Показаны сообщения с ярлыком შვილი. Показать все сообщения

пятница, 3 июня 2022 г.

ბრილიანტი 6 წლისაა :)

Автор: ჯუნა на 6/03/2022 0 коммент.
რომ ჩავუფიქრდები ძალიან მდიდარი ადამიანი ვარ მე, ჩემს ასაკში, ძალიან და მიხარია! ობიექტურად, რათქმაუნდა, ალბათ ასე არ არის, ყველაფერი ყოველთვის იდეალური ვერც იქნება..... მაგრამ ჩემს შიგნით ცხოვრობს რაღაც, რომელიც ცოცხალია და ყველაფერს აიდეალურებს, ავსებს, ასრულყოფილებს და ალამაზებს. მადლიერი ვარ ამის გამო! მადლიერი ვარ რომ ამ "სინაზეების" (ღოღობერიძისეული :)) დანახვა და შენახვა შემიძლია. და რა არის ეს სინაზე? აი ვიქტორიას გამოვლენილი სიყვარული სინაზეა, ჩემი იდაყვი რომ ნებისმიერ "უბედურებას" წონის მისთვის :))) ნებისმიერი ტკივილისგან ამშვიდებს - ჩემთვის სინაზეა. თემოს მორიდებული და წრფელი ჩაღიმება სინაზეა. გიოს აწყლიანებული თვალებიც სინაზეა. უჩას ჯერ კიდევ მუცელში მყოფ პატარას რომ წინდები ვუყიდეთ და ერთი სული გვაქვს ვაჩუქოთ - ესეც დიდი სინაზეა. ნიკუშას რომ ველაპარაკები და განსაკუთრებულ სიახლოვეს ვგრძნობ, რაღაცნაირ გრძნობებს - ესეც სინაზეა. მეგობრებს რომ ჩემი დაბადების დღე და ზოგადად დაბადება უხარიათ, საკუთარ თავს, მორიდებას რომ ჯობნიან და მეუბნებიან რომ მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალე - ჩემთვის დიდი სინაზეა.... და ზოგადად ამ სინაზეების დანახვა დიდი რამეა, შეგრძნება - საოცრება და შენახვა - აუცილებელი. ალბათ ზუსტად ასეთი მომენტები გვაქცევს ჩვენ ადამიანებს ადამიანებად და ამ მომენტების გამო ღირს ჩვენი ცხოვრება... ეს მოკლე ჩანაწერი ჩემს დაბადების დღეზე გამიკეთებია, 2021 წელს. დღეს კი ვიკის დაბადების დღეა. ჩემი, ჩვენი ბრილიანტის, რომელიც 6 წლის გახდა. რაღაც კარგი თვისებებით ვიკი ძალიან მგავს. მასშიც ცხოვრობს რაღაც ჭინკა, რომელიც მის ცხოვრებას გაცილებით კარგს, ლამაზს და იდეალურს ხდის. მას აქვს შინაგანი სილაღე და ყველაზე წვრილმანი სინაზეებით ტკბობის უნარი. მხოლოდ ის მინდა რომ ასე დარჩეს... არ დამძიმდეს, ყურები არასდროს ჩამოყაროს, სულ შეეძლოს ათასი ცუდიდან ერთი სიკეთით გაბედნიერება და სულ დარჩეს ჩვენს ბრილიანტად... ვიქტორია, წლების მერე ამ ჩანაწერს რომ ნახავ, მინდა კიდევ ერთხელ შეიგრძნო როგორ ძალიან მიყვარხარ, ძლიერ და ძლიერ, რაც გადის დრო და ხანი და ყოველთვის ასე იქნება, გპირდები ! < 3

понедельник, 21 сентября 2020 г.

წერილი ვიქტორიას

Автор: ჯუნა на 9/21/2020 0 коммент.
          ახლა, როცა ამას ვწერ, შენგან საძინებელში ვარ დამალული და ვმეცადინეობ :) შენ კი დამალობანას თამაშობ და ჩემი საძინებლის კართან ბაბუს ემალები :) ჩუმათ ჩუმათო შენს თავს აგულიანებ და პატარა ფეხებს ათამაშებ :)
          ბოლო დროს ისე ვარ...გამცვდარი. და ყველა სიტყვა გამიცვდა. ყველაფერი, რაც კი შემიძლია გითხრა, ძალიან ბანალური და გაცვეთილია, ძალას და ენერგიას მოკლებული. შენი დედიკო დაღლილია.
           უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ აუცილებლად გადავაგორებთ ზამთრის მძიმე დღეებს ერთად, მოვა სიჭრელე, ფერები და გაზაფხული. დათბება, მე და შენ თხელ ჟაკეტებს ჩავიცვამთ და გაზაფხულის სურნელით გაჟღენთილ ქუჩებში სახეტიალოდ წავალთ უმისამართოდ. მივეცემით სრულ თავისუფლებას, ვუპასუხებ შენს ყველა მოსაბეზრებელ შეკითხვას, მათ შორის როგორიცაა: სახეზე დუშგელი უნდა წავისვათ თუ მაკიაჟი :)

           რა კარგია რომ შენ მყავხარ. იმედად, ზრუნვად და სითბოდ. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მაგარი გოგო უნდა იყო და ზოგჯერ სულაც არ მემეტები ამ მაგარი გოგოობისთვის. მინდა სულ ასეთ მხიარულ და ჭინკებიან თვალებში მიყურებდე, ვარდისფერი სათვალეებით, სიხალისით და სიფერადით, ისე როგორც შენ გჩვევია და ერთადაც შეგვიძლია, ზოგჯერ :)
 
მარტი, 2019
 
воскресенье, 21 июня 2020 г.

My number ONE

Автор: ჯუნა на 6/21/2020 0 коммент.
          
          სულ პატარა რომ იყო, ჩემს გარეშე რომ არ შეეძლო, სულ გვერდით რომ მყავდა, დედას რომ მისტიროდა, ხელებს რომ მომხვევდა და სიყვარულს მიხსნიდა :)))) ახლა რომ გაიზარდა და ბიჭობს, დასერიოზულდიო რომ მეჩხუბება :)) იმ ბიჭის დღეობაა სუულ მალე 😎 ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა მთავარი ისევ იგივეა - ისევ ისეთია, უზომოდ ემოციური, გულისხმიერი, მზრუნველი და სულ შეუძლია თვალებში მიყუროს....
          ძალიან უყვარს ადამიანები, გულუბრყვილოა, ყველაფერს განიცდის. არ ვიცი როგორ შეიძლება ასე შვილი გავდეს მშობელს, მაგრამ გიოს ასლია ყველა თვისებით, ქცევით, დამოკიდებულებებით... :) მის გვერდითაც ისევე დაცულად ვგრძნობ თავს, ვიცი რომ ჩემზე იზრუნებს და სულ გვერდით იქნება :)

         ცოტა ხნის წინ, გიოს ბაბუ გარდაიცვალა, ჩემი დედამთილი, რათქმაუნდა, ტიროდა და მშობლებთან წასასვლელად ემზადებოდა. ხარჯებისთვის, ჩემმა მამამთილმა რაღაც თანხა მისცა, დაგჭირდებაო. გიომაც დაუძახა და ცოტა ფული მისცა, გამოგადგებაო. და თემუკაც ეძახის: ბებო, მოდი საქმე მაქვსო :) ცალკე ოთახში გაიყვანა და თავისი დაგროვილი ფული მიაწოდა - დაგჭირდება და აიღეო.... :)

          ზოგჯერ მგონია იმედებს ვუცრუებ, ვერ ვაძლევ საკმარისად იმ ყველაფერს, რაც მას უნდა და სჭირდება: დროს, ყურადღებას, ძალისხმევას.....
          დე, თუ ამას ოდესმე წაიკითხავ, მე შენით ძალიან ამაყი ვარ. ყველაზე მთავარია, შენ იყო ღიმილიანი, ბედნიერი, ჩვენ ამისთვის ნამდვილად ყველაფერს შევძლებთ.
                                                                                                                                   შენი დედიკო
                                                                                                                                      14/05/2020

          დღეს, 12 საათის ზღვარზე, ერთად დავჯექით და ბევრი ვილაპარაკეთ :)
          შევაჯამეთ ჩვენი 9 წელი, რა მოგვწონს ერთმანეთში, რა გვაქვს გამოსასწორებელი, რა - დასახვეწი, რაზე საფიქრალი :) რამხელაა უკვე, თავისი აზრებით, შეგნებით, ფიქრებით....
          ვუთხარი რომ ძალიან მომწონს მასში სიკეთე. რომ ძალიან მომწონს მასში ერთგულება. რომ ძალიან გაუმართლებს მის ყველა მეგობარს, რადგან ძლიერი და ერთგული საყრდენი ეყოლებათ მისი სახით. რომ ძალიან ვამაყობ, რადგან მე და გიომ შევძელით და ძლიერი საფუძველი ავაშენეთ მასში რწმენის, სიყვარულის, სწორი გზის განსაზღვრის.... და ხანდახან კი მეშინია იმ დიდი პასუხისმგებლობების, რომ ვერ შევძლო და რამე ისე ვერ გავაკეთო, როგორც საჭიროა, რომ წინ გარდატეხის ასაკია, რომ ყველაფერი ჯერ მხოლოდ წინაა.... მაგრამ მერე ვუყურებ და ვრწმუნდები, რომ ეს კარგი საფუძველი საკმაოდ მყარია და მისით სამართლიანად შეგვიძლია ვიამაყოთ.

          ბევრი რთული გზა გველის ალბათ წინ, მაგრამ ერთად, მჯერა, ყველაფერს მოვერევით, რაც მთავარია - მე შენთან ვარ. აწ და მარადის :)

          დაბადების დღეს გილოცავ დე 😍 უფ, როგორ მიყვარხარ !!!
                                                                                                                                      21/06/2020

среда, 21 июня 2017 г.

წერილი თემოს...

Автор: ჯუნა на 6/21/2017 0 коммент.
          დილის 9 საათი იყო უკვე ჭავჭავაძეზე რომ გავრბოდი რაც ძალი - ღონე მქონდა მე  და გაზი ჩემს მანქანას. სამსახურში მაგვიანდებოდა. თან ვფიქრობდი. ვფიქრობდი, როგორ ძალიან იტირა ვიქტორიამ ჩემი წამოსვლისას. მერე ტელეფონში თემომ, რადგან ჯერ კიდევ ეძინა და წამოსვლისას არ ვაკოცე.... რომ სულ ვეღარ ვუთმობ მათ იმდენ დროს, რამდენიც მჭირდება და მინდა. რომ უკვე ძალიან გაიზარდნენ და გარკვევით ამბობენ ან აჩვენებენ რა უნდათ და რატომ.... მე კი ვერ ვეწევი....  რომ წუხელ გასეირნებას დავპირდი და ვერ შევუსრულე. რომ უკვე ეჭვი მეპარება საკუთარ თავში და როგორ მეშინია ერთხელაც არ მითხრან: დე იციი სილიბისტროს დედა მასთან უფრო მეტ დროს ატარებს........სილიბისტროს დედა კარგია........ ეს მე, ყველაზე უბედურს გამხდის.
           პირველი საათი იყო როცა შესვენებაზე გამოვედი. ექიმთან ვიყავი ჩაწერილი და ვაგვიანებდი. გავრბოდი ისევ რაც ძალი და ღონე მქონდა. ფართე, ცარიელ ქუჩას მივყვებოდი,  თან ისევ ვფიქრობდი.... პატარა რომ ვიყავი, დარწმუნებით ვამბობდი, რომ ოჯახი სუსტი ქალების ყოფაა. რომ ცხოვრების მთელი სიმაგრე თავისუფლებაში და მხოლოდ განვითარებაშია. რა სულელი ვიყავი....
          როგორ მინდა მეტი დრო მქონდეს თქვენთვის. შენთვის. დილას თვალს რომ გაახელ მე მხედავდე მომღიმარს. ბაღში წასასვლელად მე გამზადებდე. იქედანაც მე მომყავდე. ყველა სადილს და ვახშამს მე გიმზადებდე. (გახუხულ პურს რომ ყველს მოვახეხავ და ამის გამო მთვლი საუკეთესო მზარეულად.....) გული აღარ გწყდებოდეს იმის გამო, რომ შენს გვერდით ხშირად არ ვარ...  ან რომ როცა ვარ ვიქტორიას უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევ უნებურად ვიდრე შენ. რომ შენთვის ყველაფერი ცოტა შემრჩა. ყველაფერი მხოლოდ ის, რაც შემიძლია ფიზიკურად მოგცე.
           ექიმიდან უკან 2 ზე გამოვედი. რათქმაუნდა  ვაგვიანებდი. ნიკეას ქუჩაზე აწყვეტით მოვრბოდი.
           საღამოს 6 საათზე მასწავლებელთან მივრბოდი. მერე იქედან სხვაგან....... სახლში რომ მივედი უკვე 9 საათი ანუ უკვე ვიქტორიას ძილის დრო იყო.... მთელი დღის ნარბენს და არაქათგამოცლილს, ისინი შემეგებნენ ვისი გულწრფელობის ყველაზე მეტად მჯერა ჩემს ცხოვრებაში. ვისაც ყველაზე მეტად ვჭირდები, ვინც არასოდეს მიღალატებს ალბათ და ვისი სიყვარულიც ყველაზე ეჭვგარეშე და ერთგულია ჩემთვის.
           უკვე ხვალ დიდი იქნები.... 6 წლის. ახალი ეტაპი უნდა დავიწყოთ.... სადაც სულ შენი იმედი უნდა მქონდეს. ძალიან გადამეტებული წარმოდგენა მაქვს შენზე. ესეც ალბათ დიდი სიყვარულის ბრალია , მაგრამ სათანადო გამართლებას მოითხოვს. გწერდი, ყველაფერი ცოტა შემრჩათქო შენთვის. სიყვარული კი განუზომელია. იმდენი, სულ და ყველაფერში რომ გეყოფა, ეჭვიც არ შეგეპაროს!
           დაბადების დღეს გილოცავ დე. შენ საუკეთესო ხარ ჩემთვის. ძალიან მინდა უბრალოდ კარგი ადამიანი იყო. ეს იქნება ის, რაც მე ნამდვილად ბედნიერ ადამიანად მაქცევს.

пятница, 3 июня 2016 г.

დღეს მე გოგო მეყოლება : )

Автор: ჯუნა на 6/03/2016 0 коммент.
          ცუდზე არაფერზე ვფიქრობ. ვიცი რომ რამოდენიმე ,,გადასატან" დღეში ბევრი ტკივილი და ნერვიულობა მელოდება, ბევრი უსიამოვნო შეგრძნება და დაღლა.... მერე ბევრი უძილო ღამეც, ალბათ კიდე ტკივილები და ტირილებიც, მაგრამ ამისთვისაც მზად ვარ. არ მეშინია, პატარა ხომ აღარ ვარ, ბოლოს და ბოლოს მეორე შვილი მეყოლება : )
          სადღაც გულის კუნჭულში გაუთვალისწინებელი შემთხვევების ალბათობაც მაფრთხობს, გაურკვევლობაც და გაწელილი ნარჩენი აღარც 12 საათიანი მოლოდინიც... მაგრამ მთელი დარჩენილი ბოლო ძალებით ვიგერიებ აბეზარებს... არ მაქვს უფლება ძალიან ღიმილიანი არ ვიყო. ამისთვის არცერთი მიზეზი არ არსებობს და იმიტომ : )
          თემომ გულში ჩამიკრა და მითხრა საშიში არაფერი არაა, ჩემი ოცგული (ერთგული ეცოტავება: )) ხარ და მიყვარხარო : ) გიო ნერვიულობს... თუმცა მხნედ დგას და გაოცებული სახით მეკითხება რატომ უნდა ვინერვიულოთო : )
          საწოლი გაწყობილია, ზედმეტი რაოდენობით ტანსაცმელი და 7 წყვილი ფეხსაცმელი ნაყიდი )))), ჩანთები ჩალაგებული, ბუშტები ნაყიდი, ყველა გაფრთხილებული, გულშემატკივრები მობილიზებული..... :)
         მოკლედ, ვმხნევდები იმედით, რომ ყველაფერი კარგად იქნება ; )

воскресенье, 21 июня 2015 г.

Temo's fourth birthday : )

Автор: ჯუნა на 6/21/2015 0 коммент.
         
          ვზივარ და ვფიქრობ რითი უნდა დავიწყო ეს პოსტი;
          რა უნდა მოვახვედრო რამოდენიმე აბზაცში ისეთი, რომელშიც თვალნათლივ გამოჩნდება როგორი ბიჭი მყავს მე თემუკა ან როგორი გოგო ვარ მე მარტო თემუკასთვის;
          ერთმანეთის გვერდით ცუდად არ ვართ, ასე არ ხდება;
          ერთმანეთის გვერდით ნეგატიურობები არ გვაქვს, არ არსებობს;
          არც გადაუჭრელი პრობლემები;
          ჩემი გულითადი მეგობარი ხარო - მითხრა ცოტა ხნის წინ, ისე, უბრალოდ, სხვათაშორის;
          ის ჩემს გვერდით ის კაცია, რომელიც ჩემზე ზრუნავს, ჩემთვის ფიქრობს, რომელსაც ვუყვარვარ და რომელიც ყველაფერს გააკეთებს ჩვენი დედა შვილობისთვის;
          და მე მის გვერდით მთა ვარ -
          მთა, რომელსაც არაფრის ეშინია დედამიწის ზურგზე;
          ყველაზე ძლიერი, ყველაზე მაგარი და ყოვლისშემძლე...
          შენი ბედნიერებისთვის დედამიწას შევძრავ და გადავდგამ.
          მინდა იცოდე, რომ ყველაზე დიდი სიყვარულით მიყვარხარ რაც კი არსებობს დედამიწის ზურგზე.
          4 წლის შესრულებას გილოცავ დე ! მე და მამა გილოცავთ ! ჩვენი მზე და მთელი აზრი ხარ შენ !

четверг, 7 мая 2015 г.

მძიმე

Автор: ჯუნა на 5/07/2015 0 коммент.
       
          სახლში რომ შევედი, ხელებაკანკალებული და თვალებდასიებული, მოლოდინით მქონდა გული სავსე. სიმართლე გითხრათ, თავად არ ვიცოდი რას ველოდი, მაგრამ მთელი გულით მინდოდა ყველაფერი ისე დამხვედროდა, თითქოს არც არაფერი მომხდარა. თითქოს მე არ დამელეწოს გუშინ საღამოს სახლში თეფშები, თითქოს მე არ შემეხედოს ჩემი შვილისთვის მთვრალი უსხივო თვალებით, თითქოს მე არ დამეტოვებინოს ატირებული ჩემი ცოლი თავისი ახსნებით ხელში... მარტო.
          განა რად უნდა ამდენი ახსნა იმას, რაც თვითონ ყველაზე კარგად ვიცი. ხომ ვმუშაობ, ხომ გულით მიყვარს, ხომ არაფერს ვაკლებ...... ჩემნაირი კაცები ადრე მე თვითონ არაკაცები მეგონა, ვერ ვუგებდი, მეგონა მონდომება აკლდათ თორემ ძალის მოკრებას რა უნდა-თქო..... ახლა სულაც არ ვთვლი რომ არაკაცი ვარ.... უბრალოდ რა ვქნა თუ სული მტკივა და ეს ცხოვრება აზრს არის ჩემთვის მოკლებული. როცა ვსვამ არაამქვეყნიური იდეალურობა ისადგურებს ჩემს გულში და ნაკლი არ აქვს არაფერს: არც ვირივით შრომა და არასრულფასოვნების აუტანელი გრძნობა მეღვენთება მწარედ გულში, არც უფულობა და უამრავი საყოფაცხოვრებო პრობლემაა ასეთი რთული. არც მხრებზე დადგმული პასუხისმგებლობაა ასეთი მძიმე.... სულ რომ ვატარებ. ბავშვობიდან. რომ არავის უზიდია არცერთი მისხალი ჩემთვის, ჩემს ნაცვლად.... ჰოდა დავიღალე.... რატომ არ ესმით, რომ დავიღალე და საღი გონებით ამხელა ტვირთის ტარებამ გადამასწორა და ბრძოლის ძალა აღარ შემატოვა.
          ყველაზე მეტად მის სიძულვილს ვერ ავიტან.... ოღონდ მისი გულგრილი თვალები არა.... იმიტომ რომ თუ რამე მიკეთებია, ყველაფერი მხოლოდ მისი ხათრით. ახლა თუ ადგება და მარტო დამტოვებს - ეგოისტურად ვანანებ, უკანასკნელი არაადამიანივით გათიშვამდე და საღი აზრის დაკარგვამდე დავლევ და ვიბომჟებ, გადავიკარგები, უჩემობით ვატირებ და ვანანებ..... მან არ უნდა მიმატოვოს, უნდა გამიგოს, უნდა ამიტანოს, იმიტომ რომ უნდა ვუყვარდე! მერე რა რომ ალბათ სულ გულს ვტკენ და გუშინაც.... ვიცი რომ გავაწამე....მაინც არ უნდა წავიდეს და მარტო არ დამტოვოს. დაღუპვის უფლება არ უნდა მომცეს.

          სახლში შევაბიჯე ამ ეგოისტური ფიქრებით, რომ ყველას ყველაფერი ჯადოსნური ძალებით დაავიწყდებოდა და მე უღირსს მაინც შემომეგებებოდნენ სიყვარულით სავსე თვალებით..... სხივიანი და სითბოსგან აწყლიანებული მზერებით.... ყველაზე ჩემიანები, ყველაზე ისინი, ვის გამოც ალბათ შევძლებდი გამომეძებნა ბოლო ძალები და ჩემი გაწამებული ცხოვრება ბოლომდე მიმეყვანა....
          სახლი ცარიელი იყო. არცერთი სულიერი. არ უნდოდა ბევრი ფიქრი იმის გააზრებას, რომ ჩემ გოგოებს აღარ მოუნდათ ასეთ უძლურ, უსუსურ და გამოლეულ კაცთან ცხოვრება.... ალბათ დაიღალნენ... ალბათ სიყვარული არ ეყოთ... ან ალბათ ჩათვალეს რომ ჩემს გარეშე უკეთ იქნებოდნენ.... როგორ შეცდნენ ასე.... როგორ იფიქრეს რომ ამხელა სიყვარულზე უარი უნდა ეთქვათ, რა იფიქრეს?? რანაირი სიყვარულია თუ ფხიზელი ყოფნა არ შეუძლია ჩვენი ხათრითო? ეეეეეეხ..............

          ზუსტად ათი წუთი დამჭირდა იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მიმეღო. რა გგონიათ, ეს იმისთვის გავაკეთე, რომ მინდოდა ჩემი დატოვება ენანათ? არა. სინამდვილეში გულით მიხაროდა, რომ მათ გავათავისუფლებდი ჩემი არსებობისგან და ჩემს თავსაც - ყველანაირი ვალდებულებებისგან. გულით ვზეიმობდი, რომ საპატიო მიზეზი მომეცა ამ ყელაფრისთვის თავად დამესვა საბოლოო წერტილი....

          მე თავი მოვიკალი. ვიცი რომ სისულელე გავაკეთე, ბოლო ჩასუნთქვაში მივხვდი ამას. ამოსუნთქვა რომ ვინატრე. იცით რატომ? ჩემი შვილის ბავშვობა გამახსენდა.
პატარა რომ იყო, ყველა გმირზე დიდ გმირს ხედავდა ჩემში. ყველაზე ძლიერს.
ფიქრობდა, რომ მისთვის მთების გადადგმაც შემეძლო, ფრენაც, ჯადოქრობაც.
მის თვალებში რომ ყველაზე ზღვა სიყვარულს ვხედავდი მთელს მსოფლიოში, ყველაზე გაფანატებულს და დამორჩილებულს.
ყველაზე მეტად ვიჯავრე, რომ ასეთი სუსტი აღმოვჩნდი, ლაჩარი და მას იმედი გავუცრუე.....
ყველაზე მეტად ვინატრე სასწაული ჩემს გადასარჩენად, რათა თავად მომეხდინა სასწაული და განმეცადა ფერიცვალება. ჩემი თავი გვერძე გადამედო... აღარ მეცხოვრა ეგოისტურად და საკუთარი განცდებით.
მივხვდი რომ ეგოისტი ვიყავი.
მივხვდი რომ ბედნიერებამ სულ გვერდით ჩამიარა.
რაღაც კარგსაც გავაკეთებ: თუ ეს შესაძლებელია, ჩემს წილ ბედნიერებას ღმერთს ჩემი გოგოებისთვის ვთხოვ....

четверг, 8 августа 2013 г.

The hardest job in the world, is the best job in the world !

Автор: ჯუნა на 8/08/2013 2 коммент.
 
        ცოტა ხნის წინ facebook-ში ჩემმა მეგობრებმა გააზიარეს ვიდეო: ყველაზე კარგი სამსახური მსოფლიოში. სიუჟეტი დედებზეა, რომლებმაც სავარაუდოდ მთელი თავისი დრო, ცხოვრება და ენერგია შვილის აღზრდას დაახარჯეს და კარგი შვილებიც აღზარდეს, რაც მომავალში დაუფასდათ. ნუ ვიდეო იყო სენტიმენტალური, პირველად რომ ვუყურე შვილი არც მყავდა და მაინც ავიცრემლე.
        ახლა ბევრად მეტს ვფიქრობ ამ საკითხზე. თემუკა უკვე საკმაოდ დიდია, სრულიად ადეკვატურად აღიქვამს გარემოს და მოვლენებს, სწორ კომენტარებს აკეთებს და ყველაფერს ლაპარაკობს. მაშინ როცა, დედა მუშაობს და იღლება, მაშინ როცა დედა ახალგაზრდაა და ხანდახან უნდა მამასთან გასეირნება (:)) ან თუნდაც facebook-ში უსაქმოდ ხეტიალი სამსახურისგან თავისუფალ დროს და ამ ყველაფრის კეთების დროს, მე პირადად, თავს ვგრძობ დამნაშავედ, რადგან ჩემს შვილს ამდენი არ ესმის და ის ისედაც დაჩაგრულად გრძნობს თავს იმის გამო, რომ დედას უკეთეს შემთხვევაში 6 საათამდე ვერ ხედავს.... გუშინ დაძინებამდე ნოუთბუქი ჩავრთე, მის გვერდით ვიწექი და დაახლოებით ასეთი დიალოგი გვქონდა:
          - დედა, რას აკეთებ?
          - დაიძინე
          - დედა, გამორთეე
          - თემუკა, დაიძინე
          - მომაქჩიე ყურადღებაა
        ლამის გული გამიჩერდა....
        მერე ჩემს თავს ჩავჩიჩინებდი... რა დედა ხარ შენ, რა გეფილმება, რა გე-facebook-ება, საერთოდ დაივიწყე ყველაფერი, არ შეგიძლია? დაახლოებით ამ ტექსტით...
        მეც მინდა საუკეთესო სამსახურში ვმუშაობდე... მინდა მხოლოდ მისით მაღამდებოდეს და მათენდებოდეს. მინდა მის ყოველ ნაბიჯს ვუყურებდე, მის ყოველ ახალ სიტყვას პირველი მე ვუსმენდე, მის ყველა კითხვაზე პასუხს მე ვცემდე, მინდა არ მენატრებოდეს, მინდა არასდროს მივატოვო როცა რაიმე ტკივა ან ავადაა. მინდა გული აღარ მიკვდებოდეს უმისობით....
        ადრე ვფიქრობდი, რომ სამსახური თვითრეალიზაციის საუკეთესო საშუალებაა, ახლა ასე აღარ ვფიქრობ. ახლა ვფიქრობ, კარგი შვილების გაზრდა ისევე გაგაბედნიერებს და გაგიჩენს სრულყოფილების შეგრძნებას, როგორც კარგი კარიერა. ეს მართლაც ყველაზე რთული სამუშაოა, რომლის შედეგსაც წლების შემდეგ მოიმკი, მაგრამ სამაგიეროდ ეს იმხელა ბედნიერებას მოგანიჭებს, როგორსაც ბანკომატზე დარიცხული ვერანაირი ხელფასი ვერ მოგგვრის.
        ძალიან რთულია ეს ყველაფერი.
        ძილის წინ არის ხოლმე მომენტი, როცა ვართ მხოლოდ მე და თემუკა, როცა ის მეფერება პატარასავით და აქვს ხოლმე დაახლოებით ასეთი მონოლოგი:
           - ჩემი პაწუკა გოგო
           - ჩემი ლამაზი დედიკო
           - მომიფერე ჯუნაა
           - ჩამიხუტე
           - ცხორება მიყვარარ
        როცა პატარა იყო, მას უჭირდა ჩემი გაშვება, ახლა გაიზარდა და უკვე მე მიჭირს მისი დატოვება.... მომავალში კიდევ როგორ განვითარდება მოვლენები არ ვიცი....
სექტემბერში ბაღში მივდივართ....

пятница, 21 июня 2013 г.

თემუკა 2 წლის :)

Автор: ჯუნა на 6/21/2013 0 коммент.
        1 წლის რომ გახდა ამდენი ემოცია არ მქონია, ასე არ მიამაყია, ასე არ განმიცდია, ასე არ მიგრძვნია. ახლა უფრო დიდია, ბევრად დიდი. უკვე საერთოდ აღარ მაქვს შეგრძნება რომ პატარაა, რომ ბავშვია - ჩვეულებრივი ადამიანია, ჩემი მეგობარია, მართლა, გადამეტების გარეშე. საღამოს ჩემს ამბებს ვუყვები, ჩემს დარდს, სიხარულს ვუზიარებ, ერთად გვიხარია და ვიცინით, ზოგჯერ მე ვტირი, ის მეფერება და გულწრფელად წუხს, ცდილობს დამეხმაროს, გიო მოჰყავს დასამშვიდებლად :)
        ისიც ყველაფერს მეუბნება, რა ნახა ახალი, რა მოეწონა, რა ეტკინა, ზოგჯერ ბურთის თამაში ურჩევნია მშვიდად ჯდომას და ჩვენს დიალოგს, მაგრამ ხათრიანია და დედა უყვარს ძალიან, ამიტომ ჩემთან რჩება და მშვიდად ზის - ზოგჯერ პირიქით თვითონ უნდა ძალიან რომ ,,ეთათ იკოს“ თემო და დედა და მყუდროება არავინ დაგვირღვიოს, დედა სამსახურში არ წავიდეს და დილით გაღვიძებულებმა დიდხანს ვინებივროთ ერთად: ხან მუცელზე დამადოს თავი და გაინაბოს, ხან ლექსები მოვყვეთ, ხან რაიმე გამოგონილი ისტორიები ცხოველებზე, ხან უაზროთ ვიცინოთ ერთად, ხან ვიჭყუმპალავოთ, ქუჩა ქუჩა ვისეირნოთ...
        კეთილია, თუ ტკბილად ეტყვი შეიძლება რაც აბადია ყველაფერი მოგცეს, თუ ვინმეს რამე უჭირს და ტკივა ძალიან წუხს და გული ტკივა. უყვარს დედიკო, მამიკუნია და ენატრება მათთან ბევრი დროის გატარება. გულით უხარია, როცა სამივე ერთად ვერთობით და გულის ტკივილამდე საწყალი გამოხედვა აქვს ზოგჯერ სამსახურში რომ მივდივართ და ვტოვებთ.
        მე მინდა გითხრა დე რომ ძალიან მიყვარხარ. არ ვიცი სხვა დედებს როგორ უყვართ შვილები, ალბათ იმათაც ძალიან, მაგრამ მე ვგიჟდები შენზე, მე შენთვის ვსუნთქავ. მე ბედნიერი ვარ მხოლოდ იმით, რომ შენ მყავხარ ამ ქვეყანაზე და შენზე ძვირფასი ჩემთვის არაფერი არ არსებობს. მე მეიმედები.
        ახლა ვხვდები ხოლმე მამაჩემის წერილების აზრს და ასეთი რამეები აღარ მეჩვენება უბრალო ბანალურობებად.
        სულ რაღაც 2 წლის გახდი დღეს და ამ 2 წელში მთლიანად შეცვალე ჩემში და ჩემს ირგვლივ ყველაფერი.

გილოცავ დე ! მინდა ბედნიერი ბიჭი იყო, სულ ძალიან ძალიან ბედნიერი !

вторник, 4 июня 2013 г.

უბედურებიდან ბედნიერებამდე 3 წუთია

Автор: ჯუნა на 6/04/2013 2 коммент.
       ყველას ცხოვრებაში არის ხოლმე სიტუაცია როცა გაურკვეველი ხარ, როცა გჭირდება თავზე ხელის გადასმა, დამშვიდება და დაკვალიანება, უბრალოდ დახმარების სურვილის გამოთქმა და იმის შეგრძნება, რომ ვიღაც შენს გვერდითაა და არასდროს არ მიგატოვებს. შეიძლება ამ დროს არც არაფერი არ ხდებოდეს, უბრალოდ ისე....  ყველა შენი უბედურება ერთად გაგახსენდეს და უსიამოვნო წარსულზე, გაურკვეველ აწმყოსა თუ დაბინდულ მომავალზე - ერთად მოგინდეს ტირილი და გლოვა.

        გუშინ ერთ-ერთი ასეთი დეპრესიულ საღამოთაგანი იყო, როცა სამსახურიდან მისული საწოლზე მოვიკუნტე და ფიქრებში წავედი. უფრო სწორად დაფიქრებულზე მეტად ჩემი მდგომარეობა გათიშულს შეესაბამებოდა. საერთოდ ადამიანის მდგომარეობა ხომ მის ხასიათზეა დამოკიდებული :
        თუ კარგ ხასიათზე ხარ - გარეთ თურმე მზეა, ფოთლები მწვანეა, ყვავილები ლამაზია, შენი ცხოვრება იდეალური, პერსპექტივები - უკიდეგანო, შესაძლებლობები - ზღვა; ხოლო თუ რაიმე დეტალმა შენი ხასიათი გააფუჭააა - ყველაფერი ისე მიდის როგორც შენ არ გინდოდა, დაღლილი ხარ, ყველაფერი მოგწყინდა, ვერავინ ვერ გიტანს და საერთოდ რატომ გაჩნდი ამ ქვეყანაზე :) ხოდა მეც დაახლოებით ამ უკანასკნელ ფიქრებში ვიყავი და ვერც შევნიშნე საწოლზე თემუკა როგორ ამოძვრა, გვერდით მომიწვა, თავისი მარცხენა ხელი გაშალა და თავქვეშ ამომიდო. დიდი კაცივით თავის მკლავზე დამიწვინა და შემომხედა. ,,დედიკო მიკარარ" - თქვა ტკბილად, მერე ასევე ტკბილად მაკოცა და მითხრა: ,,ეთათ იკოს აქა" - აქ ვიყოთ ერთადო :) და ასე ვიწექით დაახლოებით 3 წუთი, მეტი ერთ ადგილზე გაჩერება მის შესაძლებლობებს ნამდვილად აღემატებოდა, მერე მეპატიჟა ,,ჭამო ბუთი" - წამო ბურთს გეთამაშებიო, მაგრამ ვერ ამიყოლია და წავიდა :) დამტოვა ისევ საწოლზე, მაგრამ უკვე სხვა ფიქრებში, აი ისეთში გარეთ რომ თურმე მზეა, ფოთლები მწვანე, შენი ცხოვრება იდეალური, პერსპექტივები - უკიდეგანო, შესაძლებლობები კი ზღვა :)

четверг, 17 января 2013 г.

ჩემზე ანუ თემუკაზე და კრისტალზე :)

Автор: ჯუნა на 1/17/2013 2 коммент.
წერა მომენატრა. ხშირი, ემოციებით სავსე, მე რომ ვიცი ხოლმე ზოგჯერ ლიმონივით გამოწურვა და მთელი ჩემი თავის აქ დატოვება ისე... თორემ გაბერილი ვარ ახლა ამ ზედმეტად დაგროვილი ემოციებით, ათასი არასაჭირო დეტალით და ვეღარ ვიტევ :)
თემუკა კარგადაა, მადლობთ ვისაც გაინტერესებთ და კითხულობთ:)

ვიქნები ჩვეულებრივი დედა და თამამად ვიტყვი, რომ ყველაზე ჭკვიანი შვილი მე მყავს :) როგორც დედაჩემი იხსენებს, მე მის ასაკში 4 "კუპლეტიან" ლექსებს ვყვებოდი და მიუხედავად იმისა, რომ ის მთლიანად 1 "კუპლეტიანსაც" ვერ ყვება ჯერ, მისი ახლანდელი შესაძლებლობები მე სრულებით მაკმაყოფილებს, მით უმეტეს რომ რასაც ვერ ამბობს, იმაზე ბევრად მეტს მისი ჭკვიანი გამოხედვით ვხვდები და ხანდახან მეშინია კიდეც, ამდენი როგორ ესმის ამ თითისტოლას :)
ყველაზე საყვარლად იძახის დედკოს, კითხვაზე ვისი ხარ ამბობს დედიკოში და ყველაზე მეტად მაგიჟებს მსოფლიოში:) ხანდახან არანორმალურივით ვფიქრობ, რომ გაიზრდება ნუთუ ასე აღარ ვეყვარები ან აღარ დავჭირდები და მერე რა უნდა ვაკეთო.... ახლა რომ 5 წუთი არ ამომასუნთქებს და მშვიდად ყავას არ დამალევინებს, შეიძლება მერე 1 დღე ისე გავიდეს რომ არც დამირეკოს, როგორც მე, ჩემი ობიექტური მიზეზების გამო, ვერ ვურეკავ ხოლმე დედაჩემს...
ყოველ ღამე ვეუბნები ხოლმე: შენ რომ კარგი ბიჭი არ იყო, დედას გული ეტკინება და მოკვდება-თქო და თავს მიქნევს :) მჯერა რომ მართლა კარგი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ალბათ მართლა მოვკვდები.

სამსახურს რაც შეეხება ვერა და ვერ დავწერე დეტალურად მის შესახებ, არადა ძალიან მინდა.
სულ რაღაც 6 თვეში ძალიან ბევრი რამე ვისწავლე და რაღაც სხვანაირი გამოვიძერწე, ბევრად კორექტული, დისციპლინირებული, ოფიციალურად მოსაუბრე და მომართული :)
რაღაც სხვანაირი პასუხისმგებლობა გამიჩნდა, რომ არ მასვენებს ისეთი, ზედმეტად კარგად და იდეალურად მინდა ხოლმე გავაკეთო ყველაფერი, რისი გაკეთებაც მევალება და ზოგჯერ საკუთარი თავისგან დაწესებული სტანდარტებით ვიღლები ძალიან.
ჩემთვის სიახლე არ არის რომ ხალხის კერვა შემიძლია, ძველ სამსახურში აღმოვაჩინე ჩემი ეს შესაძლებლობა და ძალიან გამომადგა. ზოგადად უზომოდ საინტერესოა ქართველ კლიენტებთან ურთიერთობა, 70%-ს წარმოდგენაც კი არ აქვს რა პროცენტში აქვს სესხი გაკეთებული, მისთვის მთავარია იყოს იდეალური მომსახურება, როგორ გაუღიმეს, უთხრეს მობრძანდი-დაბრძანდი, შინაურულად აგრძნობინეს თავი, სიტყვიერად აცნობეს, რომ სესხი უკეთდება დაბალ პროცენტში და ეს უკანასკნელი ტყუილიც რომ იყოს არ დაეძებს.... თუმცა საამაყოდ, მინდა ვთქვა, რომ ჩემს ორგანიზაციაზე პატიოსანი ბანკი არ მგონია არსებობდეს... როგორც კლიენტს იმდენ ტყუილში დამიჭერია ზოგიერთი ბანკის მომსახურე პერსონალი, შეიძლება არა იმიტომ რომ ეს მათი პოლიტიკაა, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ სხვანაირად არ იციან.... ჩვენთან ყველაზე წარმოუდგენელია კლიენტის მოტყუება და მთავარი პრინციპია მისი ინტერესების დაცვა, რაც აუცილებლად პატივისცემით განგჭვალავს ჩვენს მიმართ (რა სიტყვა ვთქვი:))
ის ემოცია რომ ახალი ვარ და ყველა ძველი თანამშრომელი უკმაყოფილოა ჩაწევის და ადგილის დათმობის პერსპექტივით უკვე აღარაა აქტუალური... ახლა უკვე ორგანიზაცია ჩვენ ვართ, ნაწერსაც რომ გადავხედე პირველ პირში ვლაპარაკობ კრისტალზე, რაც ამის დასტურია :)

четверг, 3 января 2013 г.

წერილი სანტას !

Автор: ჯუნა на 1/03/2013 4 коммент.
გამარჯობა სანტა

დიდი ხანია შენთვის არაფერი მომიწერია, მაგრამ არ იფიქრო რომ მე შენი აღარ მჯერა. ვერა და ვერ შევედი იმ ასაკში, როცა შენს არარეალურობაში საბოლოოდ  რწმუნდებიან და ახალ წელს აღარც კი ფიქრობენ შენზე.
მე მჯერა შენი, ვიცი რომ ხარ სადღაც შორს, იქ, სადაც დიდი თოვლია და ცივა. შენ ყველას აკვირდები შენი ნაცრისფერი თვალებით, ყველას ცუდ საქციელზე ჯავრობ და პირიქით - ყველას სიხარული გიხარია :) შენ გაქვს შენი დიდი სახლი, სადაც ცხოვრობენ პატარა, საყვარელი და თბილი ელფები. მათ, როგორც ეს ფილმებშია, აქვთ სათამაშოების დიდი ქარხანა, მთელი წელი მუხლჩაუხრელად შრომობენ, გივლიან, შენს ირმებზეც ზრუნავენ და სხვისი სიხარულით ცხოვრობენ. წინასწარ უხარიათ მოლოდინი იმისა, რომ წელიწადში ერთი ღამე უნდა გახდეს მათი წყალობით ჯადოსნური, გაულამაზდეს ცხოვრება ყველას და ახდეს ოცნებები. წლის განმავლობაში ისინი იღებენ ბევრ ტომარა წერილს, ყველას კითხულობენ და ზოგჯერ ტირიან კიდეც მათი კითხვისას.... ტკივათ რომ ამდენი ბავშვი გვყავს ბავშვობადაკარგული, იზიარებენ ყველა მათგანის გასაჭირს და ძალიან უნდათ ყველა ბედნიერი იყოს...

ძვირფასო სანტა !
მიიღე ჩემი წერილიც. 2012 წელს მე ჭკვიანი გოგო ვიყავი, კარგად ვსწავლობდი, მუშაობაც დავიწყე და ძალას არ ვიშურებ რომ კარგი დედა, შვილი და მეუღლე ვიყო. შენ ყველაზე კარგად ხედავ მე როგორ მიჭირს ზოგჯერ ამდენი რამის შეთავსება და როგორ ვიღლები და ისიც ძალიან კარგად იცი რა მინდა ამ ახალ 2013 წელს :)

მინდა ყველა ბედნიერი იყოს, არავის სახე არ იყოს ცხოვრებისგან დაღლილი, არ არსებობდნენ ავადმყოფი, უდედმამო, უსახლკარო ბავშვები. მინდა ყველას ჰქონდეს სამსახური და ყველა გრძნობდეს თავს საჭიროდ და სრულფასოვნად. მინდა ყველას შეეძლოს ოჯახის რჩენა და არავინ გრძნობდეს შვილების წინაშე თავს დამნაშავედ იმისთვის, რომ სხვას მეტი საჭმელი აქვს ახალ წელს, ვიდრე მას. რომ სხვას უკეთესი სახლი აქვს, მანქანა და ასე შემდეგ.......

სანტა, დიდი მადლობა 2012 წლისთვის, შენ თითქმის ყველაფერი ამიხდინე რაც შარშან, ახალ წელს გთხოვე.
ძალიან გთხოვ, წელსაც გაითვალისწინე ჩემი სურვილები.
ბედნიერი შობა !
პატივისცემით ჯუნა :)

понедельник, 29 октября 2012 г.

დიალოგი ძილის წინ (თემუკა წლის და 4 თვის)

Автор: ჯუნა на 10/29/2012 5 коммент.

11 საათი დაიწყო, უკვე 1 საათია ვაძინებ....

-         "უუუ" - იშვერს თითს კარისკენ

-         "იქეთ გაგიყვანო?" (მუნჯის ენა დედამ იცისო :))

თავს მიქნევს გახარებული, ალბათ ფიქრობს: რით ვერ გაიგე ადამიანო რომ არ მეძინება...

-        " არა დედა, ახლა ძილის დროა, უნდა დაიძინო!"

-         "ბაბუუ" - ჩამოწია ქვედა ტუჩი, თავს მაცოდებს...

-         "ბაბუს ძინავს დე"

-         "ნანოოო"

ნანო ჩემი მულია, სინამდვილეში ლიკა ჰქვია, ჩემს ძმას ნიკა ჰქვია, თემუკა ორივეს ნანოს ეძახის.

-         "ლიკამაც დაიძინა დე"

-         "ბიბიაა"

-         "ბებოსაც ძინავს, დაწექი ახლავე" - მოვსინჯე ყვირილი

-         "ბომბოო აუ აუ"

სულ ცოტა ხნის წინ, პატარა რომ იყო და მისი დაძინება გამიჭირდებოდა, მეზობლის ძაღლით ვაშინებდი, მოვა ბომბორა და გიკბენს-თქო. ეგრევე წვებოდა და თვალებს ხუჭავდა მთელი ძალით და გულმოდგინებით, ახლა იქით მაშინებს...

-         "თემუკა" - ვყვირი რაც ხმა მაქვს

      -      "დიდაა " - ამბობს თავისი ტკბილი ხმით, ჩემს გულთან მოაქვს თავისი ტუჩები და ხმამაღლა მკოცნის, ოღონდ ჯერ ტუჩებს მადებს და მერე ხმას გამოსცემს :)

არა ჯუნა, გული არ აგიჩუყდეს ახლა თორე სულ ვეღარ დააძინებ - ვამხნევებ თავს და მკაცრ სახეს ვიღებ.

ამასობაში თემუკა თითებით სახეზე მეფერება და ამბობს:

-        " ამნუუ"

ამნუ მის ენაზე ლომს ნიშნავს, ერთი წიგნი ვუყიდე ბიბლუსში, ლომების ცხოვრებაზეა :) მკერავს რომ წავუკითხო.

უკვე 11-ის 20 წუთია, ნერვები აღარ მაქვს, არც მისი ტირილი მინდა, მეცოდება.

-        " ამნუ არა დე, ახლა დავიძინოთ და ხვალ წაგიკითხავ ბევრ ამნუს, კარგი?"

თავს მიქნევს ჭკვიანივით... ხელს მხვევს კისერში რაც ძალა აქვს, იცის რომ მალე დაეძინება და თავს იზღვევს არ გავეპარო...
როგორც იქნა ეძინება, უკვე 11-ის ნახევარია, ცოტა ხანს ვერ გავეპარები გაეღვიძება, 10-15 წუთიც, ღრმად ჩაეძინება და მერე... იმდენი საქმეს გავაკეთებ, facebook-ი მელოდება, სემინარიც სასწავლი მაქვს, კიდე ლაქი უნდა წავისვა........

დილით ბუდილნიკის ხმა გვაღვიძებს ერთად...

вторник, 18 сентября 2012 г.

თემუკას მორიგი პოსტი

Автор: ჯუნა на 9/18/2012 0 коммент.

გამარჯობათ,
მე თემუკა ვარ, დიდი ხანია არაფერი მომიწერია და ძლივს გამოვნახე დრო რომ სულ არ დაგავიწყდეთ :)

მე უკვე დიდი ბიჭი ვარ, მთელი წლის და თითქმის 3 თვის. დედიკო ხშირად მიყურებს და მეუბნება: არ მჯერა რომ ამხელა ბიჭი მყავხარო... კიდევ მეუბნება ჩემი ჭკვიანი ხარო, იმიტომ რომ ბევრი რაღაცეებით ვაოცებ ხოლმე. ყველაფერს უცებ ვსწავლობ და ვითვისებ, ძალიან აზრიანი ვარ, ყველაფერი მესმის, რაც მინდა რათქმაუნდა. ვიცი რა ხმებს გამოსცემენ შინაური ცხოველები, ძალიან მიყვარს ბომბორა და ჭუჭულები, კიდევ ვიცი სხეულის ნაწილები, ოჯახის წევრების სახელები.... ხოდა ვინმე სტუმარი რომ მოვა დამაყენებენ და ყველაფერს მათქმევინებენ, მეც დიდად არ ვარ წინააღმდეგი რადგან მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ყველა მანებივრებს, ვერ იტანენ როცა ვტირი, განსაკუთრებით ბაბუ და მამიდა; მეც თუ რამე მინდა სულ ვტირი,  სანამ არ ამისრულებენ. მაგრამ ამ ბოლო დროს დედიკო მსჯის ხოლმე ასეთი საქციელის გამო, ამბობს, რომ არ უნდა უზრდელი და თავნება ვიყო.... მეც არ მინდა დედიკო გაბრაზდეს, მაგრამ აკრძალვებს ჯერ კარგად ვერ მივეჩვიე... სულ მინდა ყველაფერი ჩემს ჭკუაზე იყოს და რასაც ვიტყვი მაშინვე ასრულდეს :)
დილით გაღვიძებულს მიყვარს როცა დედა მხვდება საწოლში და ერთად ვდგებით, მერე ჩაის მასმევს ხოლმე და კარაქიან პურსაც ვჭამ :)  მერე სამწუხაროდ დედიკო სამსახურში მიდის და მე სულ ვტირი :( დედაც ჯავრობს და ვიცი სულ უნდა მობრუნდეს, ჩამეხუტოს და არსადაც არ წავიდეს :)

საღამოს მე, დედიკო და მამიკო ერთად ვთამაშობთ, ხან ბურთს, ხან ჭყანაობანას : )) ეს ისეთი სახალისო თამაშია, როცა დედიკო და მამიკო იჭყანება და მე ბევრს ვიცინი :)

დღეისთვის სულ ეს იყო, დანარჩენს მერე სხვა დროს მოგიყვებით, უკვე 6 საათი ახლოვდება და დედიკოს უნდა შევხვდე ჩიხში :)

пятница, 3 августа 2012 г.

ჩემი ცხოვრება დღეს

Автор: ჯუნა на 8/03/2012 4 коммент.
ჩვენ, ადამიანები ყოველთვის ვწუწუნებთ ხოლმე რომ არ გვაქვს საკმარისი ბედნიერება და სიხარული ცხოვრებაში, ყოველთვის ბოლომდე რაღაც არ გვაკმაყოფილებს... ვერასდროს ვერ ვგრძნობთ ბედნიერებას თუნდაც იმის გამო,რომ გვაქვს 2 თვალი, მანამ სანამ არ დავბრმავდებით... სიცოცხლე ისეთი ხანმოკლეა და ჩვენ ისეთი გაუმაძღრები... არაფერზე არ უნდა იწუწუნო წესით, რაც გაქვს იმითაც მადლიერი უნდა იყო, მაგრამ… მაგრამ ადამიანები ასე თუ ისე სტანდარტულები ვართ და გვჩვევია უმადურობა...
მაგრამ ამაზე ახლა არა.!.
ჩემზე მინდა დავწერო, აი იმაზე თუ როგორ ვხედავ ჩემს თავს გვერდიდან და როგორ ძალიან მომწონს ის, რასაც ვხედავ.
ყოველთვის მინდოდა მქონოდა საქმიანი ქალის იმიჯი, რაღაც ბავშვურ და სასაცილო ფიქრებში ვხედავდი ჩემს თავს მოხერხებულ მაგიდასთან, გორგოლაჭებიან სკამზე, წინ კომპით, პრინტერით, ტელეფონებით და უამრავი საყვარელი საკანცელარიო ნივთით მაგიდაზე.... ხო და აუცილებლად ჭიქა ყავით  ან მწვანე ჩაით... 
ხოდა ვიქნებოდი სუპერ ეფექტური, სუპერ შრომისმოყვარე, იდეების გენერატორი და არ დამეზარებოდა არაფერი...:)
საღამოს, სამსახურის მერე, წავიდოდი ჩემს თბილ ან გრილ სახლში (სეზონის მიხედვით), შემომეგებებოდა ბებოსთან დატოვებული ჩემი ტკბილი ბიჭი, სულ არ დამეტყობოდა რომ დაღლილი ვარ და ულევი ენერგიით ვეთამაშებოდი ბევრს, ავინაზღაურებდით უერთმანეთობას... ბევრს წავუკითხავდი, ვაჭმევდი, ვასწავლიდი რამეს, სახლის საქმეებშიც ერთად მივეხმარებოდით ბებოს... და საღამოს ერთად დავიძინებდით ტკბილად.
ხოდა საოცარია მაგრამ დღეს მე ზუსტად ასეთი ცხოვრება მაქვს , თითქმის : )
ჯერ-ჯერობით ასე ძალიან დატვირთული არ ვარ უბრალოდ და შესაბამისად არც ასეთი სუპერ ეფექტური და საქმიანი, თუმცა ეს მცირე დროის საკითხია ალბათ.
ხოდა მომწონს ძალიან მე ჩემი ცხოვრება ! <3 span="span">

среда, 30 мая 2012 г.

კრიზისი და ბანალურობები :(

Автор: ჯუნა на 5/30/2012 1 коммент.

ავად გავხდი.... საერთოდ ძალიან ცუდი წელი დამიდგა და ცუდი ზამთარი გვქონდა იმ კუთხით რომ სულ ავად ვარ.... ბრონხიტი, ფილტვების ანთება, ბატონები.... ახლა ისევ ანთება, და ექიმმა გადაწყვიტა, რომ დროა ჩემმა თემუკამ ბუნებრივ კვებას თავი დაანებოს და დაკმაყოფილდეს იმ საჭმლით, რასაც ჭამს დღის განმავლობაში, რადგან:
1)      მჭირდება წამლები, რომლებიც ბოლო-ბოლო მომარჩენს და გამომაკეთებს, ეს წამლები კი ისეთი შემცველობისაა, ლაქტაციის პერიოდში მკაცრად იკრძალება; და 
2)      მალე 1 წლის გახდება და როდემდე უნდა ჭამოს ძუძუ?
ასე გადაწყვიტეს ექიმებმა მაგრამ ძალიან მძიმე გასაგები აღმოჩნდა ეს ჩემი შვილისთვის.... :( პირველ ღამეს გაგვაგიჟა და 3 ადამიანი ფიზიკურად დაგვაგდო... კიოდა გაუთავებლად, ითხოვდა ჩემთან ჩახუტებას, მიძვრებოდა პერანგში, კუმავდა ტუჩებს, ყვიროდა დედას და იყო გაკვირვებული, რომ დედა არ აჭმევდა კატეგორიულად :( იმდენად შემეცოდა, თან დავიღალე, რომ ისიც ვიფიქრე, ავდგები და ვაჭმევ რა დაემართება-თქო... მაგრამ ამიკრძალეს, ძვლის ტვინის განუვითარებლობას იწვევსო, არც გაბედოო.......
მეორე ღამესაც თითქმის იგივე სცენა, თუმცა გვქონდა უკეთესობა და დღემდე ვაუმჯობესებთ სიტუაციას, მაგრამ ეს არ არის მთავარი.... რისთვისაც ვწერ ამ ყველაფერს... გავოცდი როგორი ურთიერთდამოკიდებულება არსებობს დედასა და შვილს შორის თურმე, როგორი რაღაც ბუნებრივი ძაფები, კავშირი.... ძუძუთი შვილი ღებულობს არა მხოლოდ საკვებს, მეტიც - ეს საერთოდ მეორეხარისხოვანია !  ძუძუთი შვილი იღებს დედისგან სითბოს, სიყვარულს, მოფერებას, დედის სურნელს, თვითდაჯერებულობას, უსაფრთხოების შეგრძნებას..... რავიცი რას არა. ახლა, როცა ასე თუ ისე შეეგუა იმ სიტუაციას, რომ დედა ძუძუს აღარ აჭმევს, მთელი ღამე ჩემს მუცელზე თავდადებულს ძინავს. რამდენჯერ გავასწორებ და იგივე პოზაში მხვდება გაღვიძებულს :) თვალდახუჭული თავისი ბოტოტა თითებით მეფერება, ცხვირს უხახუნებს ჩემს სხეულს და კმაყოფილი იმით, რომ ნამდვილად მე ვარ, იძინებს <3
ასეთი გულწრფელი და თავდადებული სიყვარული დიდ ადამიანს არ შეუძლია-თქო, ხანდახან ვფიქრობ... მას ხომ უპირობოდ ვუყვარვარ, ისეთი როგორიც ვარ... ვუყვირი ზოგჯერ, მაგრამ უფრო მაგრად მეხუტება და ტირის, მკაცრად ითხოვს სითბოს, მოფერებას, ჩახუტებას, რომ ვკოცნი სიამოვნებისგან თვალებს ხუჭავს და ეღიმება....
ისეთ სენტიმენტალურ განწყობაზე ვარ ამის შემხედვარე.... თან დაღლილი, უსაშველოდ.......
როდის გავიზრდებით.........?!

воскресенье, 18 марта 2012 г.

დახუნძლული

Автор: ჯუნა на 3/18/2012 1 коммент.
დამჩემდა ხოლმე ტირილი საღამოობით...საწოლში ღამე დაძინებამდე. ადრე სადღაც ამოვიკითხე ადამიანები ყოველთვის ერთი მიზეზის გამო ტირიან და ამ მიზეზს საკუთარი თავის შეცოდება ჰქვიაო. რომ დავუკვირდი, მართალია... ტირილით ალბათ დაღლილობისგან, უარყოფითი ემოციებისგან ვიცლები, დაგროვილი ემოციები კი იმიტომაა უარყოფითი, რომ საკუთარ თავს ვიცოდებ.
ჩემს შვილს ღამე არ სძინავს. ზოგჯერ საერთოდ, ზოგჯერ - ზოგჯერ.... დილით უნივერსიტეტში დავდივარ ხოლმე, მერე ბავშვს ვუვლი. კვირაში 3-ჯერ ინგლისური მაქვს, შაბათსაც ვსწავლობ.
ამასთან ბევრი სამეცადინო მაქვს ხოლმე. ვმეცადინეობ ძირითადად ან მაშინ როცა თემუკას სძინავს და ამით თავს შანსს ვართმევ ცოტა მაინც დავიძინო ან მაშინ როცა უინტერესო ლექციაზე ვზივარ ....
მიფიქრია ხოლმე აღარ მოვიკლა ასე თავი სწავლაზე.. მივაფურთხო სტიპენდიასაც, საკუთარ თავმოყვარეობას თუ პატივმოყვარეობასაც... მაგრამ ჯერ არ გამომდის. შინაგანად ვერ ვაძლევ თავს ამის უფლებას. ალბათ არანორმალური ვარ.
ძიძაზეც მიფიქრია...
მაგრამ თემუკა ისეა ჩემზე მოკედლებული... ნიკაპზე რომ ჩამაფრინდება საკოცნელად აჟრიალებს ხოლმე... :)
და როცა წარმოვიდგენ ძიძაც შეიძლება ასე შეუყვარდეს და მისი სრულიად უცხო ქალთან გაყოფა მომიწევს, ვგიჟდები... ვფიქრობ ცოტა კიდევ გაიზარდოს და მერე.....
ამ საკითხშიც არაადეკვატური ვარ ალბათ....
მოკლედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე ზოგჯერ რატომღაც მინდება ხოლმე ვინმემ თავზე ხელი გადამისვას და შემიცოდოს. ვიცი ეს ცუდია... ნორმალურ ხალხს არ უყვარს როცა მათ იცოდებენ. მაგრამ მე მაინც მინდება....
ამ დროს თითქმის ყოველთვის ვფიქრობ ხოლმე მამაჩემზე.... ვფიქრობ, კარგი იქნებოდა ის აქ იყოს... ყველაფერს მასთან ვაკავშირებ და ცრემლები თავისთვის ხშირდება.
რა თქმა უნდა აბსურდია, მამაჩემი რას მიზამდა... უბრალოდ ალბათ ბავშვობა მენატრება, მშობლების მზრუნველობა, სხვანაირი....
როცა ხედავენ რომ გამოიწურე, აღარ შეგიძლია, დაიღალე !
წამოგაწვენენ, შენს ნაცვლად რამეს გააკეთებენ, საჭმელს მოგიტანენ, პლედს დაგაფარებენ...
ამ ყველაფერზე ალბათ ძალით ვფიქრობ რომ ბევრი ვიტირო, დავიცალო და მშვიდად დამეძინოს.
დილით კი ისევ გათენდება... გავიღვიძებ როცა თემო გადაწყვეტს: 3-ზე, 5-ზე ან 6-ზე... :)
მერე ყველაფერი ჩვეულებრივ...
თავიდან !

четверг, 23 февраля 2012 г.

ჩემი დედ მამის შვილი

Автор: ჯუნა на 2/23/2012 1 коммент.
მაშინ როცა ის ამ ქვეყანას მოევლინა მე 7 წლის გავხდი. როგორც ალბათ ბევრი, მამიკოს გოგო ვიყავი, ბავშვი რომელსაც მთელი 7 წელი თავს მევლებოდნენ, ყურადღებას და ქებას არ მაკლებდნენ და უცებ გაჩნდა ვიღაც პატარა, დაჭყანული და საყვარელი, რომელმაც როგორღაც ყველას ყურადღება მიიზიდა :) ერთი ფიქრი იმასაც ვფიქრობდი იქნებ აივნიდან მოვისროლო და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება-თქო, მაგრამ ფაქტი სახეზეა - ალბათ გადავიფიქრე :)

და ნელ-ნელა მოვიდა სიყვარული :) მოვიდა პასუხისმგებლობა, რომ მე უფროსი ვარ და ის უნდა დავიცვა ყველა არაკეთილისმსურველისგან, კონკრეტული ხალხისგან თუ აბსტრაქტული და უხილავი მტრებისგან. იყო პერიოდები, როცა მე ის მებარა მთლიანად და ვუვლიდი ისე, როგორც შვილს, თუმცა დედა-შვილი სწავლის პროცესში ალბათ ნაკლებად ურტყამს ერთმანეთს :) მაშინ მისი ურჩობა მე მიჯდებოდა უძილო ღამეებად, ბევრ ცრემლად და ვალერიანას ტაბლეტებად, თუმცა ახლა ზოგჯერ ამას ღიმილით ვიხსენებ ... რადგან პატარა ბავშვი პატარა პრობლემა და დიდი ბავშვი - დიდი პრობლემაო... ახლა უფრო სერიოზული პრობლემები აქვს ხოლმე, უფრო თინეიჯერული და გარდატეხის ასაკური.
ისე მინდება ხოლმე არანორმალურად დავიცვა, გავაკონტროლო მისი მეგობრები, თავიდან მოვაშორო გამოუსადეგრები და მოძველბიჭოები...
მინდა ხედავდეს ადამიანებში სიმართლეს და აღარ გავდეს ალალ ბატს, რომელსაც ყოველთვის ირგვლივ ყველასი სჯერა.
დედმამიშვილის სიყვარული რაღაც სულ სხვაა... მის თვალებში იშვიათად ცრემლს რომ დავინახავ მინდა მთელი სამყარო შევძრა, უხასიათოდ რომ დავინახავ მზად ვარ კლოუნად ვიქცე ოღონდ გაიცინოს...
მახსოვს პირველ კლასში მოსკოვში დამრიგებელი ყავდა... სწერვა Любовь Михаиловна, რომელიც რატომღაც ქართველებს ვერ იტანდა და ამიტომ სულ მქონდა შეგრძნება, რომ ჩემ პატარას მიჩაგრავდა ის ისტერიჩკა :)) ყოველ შესვენებაზე ვაკითხავდი ხოლმე რომ მენახა, ოღონდ კარგად ყოფილიყო... ზოგადად მხოლოდ ეს არის რაც მინდა. როგორც ჩემი შვილისთვის.
მინდა კარგად იყოს, მინდა ღმერთის ეშინოდეს, მინდა ჭკვიანი იყოს, განათლებული, მინდა კარგად ისწავლოს, იცოდეს ბევრი ენა, წაიკითხოს ბევრი წიგნი, დაამთავროს უნივერსიტეტი, ქონდეს კარგი სამსახური, ბევრი ფული... მინდა ბედნიერი იყოს, მინდა კარგი ადამიანი იყოს......
და კიდევ ძალიან მინდა ჩემს შვილებსაც ერთმანეთი ასე ძალიან უყვარდეთ <3

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review