არის მომენტები ცხოვრებაში, რომლებიც არავის უნდა მოუყვე, არავის გაეხსნა, არც არავის აგრძნობინო და თავი ისე დაიჭირო თითქოს ეს შენ არ გადაგხდენია. იმიტომ კი არა რომ ეს სამარცხვინოა, უბრალოდ იმიტომ, რომ ეს შენია და არც არავის უნდა ამის მოსმენა. ალბათ იმიტომ, რომ შესაბამისი სიტყვები არ აქვთ შენს გასამხნევებლად ან იმიტომ, რომ შენ თვითონ არ გინდა შეგიცოდონ ან იფიქრონ რომ შეცოდებისთვის ლაპარაკობ.
არადა ისე გინდება ზოგჯერ გახსენება, უბრალოდ გულის მოფხანა, ტირილი ცრემლების გამოლევამდე..... როცა ეს შენი ტრაგედიაა და არ იცი ამას რა უყო, სად დაიტიო, როგორ შეინახო.
ასე ვამბობ მაგრამ ალბათ ვერც შევძლებ ვერასდროს ვინმეს ამაზე ასე ველაპარაკო... არც ასეთი ძლიერი ვარ ალბათ.
მე უბედური ვარ როცა ეს მახსენდება, მაგრამ ალბათ არც მინდა ეს ემოცია სადმე დავკარგო. უბრალოდ მინდა ტკივილი მინელდეს, მიყუჩდეს....
გარდაცვლილ მამაჩემს პირველად მე შევხედე. დივანზე იწვა, ცალ ცალკე მახსოვს დეტალები. თვალებზე ხელი ამაფარეს და სხვა ოთახში გამიყვანეს. თან მითხრეს აღარ მეკივლა, არც ხმამაღლა მეტირა, რადგან მეზობლები პოლიციას გამოუძახებდნენ. მახსოვს ყურძენი იდო რომელსაც მამაჩემი ჭამდა თურმე სიკვდილის წინ. კიდევ მახსოვს ვიხრჩობოდი ემოციებისგან, მაგრამ დამლაპარაკებელი არავინ იყო. აარაადეკვატურიც ვიყავი მახსოვს, დედაჩემი მახსოვს ჩაკეცილი, ვერც მივუახლოვდი, ისე შემეშინდა რამე არ მოსვლოდა.
არ მახსოვს სად ვიყავი როცა მამაჩემი წაიყვანეს მორგში. მახსოვს ის, რომ იმ ღამეს იმ დივანზე დავწექი სადაც მამაჩემი იწვა და ცრემლები მახრჩობდა.
მერე მორგი მახსოვს გადმოსვენების წინა დღეს მგონი, როცა მამაჩემი ვერ ვიცანი და ვამბობდი ეს მამაჩემი არაათქო.
იქ ხალხიც იყო, მეგობრები, რომელთა რეაქციაც აღარ მახსოვს.
გზა არ მახსოვს საერთოდ.
არც თვითმპრინავი ერევნამდე, არც მერე გზა საქართველომდე.
ჩემი ჩიხი მახსოვს, მანქანიდან რომ გადმოვედი და ვიღაც ჩამეხუტა. ახლაც არ ვიცი ვინ იყო მაგრამ უკვე დამშვიდებული ვტიროდი. უკვე ვიცოდი რომ სახლში ვართ.
პირველ პანაშვიდზე მახსოვს კინაღამ გავგიჟდი ამდენი ხმამაღალი სიტყვებისგან, ბებიაჩემის ტირილისგან და ვთქვი როდის დამთავრდება ეს აღარ შემიძლია მეტითქო და ნათლიაჩემმა მითხრა ნუ ამბობ მერე ესეც კი მოგენატრებაო. მაშინ ვიფიქრე რა უნდა მომენატროს, გაგიჟდათქო....
ისე მენატრება... პანაშვიდებიც კი მენატრება რომ ვიტირო ვიტირო თუნდაც მკვდარს შევხედო, ვიგრძნო რომ მკვდარი მაინც არის გვერდით.
პანაშვიდები არ მახსოვს საერთოდ. ავტომატურად ვესალმებოდი წლების უნახავ ხალხს და თუმცა მაშინ მეგონა კარგად ვართქო, ახლა ვხვდები რომ არაადეკვატური ვიყავი ალბათ, რადგან საერთოდ არ მახსოვს ის დღეები.
არც არაფერია ალბათ ეს თქვენთვის, სხვისთვის, მაგრამ ჩემთვის ეს დღეები, ყველაფერი რაც იმ დღეებიდან მახსოვს ძალიან ბევრია.
ეს ყველაფერი ერთმა გაგონილმა ანალოგიურმა ამბავმა გამახსენა თორემ მე ამას ვმალავდი... საგულდაგულოდ გულის სიღრმეში და არც ვაძლევდი თავს უფლებას ასე ერთად ყველაფერი გამეხსენებინა. მითუმეტეს დამეწერა.
ვიტირე დღეს. ემოციებს ავყევი.
არ ვიცი რა ვუქნა ამ მოგონებებს. ერთის მხრივ მძულს ამის გახსენება, ერთის მხრივ მენატრება და ამით ვიქარვებ ალბათ.
არ უნდა დამეწერა ალბათ
მაგრამ მაინც ვაქვეყნებ
16 წელი
-
უკვე თექვსმეტი წელია, ბლოგი მაქვს. წარმოგიდგენიათ? თექვსმეტი წელი! ძალიან
დიდი დროა. წარმოუდგენელია, რომ ამდენი დრო გავიდა, მაგრამ თან ძველ პოსტებს
რომ ვ...
месяц назад
1 коммент.:
დამბურძგლა :(( აი ძალიან მძიმე და საოცრად მოციური პოსტია. რაღაც მომენტში კარგია, რომ გადმოალაგე... მაგრამ მეორეს მხრივ არ შეიძლება შენთვის ამდენი ნერვიულობა...
Отправить комментарий