინო. და დარჩა ატმის მურაბის სუნი, რომელიც ეზოდან, სახლიდან, ეთერის ტანსაცმლიდან, ნინოს სხეულიდან, ყოველი კუნჭულიდან ამოდიოდა და ჭკუიდან გადაჰყავდა ვახტანგი.
მამიკო. 2006წელი

Комментариев нет:

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review