Показаны сообщения с ярлыком ადამიანი. Показать все сообщения

воскресенье, 9 августа 2020 г.

ჩემი ლამაზი ისტორიები

Автор: ჯუნა на 8/09/2020 0 коммент.

     ***    
          წერეთლის ქუჩის დასაწყისში სულ ნახავთ ხოლმე ვინმე ისეთს, ვისაც ძალიან უჭირს. ზოგი საკრავზე უკრავს და წინ დიდი შავი ქუდი დაუდევს ხურდებისთვის. ზოგი მღერის. ზოგიც უბრალოდ ხელგაწვდილი დგას და პურისთვის ხურდების აგროვებას ელის.....
          მე რომ ჩავიარე შუახნის მამაკაცი იდგა, თეთრი პერანგი ეცვა, ტილოს თეთრ შარვალთან ერთად. იჯდა და რაღაც საკრავზე უკრავდა. თან შიგადაშიგ წაუმღერებდა ხოლმე. დიდი ყავისფერი წყლიანი თვალები ჰქონდა და ისეთი კაცის გამოხედვა, ამ ქვეყნად რომ არავინ არასოდეს გაუბრაზებია, არც არაფერზე განაწყენებულა, თითქოს არც არაფერი მომხდარა ცუდი მის ცხოვრებაში, მხოლოდ ეს ერთი საქმე ჰქონდა გულიანად გასაკეთებელი, უნდა მჯდარიყო ზაფხულის იმ ცხელ საღამოს კიბეზე და მთელი მონდომებით დაეკრა.....
          მოპირდაპირე მხარეს შეუმჩნევლად იდგა მოღეღილ პერანგიანი, უფრო ახალგაზრდა ბიჭი. თავი მხრებში ჩაერგო და ისე ჩავუარე არც შემიმჩნევია.
საკმაოდ გვიანი იყო რომ ამოვბრუნდი. მუშაობა უკვე დასრულებული ჰქონდათ და თეთრპერანგიანი ჩანთაში ნივთებს ალაგებდა. თან კამათობდნენ, რაღაცნაირად მშვიდად და სიყვარულით. კაცი ეუბნებოდა მე დღეს მეტი ვიშოვე და გამომართვი, გავიყოთო. ახალგაზრდა არ ართმევდა, არ მინდა შენია და გქონდეს, მე ჩემიც მეყოფაო....
         ვუსმენდი და მავიწყდებოდა ყველა ის ცუდი ამბავი, რაც იმ საღამომდე მინახავს და გამიგონია. როგორი საინტერესო თვისება აქვს სიკეთეს. ერთსაც რომ შეესწრო, ყველა იქამდე მომხდარ ათასს გავიწყებს.

***

        დღეს ტაქსში ვიჯექი. რაც მანქანა აღარ მყავს ხშირად მიწევს ტაქსით გადაადგილება და მძღოლებზე დაკვირვება შემიყვარდა. წარმოვიდგენ როგორები არიან, რაზე ფიქრობენ ასე მთელი დღე გზაში, ან რა აწუხებთ. მიხარია ხოლმე, რადგან არცერთი "ულამაზო" პერსონაჟი არ აღმომიჩენია.... პირიქით. თვალს უკრავენ ციგნებს ძველი მეგობრებივით და გადანახულ ხურდებს აძალებენ, კარგ მუსიკას უსმენენ ან საინტერესო დიალოგში მაბამენ ხოლმე... დამაფიქრებელში. 

        დღეს ბაბუ შემხვდა, ალბათ 70 წლის. ძალიან გამხდარი იყო და ზრდილობიანი. ჩვენს წინ მანქანა მიდიოდა, ვარდისფერი ბუშტებით სავსე. ისეთი მხიარული სანახაობა იყო, მანქანა ვარდისფერი ბუშტების თაღით, შიგნიდანაც სულ ბუშტებით სავსე. საჭესთან იქაც ბაბუ იჯდა, მის გვერდით კი პატარა გოგო, ალბათ 6-7 წლისა. იჯდა და გახარებული აცეცებდა თვალებს.

        უეცრად, სადღაც ფოთის ქუჩაზე ვიყავით, რომ ქარმა დაუბერა. ბუშტები მანქანას მოწყდა და ელვის სისწრაფით გაიბნა. სხვა მანქანებზე, რიონში, გზაზე.... ბაბუმ მანქანა გააჩერა, სახეალეწილი დარბოდა და ცდილობდა ცოტა მაინც შეეგროვებინა გაბნეული ბუშტები. ჩვენი ბაბუც გაჩერდა..... დახმარება უნდოდა და დიდი მონდომებით კრეფდა ვარდისფერ ბუშტებს. 

          მერე, როცა მანქანაში ჩაჯდა, ძალიან დამწუხრებული იყო. მე, ამდენ ჭირ-ვარამ გამოვლილს, ბუშტების დაკარგვა როგორ დამამწუხრებსო - თქვა.... მაგრამ იმ პატარა გოგოს რომ ცხოვრებაში არაფერი უნახავს და არ დაუკარგავს, ეს ბუშტების გაბნევა რამხელა ტრაგედიად ეჩვენება ალბათ და როგორ ტკივა გულიო.... 

          ალბათ ზედმეტად მიმართლებს ცხოვრებაში, რადგან ასეთი ამბები ბევრი ვიცი და ჩემს თავს მუდმივად ხდება. კიდევ იმიტომ, რომ შემიძლია ასეთი ამბები მოტივაციად გავიხადო, მოტივაციად რომ სიცოცხლე ძალიან მიყვარდეს და ადამიანებიც. და კიდევ იმიტომ, რომ 30 წლის ვარ და მხოლოდ ახლა და ისიც ხანდახან ვაცნობიერებ, როგორი პატარა შეიძლება იყოს ზოგჯერ ზოგიერთი ადამიანი, დაბალიც და იმდენად ულამაზო ზრახვებით შიგნიდან, რომ მთელი გულით შეგეცოდოს. შეგეცოდოს რომ ასეთია და სხვანაირად არ შეუძლია. თუმცა ხანდახან ამ შეცოდებას შიშიც ჯობნის. მეშინია და საშინლად არ მინდა ჩემი შვილები მსგავსი ღირებულებების ადამიანების გვერდით იზრდებოდნენ.

          ამ დროს, ძალიან მინდა სადმე მთის წვერზე დავიდო ბინა. ამდენი თვალისგან, "წარმატებებისგან", ბრძოლებისგან, გაჯიბრებებისგან რაც შეიძლება შორს. ყველა, ვინც ამ გარემოსთვის მეცოდება ჩემთან დავასახლო და ვიცხოვროთ ერთად და ბედნიერად ისე, რომ არავინ იცოდეს არავისზე შური და ბოროტება.          თქვენ კი, ყველას, გისურვებთ, რომ საკუთარი თავი უხვად ამოიცნოთ ლამაზ ისტორიებში. და არასოდეს ულამაზო ადამიანებში.....

вторник, 28 мая 2019 г.

სიცარიელე, რომელიც გვშთანთქავს

Автор: ჯუნა на 5/28/2019 1 коммент.
          კაცობრიობაში ყველა ადამიანის პრობლემა ვფიქრობ შავი ცარიელი ხვრელია საკუთარი თავის შიგნით. თუ ვინმე დაარღვევთ და შეეწინააღმდგეგებით ამ თეორიას მხოლოდ გამიხარდება, მაგრამ, ვფიქრობ თუ საკუთარ თავს შიგნით ჩავიხედავთ, ყველა აღმოვაჩენთ ამ სიცარიელეს.

          ეს ის ხვრელია, ყველაზე დიდ ენერგიას რომ შთანთქვავს საკუთარი მეს ამოსავსებად, შესავსებად, გადასაფარად, რომელიც ზოგჯერ მთლიანად გვფარავს და გვაიძულებს დავიჯეროთ, რომ სიყვარული არაფერია ამ ქვეყნად, არც ემოციები ღირს რამედ, რომ ადამიანებს შორის ურთიერთობები ერთი დიდი ტრაფარეტია და ფარსი. რომელსაც შეუძლია გაგვყინოს და იმ კონდიციაში ჩაგვაგდოს, რომელშიც ვერაფერს გრძნობ, ვერაფერ კარგს ვერ ხედავ, მხოლოდ გინდა მალე დაღამდეს, რომ სქელი საბნის ქვეშ არავინ დაინახოს შენი სევდები, და თუ გათენდება, მალე ამოეფარო რაიმე დიდ ეკრანს, ან შუშებს, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა გაშიფროს რომ მთლიანად დაგფარა სიცარიელემ და გშთანთქა.

          და ყველა სხვადასხვანაირად ებრძვის ამ ხვრელს. ზოგიერთები იტვირთებიან ფიზიკური ან გონებრივი სამუშაოთი იმისთვის, რომ ეს სიცარიელე საკუთარი სრულყოფილებით ან უბრალოდ დაღლილობით ამოავსონ. ზოგიერთები შიგ ყრიან ბოღმას და სხვა ადამიანების სიძულვილს, რადგან ფიქრობენ, რომ მხოლოდ მათ არ გაუმართლად, ამიტომ სხვა ღირსია ჩაგვრის, დაკნინების.... შედეგად, სიბნელეს უფლებას აძლევენ უფრო გაფართოვდეს და ფესვები ღრმად გაიდგას... ზოგიერთები წამლობენ სიყვარულით, რაც, მე ვფიქრობ, ყველაზე სწორი გზაა, რადგან საკუთარი სიცარიელეებიც მხოლოდ იმ შემთხვევების შედეგად გავიჩინე, როცა ეს სიყვარული სადღაც და ვიღაცას დავაკელი.

          ზოგადად, ნათელი მხოლოდ ერთია. რომ დედამიწაზე, ყველა ადამიანის პრობლემა შავი ცარიელი ხვრელია საკუთარი თავის შიგნით. რომელიც სულ რაღაცას გვთხოვს და შთანთქავს და რომელიც ყველამ რაღაცით უნდა ამოვავსოთ. რაღაც უეჭველად კარგით, კეთილით, რწმენით, მოტივაციით, ნდობით, მინდობით, ღიმილით, სიტყვებით, სიყვარულით..... როგორ მინდა ყველაფერი აი ასე, ზუსტად და სწორად მესმოდეს ყოველთვის მეც და ყველას ჩემს ირგვლივ.

вторник, 15 августа 2017 г.

ყველაფერი იქნება კარგად !

Автор: ჯუნა на 8/15/2017 0 коммент.
          ყველაზე დიდი, რაც ადამიანს შეიძლება დააკლდეს და გააუბედუროს - სხვა ადამიანების კეთილგანწყობაა. მე ასე ვფიქრობ. კეთილგანწყობაში მიმითვლია სიყვარულიც, კეთილი განზრახვებიც, დადებითი ემოციებიც.......
          ერთი ჩემზე ბევრად უმცროსი გოგოს საუბარს ვუსმენდი. ასე თქვა, ადამიანის სიცოცხლეს აზრი რომ ქონდეს, სხვაზე კარგი შთაბეჭდილება უნდა მოახდინოსო. დაახლოებით ასე თქვა. ძალიან გავღიზიანდი და შევედავე. შევედავე და ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი და დაბნეული კიდევ მეტად დავაბნიე მგონი.
          რა სისულელეა არა?
          ამ სისულელეს არ ვეთანხმები, მაგრამ მეც იგივეს არ ვამბობ?
          ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ. სამყარო ჩემს ირგვლივ ბრუნავს და ყველაფერს მაძლევს იმისთვის, რომ კარგად ვიყო. ყველაფერს. მაგრამ, მე ეგოისტს, მაინც მაკლია. სულ იმის შეგრძნება მაქვს, რომ ყველა ყველაფერს მაკლებს. სითბოს. კარგ სიტყვებს. აღფრთოვანებას. სიყვარულს. დიდ ემოციას. ფერებს. მადლობებს. სიკეთეს. სიხარულს. გულწრფელ ღიმილებს. და ზოგჯერ ცარიელიც ვარ......
          მეორე გოგოს საუბარსაც ვუსმენდი იმ დღეს... იმან თქვა, ბანკში თუ ვიმუშავებ, ოთხნიშნა ხელფასი მექნება, კარგი ქმარ-შვილი და მანქანა მეყოლება ბედნიერი ვიქნებიო..... მას რომ ვუთხრა, ადამიანები ღიმილს მაკლებენთქო, მართლა გაკლიაო მეტყვის უეჭველი........

          გაიღიმეთ ადამიანებო რა
          ახტით როცა გიხარიათ
          ენა გადმოაგდეთ როცა გწყინთ
          არ იქილიკოთ როცა არ ეთანხმებით
          უთანაგრძნეთ
          ყველაფერი გაგიხარდეთ რა
          თქვენ შანსი გაქვთ სხვა გააბედნიეროთ 
          თქვენს შიგნით თურმე მზე ცხოვრობს.... ყველას მზემ უნდა გამოანათოს
          და
          ყველაფერი იქნება კარგად !

среда, 2 августа 2017 г.

დილემა

Автор: ჯუნა на 8/02/2017 0 коммент.
     ასჯერ გაზომე ერთხელ გაჭერი;
     ყველას მოუსმინე, ყველას აზრი გაითვალისწინე, ყველაფერი გადახარშე;
     მარჯვენაში დაგარტყამენ -  მარცხენა შეუშვირე. მაგრამ თავი არ დაიჩაგრო. მაგრად დადექი;
      პატივისცემა პრინციპული ხასიათით უნდა დაიმსახურო, მაგრამ... სხვას შენ უნდა დაუთმო, პირველი ნაბიჯებიც შენ უნდა გადადგა;
     5 კაცი რომ გეტყვის ღორი ხარო  - იღრუტუნე, მაგრამ ინდივიდუალიზმი არ უნდა დაკარგო, გამორჩეული უნდა იყო;
     ბევრი არ ,,იყვირო", დიდად არ გამოჩნდე, ადამიანები არ გააღიზიანო. მაგრამ ჩუმად და შეუმჩნევლად არ იყო - უინტერესო გახდები და დაიკარგები;
     თუ ემოციები გულთან ახლოს მიგაქვს - გოიმი ხარ და მოგცლია... თუ ადექი და დაიკიდე - შენ რა ცუდი გოგო ყოფილხარ.........
      ზედმეტად მხიარული რომ ხარ, ესეიგი უდარდელი ხარ და არაფრისგამკეთებელი, მაგრამ სერიოზული სახით თუ ზიხარ - უჟმური ყოფილხარ ან კიდევ თავში აგივარდა;
      კარგად სწავლობ? აუ უსაქმური ხარ და არაფერს აკეთებ და აღარც ისწავლო? ბევრი საქმე გაქვს და რაიმე არ გამოგდის? ვერ ასწრებ? ზარმაცი ხარ და მოუნდომებელი.... 

     ყველასთან კარგი ურთიერთობა გაქვს? აი აფერისტი ხარ და იმიტომ. როგორ შეიძლება ყველას უგებდე.... როგორ, ვინმეს ვერ ეგუები? შენი ბრალია. კონფლიქტური ხარ. უეჭველი შენშია მიზეზი. არაფერს დაუთმობ ადამიანს.....
      რეალობა კი ისაა, რომ აი მთელი ცხოვრებაა ოქროს შუალედებს ვეძებ. მთელი ცხოვრება.
      რეალობა ისაა, რომ ძალიან მიყვარს ცხოვრება და თქვენც ძალიან მიყვარხართ ადამიანებო. და ტეხავს რომ თავი ვერ მოგაწონეთ. ვიფიქრებ ხოლმე კისერიც გიტეხიათ ყველას ერთადთქო, მაგრამ მერე დავფიქრდები და მალევე აღმოვაჩენ, რომ არ შემიძლია თქვენს გარეშე ცხოვრება. მერე დავფიქრდები და სულ ჩემს თავში ვეძებ მიზეზებს.... ვეძებ ვეძებ ვეძებ..............

     ვერაფერი გავიგე...... მოკლედ.......

четверг, 8 декабря 2016 г.

სამყაროდან განყენებული

Автор: ჯუნა на 12/08/2016 0 коммент.
 შეგიმჩნევიათ რომ ყველაზე ჩუმალა და არასაჯარო ფეისბუქ მეგობრებიც კი  ისტორიაში ერთხელ მაინც სრულიად კონკრეტულ და ვიწრო სეგმენტზე გათვლილ განცხადებებს ყვირიან სტატუსებიდან... ყვირილის მიზეზი კი ყოველთვის უკმაყოფილებაა...
          უცნაურები ვართ ადამიანები. უცნაურები იმიტომ, რომ არ შეგვიძლია ერთმანეთს თვალებში ჩავხედოთ და ვთქვათ ის, რასაც ვფიქრობთ. არ შეგვიძლია დავუჯდეთ ასე ყველას სათითაოდ და კონკრეტულად, ვთქვათ რა არ მოგვწონს მათში, რა გვაღიზიანებს ან/და თუნდაც პირიქით...  უცნაურები ვართ, რადგან ენა გვაქვს ჩავარდნილი და შეხვედრის დროს ხშირად თვალს ვერ ვუსწორებთ ერთმანეთს, ზურგს უკან კი  გული გვაქვს გულადი და ენა ყველაზე გრძელი. მაგრამ ყველაზე მეტი უცნაურები იცით რატომ ვართ? არასოდეს წონის სხვისი ბევრი კარგი ცოტა ცუდს.... პირიქით კი რამდენიც გინდა.....
          რთულია ადამიანებს შორის ურთიერთობები... ყველა ადამიანს უფიქრია, ცხოვრებაში ერთხელ მაინც, რომ სამყარო შეშლილია და ხალხი ,,სხვანაირი", არა ისეთი როგორიც თვითონ. რომ სხვას ეშლება ყოველთვის და არა თვითონ. რომ თვითონ არის ერთი განყენებული მთელი სამყაროდან და არავის ესმის მისი. არავის თუ არა მასიურად ირგვლივმყოფებს მაინც. უცნაურია ეს ყველაფერი. უცნაურია არსებობდეს ორი მხარე, თავისებურად მართალი და ერთნაირი მოსაზრებებით და ვერ ინახოს გადაკვეთის, მორიგების წერტილი. სად უნდა ეძებო ამ შემთხვევაში გამოსავალი, როცა ურთიერთობის ყველა საბოლოო შედეგი იმედგაცრუებაა და ესეც ორივე მხრიდან იდენტურად. ალბათ ერთადერთი გამოსავალი განშორებაშია. უბრალოდ არსებობენ ცხოვრებაში ადამიანები, რომლებიც თითქოს ბედისწერაა და ვერასდროს ამოაგდებ მათ ისე, თითქოს არც ყოფილა. არ ვგულისხმობ სენტიმენტებს, არა. უბრალოდ მათი არსებობა ისეთი მოცემულობაა, რომელსაც ვერ შეცვლი და ვერ გააქრობ.
          ადრე, ალბათ ცოტა უფრო პატარა რომ ვიყავი, მარტივად ვიკიდებდი სხვების შეცდომებს და შემეძლო ეს სხვა იმდენჯერ დამეტრიალებინა საკუთარი ღერძის ირგვლივ, სანამ ყველაზე კარგი მხრიდან არ დავაყენებდი ჩემს თვალში და ჩემი დამოკიდებულებებიც ბევრად პოზიტიური იყო. ახლა ასე აღარ არის. რომ დავღვინდი, გავიზარდე და სხვებივით უცნაური გავხდი ვერ დავიჯერებ... არ ვიცი რაშია პრობლემა და როგორ გავასწორო არც ის ვიცი.

среда, 2 декабря 2015 г.

გამოწვევებსა და სისუსტეებზე

Автор: ჯუნა на 12/02/2015 0 коммент.
          მოსკოვის ცენტრში, მეტრო ბელორუსკაიას ამოსასვლელთან ერთი ფართო ქუჩაა, რომელიც ასევე სხვა ორ ფართო ქუჩასთან იკვეთება და უდიდეს გზაჯვარედინს ქმნის. ამ გზის გავლა მიწევდა ყოველ დილით, როცა მეათე კლასის მოსწავლე სკოლისკენ მივაბიჯებდი და არცერთხელ მისარგებლია ქვეითთა გადასასვლელით, რომელიც მის ქვეშ არსებობდა. ყოველ დილას, ახლა უკვე სასაცილო, მაშინ კი რაღაც უაზრო თავის საწვრთნელ გამოწვევას ვიღებდი. იქ მისვლამდე სიამოვნებისგან თუ ადრენალინისგან ვკანკალებდი. შუა გზაზე მდგარი კი, ფარანთებული და უთვალავი ეშმაკებივით პირდაღებული მანქანების პირისპირ ჩემს თავს ვტუქსავდი აკვიატების გამო და ამ ერთხელ, ბოლოჯერ გადარჩენას ვთხოვდი ღმერთს. ამ ერთხელ და ბოლოჯერ დგებოდა მეორე დღესაც და ყოველ დღე......დაახლოებით 1 წლის განმავლობაში.
          არ ვიცი ამას რატომ ვაკეთებდი ან ახლა რატომ მომინდა ამაზე დამეწერა. სულ ვცდილობდი ჩემში ფესვებშივე მომეცელა სიმხდალე და სხვა ქალური თუ ადამიანური სისუსტეები. და სულ მინდოდა ვყოფილიყავი ძლიერი , მყარი და უშიშარი.
          და აი თითქოს ახლაც, ფართო ქუჩაში ვდგავარ და მინდა გზის მეორე მხარეს გადავიდე... პირღია ეშმაკების აღარ მეშინია, მაგდენი რწმენა კი ავაგროვე.... უბრალოდ ანთებული თვალები მჭრიან თვალს, მაბნევენ  და ხშირად არ ვიცი ეს თვალები უნდა დავხუჭო და მათ მივენდო რომ არ გადამივლიან, თუ ფართოდ გავახილო და ჯიქურ ბოლომდე მივიყვანო საკუთარი გზა თუ ნება.... во имя собственной силы, воли и силы воли....
          ამ ყველაფერში ერთადერთი პრობლემა არსებობს: ეშმაკი, ბოროტი და საძაგელი სენტიმენტები. საზიზღარი სენტიმენტები და კიდევ უფრო უსაზიზღრესი ემოციები. რომლებიც ჩემს სიძლიერეს ფარავენ ზოგჯერ; გზას მიბინდავენ და ნაბიჯს არ მადგმევინებენ წინ.
          ამ სუსტ ,,ადამიანობას" ვერ მოვერიე ჯერ.

понедельник, 14 сентября 2015 г.

მიზიდულობის ძალა

Автор: ჯუნა на 9/14/2015 0 коммент.
       
          ადამიანურ ურთიერთობებზე რომ მიდგება ჯერი ყველას სხვადასხვა ასოციაცია უჩნდება და ყველას ერთი განსხვავებული სიტყვა მოადგება ხოლმე ენაზე. მე მიზიდულობა მახსენდება.

          ხომ არსებობენ ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ ცხოვრების დინებას გვერძე გაუდგნენ და მშვიდად თვალი ადევნონ სხვა ადამიანებს, მოვლენებს, სხვის ცხოვრებას, საკუთარსაც.... წაფლეგმო ტიპები, რომლებიც ალბათ იბრძვიან მიზნებისთვის, მაგრამ არა ღელვით, არა მთელი არსებით და შეგნებით, არა ემოციებით და ემოციური დატვირთვით. მშვიდად... თუ ეს მიზნები გამოდის, არასდროს შემოკრავენ სიხარულის ტაშს, ან თუ არ გამოდის არ ეხატებათ იმედგაცუება სახის ყველა კუნჭულზე....
          კიდევ, მთელი ცხოვრება მშურდა იმ მელოდრამის გმირების სახლის ეზოებში გაბმულ ჰამაკში რომ კლავდნენ მშვიდ საღამოებს ისე, თითქოს ეს იყო მათი პირდაპირი დანიშნულება და ამისთვის ღირდა მთელი მათი ცხოვრება. რამდენჯერ მოვინდომე საკუთარი თავისთვის ასეთი ,,განცხრომის" მოწყობა, იმდენჯერ თითზე დასათვლელი წუთების ოდენობა მეყო გასანაბად და საკუთარ თავში ჩასაღრმავებლად... მერე კი ლამის ყირამალების კეთებით ვაგრძელებ უაზრო ,,ხეტიალს" და ,,არაწესიერ" შფოთვას.

          ხოდა რას ვამბობდი. მიზიდულობაზე.
          ადამიანებისკენ მიზიდულობის ძალა ჩემზე ყველაზე ძალიან მოქმედებს.
უკიდეგანოდ ვიცი მათი აკვიატება და არანორმალურივით მიწებება. და თუ მივეწებე, მერე ვერაფრის დიდებით ვერ მოძებნით ამ ურთიერთობაში ნორმას, საზღვარს, წერტილს, მძიმეს, პაუზას..... ხომ არის რომ ადამიანთან ხარ, ხარ, ხარ.... მერე თვალი თვალს მოშორდება, ან გული გაცივდება, ან... საერთოდ ერთ დღესაც მოულოდნელად გაიკვირვებ რა გხიბლავდა კონკრეტულ პერსონაში ასე ძალიან და მოკლედ ამ მოსაწყენ ნოტაზე ყველაფერი სრულდება...  ყველაზე საშინელი ის არის, რომ ჩემთვის ეს ურთიერთობები არასდროს არ სრულდება. ამ ჩემს მშფოთვარე ბუნებასთან უკუპროპორციულად სტაბილური ვარ ურთიერთობებში და არაცვალებადი. ძალიან რთულად მეთმობა ყველა ჩემთვის კარგი ემოციის მატარებელი ნებისმიერი ადამიანი და ცუდად მამახსოვრდება ყველაფერი ცუდი. ყველა მცირედად თუ დიდი გაწბილებების შემდეგ ავტომატურად მიაქტიურდება მიზიდულობის ძალა და ჩემს თავს სჭირდება ყველა, ყველა, ვინც კი რაიმე კარგთან ასოცირდება ჩემთვის.

          მოკლე რეზიუმე: მშფოთავი მიმზიდველი (არაპირდაპირი გაგებით :)) ეგოისტი ტიპი, რომელიც ვერასდროს ვერსად სვამს წერტილს და არაფერს და ვერაფერს ელევა....
                                                ფსიქოლოგებო, დამიდეთ დასკვნა

понедельник, 7 сентября 2015 г.

თვალახვეული

Автор: ჯუნა на 9/07/2015 0 коммент.
          მწვანე და შიშველ მინდორზე იყავი მარტო
          და ტრიალებდი თავუზოგავად
          მთელი დღეები და ღამეებიც, შეუჩერებლად, დაუფიქრებლად, რიტმში და ყოველგვარი აზრის გარეშე
          და ამ ტრიალში უეცრად აღმოაჩენ რომ სახე აღარც კი გიჩანს. გაქცეულია ყველა შენი ნაკვთი და არაბუნებრივი, მრავალგვარი და სხვადასხვა. ერთ წუთში მცინარი და მეორე წუთს უფერული. საშინელებათა ფილმს მოგაგონებთ ეს ყველაფერი....
           აი ზღვარს რომ ხედავდე, რომელამდეც შენ შენ ხარ და იმას იქით - თამაშობ. რომელამდეც ნამდვილია შენი ფიქრებიც, გრძნობებიც.... აკეთებ იმას, რასაც ნამდვილად ფიქრობ, ფიქრობ იმას, რასაც ამბობ...... საქმე იმაში არაა, რომ მატყუარა ხარ და ორგული. რომ სხვას ატყუებ, რომ ნიღაბს იფარებ.....არა.
         ყველაზე პირველს საუთარ თავს ატყუებ, ყველაზე პირველს შენს თავს უმალავ ყველაფერს შინაგანს და თვალს ხუჭავ. აი როგორც გზაზე მიდიხარ მიდიხარ თვალდახუჭული და მცინარი.... შეიძლება ამ გზაზე სადღაც ფეხი გადაგიბრუნდეს და კისერი მოიტეხო, შენ ეს იცი, მაგრამ თვალს მაინც არ ახელ და მაინც მიდიხარ.... არც ჩერდები, არც ფიქრობ, არც განიხილავ რაიმე სხვა ვარიანტს..... იმიტომ რომ უკან სვლის უფლება არ გაქვს. არც ტირილის და ვაი ვიშის. მითუმეტეს წუწუნის. საერთოდ არაფრის უფლება არ გაქვს! მხოლოდ წინ და ხელების ქნევით...
          და ალაგ-ალაგ, როცა საუთარ თავს ფიქრის უფლებას მისცემ, გაიაზრებ რომ ეს გზა შენთვის ზედმეტად რთულია, ზედმეტად ვიწროა, აუტანელი, ძალიან გრძელი და უსასრულო....... და მოგაწვება ყველაფერი ადამიანური, ბნელი და სამარცხვინო, რაც კი არსებობს შენს შიგნით. დაიწყება თვითშეცოდების გრძელი პლიადა, როდესაც სიმწრით გავლილი გზიდან უკან იხევ და თავქვე ეშვები......
          მანამ, სანამ ერთ დღესაც შეძლებ, ძალას მოიკრებ, ამოისუნთქავ, თვალებს აიხვევ, ღიმილს დაიყენებ და გზას განაგრძობ. ისევ წინ.

вторник, 11 августа 2015 г.

p.s. სადღაც იქ, იშვიათი მე...

Автор: ჯუნა на 8/11/2015 1 коммент.
          არ ვიცი ყველაში სახლობს თუ არა ორი ადამიანი. ყველა დახტის თუ არა ერთი სამყაროდან მეორეში, ერთი ხასიათიდან სხვაში და ასე გამუდმებით სტაბილურობის ძებნაში. მხოლოდ ის ვიცი, რომ იმ ერთ-ერთ ჩემთაგანს ძალიან უნდა უბრალო, მარტოსული, ყველასგან დავიწყებული, უპრეტენზიო გოგო იყოს და სადმე იქ ცხოვრობდეს, რომლის იქითაც მამალი აღარ ყივის. ფიქრობს, რომ ეს იქნებოდა ერთადერთი მშვიდობა ყველა მის ომში საკუთარ თავთან თუ სხვა დანარჩენ სამყაროსთან. ფიქრობს, რომ ისწავლიდა ბარვას და თოხნას, მოიყვანდა ბოსტნეულს თავისი ხელებით, ეზოს გაასუფთავებდა, ყვავილებს მოუვლიდა, ძაღლს იყოლიებდა ერთგულს, დამჯერეს და ისეთს, მის დანახვაზე ენაგადმოგდებულ და თვალებაბრწყინებულ რეაქციას რომ ვერ შეცვლიდა ვერაფერი.

          ვარსვლავებით გადაჭედილი მუქი ლურჯი ცა ექნებოდა ქუდად და მწვანე დედამიწა საყრდენად. ასე იდგებოდა არაფრით გამორჩეული, ყველაზე ბუნებრივი და ისე ილოცებდა თითქოს შიგ ყურში ეჩურჩულებოდა თავისი ხმით ცას.... ყოველი დილა და საღამო ერთმანეთს შეეჯიბრებოდა სიმშვიდეში. დადგებოდა ცის ქვეშ და ღმერთს წაუკითხავდა სულ თავის ცოდვებს, მოუყვებოდა თავის კონფლიქტებზე, გაუგებრობებზე, პრეტენზიებზე. ბევრს იტირებდა, იწუწუნებდა, იმსჯელებდა, საპასუხოდ კი თავზე ხელის გადასმას დაელოდებოდა.
          მერე დაწვებოდა და ზაფხულის ხმებს დაუგდებდა ყურს. სოფლის ხმებს. ტურების ქალებივით კივილს, ბაყაყების გაუჩერებელ ყაყანს, ჭრიჭინების სიმღერებს ფონად....თავში აღარ ექნებოდა არცერთი აზრი, არც ამდენი დამღლელი ფიქრი. არ აფორიაქდებოდა და გული არ ამოუვარდებოდა, არ იშფოთებდა და არც შეეშინდებოდა.... იმიტომ კი არა რომ გაცარიელდებოდა ან გამოიფიტებოდა, უბრალოდ იმიტომ რომ ზედმეტად უმნიშვნელო იქნებოდა ეს ყველაფერი იმ მდგომარეობაში...

          იქ მოვიდოდა ბედნიერება ყველაზე მარტივად. ჭეშმარიტებამდეც იქ იქნებოდა ყველაზე მოკლე. ღვთის სათნოობა - სულ იოლად მისაღწევი. მიწასთან ჭიდილში დაღლილი სამართლიანად ჩათვლიდა, რომ მეტად იმსახურებს ღვთის სიყვარულს, წყალობას... მადლით აევსებოდა გული და ფიზიკურად გამოლეულს ძალა აღარ ექნებოდა წუხილის... უმიზეზოდ და უსაქმურად წუხილის. 

понедельник, 29 июня 2015 г.

მე - მშიშარა !

Автор: ჯუნა на 6/29/2015 0 коммент.
          სველი ჰაერით ნელ-ნელა გაიჟღინთა ფილტვები, დაიბერა ძარღვები, მაგრამ არ გაავსო, არ ამოასუნთქა, ვერა. შოშიასავით ვაღებდი პირს და ვხვდებოდი, რომ სამყაროს ჰაერი არ იყო საკმარისი ჩემთვის. ზედმეტად მძიმე იყო, და ცოტა.
          მუხლები მიკანკალებდა და მუხლებთან ერთად მგონი მანქანაც კანკალებდა.
          რა დებილობა სიტყვაა ეს ბედნიერება. არავის რომ არ შეუძლია არავისთვის მისი მოტანა. საერთოდ. შენ თუ მოერევი შენს საკუთარ ეგოისტობას და თავს კარგად იგრძნობ, მხოლოდ მაშინ ხდება მთელი მაგია. შეგიძლია ირგვლივმყოფებს გაუზიარო შენი ანთებული თვალები და სულ ეგ იქნება მთელი ბედნიერების შეგრძნება, შენიც და სხვისიც.
          მანქანა ნელა დაიქოქა, ძლივს და ცახცახით. ზანტად ამოძრავდა და ისევ ჩაქრა. შიშით ძალა არ ეყო ალბათ. ჩემსავით.
          მეც ხომ ყველაფრის მეშინია. მე, ვითომ მაგარ ტიპს, ხომ სინამდვილეში ცხოვრების მეშინია. ადამიანების, ურთიერთობების, პასუხისმგებლობების, შეცდომების.... მწარე სიმართლის და ვერ დანახული ტყუილის. სიყალბის და სიყვარულისიც. დანაკლისის და ყოველგვარი ზედმეტობის.
          მე, ის მშიშარა ვარ, მთელი შეგნებული ცხოვრება რომ უმტკივნეულო შუალედებს ვეძებ და საკუთარი უნორმობისთვის ვერ მიშველია.
          მე ის მშიშარა ვარ, ყველა სიტყვაში რომ ქვეტექსტებს ვეძებ და ზედმეტად იდეალურად წარმომიდგენია ადამიანებს შორის ურთიერთობები
          მე ის მშიშარა ვარ, საკუთარ ნაჭუჭში რომ ვერ ვეტევი და ხეტიალში ვარიგებ საკუთარ გულს ირგვლივ. მერე კი დანაკლისებს ვეღარ ვივსებ და უაზროდ ვგოდებ.
          ახლა რომ მანქანა დაიქოქებოდეს, აუცილებლად დავასრულებ ამ ყველაფერს.... სამუდამოდ.... ვიფიქრე და დაიქოქა : ) მერე დიდხანს ვიჯექი დაქოქილ მანქანაში და ვფიქრობდი რა უნდა მექნა. ვფიქრობდი სად უნდა წავსულიყავი. იმასაც ვფიქრობდი ყველაზე გულიანად ვინ მომისმენდა და იმასაც, ყველაზე იმედიანი ნუგეში ამ უაზრობაში ვისი იქნებოდა....
          სასაფლაოზე წავედი. ეზოში ეკლესია იყო.
          არსად არ მიყვარს დაგვიანება. მხოლოდ იქ, სადაც ყველაზე დროულად უნდა მიხვიდე წესით. მომწონს იმის შეგრძნება, რომ მე მივდივარ და იქ რაღაც მნიშვნელოვანი მხვდება.... დღეს ეს ჩემდაუნებურად მოხდა. შევედი და მომეგება ერთსულოვნება:
          - ღმეერთი უუფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ.....
          და შიგნით მიხმო სიმშვიდემ.
          მივხვდი რომ ღმერთს მაინც ვუყვარვარ.
       
          შიგნით სანამ გავძელი, თავს ყველაზე დაცულად ვგრძნობდი მსოფლიოში. იქ არ მომკარებია არაფერი ბოროტი, ეგოისტური, დეპრესიული, უვარგისი, უაზრო და ფუჭი....
          იქ ისევ თვალებანთებული გოგო ვიყავი მუჭა მუჭა ცრემლებით სავსე, მაგრამ კარგი.
       
დავიღალე

четверг, 7 мая 2015 г.

მძიმე

Автор: ჯუნა на 5/07/2015 0 коммент.
       
          სახლში რომ შევედი, ხელებაკანკალებული და თვალებდასიებული, მოლოდინით მქონდა გული სავსე. სიმართლე გითხრათ, თავად არ ვიცოდი რას ველოდი, მაგრამ მთელი გულით მინდოდა ყველაფერი ისე დამხვედროდა, თითქოს არც არაფერი მომხდარა. თითქოს მე არ დამელეწოს გუშინ საღამოს სახლში თეფშები, თითქოს მე არ შემეხედოს ჩემი შვილისთვის მთვრალი უსხივო თვალებით, თითქოს მე არ დამეტოვებინოს ატირებული ჩემი ცოლი თავისი ახსნებით ხელში... მარტო.
          განა რად უნდა ამდენი ახსნა იმას, რაც თვითონ ყველაზე კარგად ვიცი. ხომ ვმუშაობ, ხომ გულით მიყვარს, ხომ არაფერს ვაკლებ...... ჩემნაირი კაცები ადრე მე თვითონ არაკაცები მეგონა, ვერ ვუგებდი, მეგონა მონდომება აკლდათ თორემ ძალის მოკრებას რა უნდა-თქო..... ახლა სულაც არ ვთვლი რომ არაკაცი ვარ.... უბრალოდ რა ვქნა თუ სული მტკივა და ეს ცხოვრება აზრს არის ჩემთვის მოკლებული. როცა ვსვამ არაამქვეყნიური იდეალურობა ისადგურებს ჩემს გულში და ნაკლი არ აქვს არაფერს: არც ვირივით შრომა და არასრულფასოვნების აუტანელი გრძნობა მეღვენთება მწარედ გულში, არც უფულობა და უამრავი საყოფაცხოვრებო პრობლემაა ასეთი რთული. არც მხრებზე დადგმული პასუხისმგებლობაა ასეთი მძიმე.... სულ რომ ვატარებ. ბავშვობიდან. რომ არავის უზიდია არცერთი მისხალი ჩემთვის, ჩემს ნაცვლად.... ჰოდა დავიღალე.... რატომ არ ესმით, რომ დავიღალე და საღი გონებით ამხელა ტვირთის ტარებამ გადამასწორა და ბრძოლის ძალა აღარ შემატოვა.
          ყველაზე მეტად მის სიძულვილს ვერ ავიტან.... ოღონდ მისი გულგრილი თვალები არა.... იმიტომ რომ თუ რამე მიკეთებია, ყველაფერი მხოლოდ მისი ხათრით. ახლა თუ ადგება და მარტო დამტოვებს - ეგოისტურად ვანანებ, უკანასკნელი არაადამიანივით გათიშვამდე და საღი აზრის დაკარგვამდე დავლევ და ვიბომჟებ, გადავიკარგები, უჩემობით ვატირებ და ვანანებ..... მან არ უნდა მიმატოვოს, უნდა გამიგოს, უნდა ამიტანოს, იმიტომ რომ უნდა ვუყვარდე! მერე რა რომ ალბათ სულ გულს ვტკენ და გუშინაც.... ვიცი რომ გავაწამე....მაინც არ უნდა წავიდეს და მარტო არ დამტოვოს. დაღუპვის უფლება არ უნდა მომცეს.

          სახლში შევაბიჯე ამ ეგოისტური ფიქრებით, რომ ყველას ყველაფერი ჯადოსნური ძალებით დაავიწყდებოდა და მე უღირსს მაინც შემომეგებებოდნენ სიყვარულით სავსე თვალებით..... სხივიანი და სითბოსგან აწყლიანებული მზერებით.... ყველაზე ჩემიანები, ყველაზე ისინი, ვის გამოც ალბათ შევძლებდი გამომეძებნა ბოლო ძალები და ჩემი გაწამებული ცხოვრება ბოლომდე მიმეყვანა....
          სახლი ცარიელი იყო. არცერთი სულიერი. არ უნდოდა ბევრი ფიქრი იმის გააზრებას, რომ ჩემ გოგოებს აღარ მოუნდათ ასეთ უძლურ, უსუსურ და გამოლეულ კაცთან ცხოვრება.... ალბათ დაიღალნენ... ალბათ სიყვარული არ ეყოთ... ან ალბათ ჩათვალეს რომ ჩემს გარეშე უკეთ იქნებოდნენ.... როგორ შეცდნენ ასე.... როგორ იფიქრეს რომ ამხელა სიყვარულზე უარი უნდა ეთქვათ, რა იფიქრეს?? რანაირი სიყვარულია თუ ფხიზელი ყოფნა არ შეუძლია ჩვენი ხათრითო? ეეეეეეხ..............

          ზუსტად ათი წუთი დამჭირდა იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მიმეღო. რა გგონიათ, ეს იმისთვის გავაკეთე, რომ მინდოდა ჩემი დატოვება ენანათ? არა. სინამდვილეში გულით მიხაროდა, რომ მათ გავათავისუფლებდი ჩემი არსებობისგან და ჩემს თავსაც - ყველანაირი ვალდებულებებისგან. გულით ვზეიმობდი, რომ საპატიო მიზეზი მომეცა ამ ყელაფრისთვის თავად დამესვა საბოლოო წერტილი....

          მე თავი მოვიკალი. ვიცი რომ სისულელე გავაკეთე, ბოლო ჩასუნთქვაში მივხვდი ამას. ამოსუნთქვა რომ ვინატრე. იცით რატომ? ჩემი შვილის ბავშვობა გამახსენდა.
პატარა რომ იყო, ყველა გმირზე დიდ გმირს ხედავდა ჩემში. ყველაზე ძლიერს.
ფიქრობდა, რომ მისთვის მთების გადადგმაც შემეძლო, ფრენაც, ჯადოქრობაც.
მის თვალებში რომ ყველაზე ზღვა სიყვარულს ვხედავდი მთელს მსოფლიოში, ყველაზე გაფანატებულს და დამორჩილებულს.
ყველაზე მეტად ვიჯავრე, რომ ასეთი სუსტი აღმოვჩნდი, ლაჩარი და მას იმედი გავუცრუე.....
ყველაზე მეტად ვინატრე სასწაული ჩემს გადასარჩენად, რათა თავად მომეხდინა სასწაული და განმეცადა ფერიცვალება. ჩემი თავი გვერძე გადამედო... აღარ მეცხოვრა ეგოისტურად და საკუთარი განცდებით.
მივხვდი რომ ეგოისტი ვიყავი.
მივხვდი რომ ბედნიერებამ სულ გვერდით ჩამიარა.
რაღაც კარგსაც გავაკეთებ: თუ ეს შესაძლებელია, ჩემს წილ ბედნიერებას ღმერთს ჩემი გოგოებისთვის ვთხოვ....

четверг, 23 апреля 2015 г.

ციკლიდან: მხოლოდ ჩემს განზომილებაში

Автор: ჯუნა на 4/23/2015 0 коммент.
       
          სადღაც შორს, ამ სამყაროს მეორე მხარეს ერთი გოგო ცხოვრობს. იგი ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო. და ახლაც არის. მეგობრობა ხომ არ შეიძლება გაქრეს. არ შეიძლება არსებობდეს რაღაც დიდი და ძალიან მყარი ძაფი ადამიანებს შორის და მერე უეცრად გაწყდეს. თურმე ისეთი გრძნობებიც არსებობს, რომელთაც არ სჭირდება სიტყვები, ყოველდღიური ურთიერთობები, ცხოვრებისეული დეტალების გაზიარება, მუდმივად ფერება და რაიმე ვალდებულებების ტვირთვა.
          მერე რა, რომ შეიძლება ჩავიარო მთელი ცხოვრება და ვერც კი ვნახო.... ჩვენ ხომ ბავშვობაში შევპირდით ერთმანეთს ვინც პირველი მოკვდებოდა მეორეს დაესიზმრებოდა :) რა მიამიტურია, მაგრამ დღემდე მჯერა ამის. ვიცი რომ მასაც.
          და მერე რა, რომ ის ვერასოდეს მომინათლავს შვილს, და ვერც მე მოვასწარი მისი პატარა დის მონათვლა....
          და მერე რა, რომ მან არ იცის რა მშვიდად მეცხოვრება მე აქ და გულწრფელად არც მე ვიცი ბედნიერია თუ არა თავის ბოქსიორ და ,,ძია" კაცთან..... ის ვერასდროს ვერ გაიგებს რა მაბედნიერებს და მამშვიდებს მე, და ვერც მე გავუგებ ვერასდროს მის ბევრ არჩევანს... და მერე რა......
          ადამიანებმა ხომ დამოუკიდებლად, ყველამ სათითაოდ უნდა გაიაროს თავისი ცხოვრება და გააკეთოს საკუთარი არჩევანი.  მთავარი ისაა, რომ მე ის სულ გულში მყავს. მთავარი ისაა, რომ ჩვენ საერთო ბავშვობა გვაქვს, მთავარი ისაა, რომ დროის რაღაც მონაკვეთი ჩვენ ერთი, საერთო ცხოვრებით ვცხოვრობდით და მასთან ერთად ეს ცხოვრება მე ძალიან მიყვარდა.... მე ხშირად ვფიქრობ მასზე. ის ჩემი ნაწილია. მე მისი. და ამას ვეღარაფერი შეცვლის.
          დღეს ვიკას დაბადების დღეა. ცუდია რომ ამას ვერასდროს წაიკითხავს. ერთადერთი რაც ძალიან მინდა - ოდესმე ერთხელ მაინც კიდევ ვნახო. მე ბედნიერი ვარ. ცხოვრებაში ძალიან მიმართლებს ადამიანებში და იმიტომ. მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ შენი ცხოვრება შემოატრიალონ და მთლიანად შეცვალონ, კვალი დატოვონ შენს შიგნით. ალბათ, ერთეულებს ვაძლევთ ამის უფლებას და მათში კიდევ უფრო ერთეულებს უჩნდებათ ამის სურვილი.... იფილტრებიან მხოლოდ შენი განზომილების ადამიანები....
          ჩემო ერთეულებო, მე მიხარია თქვენი არსებობა

воскресенье, 5 апреля 2015 г.

ყველაზე მეტი....

Автор: ჯუნა на 4/05/2015 0 коммент.
       
          საქანელაზე ბავშვობაში ხომ მჯდარხართ? მაღლა რომ აფრინდებით, გული შეგიტოკდებათ, განუზომელ, უცნაურ და ამოუცნობ სიხარულს რომ იგრძნობთ, აი ზუსტად ეს ვიგრძენი იქ. რიგში. ხომ ამბობენ იმ რიგში დგომა შეგრცხვებაო, ხალხი ბრბოსავითააო.... მე ვერ ვიგრძენი. რამდენჯერმე გამომხედეს წარბშეკრულმა ბებოს ტოლებმა, რომ მეღიმებოდა, ვეუცნაურე ალბათ. მათაც გავუღიმე და აღარ შემოუხედავთ. ჰოდა სიხარულზე ვამბობდი.... ვიდექი გაღიმებული და თვალზე ცრემლმორეული... ამაყი არა, სიამაყე არ მიგრძვნია, უბრალოდ პირველად ჩავთვალე რომ ღირსი ვიყავი იქ დგომის.
          პატარა გოგო იდგა ჩემს გვერდით, ქერა, გრძელთმიანი, თხელტუჩება და უგონოდ ლამაზი. მე მელამაზა. ერთმანეთს ვუყურებდით და ისიც მიღიმოდა, ძალიან კარგი უნდა ყოფილიყო შიგნიდან, ასე მომეჩვენა. რათქმაუნდა ჩემზე წინ წავიდა, მამაოსთან მიაჭრა, თვალებში ჩახედა და ამოირაკრაკა: ,,როგორ მიყვარხარ მამაო".... (უეჭველად მართლა უყვარდა). ყველა გაკეთილდა. გაიღიმეს. ,,მეც მიყვარხარ ჩემო ლამაზო"-  ის დრო იყო ყველას რომ ყველა უყვარდა ირგვლივ ფარისევლობის გარეშე.
          მერე ციგნის გოგო მოვიდა. ძველი, გაწელილი სპორტული შარვალი ეცვა, თავშიშველს, სახეგამურულს დიდი ხნის დაუბანელი შავი თმები უშნოდ ჰქონდა შეკრული. მამაოს გამოეცხადა, ნესტანი მქვია და ზიარება მინდაო. რატომღაც ვიფიქრე გააგდებდა, შევცდი რათქმაუნდა. აღსარებაზე გაუშვა. ვიფიქრე აღარ დაბრუნდებოდა და ისევ შევცდი. მალევე მობრუნდა. ამჯერად კაბის ჩაცმა მოსთხოვეს. 5 წუთიც არ იყო გასული თავდახურული და სპორტულ შარვალზე თავშალშემოხვეული რომ დაბრუნდა. ეზიარა მონდომებულმა... სადიდებლად უფლისა.
          დედა მივიდა პატარა ბავშვით. სულ თოთო იყო. ტიროდა. რიგში ბებოებმა შეიცხადეს: ,,რად უნდა ჩვილს ზიარება? ისედაც ხომ წმინდაა?" არ ვიცოდი და ვერ შევეპასუხე. ბავშვი წინ გაატარეს, მამაომდე მიუშვეს, დედაც ნერვიულობდა, ვერაფრით რომ ვერ დააწყნარა შვილი. ,,დედის ლოცვებს კითხულობ?" - გამოუტანა განაჩენივით.
შერცხვა დედას. ,,შენ თუ არ იზრუნებ შენს შვილზე, მე როგორ უნდა ვიზრუნო მასზე? იფიქრე..." აზიარეს.
         ერთ-ერთი ბებოსტოლას დრო რომ მოვიდა და მამაოს გაუსწორდა, აღმოჩნდა რომ მისი სულიერი შვილი იყო და აღსარების ჩაბარება დავიწყებოდა. ,,მაღალი წნევა მაქვს, ფეხზე ძლივს ვდგავარ, მამაო გნახავთ, მაგრამ გევედრებით, ახლა მაზიარეთ".... ყველა გაირინდა. ,,ვინმეზე გაბრაზებული ხომ არ ხარ? ვინმეს წყენა ხომ არ გაქვს გულში" - ეს ერთადერთი ჰკითხა და აზიარა. რა მნიშვნელოვანი კითხვა ყოფილა...
         ბევრი ამბავი მოხდა კიდევ იქ. ყველა ადამიანში იყო ამბავი სიკეთისა და ბოროტების. ყველაში არ იყო რიგში დგომის აზრი. ყველაში არ იყო ალბათ სიყვარული. ჩემში ძალიან მძაფრად ვგრძნობდი და გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა სიხარულისგან.
         ერთი სტატია წავიკითხე ამ ბოლოს და ძალიან მომეწონა. ურწმუნო გოგოზე იყო, რომელსაც დიალოგი ჰქონდა პატრიარქთან. ამითი დავამთავრებ. მე ძალიან მაკლია რწმენა. ბევრი რამ არ ვიცი და ბევრი მეშლება. მაგრამ საკუთარ შეგრძნებებს ხომ ვენდობი... და მეც ზუსტად ვიცი ის, რომ რაც ზიარებისას მივიღე ნამდვილად არ იყო მხოლოდ ღვინო და პური. ეს იყო დიდი საიდუმლო. რომელიც ჩემში შემოვიდა და გულში ჩამისახლდა.
          ყველა სიკეთემ და ყველა სუფთა თვალმა, ყველა სიტყვამ და ყველა ნოტმა წვეთ-წვეთად ამივსო სული და გაანათა იქაურობა. ირგვლივ ყველაფერი ლამაზი გახდა.
          ამაზე მეტი არაფერი არ არსებობს, არ ეძებოთ. მე ყველგან ვეძებდი და ვერ ვიპოვე.

пятница, 20 марта 2015 г.

ცა და მიწა - გზაგასაყარი

Автор: ჯუნა на 3/20/2015 0 коммент.
          ცა მაღალი მიწიდან იწყება. აი სადღაც შორს რომ ჰორიზონტის ხაზი ჩანს, სადაც მიწა მთავრდება და ცას უერთდება, იქამდე უნდა მიათრიო შენი უბადრუკი სხეული, საკუთარი მძიმე ჯვრით ხელში. 
          გზაში იმდენჯერ გააგდებ ამ მძიმე ჯვარს, იმდენს იჯავრებ მის არსებობას, იმდენჯერ მოგინდება მის გარეშე მჩატე და მარტივი ცხოვრება: დატოვებ და გადაუხვევ, მიატოვებ, უარყოფ..... ითამაშებ, გაერთობი, ჭრიჭინასავით ახტუნდები, ამაოდ იმეტყველებ, უგუნურად იცინებ, იამპარტავნებ, იცუდდიდებულებ, იკადნიერებ... მაგრამ რამდენჯერაც დატოვებ შენს ჯვარს შენ საბრალო, აუცილებლად იმდენჯერვე მიბრუნდები მასთან.... ისევ აიღებ და გზას გააგრძელებ. დამძიმებული, მაგრამ სიმსუბუქის გრძნობით, რომ სწორ გზას ადგახარ. გრძნობით, რომ უპასუხისმგებლო არ ხარ და ზუსტად ისე იქცევი როგორც შენი ვალია.... გრძნობით, რომ მნიშვნელოვან და ჭეშმარიტად ღირებულს აკეთებ.....
          თეორიულად რამდენი რამე ვიცი, რა სწორად ვიცი, მაგრამ პრაქტიკაში რა რთულია. რთულია იარო მძიმე ტვირთით მხრებზე და ამასთან შეინარჩუნო სიმშვიდე, წონასწორობა, არ მოგინდეს არაფერი ისეთი, რასაც ტვირთთან ერთად ვერ გაწვდები, ვერ შეინარჩუნებ, რასაც ჯვრის ტარებას ვერ შეუთავსებ.... რა რთულია გინდოდეს მხოლოდ ის, რაც შენი ვალდებულებაა.... რა ტკბილია ყველაფერი მარტივი და აკრძალული.

          და აი სულ ბოლოს, ჰორიზონტის ხაზთან რომ მიხვალ და აღმოაჩენ რომ გზა დასრულდა, შემოგეგებება წინ  ისევ ცა მაღალი და უფსკრული.
          უფსკრული, რომელშიც დაიკარგები და გაქრები უკვალოდ.
          და ცა, რომელთანაც გზას მაღლა გააგრძელებ....
          ჯინებივით გამომწყვდეული იშვიათი, მჩატე და თავისუფალი სულები თეთრად ტრიალდებიან თავიანთი ღერძის გარშემო და არაამქვეყნიური ბედნიერებით სავსეები უერთდებიან ზეცას. მათსავით თეთრ და სუფთა ღრუბლებს ეკვრიან და ფერმკრთალდებიან....
          სხვანი კი თავიანთი გაყინული სხეულებით მოწყვეტით ეშვებიან უპირო და შავ უფსკრულში. იქ, საიდანაც მათ ხმას ვეღარავინ გაიგებს, იქ სადაც ისინი შეწყვეტენ არსებობას და აღარ ექნებათ ფერი, აზრი, გრძნობა.... ორთქლდებიან უკვალოდ. თითქოს არც ყოფილან, არ უარსებიათ, არ უფიქრიათ, არც უგრძვნიათ......
          მთელი ცხოვრება ვოცნებობდი შესაძლებლობაზე საკუთარი სურვილებით მეცხოვრა.... ახლა ვცდილობ ვალდებულებებით ვიცხოვრო. ბევრად რთული ამოცანაა....

суббота, 7 февраля 2015 г.

მაჯლაჯუნები

Автор: ჯუნა на 2/07/2015 0 коммент.
          მას ხშირად ჰქონდა მომენტები როცა დედამიწა ამძიმებდა, არ ვიცი ამ დროს როგორაა: გედიდება ეს დედამიწა თუ გეპატარავება, მაგრამ ფაქტია სული ეხუთებოდა და მუცელს უწვავდა ყველაფერი ის, რასთან შეხებაც უწევდა. გულს უმძიმებდა, ღლიდა, ეშაბლონებოდა, ეერთნაირებოდა, ესტანდარტებოდა და ყველაფერი მიაჩნდა ერთ მუჭა უაზრობად და ვალდებულებად, აუტანელ ჩარჩოდ.... რატომღაც ასე ეგონა.
          ყველაზე მეტად მას თავისუფლება უყვარდა. არა ამ სიტყვის ბინძური გაგებით, არამედ ყველაზე ბავშვური და სულელური, რაც კი შეიძლება იდეაში არსებობდეს. ოცნებობდა ჩიტივით თავისუფლებაზე, ფრენაზე, სიმჩატეზე, უყვარდა გაზაფხული, ჰორიზონტები, ჟღურტულიანი გაფრენები და გულით სძულდა ყველანაირი დამამძიმებელი გარემოებები, შეზღუდულობები, პასუხისმგებლობები..... ეს ყველაფერი ცუდი არ იყო მაგრამ...
           ერთ დღესაც ამ არაადეკვატურობის მიზეზი გაირკვა.... აღმოჩნდა, რომ ის ავად იყო. მას გულში მაჯლაჯუნები ჰყავდა. ის საშინლად იტანჯებოდა, ვის აღარ თხოვდა ხსნას, მაგრამ საშველი არსად იყო....  ყველაზე ტკბილი და სანატრელი იყო მისთვის თავისუფლად ამოსუნთქვა, გულის მარწუხებისგან ახსნა, აწყვეტა და სიმშვიდის მოპოვება.... ცარიელი თავი, შაბლონური მშვიდი ერთფეროვნება, ჰორიზონტები, გაზაფხული და სუფთა გული, მაგრამ მაჯლაჯუნები დასცინოდნენ მას, შვებას არ აძლევდნენ და გულს სულ უფრო და უფრო უწურავდნენ...
          ერთ დღესაც გულში სხვა დაიბადა. ეს სხვა ძალიან თბილი და ძლიერი იყო. მას იმედი ერქვა. ის ეუბნებოდა მაჯლაჯუნებს მოვერევი და შენ არ დაგთმობო, რაც არ უნდა მოხდეს მე გადაგარჩენო, რა პატარა იყო მათთან, მაგრამ რა დიდი გული ჰქონდა. ეუბნებოდა შენ აგვირჩიე რომელი გინდა გყავდეს შენს გულში და დანარჩენი მე ვიციო :)
           იმედი ტკბილია.... როცა იცი რომ შიგ გულში გყავს ის, ასე რომ ეძვირფასები და შენი გულისთვის შავ-ბნელ და საშიშ მაჯლაჯუნებსაც კი შეებრძოლება, დაგიხსნის და მშვიდად, უპრეტენზიოდ გააგრძელებს შენში ცხოვრებას....
           ყველა ზღაპარში, კეთილისა და ბოროტის შერკინებისას ხომ კეთილი იმარჯვებს. ეს კონკრეტული ისტორია, სამწუხაროდ, არ ვიცი როგორ დასრულდა, მაგრამ მე მჯერა რომ ყველა ადამიანის გულში იმედი და რწმენა მოერევა ბოროტ მაჯლაჯუნებს. ყველა შვებით ამოისუნთქავს და ყველას სუფთა გულში დაისადგურებს სიმშვიდე......

вторник, 6 января 2015 г.

მშვიდი შობის პოსტი

Автор: ჯუნა на 1/06/2015 0 коммент.

          ჩემი ცხოვრების პრობლემა მუდმივად ნეიტრალურობის არ ცოდნაში იყო.... ყოველთვის ვიყავი ან მკვეთრად პლიუსი ან მინუსი, ან სულ ძალიან პოზიტიური ან დეპრესიული და არ ვცნობდი ნორმალურობას, ადეკვატურობის ფარგლებს, საზღვრებს, დინების მიმართულებას და სხვა მსგავს საყოველთაოდ აღიარებულ ნორმალურობებს. ზოგადად არასდროს მინდოდა ვყოფილიყავი სტანდარტული, სტერეოტიპებიანი, შაბლონური......
          ზოგჯერ იმხელა ძალას ვგრძნობ სამყაროს შევცვლი მგონია, ჩემი ღიმილი და პოზიტივი ყველას გულს მოერევა მგონია, ჩემი სიყვარული ყველას ეყოფა მგონია, გული მაქვს სავსე, სული მიდუღს და სხეულში აღარ დამეტევა მგონია და გადმოდუღდება.... ამხელა ,,ჩემს თავს" ვერცერთ სიტყვაში ვერასდროს ვერ ვატევ და თვალები მაქვს ვარსკვლავებივით ხოლმე, დიდი და ტევადი, ციმციმა და მონუსხული :)
ზოგჯერ კი სულ სხვა უკიდურესობაში ვვარდები და ძალა იმისთვისაც კი არ მყოფნის, რომ ძალით გავიღიმო, ენერგია არ მაქვს თავი მოვაჩვენო, ნაღველი მავსებს და მერევა, სულს მივსებს და ისევ მიდუღებს, ოღონდ სულ სხვანაირად.....
          რატომ ვწერ ამ პოსტს
          იმიტომ რომ მე საზღვრები ვიპოვე. მართალია ჩემთვის ძალიან რთულია ამ ჩარჩოში მოქცევა, ისევე როგორც ყველასთვის, ვინც კი ამ საზღვრებს ეძებს.... ასკინკილით გზის შეუცდომლად გავლის ტოლფასია, როცა ზოგჯერ იქცევი, ზოგჯერ გინდა უფრო ფართოდ და თავისუფლად იარო, მაგრამ ბედნიერება ზუსტად იცი, რომ მხოლოდ საზღვრებშია

          თავსაც კი ვერ ვპირდები, რომ მხოლოდ ,,სწორ გზაზე ვივლი", მაგრამ ამ წამს მე ზუსტად ვიცი სად უნდა ვეძებო ჩემი წილი ცხოვრების ბედნიერება და მშვიდობა
          დღეს შობაა.
          შობა ძალიან მიყვარს.
          შობას ახალი უნდა დაიბადო ხოლმე, გულში უფლით
          ჩემს გულში დღეს მშვიდობაა, რასაც მთელი გულით მუდმივად გისურვებთ

суббота, 17 марта 2012 г.

უზნეობა

Автор: ჯუნა на 3/17/2012 0 коммент.
რატომაა რომ მაინც და მაინც რამე უნდა დაემართოს ადამიანს რომ მასზე ზრუნვა დავიწყოთ, რომ გამოვავლინოთ მისდამი სითბო, სიყვარული ?!. ავად რომ გახდება ან საერთოდ რომ მოკვდება მერე იწყებენ ადამიანის სიყვარულს, მის პატივისცემას, მასზე ლეგენდების თხზვას და გალექსვას.... რომ თურმე რა ადამიანი ყოფილა, როგორი კეთილი და კარგი. საფლავზე ათკუპლეტიანი მონოლოგების კითხვას, მაშინ როცა სიცოცხლეში არც კი მოუკითხავთ წლობით. არადა ზუსტად სიცოცხლეში რომ გვეთქვა ერთი-ორი თბილი სიტყვა ერთმანეთისთვის იქნებ ერთი ორად მეტიც გვეცოცხლა...

пятница, 15 апреля 2011 г.

радуга жизни

Автор: ჯუნა на 4/15/2011 1 коммент.
იმაზე საშინელი გრძნობა არ არსებობს ალბათ, როცა შენდაუნებურად ვიღაც ვერ გიგებს, როცა ცხოვრებაში რაღაც არ გამოგდის, როცა ძალიან გინდა, მაგრამ შენი ყოველი დღე არ არის მოფენილი ია–ვარდებით და ყველაფერი არ არის მარტივი.
ცხოვრება ერთის მხრივ იოლია, ისეთი ხალასი, ფერადი. როცა არაფერი გაღელვებს, არც არანაირი საწუხარი გეჩვენება ძალიან რთულად და დარწმუნებული ხარ, რომ ყველაფრის მოგვარება ისე მარტივია ოღონდ მოგინდეს და.... რა კარგია, როცა გიხარია ყველა თბილი დღე, როცა თავბრუს გახვევს იასამნის სურნელი და ელი გაზაფხულს...
და ხანდახან რა მძიმეა ყველაფერი. როცა ვერც კი ამჩნევ ვერც ფერებს, ვერც ხედებს და ვერც სითბოს გრძნობ... როცა სურვილი გაქვს განმარტოვდე, ყელში რაღაც ბურთები გახრჩობენ და ისე გინდება იტირო... ძალით ფიქრობ ხოლმე საშინელებებს და ძალით იჭედავ ტვინს სისულელეებით, რადგან გჭირდება....

უბრალოდ მე არ შემიძლია ასე ცხოვრება. მე არ შემიძლია ვიყო შიშში, სტრესში ან გაურკვევლობაში და მარტოობაში... მე მინდა, რომ ჩემს ცხოვრებას ვხედავდე სულ ნათელ ფერებში, მე სხვანაირად ვერ წარმომიდგენია... მე არ ვარ არც დეპრესიული, არც ჩემი თავის მსხვერპლად წარმოჩენის იდეა მხიბლავს, თუნდაც მხოლოდ საკუთარ თავთან... ალბათ დედამიწაზე ყველაზე მეტად მინდა სიმშვიდე და ადამიანებთან ჰარმონიაში ცხოვრება... ყველაზე მეტად მეშინია ხმამაღალი სიტყვის და ჩხუბის... ჩხუბის რომელიც არც კი ვიცი.. რა ცოდნა უნდა ჩხუბს? მაგრამ არ ვიცი. არ ვიცი რა ვუთხრა ადამიანს, როგორ "მოვაჯინო თავის ადგილას" როგორც იტყვიან ხოლმე, ან როგორ ვუთხრა ვინმეს რამე ისე, რომ მერე 1 კვირა ამაზე არ ვიფიქრო, არ ვიდარდო და ლამის არ გადავყვე მანამ, სანამ არ დამავიწყდება... და ეს ძალიან კარგია ალბათ...
უბრალოდ ძალიან მიამიტური აზრები მაწუხებს და მაშინებს... რა მოხდება, რომ ყველაფერი აირიოს და ისე აიბურდოს რომ აღარ დალაგდეს? რომ ვეღარ დალაგდეს? რომ აღარ მომეცეს იმის საშუალება ვიყო ისეთი, როგორიც ვარ და მინდა ვიყო...
ამ პოსტს ვერც ვერავინ გაიგებს ალბათ... არადა ყველას აქვს მომენტი, როცა ძალიან გვიჭირს ერთმანეთთან ურთიერთობა... ჩვენ ადამიანებს

понедельник, 19 июля 2010 г.

პოსტი №100

Автор: ჯუნა на 7/19/2010 0 коммент.

როგორ მომენატრა წერა და ჩემი ბლოგი.... ძალიან!
დღეს იუბილე მაქვს)) ეს პოსტი მეასეა ჩემს ბლოგში.
ვფიქრობ, უაზროა იმაზე წერა თუ როგორ მიყვარს საკუთარი ბლოგის ფურცლები, ყველა ის ტექსტი და განცდა რაც მასზეა. ამიტომ ამაზე არ დავწერ))
დავწერ მხოლოდ იმას, რომ მიუხედავად იმისა თუ როგორი დიდი მესაკუთრე ვარ და ძალიან არ მიყვარს როცა ჩემს პირადს ეხებიან, საკუთარი მკითხველები მაინც ძალიან მიყვარს; რადგან პირადად ჩემთვის შეუძლებელია არ გიყვარდეს ადამიანი, რომელსაც აინტერესებ, რომელიც თვალს გადევნებს, გაკომენტარებს, სურვილებს გიძღვნის და შენეული ხედვის კითხვა სიამოვნებას გვრის. ალბათ სწორედ ეს არის მიზეზი იმის, რომ აქ ვწერ და არა ვთქვათ ლამაზ, ყვავილებიან ბლოკნოტში......

ხშირად მიფიქრია თუ რაში მჭირდება ეს ყოველივე და რა არის ამის მიზანი.
პასუხი არ მაქვს.
უბრალოდ ადამიანი ვარ ასეთი, ბავშვობიდან სულ ვწერ.... და ვფიქრობ, დადგა ეტაპი ჩემს ცხოვრებაში, როცა ჩემი ეს ნაწერი აღარ არის ისეთი აბსურდული, რომ სხვისთვის ჩვენება არ ღირდეს.... და ვფიქრობ არც ისეთია, რომ დიდი ხნის შემდეგ ამის წაკითხვა შემრცხვეს.
მოკლედ,
с юбилеем:)

среда, 28 апреля 2010 г.

თქვენ როგორ ცხოვრობთ?

Автор: ჯუნა на 4/28/2010 0 коммент.
უცნაური და ისეთი გაურკვეველია ადამიანის ცხოვრება…
არავინ იცის ხვალ რა მოგველის და როგორი ცხოვრება გველოდება წინ.
არავინ იცის როგორი ცხოვრებით ჯობია ცხოვრება, სად მოვიგებთ ან სად წავაგებთ, სად ვეძებოთ საკუთარი ბედნიერება ან როგორ მოვიპოვოთ წარმატება.
ოპტიმისტებმა ვიცით, რომ ზოგადად ყველა დაღმართს აღმართი მოყვება, შავს – თეთრი, დეპრესიას – ბედნიერების სასიამოვნო შეგრძნება.
ვიცი ეს და არც არასდროს მავიწყდება, მაგრამ ისეთი რთულია მაინც ხანდახან ყოველდღიურობა…..
რამდენ რამეს იტევს ადამიანი…..
ცხოვრება წარსულია…..
შორი წარსული, რომელიც დღევანდელი გადასახედიდან თითქოს არც ყოფილა ჩემ ცხოვრებაში. თითქოს არც მე ვცხოვრობდი იმ ცხოვრებით და ვიღაც სხვამ გამოიარა ის ყველაფერი. ჩემგან განსხვავებულმა ჩემმა ორეულმა. ახლა კი ვერც ვიხსენებ რაღაც დეტალებს. დეტალებს ჩემი წარსულიდან…..
ცხოვრება აწმყოა……
აწმყო, რომელიც ხანდახან არარეალურია. ხშირად გაუაზრებელი, ავტომატური, დაუგეგმავი და დინებას აყოლილი….. გაფლანგული და ხანდახან აზრს მოკლებული. ხან დეპრესიული, ხან ენერგიით, სიხალისით სავსე.
და რათქმაუნდა ცხოვრება მომავალია……
მომავალი – იმედიანი ოცნებების და ფიქრების ასრულების ხანა. ალბათ ამიტომაც ხშირად სანატრელი, საოცნებო. თუმცა ყოველთვისაც არა….. ხანდახან მოულოდნელი, ბურუსით მოცული და ამიტომ შიშით სავსე…..
რთულია ცხოვრება. თითქოს სიბნელეში ვარ და ვერაფერს ვხედავ. ვერ ვხვდები როგორ ვიცხოვრო, უნდა ავყვე თუ არა მომავლის ილუზიებს და იმედებს. დავიჯერო თუ არა საკუთარი ბედნიერება……
შინაგანი შიში მაქვს, რომელიც არ მანებებს ამ ყველაფერს და მუდმივად ცუდის მზადყოფნაში მამყოფებს. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, იქნებ დამცავი რეაქციაა ეს…… ჩემი ორგანიზმის დამცავი რეაქცია. რომ «რო რამე» ლამაზი ილუზიებიდან რეალობაში დაბრუნება არ იყოს მომაკვდინებლად მტკივნეული……

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review