Показаны сообщения с ярлыком გრძნობა. Показать все сообщения

воскресенье, 10 мая 2015 г.

ერთი ნახვით მიყვარხარ

Автор: ჯუნა на 5/10/2015 0 коммент.
          ერთი ნახვის შეყვარების გჯერა? მე სხვანაირი სიყვარულის არ მჯერა... რომ დადიხარ, იცნობ, თითქოს გულს აძალებ, მასში კარგ თვისებებს ეძებ, მერე იგრძნობ ვითომ და შეგიყვარდა.... თითქოს და შეეჩვიე.... ფიქრობ პრაგმატულად და მსჯელობ გონებით: როგორ გამოგადგება, როგორი იქნება.... ეს რანაირი სიყვარულია.... საყოფაცხოვრებო, ჩუმი, ოჯახური, ცუდი არა, მაგრამ.... მდგარი და მდუმარე.
          სიყვარულია რომ შეხედავ და მიხვდები, რომ არ არსებობს სამყარო მის გარდა;
          სიყვარულია როცა განცდა არ გტოვებს, რომ მთელი ცხოვრებაა იცნობ, წინა ცხოვრებაშიც ერთად იყავით და ერთად გადიოდა დღეები და ღამეები ერთმანეთში ძრომიალში;
          სიყვარულია თვალებში მისი სულის ამოკითხვა რომ შეგიძლია და იქედან მოდის მთელი სამყარო შეგრძნებებისა: სითბო, გრძნობა, უსიტყვო გაგება, პეპლების ზღვა.....
          სიყვარულია მისი ღიმილის და ხალისის დაკარგვა რომ კატასტროფაა სრული;
          როცა სულის ყველა კუნჭულს იცნობ და იცი მისთვის რის შემდეგ რა მოდის.... რა თანმიმდევრობით, რა როგორ უყვარს, რა წყინს და რა ახარებს, რა აბედნიერებს, რას ვერ თმობს და რა აღიზიანებს;
          და თუნდაც ბევრ რამეში არ ეთანხმებოდე - ეშმაკსაც წაუღია შენი სიამაყე, არ არსებობდეს ჭეშმარიტება გარდა მისი მოსაზრებისა. რატომ?? საკმარისი მიზეზია: მას უნდა ასე.

          მისი ყელის მარჯვენა ბორცვთან ამოდის მზე, ნელ-ნელა გათბობს სველი თითებით, მოტკბო ტუჩებით, ცივი ლოყებით.... სურნელოვანი და თბილი პეპლები ფრენას იწყებენ მუცელში შიგნით.... და შენ ის არის და ის შენ ხარ, ორია მაგრამ ერთ სულ და ერთ ხორც, შენი წილი და შენი სულ შენი, მისი ნეკნისგან შთაგბერეს სული, ალბათ მიტომაც შენთან ახლოს თუ ჩაისუნთქავს - ამოსუნთქვასაც შეძლებ მარტივად, მისი ჰაერით, მასში ნამყოფით.

вторник, 24 февраля 2015 г.

რა მათბობს და რას ვეძებ....

Автор: ჯუნა на 2/24/2015 0 коммент.
          ყველაზე მეტად რა შეიძლება გათბობდეს ამ სამყაროში.... იტყვით ბედნიერებაო. რა ფანატიკოსი და არაფრის მომტანი რომანტიზმით სავსე ადამიანების მოგონილია ეს ბედნიერება. როგორც წამი რომ არსებობს მხოლოდ და შურით ბერავს ადამიანთა მოდგმას, თავის თავს ანატრებს და ცრემლს ადენს მისი დამორჩილების სურვილით გულანთებულებს. განა შეიძლება ვინმე მუდმივად ბედნიერი იყოს.... განა იმიტომ არ არსებობს ბედნიერება რომ მუდმივად სანატრელი, საძიებელი და მიუწვდომელი იყოს ჩვენთვის.... განა ჩვენი ჯვრის სატარებლად და მუდმივად წვალებით აღმართ-აღმართ ფორთხვისთვის არ ვართ ჩვენ - ადამიანები გაჩენილები.....
          მე ყველაზე ნაკლებად ბედნიერებას ვეძებ.... არ მჭირდება იგი იმისთვის, რომ საკუთარი არსებობის აუცილებლობა შევიგრძნო დედამიწაზე. არ მჭირდება იგი იმისთვის, რომ ვინმე მიყვარდეს და არც ჩემი სიყვარულის აუცილებელ შედეგად მევლინება ეს ე.წ. ბედნიერება.....
          აბა რა მათბობს? წამი..... აი სულ წამით რომ ის გამახსენდება ვინც ჩემია.... ირგვლივ ყველაფერი გაქრება, ჩემი თვალები ტვინის იმ უჯრედს მიაშტერდება, რომელიც მისტიურად უზრუნველყოფს ჩემი და ცნობილი ,,ჩემის" ერთად ყოფნას.... და ყოველივე ეს წარმოშობს ღიმილს :)
          დაგინახავთ ქუჩაში ადამიანი მარტო რომ მოდის და იღიმის :) ხომ უეჭველია რომ ის უყვართ. რომ მას სახლში ელიან, რომ მივა და კისერზე შემოხვევენ სითბოთი ხელებს, მზერას გაყინავენ მის თვალებში და დაიკარგებიან ძიებაში აბა რას ფიქრობს, რა უხარია.... აუცილებლად ასე იქნება, ტყუილად არ გაიღიმებდა... და ამ დროს მის ტვინში ერთმანეთის მიმდევრობით იცვლებიან  ფოტოები მისი და ვინმე ,,მისის" კარგი ცხოვრებიდან... რა შედარებითია ყველაფერი, კარგი ცხოვრებაც ხომ არ არსებობს რეალურად. ესეც მითია. ყველაფერი მხოლოდ წამია.... მხოლოდ აი ეს ერთი წამი, როცა ქუჩაში მიდიხარ და ირგვლივ არავინ არ არსებობს. არსებობ მხოლოდ შენ და შენი წარმოსახვა, რომელიც გაიძულებს რომ გაიღიმო.... მოკლედ, ეს გოგო ქუჩაში რომ მიდის და იღიმის მე ვარ. ძალიან ხშირად დავდივარ ასე მარტო და მომღიმარი და ერთ დღესაც გავაცნობიერე რომ მშვიდად ვარ.
          ამერიკა. აი რა არის მთავარი. ყველაზე მეტად რა შეიძლება მათბობდეს ამ სამყაროში? სიმშვიდე ! ბედნიერება არა. ვერ ვენდობი ვერაფერს არასტაბილურს, მოჩვენებითს.... მხოლოდ სიმშვიდე ჩემს შიგნით!

среда, 11 июля 2012 г.

როცა მთვრალი ხარ...

Автор: ჯუნა на 7/11/2012 2 коммент.
როცა მთვრალი ხარ, თავში ნისლივით იბურება ხოლმე ყველაფერი... ტვინის უჯრედები თითქოს კვამლით ივსება, იხშობა და დუნდება... ყველა პრობლემა ისეთი მარტივია და სამყარო მშვენიერი... არ არსებობენ ბოროტები, შურიანები და როგორც ზღაპრებში, სიკეთე მეფობს ყველგან.
ჩემი დიდი ხნის ფხიზელ გონებას ბოთლი ლუდიც კი დაათრობდა... თავი ნელ-ნელა სასიამოვნოდ გაივსებოდა თეთრი კვამლით და სხეულიც დაკარგავდა კონტროლს... წავიდოდი ქუჩა-ქუჩა სახეტიალოდ ნაცნობ ქუჩებში და აუცილებლად მწვავედ ვიგრძნობდი სიყვარულის სუნს.. იმდენნაირი სიყვარული იქნებოდა ჩემში... ბუშტებივით ზოგი დიდი, ზოგი პატარა, სხვადასხვა ფერის... მყვირალა წითელი და მწვანე, სტაფილოსფერი, ვარდისფერი, სალათისფერი...
მეყვარებოდა ყველა და ყველაფერი ირგვლივ. გამახარებდა ქათქათა თოვლი და ბავშვების მიტყიპნილი სასაცილო თოვლის ბაბუები მეზობელ ეზოებში.. მეყვარებოდა ყველა სულიერი ქუჩაში თავიანთი პრობლემებით და საზრუნავით. აუცილებლად გავიზიარებდი ყველას დარდს და ტკივილს და უხვად დავარიგებდი მომავლის იმედს.
მეყვარებოდა თვით სიყვარულიც თავისი კეთილშობილებით და სითბოთი. ზრუნვით ანთებული თვალებით და ურთიერთპატივისცემით.

განსაკუთრებით კი მეყვარებოდა ერთი კაცი... რომლისადმი ჩემი სიყვარული ზუსტად ვიცი იასამნისფერია :) მე ამ სიყვარულში ჩავდებდი ყველაფერს ერთად: ნდობას, სიყვარულს, დიდ მეგობრობას, ცოტა ეჭვსაც... არ ვიცი თქვენ გიგრძვნიათ თუ არა სიყვარული ასე მძაფრად...
გულს რომ ავსებს, კისერში რომ ამოდის. მასთან ხარ და კიდევ უფრო მასთან გინდა... უფრო ახლოს, უფრო შიგნით... უფრო სხვანაირად. თითქოს გინდა მასში იყო, გაერთიანდე, მის სხეულში ჩასახლდე და ერთად იცხოვროთ... მისით ისუნთქო, მისით იკვებო... იგრძნო მისი სუნი ყოველ წამს, მისი ამოსუნთქვა, ყოველი სიტყვა, მზერა...
არც კი ვიცი უნდა გისურვოთ თუ არა შეიყვაროთ ცხოვრებაში ვინმე ასე... რადგან მეჩვენება ზოგჯერ შეშლილი ვარ და თავდაკარგული... :)

пятница, 1 июня 2012 г.

გაუფრთხილდით ცოლებს !

Автор: ჯუნა на 6/01/2012 1 коммент.
ჩემს ძმას ერთი მეგობარი ჰყავს... ადრეულ ასაკში მოიყვანა ცოლი და უკვე შვილიც გაუჩნდათ. ვიცნობ, ნორმალური ბიჭია, თითქოს არაფერს აშავებს, მაგრამ სასტიკად არ მომწონს.... ისეთი კარგი ცოლი ჰყავს, ნაზი და ძალიან ლამაზი, ხუჭუჭა თმებით, ჰაეროვანი.... თვითონ კი ველური ბაბნიკი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს... ქალს რომ პატივს არ სცემს და ოჯახი, მაპატიეთ და, კიდია.... დასასვენებლად მარტო დადის, მეგობრებთან რესტორნებში ცოლი არ დაჰყავს და მარტო დასეირნობს ხან სად და ხან ვისთან....

ხანდახან ვფიქრობ ჩემგან კარგი სახალხო კი არადა, ქალთა უფლებების დამცველი დადგებოდა-თქო... ვერაფრით ვეგუები უბედურ და დაჩაგრულ ქალებს და იმდენად მძულს კაცი, რომელიც ამის მიზეზია.... ქალს პატივს არ სცემს, აგინებს, შეურაცხყოფს, ცუდ სიტყვებს ეუბნება და გულს ტკენს... არ მომწონს, როცა კაცის სიტყვა კანონია და ქალის აზრი არაფერს ნიშნავს, არ მომწონს როცა ქალი არ ერკვევა ოჯახის ფინანსებში, ვერ ვგებულობ, როცა ქალმა არ იცის სად მუშაობს და რას აკეთებს მისი ქმარი....
არ მომწონს როცა სამყარო მრგვალია და ყველაფერი მამაკაცის ირგვლივ ტრიალებს.... საჭმელი - მიართვით, ტანსაცმელი - გაუმზადეთ, ბავშვის ტირილმა - არ შეაწუხოს და პლუს ამ ყველაფერთან ერთად: ქალო მოვლილი იყავი, თორემ აღარ მომეწონები და სხვასთან წავალ...!
ისეთი სურვილი მაქვს ასეთი კაცები ვცემო... იმიტომ, რომ არ იციან ქალის ფასი, არ აქვთ სურვილი ხელის გულზე ატარონ საკუთარი ცოლი, არ მოუვათ აზრად რომ მის სამსახურზე ბევრად დამღლელია დიასახლისობა... ვერ დაინახავენ მის შრომას, არ გაუჩნდებათ სურვილი, ხელი მოკიდონ და იზრუნონ მასზე, გაანებივრონ, სიურპრიზები გაუკეთონ, არ მოენატრებათ მათი ღიმილი და გულგრილი დარჩებიან მათი ცრემლების მიმართ....  

მათ არც კი იციან ალბათ რამხელა სიყვარული შეუძლია ქალს, რამხელა ძალა აქვს მას... და არც ის იციან რა ცოდოა დაჩაგრული და სულიერად მიტოვებული ქალი... 

ჩემი აზრით იდეალურ ოჯახში ყველაფერი აგებული უნდა იყოს ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთსიყვარულზე, ურთიერთსითბოზე, ურთიერთზრუნვაზე.... კაცი, ისევე როგორც ქალი, რათქმაუნდა, უნდა ფიქრობდეს თავის სიტყვებზე, მანამ სანამ იტყვის...

ერთ-ერთ გადაცემაში ერთ-ერთ მსახიობს ვუსმენდი, რომელიც თავის მეუღლეზე და მათ სიყვარულზე ყვებოდა. ამბობდა: იმდენად მიყვარდა, ხელის დაკარება მეშინოდა,  რომ რაიმე არ ტკენოდაო...
კიდევ აღარ მახსოვს რა ილაპარაკა, მაგრამ ზოგადად ამ კაციდან მოდიოდა იმდენი სითბო, რაღაც სასწაული ზრუნვა ცოლის მიმართ, სიტყვები: სიფაქიზე, სისათუთე, სინაზე.....:) რაღაც კუთხით ეს სასაცილოა, კაცი ჩმორად ხომ არ უნდა გადაიქცესო შემედავებით ალბათ....

ზომიერება მეგობრებო !

მთავარია დიდი სიყვარული, რომელიც თვითონ გაპოვნინებთ სწორ საზღვრებს, ჩარჩოებს... თქვენ მოგეთხოვებათ მხოლოდ  აყვეთ ამ გრძნობას.... არ გადაიქცეთ ეგოისტად და არ ჩაკლათ იგი ყოველდღიურობაში... 

пятница, 16 декабря 2011 г.

ჩემი ინსტინქტები

Автор: ჯუნა на 12/16/2011 3 коммент.
ორსულობისას, ერთ -ერთ პოსტში ვწერდი დედობრივ ინსტინქტებს ვერ ვგრძნობ-თქო. რატომღაც ყოველთვის მეგონა, რომ დაორსულებიდანვე ან მერე, ბავშვის გაჩენის მომენტიდან, უცებ გამიჩნდებოდა რაღაც კონკრეტული, ძლიერი გრძნობა და ვიტყოდი აი ეს არის დედობრივი ინსტინქტი-თქო. მაგრამ როგორ გამიცრუვდა იმედი, როცა ბავშვის დანახვის დღიდან, ვიგრძენი მისდამი სიყვარული, პასუხისმგებლობა, სიხარული.... და ა.შ. მაგრამ არაფერი ისეთი ზღაპრული და სასწაულებრივი, რაც ჩემში ამ სიტყვებთან ასოცირდებოდა.
ეს მოვიდა უფრო მერე... დროსთან ერთად.

მართლა არაფერი შეედრება დედა-შვილობას და ეს ძალიან მაგარია. მე მას ვგრძნობ, რაღაც შინაგანად, რაღაც უხილავი ძალებით. თითქოს ძაფებით ვართ გადაბმული. მე ვგრძნობ მის ტკივილს, სურვილებს, ვიცი მოცემულ მომენტში რა უნდა, რა ესიამოვნება, ვიცნობ და ვარჩევ მის მიმიკებს, ტირილის ტიპებს...:) არ მჯერა მისტიკური რაღაცეების მაგრამ მე ზოგჯერ, როცა მისგან შორს ვარ, მისი ტირილიც მესმის... ვგრძნობ სხვა ოთახში მძინარეს როდის ეღვიძება, ვგრძნობ მის ემოციებს, მის შინაგანს...
კიდევ ვგრძნობ, რომ ძალიან ვუყვარვარ. როცა დამინახავს თვალები უბრწყინდება და იცინის, მეფერება ხოლმე თავისი პატარა ბოტოტა თითებით და კოცნის მაგივრად მლოკავს ლოყაზე, ნიკაპზე... :) უცხო რომ ხელში აიყვანს მე მიყურებს და თვალებით მეხვეწება ავიყვანო, როცა უჭირს დახმარებას მე მთხოვს, როცა ტკივა მარტო ჩემთან უნდა ყოფნა...

არ ვიცი ალბათ ყველა დედა ასეა.. და ალბათ ეს ბუნებრივიცაა. სულ რაღაც 25 კვირის წინ ხომ ის ჩემში იყო, ჩემი ნაწილი, ჩემი სხეულის ნაწილი... ახლა კი დამოუკიდებელია, ცალკე ადამიანია, მაგრამ ჯერ მაინც ჩემზე მოჯაჭვული...

ჩემს ერთადერთ მიზნად გადაიქცა მისი სიცოცხლე, მისი სიცილი, კარგად ყოფნა, ბედნიერება... ძალიან მინდა კარგად გავზარდო და კარგი გავზარდო. მინდა კეთილი იყოს, გონიერი, მიამიტი, სუფთა, სამართლიანი, განათლებული, შეგნებული, ღვთისნიერი... ვფიქრობ ხოლმე ალბათ რამხელა ბედნიერებაა იმის გაცნობიერება, რომ კარგი შვილი გაზარდე. მეც ძალიან მინდა ერთ დღეს ეს გავაცნობიერო... აი ერთ დილას გავიღვიძო და ფიქრისას გავაცნობიერო, რომ ძალიან კარგი შვილი მყავს :)

вторник, 6 декабря 2011 г.

რა სურთ კაცებს?!.

Автор: ჯუნა на 12/06/2011 0 коммент.
ყველა კაცი ერთნაირიაო ამბობენ... რასაც მე დიდი გულმოდგინებით არ ვეთანხმები. რადგან მინახავს ცუდი კაცები, ცუდი ქმრები. ვუფიქრდები და ვხვდები, რომ არსებობენ მათგან სრულიად განსხვავებული - კარგი ქმრებიც. ნუ თავისთავად ჩემთვის იდეალურია ჩემი ქმრის დამოკიდებულება ჩემდამი, ზოგადად ოჯახისადმი, ჩემი შვილისადმი... ანუ შედარების უნარით და მარტივი ლოგიკით ვასკვნი, რომ კაცები ერთნაირები არ არიან.
საიდან გამიჩნდა საერთოდ ეს აზრები...თავში ამომიტივტივდა თვალცრემლიანი დიასახლისი ცოლი. დღენიადაგ ქმრის მოლოდინში მყოფი, ხალათით და სამზარეულოში რასაკვირველია. ასეთები მრავლად არიან ირგვლივ. ქმარს რომ შვილები გაუჩინა, უზრდის, აცმევს, ასუფთავებს, მასზე ზრუნავს, უყვარს და სიმყუდროვეს უქმნის. ვერ ვიტყვი რომ ეს კაცს არ მოსწონს... პირიქით. ალბათ უკმაყოფილოც კი იქნებოდა სხვა შემთხვევაში. მაგრამ ამ კაცს აუცილებლად გაექცევა თვალი სულ სხვანაირი ქალისკენ. აი ისეთისკენ, მე, ქალიც კი რომ ვერ ჩავუვლი გულგრილად: საოცრად გამომწვევისკენ, რომელიც იქნება ძალიან მოვლილი, სექსუალური, თამამად მოფლირტავე, ვთქვათ თხელი სიგარეტით ხელში... და ყველა ეს მისი თვისება თუ მანერა აღაფრთოვანებს მამაკაცს და პირდაღებულს დატოვებს. ეს ხომ ფაქტია... და აი აქ მივდივართ დასკვნამდე, რომ ქართველი მამაკაცი არასოდეს აძლევს საკუთარ ცოლს უფლებას გააკეთოს ის, რაც მოეწონება მას... ვთქვათ საყვარელში. არასოდეს დარჩება კმაყოფილი ცოლით, რომელსაც ექნება მსგავსი მანერა, არაფრით მოეწონება "სწერვოზულად" გამომწვევი სექსუალური ცოლი... ან მოეწონება, უბრალოდ არ დათანხმდება ამას.
ხოდა რისთვის დავიწყე საერთოდ ეს... მაინტერესებს რა სურთ კაცებს?!. როგორი უნდა იყო ცოლი, რომ არასოდეს იწვნიო ღალატი საკუთარი მამაკაცისგან?
ჩემმა დეიდაშვილმა მითხრა ერთხელ, სულელი ხარ თუ გგონია, რომ ქმარი არასდროს გიღალატებსო.. ვუთხარი: თუ მიღალატებს მასთან ერთი დღეც აღარ გავჩერდები, ვერ ვაპატიებ-თქო, რაზეც სიცილით მითხრა, შენც სხვა ქალებივით შტერი ყოფილხარო :)
ნამდვილად ვეღარ მოვიფიქრე ამაზე რა უნდა მეპასუხა, თუმცა საკუთარ სიტყვებში ეჭვი ოდნავადაც არ შემპარვია.
საბედნიეროდ ის თაობა აღარ ვართ ღიპიანი და მოქეიფე კაცების... ან იმ ქალების, ქმრის ღალატს რომ კაცის ბუნებას აწერენ და რეაქცია არ აქვთ. რომ ამბობენ სხვასთან გატარებული ერთი ღამე ღალატი არ არის, მთავარია საყვარელი არ გაიჩინოსო ან მერე რა თუ საყვარელი ყავს, ცოლი ხომ მე ვარ და ვუყვარვარო...
არ მჯერა რომ ვინმე ამას გულწრფელად ამბობს და ამით თავს დამცირებულად არ გრძნობს... არ მგონია თუ ასეთი ქალი არსებობს საერთოდ ბუნებაში.
მე ზოგადად ქალის ფანი ვარ :) ანუ ვთვლი, რომ ძალიან რთულია იყო ქალი, ცოლი.... და ამიტომ იგი იმსახურებს პატივისცემას, სიყვარულს, ერთგულებას.... ძალიან გული მტკივა, როცა უბედურ ქალს ვხედავ, არშემდგარს და ცხოვრებაზე გულდაწყვეტილს.
ბედნიერებას და კარგ ცხოვრებას ყველა იმსახურებს... სიყვარულით შერთული ცოლისთვის, ნებისმიერი ქმარი უნდა იყოს ერთგული, მოსიყვარულე... მოკლედ იდეალური. ამას მე ყველა ქალს ვუსურვებ :)

вторник, 29 ноября 2011 г.

რა სურთ ქალებს?!.

Автор: ჯუნა на 11/29/2011 0 коммент.
ისევ გამთენიისას გაეღვიძა... უკვე ოთახში შემოსული სინათლის სხივებით ხვდებოდა დროს, იცოდა მაღვიძარას დარეკვამდე მთელი 2 საათი იყო დარჩენილი, მაგრამ დაძინება არც უცდია. იცოდა არაფრით დაეძინებოდა, რადგან უკვე დიდი ხანია ტანჯავდა დეპრესია, რომელიც ვლინდებოდა უძილობაში, საშინელ ხასიათში, უმადობაში...
ყველაფერი ჰქონდა ბედნიერებისათვის. ყოველ შემთხვევაში ასე თვლიდნენ ირგვლივმყოფები. საკუთარი დიდი ბინა, სოლიდური მანქანა, მაღალანაზღაურებადი სამსახური. იყო ლამაზი, მოხდენილი. ბოლოდროინდელი სევდაც უხდებოდა თითქოს, დიდ ცისფერ თვალებში რომ ჩასახლებოდა, ზოგჯერ თვალებს აუწყლიანებდა და ისეთ უსუსურს აჩენდა... მამაკაცები მისი დაცვის სურვილით კვდებოდნენ, თავს აწონებდნენ, მეტიჩრობდნენ, ის კი ახლოსაც არავის იკარებდა და ეს მიუწვდომელობა უფრო სანატრელს ხდიდა მას... ყველაფერი 7წლის წინ დაიწყო. მაშინ, როცა მას პირველად შეუყვარდა. სულ პატარა იყო და სხვანაირი. არა ისეთი, როგორიც ყველა. ოცნებობდა კარიერაზე, დიდ წარმატებაზე, კარგ სამსახურზე. სიყვარული მაშინ დაუცველი და სუსტი ქალების ხვედრი ეგონა, დარწმუნებული იყო საკუთარ სიძლიერეში და ეგონა სხვა ძლიერი საყრდენი გვერდით მას არასოდეს დასჭირდებოდა. მაგრამ მისდა უნებურად მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. შეუყვარდა და ამ სიყვარულმა ყველაფერი დაავიწყა. ცხოვრობდა მხოლოდ ერთით, მისი ცხოვრებით, გემოვნებით, შეხედულებებით, მის ხასიათზე და მთლიანად მისთვის.
შეიცვალა ცხოვრების წესი: თავს უძღვნიდა მთლიანად იმ ერთს, მისთვის ლამაზდებოდა, უკეთებდა სადილებს, ურეცხავდა, ურთავდა ოთახებს და უწყობდა დღესასწაულებს ყოველდღე, მზრუნველობას არ აკლებდა. ყვავილებსაც თავად ყიდულობდა და ლამის მას ჩუქნიდა სიყვარულის ნიშნად. უნდოდა გაეჩინა მისთვის ლამაზი შვილები და ეცხოვრა ასე მშვიდად, ტკბილად. შექმნა თავისი სამყარო, გააფანატა თავისი სიყვარული და ვერ ხედავდა მასში ვერანაირ ნაკლს. ბრმად ენდობოდა და სჯეროდა მისი, ამიტომ რასაკვირველია მისი ღალატიც ვერ დაიჯერა. სასაცილოდ მოეჩვენა და ბოროტი ხალხის მონაჩმახად ჩათვალა. გულის სიღრმეში ალბათ თავიდანვე ყველაფერი იცოდა და გრძნობდა, მაგრამ თავს ეწინააღმდეგებოდა. მის სიცივეს გადაღლილობას აბრალებდა, უხეშობას - ხასიათს და ყოველთვის ყველაფერში უძებნიდა გამართლებას,თუმცა ერთ დღესაც მიხვდა და გაითავისა რომ ყველაფერი დასრულდა.
დაშორება იყო მტკივნეული. რამდენი ეფერა და ეხვეწა, მაგრამ ვერ აპატია. იცოდა რომ იმასაც უყვარდა ჯერ კიდევ ძალიან, მაგრამ საკუთარ თავს ვერ გადაუარა. გუდა ნაბადი აიკრა და 5 წლიანი სიყვარულით სავსე თანაცხოვრების შემდეგ წავიდა მარტოობაში. წავიდა იქ, სადაც არ იცოდა რა ელოდა.
ძლიერი სიყვარულის გვერდით ბევრი საკუთარი თვისება დაეკარგა, უფრო მისუსტებული და განაზებული იყო. საკუთარი მყარი მეც გამქრალიყო.
დიდი ნერვების ფასად დაუჯდა მას საკუთარი თავის დაბრუნება ისეთად, როგორიც იყო ადრე. ფიქრს სრულიად გადაეჩვია, ბევრს მუშაობდა, კითხულობდა, სწავლობდა და სიახლეებს ითვისებდა. იცოდა თავის ადრინდელ ოცნებას აიხდენდა და აუცილებლად გახდებოდა წარმატებული ქალი.
ახლოს აღარავის იკარებდა, თითქოს რობოტს დაემსგავსა ემოციებისა და ყოველგვარი ზედმეტი გრძნობების გარეშე.
რათქმაუნდა წარმატება მოვიდა. იმაზე სწრაფად ვიდრე ელოდა და იმაზე დიდი ვიდრე წარმოედგინა. ფუფუნება, კომფორტი, პატივისცემა, სიმყარე.... აიხდინა ოცნება, მაგრამ მისი ცხოვრება იყო უფერული და ერთფეროვანი. უსაშველოდ ენატრებოდა თავისი სიყვარული, ტკბილი, სითბოთი სავსე და დღესასწაულის მსგავსი თითოეული დღე. მან კარგად იცოდა, რომ ძლიერი საყრდენის გარეშე ქალის ცხოვრება ვერასდროს იქნებოდა სრულყოფილი....

понедельник, 10 октября 2011 г.

ურთიერთობების 4 წელი

Автор: ჯუნა на 10/10/2011 1 коммент.
ყველანაირი ურთიერთობები დროთა განმავლობაში სხვადასხვაგვარი ხდება. ზოგჯერ იცვლება ცუდისკენ და ამას შემდეგ დაშორება მოყვება, ზოგჯერ უკეთესობისკენ... მაგალითად ეს ალბათ იმ შემთხვევაში, როდესაც უსიყვარულოდ ქორწინდებიან და со временем მოდის გრძნობა და ურთიერთგაგება.
ყველაზე კარგ და ჩვეულებრივ სიტუაციაში კი ურთიერთობები ვითარდება. გადადის ფაზიდან ფაზაში, გაივლის ხოლმე ბევრ საფეხურს და ალბათ ოდესღაც ეს პროცესი ჩერდება და რჩება ისეთი, როგორშიც კომფორტულად იგრძნობს თავს ორივე მხარე.
ამ ზაფხულზე ჩემი და გიოს ურთიერთობებს 4 წელი შეუსრულდა :)

ხოდა ჩვენც იმდენი საფეხური გავიარეთ ამ 4 წლის მანძილზე... ჯერ იყო კარგად გაცნობის პერიოდი, ყველაზე პირველი და ტკბილი თვეები... რომლის დროსაც უუამრავს ვჩხუბობდით და ვრიგდებოდით, ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ერთმანეთს ვერგებოდით. რათქმაუნდა იყო რომანტიკაც, ერთმანეთის მეგობრებიც ვიყავით ყოველთვის... ამასთან სიყვარული იყო სულ და იყო ძალიან ძლიერი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ვფიქრობ, ძალიან ძნელია მუდმივად გვერდით აიტანო და იგუო მეორე, შენგან განსხვავებული ადამიანი.(ანუ მე ვერასდროს გავთხოვდებოდი გარიგებით т.е. უსიყვარულოდ)
ჰოდა იმას ვამბობდი, რომ ჩვენი ურთიერთობაც სულ სხვადასხვაგვარი იყო: ზოგჯერ ეჭვიანიც, ხან მეგობრული, ხან ვნებიანი, ხან ცოლ-ქმრული ოჯახური. ბოლო დროს ბავშვმა კიდე სულ სხვანაირი გახადა... ეგზიუპერის სიტყვებია: გიყვარდეს-ერთმანეთის ყურებას კი არ ნიშნავს, არამედ ხედვას ერთი მიმართულებით. ჰოდა ვერასდროს ვგებულობდი ამას.... მხოლოდ ახლა მივხვდი, ჩემებურად.... ჩვენ აქამდე სულ ერთმანეთს ვუყურებდით, ახლა ერთად ჩვენ შვილს ვუყურებთ. მას დავტრიალებთ თავს და თითქოს ჩვენი ცოლ-ქმრობა მეორეხარისხოვანი გახდა, უპირველესი კი დედ-მამობა...
მშობლობა... რომელმაც უდიდესი პასუხისმგებლობა დაგვაკისრა, სულ სხვანაირი სიყვარულით შეგვაყვარა და სამყაროც თითქოს ცოტათი შეიცვალა...
მასზე მნიშვნელოვანი ახლა აღარაფერი არსებობს.
მას უყვარხარ უპირობოდ უანგაროდ და ყველაზე გულწრფელად.
მასზე ტკბილად დილით ვერავინ გაგაღვიძებს... თვალს რომ გაახელ, მზერას დაიჭერს და გულით გაგიღიმებს :)

ღამე ხელებით რომ ჩაგებღაუჭება, თითქოს გამოწმებს ჩემს გვერდით არის თუ არაო...
ატირებული მხარზე თავს რომ დაგადებს და დამშვიდდება...
შვილი სიყვარულს აგვირგვინებს და მისი ნაყოფია
შვილი ბედნიერებაა... რომელიც არასდროს, არცერთი ყოფითი პრობლემის, ცუდი განწყობის თუ ემოციის დროს თავს უბედურად არ გაგრძნობინებს

понедельник, 1 августа 2011 г.

პირველი ბზარი

Автор: ჯუნა на 8/01/2011 0 коммент.
მიყვარს ქორწილები, შეყვარებულები, სიყვარული.
მიყვარს დედოფალი, ორსული გოგოები, პატარა ბავშვები.
მიყვარს მოსიყვარულე ცოლ-ქმარი, მზრუნველი დედ-მამა, თბილი ოჯახები.....

ქალს ისე უხდება გრძნობა, ანთებული, ციმციმა თვალები. სიყვარულისგან გაკეთილშობილებული გული ისე ალამაზებს...
ზედმეტად სენტიმენტალური ვარ და ემოციურიც ალბათ, რადგან ყველა ზემოთჩამოთვლილის შემყურეს ხან თვალზე ცრემლი მადგება, ხანაც ისტერიულად ვტირი. ბედნიერებისგან ალბათ. მიხარია სხვა რომ ისეთ სიხარულს განიცდის რისი გემოც მე ვიცი, და ალბათ შურის ნოტკებიც მეპარება, რადგან ჩემი ცხოვრება აღარაა ისეთი მშვენიერი და ფერადი როგორიც იყო. მე უფრო სასოწარკვეთილი ქალი ვარ. ისეთებს დავემგვანე ვერასდროს რომ ვერ ვუგებდი: ცოტა დაბოღმილებს, შურიანებს და სასოწარკვეთილებს. სხვისი ბედნიერების შემყურე საკუთარ უბედურებაზე რომ ტირიან და თავსაც ვერ უტყდებიან ამაში.
თავი ძლიერი მეგონა და ვცდებოდი თურმე. სიყვარულით სავსეს რომ გიღალატებენ ძალიან მტკივნეულია. რომ იცი სიცრუეში ცხოვრობ, გული გეწურება და წერტილის დასმასაც ვერ ბედავ. მისგან ისე რომ გინდა ბევრი ყურადღება და სიტკბო და თან მისი ნათქვამი არცერთი თბილი სიტყვის არ გჯერა....
ვორმაგდები, ვორჭოფობ, თავს ვებრძვი და არც ვიცი უნდა ვაპატიო თუ არა. ვამბობდი ოჯახი იდეალური უნდა იყოს-თქო, პატარა ბზარის შემთხვევაშიც კი წერტილი უნდა დაისვას-თქო. ვერ ვუგებდი იმ ქალებს სულელურ ბრძოლას რომ იწყებენ და საკუთარ თავმოყვარეობას ფეხქვეშ თელავენ. მაგრამ თურმე იოლია მსჯელობა მაშინ, როცა ეს შენ ჯერ არ შეგხებია, და ძალიან რთულია ცხოვრებაში დათმო და შეგნებულად გაუშვა ის, ვინც ასე ძალიან გიყვარს და ვის გარეშეც შენი ცხოვრება ვერასდროს წარმოგედგინა. დავცინოდი ხოლმე იმ "ქენქერა" ქალებს ცუდ კაცებს რომ მისტირიან და თავის ფასი არ იციან, მაგრამ მე თვითონ ამდენი ფიქრით გაბრუებული, ალბათ მალე გავხდები სასაცილო, რადგან უსუსური ბავშვივით ტირილით მაინც მინდა შემიცოდოს საყვარელმა ადამიანმა და თვითონ მომცეს იმის საშუალება და საბაბი რომ ვაპატიო....

პ.ს. რადგანაც ჩემ ბლოგს ბოლო დროს ბევრი ნაცნობი თუ ნათესავი კითხულობს, უნდა ვთქვა, რომ ეს პოსტი არ არის პირადი და ჩემს ცხოვრებას არ ასახავს, უბრალოდ ძალიან გული მტკივა, როცა ისეთი ოჯახები ინგრევა, რომლებიც მე იდეალური მეგონა.... ვიცი ძალიან ბანალურია, მაგრამ გული მტკივა იმ ადამიანების მაგივრად, ოჯახისთვის რომ ცხოვრობენ და სამაგიეროდ ღალატს იმკიან. მეუღლეებს რომ ფეხქვეშ ეგებიან, გულით უყვართ, უვლიან, ლამაზ შვილებს უჩენენ/უზრდიან, ერთ დღესაც კი იმის მაგივრად რომ ის სათაყვანოდ გაიხადონ - თავს უსარგებლოდ აგრძნობინებენ. ალბათ ეს ძალიან მტკივნეულია :(

пятница, 15 апреля 2011 г.

радуга жизни

Автор: ჯუნა на 4/15/2011 1 коммент.
იმაზე საშინელი გრძნობა არ არსებობს ალბათ, როცა შენდაუნებურად ვიღაც ვერ გიგებს, როცა ცხოვრებაში რაღაც არ გამოგდის, როცა ძალიან გინდა, მაგრამ შენი ყოველი დღე არ არის მოფენილი ია–ვარდებით და ყველაფერი არ არის მარტივი.
ცხოვრება ერთის მხრივ იოლია, ისეთი ხალასი, ფერადი. როცა არაფერი გაღელვებს, არც არანაირი საწუხარი გეჩვენება ძალიან რთულად და დარწმუნებული ხარ, რომ ყველაფრის მოგვარება ისე მარტივია ოღონდ მოგინდეს და.... რა კარგია, როცა გიხარია ყველა თბილი დღე, როცა თავბრუს გახვევს იასამნის სურნელი და ელი გაზაფხულს...
და ხანდახან რა მძიმეა ყველაფერი. როცა ვერც კი ამჩნევ ვერც ფერებს, ვერც ხედებს და ვერც სითბოს გრძნობ... როცა სურვილი გაქვს განმარტოვდე, ყელში რაღაც ბურთები გახრჩობენ და ისე გინდება იტირო... ძალით ფიქრობ ხოლმე საშინელებებს და ძალით იჭედავ ტვინს სისულელეებით, რადგან გჭირდება....

უბრალოდ მე არ შემიძლია ასე ცხოვრება. მე არ შემიძლია ვიყო შიშში, სტრესში ან გაურკვევლობაში და მარტოობაში... მე მინდა, რომ ჩემს ცხოვრებას ვხედავდე სულ ნათელ ფერებში, მე სხვანაირად ვერ წარმომიდგენია... მე არ ვარ არც დეპრესიული, არც ჩემი თავის მსხვერპლად წარმოჩენის იდეა მხიბლავს, თუნდაც მხოლოდ საკუთარ თავთან... ალბათ დედამიწაზე ყველაზე მეტად მინდა სიმშვიდე და ადამიანებთან ჰარმონიაში ცხოვრება... ყველაზე მეტად მეშინია ხმამაღალი სიტყვის და ჩხუბის... ჩხუბის რომელიც არც კი ვიცი.. რა ცოდნა უნდა ჩხუბს? მაგრამ არ ვიცი. არ ვიცი რა ვუთხრა ადამიანს, როგორ "მოვაჯინო თავის ადგილას" როგორც იტყვიან ხოლმე, ან როგორ ვუთხრა ვინმეს რამე ისე, რომ მერე 1 კვირა ამაზე არ ვიფიქრო, არ ვიდარდო და ლამის არ გადავყვე მანამ, სანამ არ დამავიწყდება... და ეს ძალიან კარგია ალბათ...
უბრალოდ ძალიან მიამიტური აზრები მაწუხებს და მაშინებს... რა მოხდება, რომ ყველაფერი აირიოს და ისე აიბურდოს რომ აღარ დალაგდეს? რომ ვეღარ დალაგდეს? რომ აღარ მომეცეს იმის საშუალება ვიყო ისეთი, როგორიც ვარ და მინდა ვიყო...
ამ პოსტს ვერც ვერავინ გაიგებს ალბათ... არადა ყველას აქვს მომენტი, როცა ძალიან გვიჭირს ერთმანეთთან ურთიერთობა... ჩვენ ადამიანებს

суббота, 12 марта 2011 г.

ღმერთმა მოგცეთ რწმენა

Автор: ჯუნა на 3/12/2011 0 коммент.
მე მორწმუნე ადამიანი ვარ და ვცდილობ ეკლესიურად ვიცხოვრო.
მე შეძლებისდაგვარად ვიცავ მარხვებს, ვყიდულობ ხოლმე სამარხვო შოკოლადებს, კარაქს, ხორცს, ვაკეთებ სხვადასხვა სალათებს სამარხვო მაიონეზით... ლოცვების კითხვა ძალიან მიჭირს, რადგან გონება მეფანტება. ხანდახან ისე ჩავათავებ ხოლმე გვერდს წაკითხულიდან ვერც ვერაფერს ვგებულობ, გადავალ შემდეგზე და თან გადავთვლი ხოლმე რამდენი გვერდი დამრჩა იმდენად რთულია ეს ჩემთვის...
ეკლესიაში დავდივარ შეძლებისდაგვარად, მიზიდავს იქ არსებული გარემო, სილამაზე, სათნოება, სიკეთე თუ არ ვიცი რა დავარქვა... მხიბლავს ის აზრი, რომ მე წირვაზე ვიმყოფები, ეკლესიაში, მაშასადამე მე რაღაცით მაინც ვამტკიცებ, რომ მორწმუნე ვარ, კეთილი ვარ, კარგი ვარ.... ხანდახან ხალხისკენ თვალი გამირბის, ვათვალიერებ მათ ტანისამოსს, ფეხსაცმელს... გულში ვამტყუნებ და სიბრაზით ვივსები ამ ადამიანთა მიმართ, ვისაც ტელეფონის გამორთვა დაავიწყდა, ვინც ნაცნობთან გამალებით რაღაცაზე საუბრობს ან როცა ვინმე გოგონა შარვლითაა ეკლესიაში... თუმცა უნდა გამოვტყდე რომ რამდენჯერმე მეც შემხვედრია ეკლესიაში დიდი ხნის უნახავი ადამიანი და მომიკითხია იგი მთელი თავისი ოჯახით... ან კიდევ რამდენიმე წლის წინათ არ ვატარებდი კაბას და ეკლესიაშიც დავდიოდი მუდმივად შარვლით...
ხანდახან გამიელვებს ხოლმე თავში საღი აზრი: რა მინდა აქ, თუ არ ვისმენ ლოცვას და არ ველაპარაკები უფალს?... მაშინ ვხრი თავს და ვცდილობ ღმერთს ვესაუბრო. ხან გამომდის... ხან სხვა ფიქრებში ვვარდები ისევ და ცოტა ხანში გამოფხიზლებული ვხვდები, რომ გავითიშე იმ აზრებისგან რაზეც მინდოდა და უნდა მეფიქრა. და ძალიან მრცხვენია როცა ამ დროს მიმოვიხედავ და ვხედავ, რომ მე მარტო არ ვარ ასეთი. რომ ადამიანთა ფიქრები რომ გესმოდეს, ალბათ სულ რამდენიმე ატარებს მთელ 2–3 საათს გულმხურვალე ლოცვაში... და კიდევ მე და არა მარტო მე მემართება ის, რომ ლოცვის დროს ვერ ვიტან ოდნავ შეხებასაც კი და ზოგადად ხალხი მზადაა ერთმანეთი "შეჭამოს" უნებურად შეხებისთვის, ლოცვაზე ან გალობაზე ხმამაღლა აყოლისთვის, ძალიან მარტივი კითხვისთვის.... ისევ სხვებზე...
ძალიან მრცხვენია, როცა ვგრძნობ რომ ჩემი რწმენა არ არის ღრმა და სუფთა, როცა წირვაზე წასასვლელად დილით ვერ ვიღვიძებ ან როცა იქ მისულს მალე ფეხები მტკივდება და როცა ნებისმიერ მიზეზს ვეძებ, რომ წამოვიდე........
ძალიან მრცხვენია, როცა აღსარებაზე მისულს ჩემი ღრმა გულისთქმა მესმის, რომელიც ნატრობს რომ მამაო დღეს არ იყოს.... არადა ისევ ღრმა გულში როგორ მინდა აღსარება... წრფელი, სულის განმანთავისუფლებელი... აი ისეთი, პირველი რომ იყო: ბავშვური, წრფელი, სინანულით სავსე და იქედან გამოსულმა მართლა შევიგრძენი პირველად და უკანასკნელად რას ნიშნავს სიტყვები: მიწაზე ფეხს არ ვადგამო რომ ამბობენ... თითქოს ფრთები გამომესხა და ჩემზე მსუბუქი ადამიანი არ არსებობდა... იმის მერე რამდენჯერ ჩამიბარებია აღსარება და ასეთი გრძნობა აღარასდროს აღარ მქონია...
მე კიდევ ვერ მოვთვლი რამდენი რამის მრცხვენია. ეს აღსარებაც ჩემთვის რთული საწერია, მაგრამ თავს იმით ვინუგეშებ, რომ რადგან ამის წერა შემიძლია და ამას აღვიქვამ, ალბათ არც მთლად ისე წასულია ჩემი საქმე...

პ.ს. მინდა გითხრათ, რომ შეგიძლიათ გამკიცხოთ, იფიქროთ ჩემზე ყველაფერი, რაც მოგესურვებათ. მე კი წინასწარ გეტყვით იმას, რითიც დავიწყე: მე მორწმუნე ადამიანი ვარ და ვცდილობ ეკლესიურად ვიცხოვრო.
და კიდევ, ბედნიერი ვიქნები თუ თქვენ გამკიცხავთ, რადგან მაშასადამე თქვენთვის ეს ყოველივე, ჩემს მიერ ზემოთ დაწერილი, უცხოა და ძალიან არანაცნობი.

ღმერთმა მოგცეთ რწმენა

среда, 9 февраля 2011 г.

ის, რისიც მეშინია

Автор: ჯუნა на 2/09/2011 1 коммент.
აზრი, რომელიც მინდა ამ პოსტში ჩავდო, ძალიან დიდი ხანია თავში მიტრიალებს. ამაზე ვფიქრობდი ჯერ კიდევ მანამ, სანამ გავთხოვდებოდი ან საერთოდ გავიცნობდი გიოს. მაშინ ვცხოვრობდი მოსკოვში, ვსწავლობდი, ვმუშაობდი და ბევრს ვფიქრობდი საკუთარ კარიერაზე, მომავალ ცხოვრებაზე. მაშინდელ ჩემს გეგმებში რასაკვირველია არ შედიოდა არც სიყვარული, მითუმეტეს არც გათხოვება და არც შვილი. მე ვფიქრობდი, რომ გათხოვება არის თავშესაფარი სუსტი ქალების, რომლებიც საკუთარი ძალებით ვერაფერს აღწევენ ცხოვრებაში და რაღაც ეტაპზე ირჩევენ ამოეფარონ მეუღლის ძლიერ მხარს. რათქმაუნდა ეს სისულელეა და ამას მალევე მივხვდი. სიყვარული პირიქით – სტიმულია, რომლის გარეშეც ალბათ აზრი არ აქვს არანაირ წინსვლებს კარიერაში, ზოგადად ცხოვრებაშიც, რადგან ერთხელაც თავს იგრძნობ მარტოსულად და ყველაფერი აზრს დაკარგავს. სულ სხვა მხარეს წავედი.
ამ ფიქრებისკენ მიბიძგა იმან, რაზეც ახლაც ხშირად ვფიქრობ. მთელი შეგნებული ცხოვრება მეშინია ჩამოუყალიბებელი ცხოვრების, აუსრულებელი სურვილების, განუხორციელებელი იდეების... მეშინია რომ ცხოვრება უცებ გაიფრენს... ერთ დღესაც ყოველდღიური პრობლემებით დატვირთული გამოვფხიზლდები და აღმოვაჩენ, რომ უკვე ასაკში ვარ და ვერაფერს მივაღწიე, არ შევდექი როგორც სრულყოფილი ადამიანი, ვერაფერს მივაღწიე საკუთარი შრომით და გადავყევი სახლის ლაგებას ან სადილების კეთებას.
ახლა მარტინ იდენს ვკითხულობ და ისე ნაცნობია ზოგიერთი განცდა, რომელსაც ის აღწერს. გრძნობს რომ რაღაც ძალა აქვს, რომ სხვებისგან განსხვავებულია, რომ ბევრად მეტი შეუძლია იყოს ვიდრე არის. ეს ჩემთვის ნაცნობია, რადგან დიდი ხანია ამაზე ვფიქრობ. მე ვიცი, რომ მე ბევრი რამე შემიძლია, ბევრის მიღწევა შემიძლია და არა ფულისთვის ან კარიერისთვის, არამედ იმისთვის, რომ ჩემი საკუთარი მე იყოს კმაყოფილი და გამუდმებით არ ვგრძნობდე სულის ფორიაქს.
მე ბევრჯერ მინახავს ქალი 40–50–60 წელს გადაშორებული, ჩემთვის პატივსაცემი, რადგან ცხოვრება გაატარა ისე, როგორც შეეფერება ნამდვილ დედას თუ ბებიას. ისინი საღამოობით, ყოველი საქმის შემდეგ უყურებენ გადაცემებს, ფილმებს, ცხოვრობენ სხვისი ცხოვრებით და გულის ტკივილით გრძნობენ რომ მათი სურვილები დარჩა წარსულში, მათ ცხოვრებაში აღარ მოხდება სასწაული და იგი დასრულდება ისე, როგორც მიმდინარეობდა ბევრი წლის განმავლობაში. მე ვუყურებ ამას და საშინლად არ მინდა ასეთი ვიყო 30–40 წლის შემდეგ.... მე მინდა ვიცხოვრო სრულყოფილი ცხოვრებით, ვიმოგზაურო იქ, სადაც მინდა, თავს ვგრძობდე კიდევ ერთხელ ვიტყვი სრულყოფილად, გამოლეულად, მშვიდად და ძალიან არ მინდა არასოდეს გამიჩნდეს გრძნობა, რომ ვერაფერი მოვასწარი.... რომ ტყუილად ვიცხოვრე...

четверг, 29 июля 2010 г.

ცოლის პოსტი :)

Автор: ჯუნა на 7/29/2010 5 коммент.
ჩემი პირველი პოსტია, რომელსაც ცოლის სტატუსით ვწერ. არ ვიცი შეიცვალა თუ არა რამე ჩემში, უბრალოდ ვაფიქსირებ რომ ძალიან ბედნიერი ვარ.... არა, იმიტომ კი არა რომ ბედნიერი უნდა ვიყო. მართლა ბედნიერი ვარ. ჩემი ტკბილი და ღრმა შეგრძნებებით, იდილიით, ქმრით, რომელშიც მაინც აღმოვაჩინე სიახლეები.... თურმე იმაზე თბილია ვიდრე მეგონა))) და კიდე მღერის დუშში, თან ისე კარგად, რომ კარებთან დავჯექი და ვუსმენდი :)

კანონიერი ცოლ-ქმარი ვართ უკვე. ისე უცხოა ეს სიტყვა... ცოლი. ვერ მივეჩვიე ჯერ ამ სტატუსს)) მეუბნებიან ხოლმე შენს ქმართან დაჯექიო და მეამაყება რაღაც ბავშვურად ))

вторник, 27 апреля 2010 г.

მე მშობლებზე ჭკვიანი ვარ?

Автор: ჯუნა на 4/27/2010 3 коммент.
გუშინდელი პოსტის დაწერის მერე სიყვარულოვნას ბოლო პოსტი ვნახე. არ ვიცი ნათია კონკრეტულად რამდენი წლისაა, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ წელს აბარებს ვასკვნი, რომ ჯერ კიდევ მოზარდად ითვლება.
მეც მქონია მომენტები და ალბათ, ყველა ადამიანის ცხოვრებაში იყო ეს ეტაპი, როცა თავი ყველაზე შეუცდომელი, მართალი გვგონია, უფროსებზე და განსაკუთრებით მშობლებზე გვაქვს შეტევები და ბრალდებები, მათი უმნიშვნელო შეცდომებიც კი ჩვენგან მკვეთრად აღიქმება და ამას მერე მოყვება სახლიდან გაქცევები, მათთვის ჯიუტად რაღაცის მტკიცებები, უხეში შეპასუხებები და ხანდახან გაღიზიანებისგან გამოწვეული ისეთი გრძნობაც კი, რომელსაც ზიზღს ვარქმევთ….. ისინი სულელები გვგონია და დიდი სურვილი გვაქვს მათ რამე ვასწავლოთ და შევაგნებინოთ.
აღარ მახსოვს კონკრეტულად ვინ თქვა, მაგრამ ვიღაცის გამოთქმული აზრია დაახლოებით იმ შინაარსის, რომ შვილები პატარაობაში მშობლებს აიდიალებენ,უპირობოთ უყვართ ისინი, თინეიჯერობის ასაკში თავი მათზე ბევრად ჭკვიანები გონიათ, მერე კი, როცა გაიზრდებიან დგება დრო, როცა მიდიან იმ აზრამდე, რომ მათი მშობლები თურმე ყველაზე ჭკვიანები ყოფილან, თურმე არც ტყუილად სჯიდნენ ხანდახან და არც ყოფილან ცუდად მოქცევის ან ცუდი სიტყვების ღირსები……
მე ალბათ უკვე გავიზარდე, რადგან ასე ვფიქრობ. ხანდახან იმასაც ვფიქრობ რატომ უფრო მკაცრად არ გამზარდეს, რატომ უფრო მეტი არ მასწავლეს, რატომ ძალით არ შემიყვანეს თუნდაც იმ ცეკვაში, რომლის უცოდინარობას ახლა ძალიან ვნანობ……
არ შეიძლება სხვისი განსჯა, მითუმეტეს მაშინ როცა საქმე მშობლებს ეხება და მითუმეტეს მაშინ, როცა საკუთარი ცხოვრება წინაა და არავინ იცის რა შეცდომებს დავუშვებთ ჩვენ უკვე საკუთარ ცხოვრებაში….
არ ეწყინოს სიყვარულოვნას ეს პოსტი. შეიძლება არც მაქვს უფლება რომ მის ნაწერზე კომენტარები ვაკეთო, მაგრამ მე მას არ განვიხილავ მე ჩემ აზრს ვამბობ. ეს აზრიც ძალიან სუბიექტურია და ვფიქრობ «გამოსადეგი» მხოლოდ ნორმალური პირობების ოჯახებში, რადგან არაადეკვატური და ტირანი მშობლებიც არსებობენ, რომლებიც შვილებს სანაგაოებზე ტოვებენ ან ღელეში ყრიან.
მოსკოვში ერთი მეგობარი მყავდა ვიკა, რომელსაც «გადასარევი» დედა ყავდა. ის შვილს საჭმელს ამადლიდა და მაცივრის ყოველ გამოღებაზე 16–17წლის გოგოს «დამოძღვრავდა»: იშოვე ფულიანი საყვარელი და შენი ნაყიდი საჭმელი ჭამეო.
ასეთ ქალს მე არ ვთვლი ნორმალურ დედად. მიუხედავად იმისა, რომ მათი ოჯახი ნორმალურად ითვლებოდა და ამ ქალს ვერც შეკადრებდი გეთქვა, რომ მას შვილი არ უყვარს ან რომ მას არასწორად ზრდის….
ყოველი არასწორი ნაბიჯი ან არასწორი სიტყვა მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე და მისი შედეგია არაჯანსაღი ფსიქიკა, რომელიც აუცილებლად იქონიებს გავლენას მის მომავალ ცხოვრებაზე.

среда, 24 февраля 2010 г.

Автор: ჯუნა на 2/24/2010 1 коммент.
მიყვარხარ ძლიერ....ძლიერ...
რაც გადის დრო და ხანი,
მე უფრო მეტად მიყვარს
შენი პატარა ტანი
შენი შავი თმის ბუჩქი
ეგ თეთრი შუბლის სერი
თვალები გიშრისფერი
ლოყები ვარდისფერი.
შენი თითები მიყვარს
ორი პატარა თითი
ო, იცი როგორ მიყვარს, ოდნავ შეხებაც მათი
ო, იცი როგორ მიყვარს გამოუთქმელი ენით
შენი გრძნობების სიღრმე, სულის სიმაღლე შენი
მე დარდიც მიყვარს შენი
შენი ღიმილიც ფართო
მე ცრემლიც მიყვარს შენი
შენი კისკისიც მართობს
მე შუქი მიყვარს შენი, რა არის მისი ფასი!
მე ჩრდილიც მიყვარს შენი
მზის დაბნელების მსგავსი.
მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ
მწვავს შენი ტრფობის ალი
მიყვარხარ....ძლიერ ...ძლიერ
მთელი გრძნობით და ძალით.
მთელი სამყარო ვრცელი
შენით არსებობს ჩემთვის
რაზეც კი ვფიქრობ, ყველა
ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის
გიქრში ჩემთან ხარ დღისით
გულის ძგერის ხმა მესმის
შენი ხმა არის ისიც.
შენთვის მივწვდები მწვერვალს
დიდების ყველა მნათობს
დიდებას დავთმობ შენთვის
შენთვის მწვერვალებს დავთმობ.
შენი ოცნებით ვხარობ
შენს დარდს ვატარებ დარდად
მე სხვა სურვვული არ მაქვს შენი სურვილის გარდა.
მსხვერპლი ყველაზე დიდი მე მემეჩვენება მცირედ
რადგან შენ გსურდა იგი
რადგან შენ შემოგწირე
შენს მცირეოდენ წყენას,
სულ უმნიშვნელო წვრილმანს
სდევს ჩემი სევდა დიდი
ჩემი ცრემლების წვიმა.
მიყვარხარ....ძლიერ ... ძლიერ
მიყვარხარ ცხადად, მალვით
როგორც არასდროს არვინ არ ყვარებია არვის.
ეს სიკვდილს უდრის თითქმის
ეს შეუძლოა თითქმის
შენ ერთს გეკუთვნის ყველა რაც სიყვარულად ითქმის:
ძმაც ვარ, სატრფოც ვარ შენი,
მამაც, დაო და დედავ,
მე შეყვარებულს ყველას შენს სახებაში ვხედავ,
სატრფოვ, შვილო და დედავ
ჩემო ძვირფასო ცოლო,
ყველას მაგივრად ერთად
მე შენ მიყვარხარ მხოლოდ.
რა მაბადია ქვეყნად
ამ სიყვარულზე კარგი...
მიყვარხარ ძლიერ ძლიერ
ვარ შენი ტრფობით შმაგი.
თუ ტრფობისათვის რამე ჯილდო იქნება ბოლოს,
ის შენ გეკუთვნის მარტო
ის შენ გეკუთვნის მხოლოდ...
ნაყოფი მისი არი
ვინც ნორჩი ნერგი დარგო
ეს სიყვარული დიდი შენ შემასწავლე კარგო...!

вторник, 23 февраля 2010 г.

Автор: ჯუნა на 2/23/2010 2 коммент.
მოდი რა..... გეხვეწები დამესიზმრე რა..... სად ხარ..... ნუთუ სულ არ გინდა დამენახო..... თუ არ გინდა ნურაფერს მეტყვი, არაფრის თქმა არ მინდა, უბრალოდ შენი თავი დამანახე..... გეხვეწები..... დამესიზმრე, თორე ისე მომენატრე ლამის მოვკვდე.....
შენ ხომ სულ გიყვარდი, ძალიან გიყვარდი, ხო სულ გგავდი, ალბათ უფრო იმიტომ, რომ მინდოდა დაგმსგავსებოდი.....
ბევრი რამე ამერია უშენოდ, ძალიან დამაკლდი და ძალიან შემიცვალა ცხოვრება უშენობამ....
ყველაზე მეტად იცი რა მაწუხებს? როცა ვფიქრობ, რომ იამაყებდი ჩემით, მაგრამ ვხვდები, რომ ვერ მხედავ.....
როცა ძალიან მჭირდება შენი რჩევა და არ ვიცი სად გკითხო.....
როცა დავოჯახდები და ჩემს მეუღლეს ვერ გაგაცნობ შენ......
როცა შვილები მეყოლება და მათ არ ეცოდინებათ ვინ არის და როგორი იყო ბაბუ, ეს მხოლოდ არარეალური კაცი იქნება მათთვის, რომლის შესახებაც ბევრს გაიგონებენ მხოლოდ.....
როცა ბევრი რამე მინდა გითხრა, ბევრ რამეზე მინდა ბოდიში მოგიხადო, ბევრი მინდა გამოვასწორო და ვხვდები, რომ ძალიან გვიანია.....
გული მეწვის, როცა შენს ყოველ ხსენებაზე ჩემი ძმის თვალებში დამალულ ცრემლებს ვხედავ და ვფიქრობ, მე უფრო ბედნიერიც კი ვარ, რადგან 18 წელი ვგრძნობდი მამას.... უფრო მეტი შემიძლია მასზე გავიხსენო, მოვიგონო, უფრო მეტი სიყვარული მახსოვს, უფრო მეტი სითბო მახსოვს......
უშენობამ შიში გამიჩინა...... მარტოობის, კიდევ ვინმეს დაკარგვის შიში.
რაღაც ისე ვგრძნობ თავს..... პატარა ეგოისტი ბავშვი რომ მოაგროვებს თავის სათამაშოებს თავის ირგვლივ და არ უნდა ვინმე შეეხოს, ვინმემ რამე შეცვალოს ან წაართვას. ისე მინდა ხოლმე ჩემები შემოვიხვიო ირგვლივ და არცერთი არ გავუშვა ჩემგან არსად შორს, არც უცხო მომიახლოვდეს ვინმე.....
შემოვღობო ჩემი სული, რომ ვერავინ შემოძვრეს შიგ და არ დამიწყონ ყველაფრის არევ-დარევა, გადაადგილება, სწავლება რა და როგორ იქნებოდა უკეთესი, როგორ უნდა ვიცხოვრო აწი და ა. შ.
დრო გადის და თითქოს უკვე უცნაური ხდება გლოვა, ტირილი და არაადეკვატურობა...... მაგრამ რა ვქნა მე თუ მაკლიხარ და ხანდახან ტკივილამდე მიჭირს უშენობა.....

понедельник, 22 февраля 2010 г.

თრუმანის შოუ

Автор: ჯუნა на 2/22/2010 0 коммент.
the truman show - ამ ფილმს პირველად 4-5 წლის წინ ვუყურე.
მოსკოვში на воробьевых горах იყო არაჩვეულებრივი კლუბი "эмпатиа" , სადაც 15-დან 25 წლამდე ახალგაზრდები ვიკრიბებოდით, გვიტარდებოდა ტრენინგები ფსიქოლოგიის, კონფლიქტოლოგიის და კიდევ უამრავი სასარგებლო და საინტერესო რამის გაკვეთილები, ვთამაშობდით ფსიქოლოგიურ თამაშებს (ხშირად მაფიას, რომელიც, როგორც ვიცი, ახლა იმედის არხზე გადის და "მაფიის ღამე" ქვია), დავდიოდით ლაშქრობებზე, ვარჩევდით მოთხრობებს, ისტორიებს, ფილმებს... ერთი სიტყვით ყოველი შაბათ-კვირა მიხაროდა, რადგან ფსიქოლოგია და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი რამ მართლა ძალიან მიყვარს და პედაგოგებიც ძალიან კარგები გვყავდა.
ერთ-ერთი ფილმი, რომელიც ერთმა ფსიქოლოგმა გვაყურებინა და შემდეგ გავარჩიეთ, იყო the truman show. მაშინ ამ ფილმმა ჩემზე საოცარი და წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.
ხანდახან ალბათ ყველას გვქონია მომენტი, როცა ვფიქრობთ, რომ დედამიწა ჩვენს ირგვლივ ტრიალებს, ყველაფერი რაც ხდება ჩვენთვისაა გამიზნული და ყველა მხოლოდ ჩვენ, ჩვენს რეაქციებს, ქცევებს აკვირდება.
მთავარ როლს ფილმში ჯიმ კერი თამაშობს და მის პერსონაჟსაც (ტრუმან ბერბენკს) ერთ დღეს ასეთი გრძნობა უჩნდება.

მთავარი კი ისაა, რომ იგი მართალი აღმოჩნდება. მთელი მისი ცხოვრება ერთი დიდი კინოა, მისი ქალაქი კი დიდი გადასაღები მოედანი, სტუდია. ეს არის რაღაც რეალითი შოუს მსგავსი, მიწვეული მთელი ქალაქი მსახიობებით. ეს კაცი აღმოაჩენს, რომ დაწყებული დაბადებიდან, ყველაფერი, რაც მის ცხოვრებაში იყო: მშობლები, ცოლი, თანამშრომლები, მეგობრები, მეზობლები..... სცენარში დაწერილი და კარგად ნათამაშები იყო მხოლოდ.
ეს ფილმი მეორედ რამდენიმე დღის წინ ვნახე. სიმართლე გითხრათ, შთაბეჭდილება ისეთი აღარ იყო როგორც პირველად, მაგრამ მაინც всем советую :)

შენთან! სულ შენთან!

Автор: ჯუნა на 2/22/2010 0 коммент.
ყოველ ღამეს, როცა საათი 12-ს გადაცდება, მე ვწვები და ვცდილობ დავიძინო..... ათასი ფიქრი მაბეზრებს თავს, ყველას ერთად უნდა თავი შემახსენოს, მე კი ყველას მოთმინებით ვიგერიებ, მოთმინებით იმიტომ, რომ ვიცი, ადრე თუ გვიან გონება დაიღლება და გაითიშება. მე კი თავისუფლება მომეცემა...... სულმოუთქმელად ველოდები ამ მომენტს, თუმცა არ ვიმჩნევ და სიმშვიდეს ვინარჩუნებ, რომ ფიქრებმა არ გაიგონ ჩემი საწადელი და ორმაგად არ შემომიტიონ.
გადის საათი....... ორი...... თვალები ნელ-ნელა იხუჭება, ფიქრებიც ნელ-ნელა ფერმკრთალდებიან, ნისლში ეხვევიან, იფანტებიან და მეძინება... აი, ვხედავ მძინავს, თვალები დახუჭული მაქვს, გათიშულს ვგავარ. საკუთარი თავის სათვალიერებლად არ მცალია. შენთან მეჩქარება. 2 წუთიც და შენთან ვარ საყვარელო........ აი, შენც გხედავ! :) ხელი ისე დაგრჩენია თითქოს მე გამომიწოდე... შენს ხელს ხელებში ვიქცევ და იატაკზე ვკალათდები. მიყვარს ხოლმე შენი ყურება მძინარესი, ისეთი მშვიდი ხარ, წყნარი.... მინდება ხოლმე ჩაგკოცნო, მაგრამ თავს ვიკავებ. მეშინია, არ გაგაღვიძო. ვზივარ ხოლმე ასე, ყოველ ღამე და გიყურებ. არც ფიქრი მაწუხებს, არც ოცნება მიტაცებს, უბრალოდ მიყვარხარ...... შენ ხომ წარმოდგენაც არ გაქვს, რომ მე ყოველ ღამეს შენს გვერდით ვატარებ, ცუდ სიზმრებს გიგერიებ, შენს ძილს ვიცავ, შენით ვტკბები.......
დილით უკმაყოფილო იმით, რომ კიდევ დიდხანს შენთან დარჩენა აღარ შემიძლია, სახლში ვბრუნდები. ისევ საკუთარ თავს ვუბრუნდები და იმ ათას ფიქრს, რომელიც ჩემს თავში ტრიალებს. ჩუმად კი ისევ საათს ვუყურებ ხოლმე, მინდა მალე დაღამდეს, რომ ისევ გნახო, ისევ მოვეფერო შენს ხელს, ბოტოტა თითებს, შუბლიდან თმა გადაგიწიო და წასვლის წინ ჩუმად, თითქმის უგრძნობლად ტუჩების ბოლოებზე გაკოცო.... ვამბობ უგრძნობლად, მაგრამ ალბათ მაინც გრძნობ, რადგან ყოველ დილას მეუბნები ხოლმე: დამესიზმრე ჩემთან იყავიო...... მე მეღიმება, თითქოს ვიოცებ, მაგრამ გულში ბედნიერი ვარ...... ბედნიერი ვარ რომ მგრძნობ!

воскресенье, 21 февраля 2010 г.

სიყვარულზე შეყვარებული

Автор: ჯუნა на 2/21/2010 0 коммент.
დიდი ხანია ვიცი, რომ მე სიყვარული მიყვარს!
არ ვლაპარაკობ კონკრეტულ ადამიანზე, ცხოველზე, მცენარეზე, საჭმელზე........ სიყვარულზე, გრძნობაზე გეუბნებით!
როცა სიცოცხლეში აზრს ხედავ, სიკეთე გინდა, გაგება გინდა, ჩხუბს და გაუგებრობას ერიდები!
ამ გრძნობით ვცხოვრობ მე და ამ გრძნობით მინდა გავზარდო საკუთარი შვილებიც, რადგან არ შეიძლება სიყვარულის მოყვარულს ბოროტებამ ძლიოს, შურმა დაამძიმოს, ცხოვრებამ არიოს......!
ადამიანები გიყვარდება, მათ გაგებას იწყებ, ცხოვრებას აფასებ, მადლიერი ხდები...!
მთელი სიცოცხლის მანძილზე მოგყვება ეს გრძნობა და ალბათ, ამით ხდება განვლილი ცხოვრება ფასეული, შენი სიცოცხლე კი აზრიანი!
ამ პოსტით არ ვცდილობ სიყვარულის ახსნას ან განწყობის გამოვლინებას, ეს ჩემი ხასიათია, მე ამით ვცხოვრობ!
ალბათ ეს ჩემი პოსტებიდანაც ჩანს, როცა 20-მდე პირადი პოსტი მაქვს და ნახევარზე მეტში სიტყვა მიყვარს ფიგურირებს!
მე ჩემი გიო მიყვარს ქალური, ცოლური სიყვარულით!
მე ჩემი დედიკო მიყვარს ყველაზე ლამაზი და კეთილი ქალთა შორის!
მე ჩემი ერთადერთი ძმა მიყვარს და მის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია!
ყველა ჩემი მეგობარი, ამხანაგი, ნაცნობი, ნათესავი მიყვარს და მიხარია, როცა მათგან პასუხად იგივეს ვგრძნობ!

суббота, 20 февраля 2010 г.

საზოგადოების "იარლიყები"

Автор: ჯუნა на 2/20/2010 2 коммент.
საზოგადოებას უყვარს "იარლიყების" მოწებება. ყველა ადამიანისთვის გააჩნიათ რაღაც დაღის მსგავსი და გასვამენ, ტიპა пригоден ან не очень.
მაგალითად ისეთებზე, როგორიც მე ვარ, ამბობენ კარგი გოგოაო :) არა ტყუილი ნამდვილად არ არის)) ეს რეპუტაცია მართლა დამსახურებულია და პასუხისმგებლობით ვეკიდები მას. იმედგაცრუება არც მე მიყვარს და არც ის მიყვარს, სხვას რომ უჩნდება ჩემს მიმართ ეს გრძნობა. მე უბრალოდ სტერეოტიპები და არაფრის გამო შექმნილი "იარლიყები" მიშლიან ნერვებს. დეტალებს რომ არ არკვევენ, გრძნობებს არ უღრმავდებიან და ზედაპირულად სვამენ "დიაგნოზს". არ ვიცი ეს რამდენად ამართლებს, შეიძლება ზოგ სიტუაციაში სწორიც კია, მაგრამ პრობლემა მაინც ჩნდება. ჩნდება იმიტომ, რომ ყველა თავისი საზომით ზომავს. ყველას საკუთარი საზომი გააჩნია სიმართლის, სისწორის, ზნეობის. და რაღაც საქციელი, რომელიც ერთისთვის ნორმაა, მეორესთვის შეიძლება ანომალია იყოს.
ალბათ ხშირად გაგიგიათ ფრაზება ტიპა: "როგორ არ მიმართლებს ადამიანებში" ან "რა ყველა არანორმალურს მე უნდა გადავეყარო" )) მეც ხშირად ვყოფილვარ ამ აზრზე. ვაწყდები სხვის ისეთ საქციელს, როგორადაც მე არ მოვიქცეოდი და ძალაუნებურად მწყინს. არადა, რომ დაფიქრდე, მასაც ხომ თავისი სიმართლე აქვს, შეიძლება მისთვის შენ ხარ ანომალია. აქედან ჩნდება აზრთა სხვადასხვაობა.
არასდროს დაკვირვებიხართ: ერთი და იგივე ადამიანს სხვადასხვა ხალხი სხვადასხვანაირად ახასიათებს. აი, მე მაგალითად:
ზოგს რომ კითხო ენერგიული და აქტიური ვარ, ზოგისთვის კი პასიური და უინტერესო (ალბათ, ჩემი კურსელებისთვის, რადგან მათ წამოწყებებში თითქმის არასდროს ვიღებ მონაწილეობას);
ზოგი მდიდარ ადამიანად მთვლის (მყავს ასეთი ნაცნობები, რომლებიც დარწმუნებულები არიან, თუ ტანსაცმელში 100ლარს ვაძლევ ე. ი. მდიდარი ვარ), ზოგისთვის კი ჩვეულებრივი, ობოლი (არ მიყვარს ეს სიტყვა) სტუდენტი;
ზოგი ჭკვიანად მთვლის (უნარებში 91ქულა ავიღე), ზოგი კი არც ისე განათლებულ ადამიანად.
და ასე უსასრულოდ შეიძლება ჩამოთვლა...... მაწებებენ "იარლიყებს", არადა ვთვლი, არცერთი ჩამოთვლილთაგან ზუსტად მე არ შემესაბამება. არ ვარ ან + ან - , ვარ სადღაც შუაში, ნორმალური ადამიანივით.
გამოსავალი და დასკვნა ამ სიტუაციაში, ალბათ, ისაა, რომ კარგად უნდა გავიცნოთ ადამიანი მანამ, სანამ მასზე რამეს ვიტყოდეთ და არასწორ რეპუტაციას შევუქმნიდეთ, როგორც სხვასთან, ასევე საკუთარ თავთან.
ეს შეცდომა მე პატარა ვიყავი რომ დავუშვი და მის შემდეგ ვცდილობ აღარ გავიმეორო. მე-3 კლასში სასტიკად ვლანძღავდი ერთ გოგოს (არ ვიცი რატომ, ალბათ ბავშვური სიმეტიჩრით), რომელიც პარალელურ კლასში სწავლობდა და თითქმის არც კი ვიცნობდი. ვიძახდი ამაყია და თავის თავზე დიდი წარმოდგენა აქვს, მაგასთან როგორ უნდა იმეგობროთქო)) 1 წელიწადში კლასელები გავხდით, კიდევ 1 წელში განუყრელი მეგობრები)) დეტალები ნახეთ პოსტში საუკეთესო მეგობარი :)

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review