Показаны сообщения с ярлыком ყოველდღიურობა. Показать все сообщения

воскресенье, 2 марта 2025 г.

ამბები დიდებზე

Автор: ჯუნა на 3/02/2025 0 коммент.

          5 დღეა სახლში ვარ და გარეთ ფეხი არ გამიდგამს. დიდი თოვლი მოვიდა და ქალაქი პარალიზდა. მთელი ეს დრო სახლში ვიჯექი და ერთადერთი, რასაც მუშაობის გარდა ვაკეთებდი, საკენკს ვუყრიდი ჩიტებს და მტრედებს ფანჯარასთან. ისეთი ფერის ჩიტები და მტრედები ვნახე ჩემს რაფაზე, რომლებიც აქამდე არასდროს მენახა. ალბათ ეს იყო ამ დღეების ყველაზე დიდი სიხარული. ზოგადად, სიხარულია, როცა შენი არსებობით სხვა სულიერი არსებების ცხოვრების გაკეთილშობილება შეგიძლია, ამაზე დავაში არ აგყვებით.

          5 დღის შემდეგ ყველაზე დიდი ბოტები ჩავიცვი, რაც კი მქონდა და სახლის ზღურბლს გადავაბიჯე. უკვე ამდენი წლის ვარ და სულ ვოცდები, როგორია ეს ცხოვრება.... დიდთოვლობამ ჩემი საყვარელი სახლი დააზიანა გურიაში, ჩემი საყვარელი აივნის მაგიდა ჩამიტეხა და ჩემი ნაფერები ლიმონის ხე შუაზე გადატეხა. ახლა კი, თოვლში დავდიოდი, ყურში მუსიკა ხმაურობდა და ისეთ სიხარულს ვგრძნობდი, გულიც კი მიფრიალებდა. ხარბად ვსუნთქავდი სუსხიან ჰაერს, ვსუნთქავდი და თან ვიღიმოდი. მახსოვდა ყველა სევდა, რაც კი ეს დღეები გამოვიარე, მაგრამ მაინც ვიღიმოდი და სიცოცხლე მიხაროდა.

          რამოდენიმე დღის წინ ვიქტორიამ მითხრა, იცი ვგრძნობ რომ გავიზარდე და ჭკუა მომემატაო... ჯერ გამეცინა, როგორ გრძნობთქო. ისეთ რაღაცეებს ვფიქრობ რაც ადრე არ ვიცოდი და ახლა ვიციო 😊 მივხვდი რომ ზუსტად თქვა, ჩემი აზრები გააჟღერა, ის რაც ბევრჯერ მიგრძვნია. ალბათ ზუსტად ამაშია ასაკის მატების საიდუმლო, მაგრამ არა ხიბლი. ისეთ რაღაცეებს ფიქრობ და აანალიზებ, რაც აქამდე არც კი იცოდი. მაგალითად ახლა, 35 წლის ასაკში, ვფიქრობ რომ ცხოვრება ბევრი სევდითაა სავსე, ისეთი სევდებით, რომლებსაც მხოლოდ ჩვენ, დიდები ვგრძნობთ და ეს სევდები ძალიან გვამძიმებს. ხანდახან იმდენად რომ ცხოვრების გაგრძელებაც კი რთულია. განსაკუთრებით მაშინ, თუ ხვდები რომ სამართლიანობა ყოველთვის და ყველასთვის არ არის პრიორიტეტი. ან მაგალითად მაშინ, როცა ხვდები რომ ერთი და იგივე სიტყვათა წყობა სხვადასხვა ადამიანისთვის შესაძლოა სხვადასხვა რამეს ნიშნავდეს. ან მაშინ, როცა სიკეთე ყოველთვის და ერთმნიშვნელოვნად არ იმარჯვებს და კიდევ უფრო განსაკუთრებით მაშინ, თუ კი დაინახავ, რომ ეს ფაქტი ყოველთვის ყველას არ წყინს.

          ეს დიდების სევდაა და ძალიან მინდა ვიქტორიამ კიდევ დიდხანს არ იცოდეს ეს. სწორედ ამაშია ბავშვობის სიხარული. თუმცა გუშინ სადმე წერეთელზე თუ დამინახეთ, რომ თოვლში დიდი ბოტებით მივაბიჯებდი ყურებამდე გაღიმებული და პერიოდულად ცეკვა-ცეკვით, იმასაც უნდა ხვდებოდეთ რომ ჩვენში, დიდებშიც ცხოვრობენ პატარა ბავშვები, რომლებიც იღლებიან სევდებით და უბრალოდ სილაღე სურთ.

суббота, 9 ноября 2024 г.

შემოდგომის ფიქრები

Автор: ჯუნა на 11/09/2024 0 коммент.

             ***

          სახლიდან წასვლა ყოველთვის რთულია. ადრე ისე მიყვარდა სასტუმროები, ახლა აღარ. საწოლები, სადაც სხვა იწვა, სარკეები სხვისი ჩამახსოვრებული გამომეტყველებებით, ყავის ჭიქა - საერთო.... ისე მენატრება ხოლმე სახლი. ჩექინისას უკვე სახლზე ვფიქრობ. ჩემ ყავის ფინჯანზე, საიდანაც თურქული ყავა ყველაზე გემრიელია და ისეთი, როგორიც არსად. ჩემს სარკეზე, სადაც მხოლოდ ჩვენი ღიმილებია ჩამახსოვრებული, ბალიში, რომელზეც ყველაზე ტკბილად მძინავს. ჩემი აბაზანა, სადაც ყველაზე სუფთა და სხვანაირად თბილი წყალი მოდის. არ ვიცი, დავბერდი? ალბათ არა. უბრალოდ ჩემს სამყაროს მივეჯაჭვე და აღარ ვეძებ იმ სიკეთეებს სხვაგან, რაც გვერითაც მრავლად მაქვს. ამ 5 დღიან მოგზაურობაში გიოს მაისური წამოვიღე. აი დაღამდა და ჩავიცვი, სხვისი გადანაფარები თეთრი საბანი დავიფარე და ვცდილობ გავიხსენო რა მახარებდა ადრე: სიმშვიდის შესაძლებლობა, მშვიდად კითხვის, მშვიდად ფილმის ყურების, საკუთარ თავთან მარტო დარჩენის... საკუთარ თავთან მარტო დარჩენა სულ ძალიან მიყვარდა და პერიოდულად მჭირდებოდა კიდეც. ამ ბოლო დროს ეს ყველაზე ძალიან მაკლია. მაგრამ არა სხვა ქალაქში და არა ასე შორს ყველაფერი იმისგან, რაც ასე ძალიან მჭირდება და მიყვარს. ხანდახან შეგრძნება მაქვს რომ ცოტა დრო მაქვს. აი დღეს ხვალ და მორჩა, ყველაფერი დასრულდება და უნდა მოვასწრო. უნდა მოვასწრო ყოველი წამით ტკბობა, სიცოცხლე, შეგრძნებები, სიმშვიდეები, სიყვარული, სითბოები და სილამაზეები. და ვინ იზამს ყველაფერ ამას ხვალ მე თუ აღარ ვიქნები? ჩემი ყვითელი სახლი ალბათ აღარც მოეწონებათ, დრო გავა და გაღებავენ ნაცრისფრად ან თეთრად. ჩემი არმას მორწყვაც დაავიწყდებათ და ფოთოლ-ფოთოლ ჩამოცვივდება გერანიაც. აღარავინ დაალაგებს ფანჯრის რაფაზე სასანთლეებს ფერების მიხედვით და არ გადაიღებს ისე როგორც მე მიყვარს. ალბათ ყვავილებიც გაცოტავდება სახლში. არ ვიცი რატომ ვფიქრობ ამაზე, უბრალოდ სახლში მინდა.

                       19/10/2024

             ***

          დღეს სასტუმროში რომ დავბრუნდი, პირველად ვიგრძენი რას ნიშნავს "სულში ხელების ფათური" :) სასაცილოა კი, მეც მეცინება ჩემს ფიქრებზე. ჩემი ოთახი დამლაგებელს დაულაგებია და ძლივს გამრავლებული ჩემი ნასუნთქი ჰაერი, ჩემი ხელების ანაბეჭდები და ჩემი კვალი სულ გაუქრია :) ჩემი საყურეები აულაგებია მაგიდიდან და საიდანაც ამოვალაგე ისევ იმ ტომარაში ჩაუყრია, გიოს მაისური ბალიშიდან აუღია და სავარძელზე დაუდევს, რომელსაც არც კი ვეხებოდი. ჩემი სავარცხალიც აუღია და აბაზანაში დაუბინავებია, საწოლი კი აკურატულად გადაუგია და ჩემი მოწყობილი ბუნაგი დაუნგრევია. ალბათ ფიქრობდა რომ ძალიან გამახარებდა, მაგრამ სასწრაფოდ უნდა ჩავიდე და ვითხოვო რომ ჩემი ოთახი აღარ დაალაგონ :(

                       20/10/2024

             ***

          მთელი კვირა ვეძებდი მიზეზს დასაბრუნებლად და ვიპოვე. თემომ თითი მოიტეხა. რა უცნაური რამეა დედობა, შეიძლება სულაც არ ჭირდებოდე შენს შვილს არაფერში, შენზე უკეთაც უვლიდნენ სხვები, მაგრამ სანამ არ გადავწყვიტე რომ უნდა დავბრუნებულიყავი და იმ საღამოსვე მისთვის მეკოცნა - მანამდე სიმშვიდე და კონცენტრაცია ვერ მოვიპოვე. მერე კი მშვიდად დავასრულე სამუშაო დღე, სიხარულით ჩავლაგდი იმ გადაწყვეტილებით, რომ ყველა თანმხლები ნივთი ჩასვლისთანავე სარეცხ მანქანაში აღმოჩნდებოდა და წამოვედი. ისეთი სიხარულით მოვქროდი, თითქოს ქვეყნის დასალიერში ვყავდი ვინმეს თვეობით დამწყვდეული და ავიწყვიტე, გავთავისუფლდი და თვეების უნახავი ოჯახი უნდა მენახა :) მართლა არ ვიცი, რა არის სახლში დაბრუნებაზე უფრო კარგი შეგრძნება, თუმცა ჩემი ეს რადიკალიზმიც მეუცნაურება :) არაუშავს, ყველაფერი ხდება ხოლმე. მთავარი ისაა, რომ ხვალ დილით სახლში გავიღვიძებ. ხელებს თამამად შევაწყობ ბალიშის ქვეშ, ცხვირსაც მოურიდებლად ჩავყოფ ბალიშში, საბანსაც ტკბილად დავიფარებ და ყველაზე მშვიდად დავიძინებ.

                       24/10/2024

четверг, 20 июня 2024 г.

შემდეგი ეტაპი - თინეიჯერის დედა

Автор: ჯუნა на 6/20/2024 0 коммент.

          ***

          რამდენი სასწაული ხდება თურმე ჩვენს ირგვლივ და ისე ვაბუნებრივებთ ყველაფერს არც კი ვუფიქრდებით. მუცელში პატარა ადამიანი მეზრდება, დაგორავს, დადის, ხან მარჯვნივ ამოიზნიქება, ხან მარცხნივ, ხან ფეხებს მომიბაკუნებს, ხან რას მომანდომებს, ხან უმიზეზოდ მატირებს... მე ის ვნახე უკვე... ხელებს შლიდა და მუჭავდა)) დაჭყეტილი თვალები ქონდა და გული უცემდა :) ჩემი კურკა:) ჩემი ერთი ციცქნა 168 გრამი :) ისე მიყვარს უკვე და ერთი სული მაქვს დრო როდის გავა...

          23/01/2011

          ***

          21 ივნისს შეგვეძინა ბიჭი, თემო ლოლაძე, 3.600 კგ და 51 სმ. ალბათ ვერაფერი მოგანიჭებს ოდნავ მსგავს ბედნიერებასაც კი ცხოვრებაში... მარტო რომ დავრჩით და ვაკვირდებოდი... აღვიქვამდი რომ ეს მყავდა მე მუცელში, ეს მე გავაჩინე, ეს იყო ჩემი და გიოს შვილი... ცრემლებად დაღვრილი იმდენი ველაპარაკე, ჭკუა დავარიგე, იმედია რამე მაინც ესმოდა :))

          3/07/2011

          ***

          ხომ არის რაღაც ეტაპები ყველა ადამიანის ცხოვრებაში, როცა ერთი რომელიღაცა ფაზა მთავრდება და იწყება განსხვავებული, რადიკალურად სხვა ცხოვრება. ჩემი სხვა ფაზა დაიწყო ალბათ სამშობიაროში, როცა მეორე თუ მესამე ღამეს ბავშვი მარტო მე დამიტოვეს. ნაოპერაციები, ტკივილისგან, ემოციებისგან თუ არ ვიცი რისგან დაღლილი, ვითიშებოდი ისე მეძინებოდა, ბავშვი კი გაუთავებლად ტიროდა და ვერაფრით ვაჩერებდი. ის ღამე როგორღაც გავათენეთ, შემდეგ ღამეს კი დავიბარე ექთანი და ბავშვი გავატანე, რომ მოშივდება მაშინ მომიყვანეთთქო და, კმაყოფილი იმით რომ საქმე გავაკეთე, მოვემზადე ტკბილად დასაძინებლად, მაგრამ... თვალი რამდენჯერ მოვხუჭე იმდენი ჩემი პატარა შოშია მომელანდა პირდაღებული:) როგორ ტიროდა და ვერ ამშვიდებდნენ. ვიწექი ცოტა ხანი, მაგრამ სინდისი სულ უფრო და უფრო მქენჯნიდა, თავი "არადედად" ვიგრძენი:) ძლივს წამოვდექი და მივლასლასდი დერეფნის ბოლომდე. კარი შევაღე და დავინახე უამრავი ახალდაბადებული:) ჩემი შვილი მშვიდად იწვა და ეძინა.

          ჩემს ოჯახში გაჩენილან პატარები და მიყურებია როგორ იზრდებიან ისინი. ვეფერებოდი, ვათამაშებდი, მაგრამ მომტირალი, რასაკვირველია, გამყავდა დედასთან და თურმე როგორი განსხვავებული ყოფილა შენი შვილი :) მთლიანად შენი, შენზე მონდობილი. ყველაფერზე წინ რომ დგას, რომ შეგიძლია ყველაფერს გადაახტე, ყველაფერი გადალახო და დათმო. რომ არ გიღირს არც ჭამა, არც ძილი მის ტირილად. გული რომ გეწურება როცა ტკივა და წესიერად არც კი იცი რა... როგორ ვიბნევი ამ დროს და არ ვიცი რა ვაკეთო... მოკლედ... ვწვდები ნელ-ნელ დედობის არსს :)

          15/07/2011

          ***

          ვზივარ და ვფიქრობ რითი უნდა დავიწყო ეს პოსტი;

          რა უნდა მოვახვედრო რამოდენიმე აბზაცში ისეთი, რომელშიც თვალნათლივ გამოჩნდება როგორი ბიჭი მყავს მე თემუკა ან როგორი გოგო ვარ მე მარტო თემუკასთვის;

          ერთმანეთის გვერდით ცუდად არ ვართ, ასე არ ხდება;

          ერთმანეთის გვერდით ნეგატიურობები არ გვაქვს, არ არსებობს;

          არც გადაუჭრელი პრობლემები;

          ჩემი გულითადი მეგობარი ხარო - მითხრა ცოტა ხნის წინ, ისე, უბრალოდ, სხვათაშორის;

          ის ჩემს გვერდით ის კაცია, რომელიც ჩემზე ზრუნავს, ჩემთვის ფიქრობს, რომელსაც ვუყვარვარ და რომელიც ყველაფერს გააკეთებს "ჩვენთვის";

          და მე მის გვერდით მთა ვარ -

          მთა, რომელსაც არაფრის ეშინია დედამიწის ზურგზე;

          ყველაზე ძლიერი, ყველაზე მაგარი და ყოვლისშემძლე...

          შენი ბედნიერებისთვის დედამიწას შევძრავ და გადავდგამ.

          მინდა იცოდე, რომ ყველაზე დიდი სიყვარულით მიყვარხარ რაც კი არსებობს დედამიწის ზურგზე.

          21/06/2015

          ***

          გუშინ ჩემმა უფროსმა შვილმა ყურში მიჩურჩულა: დედი, იცი ჩემ საყვარელ სიმღერას დესპასიტო ქვიაო.... მაშინ, როცა დედ-მამა ბავშვს გემოვნებას ვუხვეწთ, როცა მამის საგულდაგულოდ არჩეული ფლეილისთიდან საღამოობით ტკბილად იღვრება ხრინწიანი My first my last my everythiing.......

          თემოს საყვარელი სიმღერა თურმე დესპასიტოა..... )))))))))

          ყველაზე ბედნიერი მაშინ იყო, როცა რაც ხმა და ძალა ჰქონდა ჩვენს ტელევიზორს და იუთუბს ერთად, დესპასიტო ჩავრთეთ. მთელი ძალით გულში ჩავიკარი და მანამ ვიტრიალეთ ერთად, სანამ ძალა გამოგველია.... ყურში მესმოდა მისი ბედნიერი შეძახილები, ცხვირწინ კი კბილებდაკრეჭილი სიხარულიანი შვილი მიხახუნებდა სახეს.....

          დესპასიტო რა მოსატანია, მაგრამ ვფიქრობდი მის სხვა არჩევან(ებ)ს მომავალშიც ასე მხიარულებით მოვიწონებ თუ არა... რა რთულია...

          17/08/2015

          ***

          ბავშვებს ვეჭიდავებოდი საღამოს. ერთ მხარეს ერთი ამოვიჩარი და შემოვხვიე ხელი, მეორე მხარეს - მეორე. ვგორავდით ასე...შეუჩერებლად. ხან ისინი ექცეოდნენ ჩემს ზემოთ და აჟიტირებულები ტაშისკვრით გამარჯვებას ზეიმობდნენ, ხან მე და ზემოდან დავყურებდი გაჭყინტულებს, მაგრამ ბედნიერად თვალებციმციმებს... ერთმანეთში ირეოდა სიცილები, სიხარულები, აღტკინებული შეძახილები... დრო თითქოს გაჩერდა და აღარ არსებობდა არც პრობლემები, არც სტრესები, არც მოუსწრებელი საქმეები და არც სამყარო სხვა ირგვლივ... მხოლოდ ბედნიერებისგან მოღებულ პირიანი ბავშვები, ყველა კიჭს რომ დაუთვლიდი სათითაოდ, ერთს 32-ს და მეორეს ჯერ სულ რაღაც 4 ცალს...

          11/04/2017

          ***

          დე, როგორ მინდა მეტი დრო მქონდეს თქვენთვის. შენთვის. დილას თვალს რომ გაახელ მე მხედავდე მომღიმარს. ბაღში წასასვლელად მე გამზადებდე. იქედანაც მე მომყავდე. ყველა სადილს და ვახშამს მე გიმზადებდე. (გახუხულ პურს რომ ყველს მოვახეხავ და ამის გამო მთვლი საუკეთესო მზარეულად.....) გული აღარ გწყდებოდეს იმის გამო, რომ შენს გვერდით ხშირად არ ვარ... ან რომ როცა ვარ ვიქტორიას უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევ უნებურად ვიდრე შენ. რომ შენთვის ყველაფერი ცოტა შემრჩა. ყველაფერი მხოლოდ ის, რაც შემიძლია ფიზიკურად მოგცე. ვწერ, ყველაფერი ცოტა შემრჩათქო შენთვის. სიყვარული კი განუზომელია. იმდენი, სულ და ყველაფერში რომ გეყოფა, ეჭვიც არ შეგეპაროს!

          21/06/2017

          ***

          12 საათი რომ ახლოვდებოდა, იმდენი ვილაპარაკეთ... ვუთხარი რომ ძალიან მომწონს მასში სიკეთე. რომ ძალიან მომწონს მასში ერთგულება. რომ ძალიან გაუმართლებს მის ყველა მეგობარს, რადგან ძლიერი და ერთგული საყრდენი ეყოლებათ მისი სახით. რომ ძალიან ვამაყობ, რადგან მე და გიომ და ჩვენ ყველამ შევძელით და ძლიერი საფუძველი ავაშენეთ მასში რწმენის, სიყვარულის, სწორი გზის განსაზღვრის.... და ხანდახან კი მეშინია იმ დიდი პასუხისმგებლობების, რომ ვერ შევძლო და რამე ისე ვერ გავაკეთო, როგორც საჭიროა, რომ წინ გარდატეხის ასაკია, რომ ყველაფერი ჯერ მხოლოდ წინაა.... მაგრამ მერე ვუყურებ და ვრწმუნდები, რომ ეს კარგი საფუძველი საკმაოდ მყარია და მისით სამართლიანად შეგვიძლია ვიამაყოთ.

          21/06/2020

          ***

          კარგა ხნის წინ, ერთი პატარა დღიური გავაკეთე, რომელსაც შენთვის და ვიკისთვის ვინახავ. ცხოვრების ყველაზე რთულ დროს, როცა კი გულში გაივლებ რომ მარტო ხარ, ან არასაკმარისად უყვარხარ ვინმეს, მინდა ამ ჩანაწერებს გადახედო და ყველა წამი იგრძნო, რომელიც ჩვენს სახლში გაგვიტარებია. ვიცი, იდეალური დედა არ ვარ, მეც სულ ვსწავლობ, ვცდილობ, ვსინჯავ... მაგრამ მთავარი, რაშიც არასოდეს მინდა ეჭვი შეიტანო ის არის, რომ მე შენს გვერდით ვიქნები, აწ და მარადის! სულ მიყვარდი, მიყვარხარ და მეყვარები, ყველაზე მეტად. დაბადების დღეს გილოცავ ჩემო პატარა 😍

          20/06/2024

вторник, 19 сентября 2023 г.

Just landed

Автор: ჯუნა на 9/19/2023 0 коммент.

          ძალიან კარგი სიტყვაა ინგლისურში landed. რუსულადაც დაახლოებით მსგავსად ჟღერს: приземлится. ქართულში ამ აზრის შესაბამისი სიტყვა სამწუხაროდ ვერ ვიპოვე, მაგრამ ძალიან მომწონს მომენტი, როცა მიწას უახლოვდები, უბრუნდები და ეს შეგრძნება მხოლოდ სახლში დაბრუნებისას მაქვს... იმდენად მომწონს სხვა ქვეყანაში ცხოვრება, მოგზაურობა, ბოშასავით ურუტინო და თავისუფალი, თავს აშვებული დღეები )) მაგრამ ჯამური ლიმიტი ამ თავისუფლების შეგრძნების ალბათ მაქსიმუმ 2 კვირაა. შემდეგ იგივე გრძნობა მიჩნდება, რაც ჰაერში მაქვს, ცას გამოკიდებულად ვგრძნობ თავს, თითქოს ფეხებით მყარად მიწას ვერ შევიგრძნობ და ჩემს სახლში მინდა, ჩემს კუთვნილ მიწასთან ახლოს, იმისთვის რომ თავი მყარად, დაცულად და მშვიდად ვიგრძნო.

          ჰოდა როცა საქართველოს მიწას მივუახლოვდი, ახალი გათენებული იყო. მზის სხივები ჭრიდა თეთრ ღრუბლებს და ცოტა ქვემოთ, ალაგ-ალაგ ჩიტებიც დაფრინავდნენ. ან არ დაფრინავდნენ, არ ვიცი, შეიძლება ეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფია და უბრალოდ მომეჩვენა. ასეთი დავიბადე, თვით აღდგენის უკიდეგანო ფუნქციით და ჩემი ტვინი მხოლოდ იმას მაჯერებს და მაყურებინებს, რაც კარგია და იდეალურია, რაც ლამაზია, რაც მომწონს და მიყვარს.

          აეროპორტიდან გამოსულმა ცას რომ ავხედე, არსად წასვლა აღარ მომინდა. ასეთი ლამაზი ცა ალბათ არ გინახავთ. ჩემთვის ფავორიტია გორის ცა, ავტობანს რომ თავზე ადგას )) არ გაგეცინოთ, მართლა 😊 და ცა გერგეთის თავზე. ისე მიყვარს, შეიძლება ვიტირო. ერთადერთხელ ვნახე და მას შემდეგ მესიზმრება, ვოცნებობ იქ ისევ მოხვედრაზე 😊 ჰოდა აეროპორტის თავზეც ისეთი ლამაზი იყო იმ დილით ცა, სუფთა, კამკამა, დილის ზღვასავით წმინდა და თოლიებით სავსე. დავიფიცებ რომ მათ სახეზე ღიმილსაც კი გავარჩევდი და კიდევ ერთხელ მომინდა დიადი ვიდეოგრაფი ვყოფილიყავი. ეს მომენტი სამუდამოდ აღმებეჭდა თავისი სრული სიმშვენიერით და სხვებისთვის გამეზიარებინა, ბედნიერების ნაკლებობისას.

          ისე ბედნიერება უცნაური რამეა. ამბობენ ხოლმე თვალს მოატან სად არის და ეგრევე გაქრებაო. ასეთი ბედნიერებები ყველას აქვს. წამიერად რომ დაგფარავს და გადაგივლის ტალღასავით, გული ამოგივარდება საგულედან და გგონია ეს წამი მარადიულად შენთან დარჩება, მაგრამ არც არაფერი 😊 გაცილებით რთულია იყო მშვიდად ბედნიერი. არ გჭირდებოდეს არავითარი ტალღა და გაუღიმო შენთან ერთად სახლში მიმავალ ხეებს, აივნიდან ჩიტებს, ყოველ კვირა დღეს გაუყვე გზას ყველაზე ნათელი სხივისკენ და იქედან გზად იყიდო ყველაზე ლამაზი მინდვრის ყვავილები: ყვითლები ან იასამნისფერები. აარჩიო საუკეთესოებს შორის ყველაზე ლამაზი ლარნაკები და საღამოს სანთლის შუქზე დალიო გემრიელი ჩაი. უბრალოდ იგრძნო რომ ცოცხალი ხარ, თუნდაც ამისთვის ხანდახან ტირილიც დაგჭირდეს )) თუნდაც ბევრი რამე გაკლდეს ან ვინმეც. მშვიდი ბედნიერების განცდა საუკეთესოა, რაც კი შეგიძლია შენს თავს აჩუქო.

          როგორ? არ ვიცი. გულწრფელად საგონებელში ვარ და არ ვიცი როგორ ვასწავლო სხვა ადამიანებს შეგრძნება იმისა, რასაც მე ვგრძნობ ხოლმე. მხოლოდ ერთი მინდა - რომ ბევრი დღე მქონდეს ამ შეგრძნებებისთვის. და სხვებისთვისაც, მშვიდი ბედნიერების შეგრძნების ერთ ერთი გასაღები სხვების ბედნიერებასაც გულისხმობს 😊

          17.09.2023

пятница, 3 июня 2022 г.

ბრილიანტი 6 წლისაა :)

Автор: ჯუნა на 6/03/2022 0 коммент.
რომ ჩავუფიქრდები ძალიან მდიდარი ადამიანი ვარ მე, ჩემს ასაკში, ძალიან და მიხარია! ობიექტურად, რათქმაუნდა, ალბათ ასე არ არის, ყველაფერი ყოველთვის იდეალური ვერც იქნება..... მაგრამ ჩემს შიგნით ცხოვრობს რაღაც, რომელიც ცოცხალია და ყველაფერს აიდეალურებს, ავსებს, ასრულყოფილებს და ალამაზებს. მადლიერი ვარ ამის გამო! მადლიერი ვარ რომ ამ "სინაზეების" (ღოღობერიძისეული :)) დანახვა და შენახვა შემიძლია. და რა არის ეს სინაზე? აი ვიქტორიას გამოვლენილი სიყვარული სინაზეა, ჩემი იდაყვი რომ ნებისმიერ "უბედურებას" წონის მისთვის :))) ნებისმიერი ტკივილისგან ამშვიდებს - ჩემთვის სინაზეა. თემოს მორიდებული და წრფელი ჩაღიმება სინაზეა. გიოს აწყლიანებული თვალებიც სინაზეა. უჩას ჯერ კიდევ მუცელში მყოფ პატარას რომ წინდები ვუყიდეთ და ერთი სული გვაქვს ვაჩუქოთ - ესეც დიდი სინაზეა. ნიკუშას რომ ველაპარაკები და განსაკუთრებულ სიახლოვეს ვგრძნობ, რაღაცნაირ გრძნობებს - ესეც სინაზეა. მეგობრებს რომ ჩემი დაბადების დღე და ზოგადად დაბადება უხარიათ, საკუთარ თავს, მორიდებას რომ ჯობნიან და მეუბნებიან რომ მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალე - ჩემთვის დიდი სინაზეა.... და ზოგადად ამ სინაზეების დანახვა დიდი რამეა, შეგრძნება - საოცრება და შენახვა - აუცილებელი. ალბათ ზუსტად ასეთი მომენტები გვაქცევს ჩვენ ადამიანებს ადამიანებად და ამ მომენტების გამო ღირს ჩვენი ცხოვრება... ეს მოკლე ჩანაწერი ჩემს დაბადების დღეზე გამიკეთებია, 2021 წელს. დღეს კი ვიკის დაბადების დღეა. ჩემი, ჩვენი ბრილიანტის, რომელიც 6 წლის გახდა. რაღაც კარგი თვისებებით ვიკი ძალიან მგავს. მასშიც ცხოვრობს რაღაც ჭინკა, რომელიც მის ცხოვრებას გაცილებით კარგს, ლამაზს და იდეალურს ხდის. მას აქვს შინაგანი სილაღე და ყველაზე წვრილმანი სინაზეებით ტკბობის უნარი. მხოლოდ ის მინდა რომ ასე დარჩეს... არ დამძიმდეს, ყურები არასდროს ჩამოყაროს, სულ შეეძლოს ათასი ცუდიდან ერთი სიკეთით გაბედნიერება და სულ დარჩეს ჩვენს ბრილიანტად... ვიქტორია, წლების მერე ამ ჩანაწერს რომ ნახავ, მინდა კიდევ ერთხელ შეიგრძნო როგორ ძალიან მიყვარხარ, ძლიერ და ძლიერ, რაც გადის დრო და ხანი და ყოველთვის ასე იქნება, გპირდები ! < 3

четверг, 6 января 2022 г.

შობა, 2020

Автор: ჯუნა на 1/06/2022 0 коммент.

საკუთარ სახლზე უკეთესი ამქვეყნად არაფერი არსებობს. არაფერია მეტად მშობლიური, მშვიდი, იმედიანი და თბილი. ბაკურიანიდან მაშინ ჩამოვედით, მალე რომ შობა უნდა გათენებულიყო. სიხარულით შემოვირბინე მთელი სახლი, ჩავკოცნე ყველა, ვინც კი სახლში იყო: ღვეზელებთან მოფუსფუსე ლილი ბებო და სალო, წნევიანი ჯული, თემური, გია, მარიამი, უჩა, დავურეკე დედაჩემს... გავიქეცი მაღაზიაში ალილოს ბავშვების ტკბილეულისთვის, გზად შევიარე მეზობელ სალონში და შობა მივულოცე ჯერ კიდევ მომუშავე თანამშრომლებს, მერე მაღაზიის კონსულტანტებს... შოკოლადები და ღვეზელები მივართვი მოხუც მარტოხელა მეზობელს, რომელმაც კარში თეფშით რომ დამინახა კისერში მკოცნა და საშვილიშვილოდ დამლოცა :) ყველგან სიკეთე და შობის ჯადოქრობა ტრიალებდა და არაფერი ჯობდა ამ განწყობას < 3

ხვალ ბინას ვყიდულობთ. ჩვენს საკუთარ 85 კვადრატს მე-7 სართულზე. რამდენი წელია ამაზე ვოცნებობთ და ახლა რამოდენიმე დღეა სულ ამ ფიქრების ირგვლივ ვტრიალებთ. ვიქტორიაც კი ძილის წინ ზღაპრების ნაცვლად ჩვენს სახლზე მომიყევიო ითხოვს :) გეგმავს რას დააკრავს თავისი ოთახის კედლებზე და ბედნიერია.

მეც ბედნიერი ვარ. ვიცი რომ ცხოვრება ყოველთვის ისეთი ჯადოსნური არ არის, როგორიც შობის წინა ღამეს ჩანს, მაგრამ ყველაფერს შევძლებთ <3

შობას გილოცავთ, მიყვარხართ

7/01/2020

четверг, 20 мая 2021 г.

რთული მარტივი ჭეშმარიტების შესახებ

Автор: ჯუნა на 5/20/2021 0 коммент.

           პატარა რომ ვიყავი, ახლანდელი გადასახედიდან, ვფიქრობ, ზედმეტად სერიოზული და უცნაური ბავშვი ვიყავი. კარგი ანალიზის უნარი მქონდა და ძალიან, ძალიან ბევრს ვფიქრობდი. სკანერში ვატარებდი ყველას და ყველაფერს, ყველა სხვის ნათქვამ სიტყვაზე ბევრს ვფიქრობდი და სხვების ცხოვრებას ვაანალიზებდი. ძალიან კარგად მახსოვს ჩემი გაოცებები, როგორ იჩენდნენ ადამიანები პრობლემებს თავად, ცარიელ ადგილას და როგორ ინგრევდნენ ცხოვრებას ძალით. განსაკუთრებით მაოცებდნენ ფინანსურად შედარებით უზრუნველყოფილი ადამიანები, რომლებსაც ბავშვობაში ძალიან მიუწვდომლად ვთვლიდი. ვერაფრით ვიგებდი, რატომ არ უყვარდათ ერთმანეთი ადამიანებს, რატომ არ გრძნობდნენ თავს ბედნიერად საკუთარ ოჯახებში, რატომ შურდათ ერთმანეთის, რატომ უყურებდნენ ერთმანეთს მტრული განწყობით, რატომ გარბოდნენ სახლებიდან, რატომ იყვნენ დეპრესიაში, ან რატომ ტიროდნენ. რატომ არ შეეძლოთ უბრალოდ ეგრძნოთ ბედნიერება იმის გამო, რაც ღმერთმა მისცა, რატომ არ იყო ეს ყველაფერი მათთვის საკმარისი? აქ რათქმაუნდა მარტივად ფულს არ ვგულისხმობდი, თუმცა ვგულისხმობდი უზრუნველ ცხოვრებას, შესაძლებლობებს, მეუღლეს, სილამაზეს, ჯანმრთელ შვილებს......

          ახლა გავიზარდე და ბევრი ალბათ არც არაფერი შეცვლილა ჩემს ცნობიერებაში. მხოლოდ ის, რომ უკვე მე ვარ ამ გარემოში, დიდების გარემოში და ხშირად, მათ რიგებშიც ალბათ.... ირგვლივ უამრავი ადამიანია, რომლებსაც თანაცხოვრება რთულად შეუძლიათ. რომლებსაც ერთმანეთთან ლაპარაკი არ შეუძლიათ, ერთად სილაღე არ შეუძლიათ, რომელთათვის დეპრესიაში და სტრესებში ყოფნა ბუნებრივია და რომელთა ღიმილის უკან მხოლოდ თავად იციან რა იმალება. რომელთათვის ერთმანეთით უკმაყოფილება ნორმაა და სხვაგვარად არაფერი არსებობს.

          ადამიანებმა რაც უნდა ვისწავლოთ, ალბათ ერთმანეთის სიკარგის დანახვაა. ეს მეც მეხება, რათქმაუნდა. ხანდახან თუ ერთად სიარული რთულია, ეს სიცუდეს ალბათ სულაც არ ნიშნავს... შეძლო გაღიმება, სიმშვიდე, სიჩუმე და სიკარგეზე კონცენტრირება მაშინაც კი, როცა ყველაზე რთულია - აუცილებელია. თუნდაც აღარ იაროთ ერთად, მერე რა...

19.03.2021

вторник, 6 апреля 2021 г.

ოცნებები ხდება?

Автор: ჯუნა на 4/06/2021 0 коммент.

          რა უცნაურია ცხოვრება და რა უცნაურები ვართ ჩვენ, ადამიანები. 

          მე შეიძლება მთელი ცხოვრება მხოლოდ ერთ რამეზე ვოცნებობ. რომ სოფლის სახლი ავაშენო, დიდი ფანჯრებით, ფაქტიურად გამჭვირვალე, ხის და მინდვრის ყვავილების სუნით გაჟღენთილი... ძველი რკინის საწოლებზე გატკიცინებული ბაცი ვარდისფერი თეთრეული მაქმანიანი ბოლოებით შევუხამო გახუნებულ ყვავილებიან პლედებს... ბუხარში კეცებზე ვაცხო ჩემი საყვარელი მჭადები პიტნით და ტარხუნით, ეზოში გავშალო პატარა მაგიდები და ყველა სადილს ლამაზი ფოტოების წყება უძღოდეს წინ, იმდენად ლამაზი, რომ თითოეული იბეჭდებოდეს და საპატიო ადგილს იკავებდეს ხის კედლებზე.... წვიმაში ყველაზე გემრიელ ჩაის ვაყენებდეთ ჟოლოთი და პიტნით, ასევე მარწყვით, რადგან ვიქტორიას ყველაზე საყვარელი სასმელია ჩაი მარწყვით, უფრო სწორად მხოლოდ მარწყვი, ჩაიდან ამოცლილი :) დამალობანას ვთამაშობდეთ თივის ზვინებში და ასაკს არ ჰქონდეს მნიშვნელობა... არ აღვიქვამდეთ ასე მძიმედ ქვეყნიერების ამბებს, რადგან ქვეყნიერებიდან შორს ვიყოთ და ეს სიშორე ძალიან ძალიან სასიამოვნო იყოს....

          აი, შეიძლება მხოლოდ ამაზე ვოცნებობდე, მაგრამ მე... რას ვშვებოდე რეალურად მე? ვამბობდე, რომ ჯერ ამისთვის არ მცალია.... 

          ალბათ არ ღირს საკუთარი თავის დადანაშაულება იმაში, რომ ვალდებულებებს და პასუხისმგებლობებს ვერ გავურბივარ და არ ვამჯობინებ საკუთარ ოცნებებს. ხომ მოვიცლი ამისთვისაც ოდესმე.... 5, 10 ან 15 წელიწადში.... აუცილებლად მოვიცლი, მაგრამ მაშინ, ვიქნები კი?....

пятница, 25 декабря 2020 г.

სანუკვარ ადამიანებზე და არა მხოლოდ...

Автор: ჯუნა на 12/25/2020 0 коммент.

 საიდან მოდის ყველაზე სასიამოვნო და ჩვენი ქვეცნობიერის შემქმნელი მოგონებები? რათქმაუნდა ბავშვობიდან.... 

გუშინ გვიან ცენტრში ვსეირნობდი და ძალიან მძაფრად ვიგრძენი მაკის კარტოფილი ფრის სურნელი :))) აი ფილმებში რომ გვინახავს ხოლმე, ისე დატრიალდა და გაცოცხლდა ღრმად შენახული და გადამალული მოგონებები... მამაჩემი რომ სამსახურიდან დაბრუნდებოდა, ჩაგვისვამდა მანქანაში მე და ჩემს ძმას და მივდიოდით დრაივზე :) დღესასწაული იყო დღეები, როცა მამა ძალიან კარგ ხასიათზე იყო, დედაც, პრობლემა არ გვქონდა და ასე გზაში ვყვებოდით დღის ამბებს, ვიცინოდით, ხანდახან ვმღეროდით :) მერე იყო იმ ქაღალდის პარკების გადმოწოდება უკან, სურნელოვანი ფრის, ბიკ მაკების და ყველის სოუსის :)) უცნაურია რომ ბავშვობასთან ეს სურნელები ასოცირდება, მაგრამ როგორც ჩანს ძალიან კარგ მდგომარეობას ასახავს ეს ეპიზოდი და ასე სურნელოვნად მაქვს ჩარჩენილი გონებაში.

და ცოტა ხნის წინ ვფიქრობდი, აი ჩვენი შვილები რომ გაიზრდებიან - რა ჩარჩებათ გონებაში?

ხანდახან ისეთი უსიამოვნო დეტალები ამომიტივტივდება, რაც საერთოდ არ მინდა მახსოვდეს, მაგრამ მაინც მახსოვს და როგორ არ მინდა მსგავსი ჩემს შვილებსაც ჩარჩეთ... აი როგორ ვებუზღუნები გიოს, ან როგორ ვეუბნები უარს თამაშზე ბავშვებს, როგორ არ მცალია მათთვის, ხანდახან როგორ არ მყოფნის მოთმინება და ვყვირი და ... არ ვიცი

ჰოდა ამ თემებზე ჩაფიქრებული, თემოს ვთხოვე მოეყოლა ჩემთვის ძველი ამბები მისი გონებიდან, ყველაფერი რაც ახსოვდა და ემოციებად დარჩა... ჰოდა მომიყვა ყველაფერი კარგი, როგორ ვთამაშობთ, ვცეკვავთ, დავრბივართ და ა.შ. ))) მაგრამ კიდევ ერთი ამბავი მომიყვა, ყველაზე საინტერესო :) რომ ერთხელ, 39 სიცხით იწვა და ცუდად გრძნობდა თავს, შეშინებული იყო, მე კი იმის ნაცვლად, რომ ისე მოვქცეულიყავი, როგორც იქცევა ალბათ დედების აბსოლუტური უმრავლესობა, დედამ შემოგევლოს მეძახა და შეშინებული მერბინა წინ და უკან - ვუთხარი, როგორ არაფერში დამემგვანე, რა გაშინებსთქო :) ჩემი ჭკუით, ალბათ ვეცადე გამემხნევებინა და ძალა მიმეცა მისთვის, ალბათ მინდოდა მეჩვენებინა, რომ არაფრის არ უნდა შეეშინდეს, მაგარი იყოს და მუსკულებით დახვდეს ყველა სირთულეს, მათ შორის ავადმყოფობასაც. მას კი ეს გულში ჩარჩა და აქამდე ახსოვს :)  

რამდენ დეტალზე ფიქრია საჭირო იმისთვის, რომ არ ვატკინოთ გული ყველაზე სანუკვარ ადამიანებს, არ ამოგვცდეს ხანდახან პირიდან ის სიტყვები, რაც მხოლოდ ემოციებისგან იქმნება და ზუსტად 1 წუთში ისე აღარ ვიფიქრებთ... რამდენი მობილიზება და ძალა ჭირდება იმას, რომ მუდმივად ის ვილაპარაკოთ, ისე ვიმოქმედოთ და ისე ვიცხოვროთ, რომ არავის ვავნოთ, არავის ჩავრჩეთ უსიამოვნო მოგონებად  და ყოველთვის ისე გაიგონ ჩვენი, ზუსტად ისე, როგორი განწყობაც გვაქვს და როგორც ვფიქრობთ. და არასოდეს გვაჯობოს წამის ემოციამ, არ დაჯაბნოს ჩვენი რეალური და ბუნებრივი სიკეთე....

ყველაზე კეთილი სურვილია ალბათ, რაც შეიძლება მქონდეს სხვა ადამიანების მიმართ....

четверг, 10 декабря 2020 г.

დისტანციურად მუშაობის ბედნიერება

Автор: ჯუნა на 12/10/2020 0 коммент.

          დისტანციურად ვმუშაობ სტაბილურად მარტის შემდეგ.... ამ პერიოდებში სამსახურში რამდენჯერმე გავედი, თუმცა სულ ცოტ-ცოტა ხანი :( 2 კვირის წინ გაბრაზებული და საკუთარი პროდუქტიულობით უკმაყოფილო, სამსახურში დავბრუნდი და ლამის 300 კაციან ოფისში კანტი-კუნტად მოსიარულე რამოდენიმე ადამიანთან ერთად გავაგრძელე მუშაობა. თავიდან ამოვისუნთქე, ისევ შევიგრძენი ყავის ყველა ყლუპის გემო )) შეხვედრების მშვიდად მოსმენის და  მიკროფონის ჩართვის ბედნიერება, სიმშვიდეში მუშაობის მუღამი გავიხსენე :) მაგრამ 2 კვირის თავზე ამდენი მარტოობა თითქოს მომწყინდა, თან გამახსენდა, რომ თემო 1 კვირაა ყოველ დილას არ წახვიდე არ დამტოვოს მიმღერის :))) და ბავშვების პირობა მივეცი, რომ ერთი დღით მაინც ისევ სახლში დავრჩებოდი და აი, სახლში ვარ :)

          დილა გათენდა და დაიწყო.... ჯერ ერთმა გაიღვიძა, კომპიუტერი გამიწია და მაგრად ჩამეხუტა, საუკუნის უნახავივით, რა კარგია სახლში რომ ხარო... მერე მეორემ გაიღვიძა... აწია ხელები იეეეს ძახილით და კალთაში ჩამიჯდა. ეს ემოციები რომ გადავიარეთ (😇😊), ჩემი კალთა როგორც იქნა გათავისუფლდა, კომპიუტერი კი დამიბრუნდა, ვიფიქრე მორჩათქო......
          ამ დროს ვიქტორია მოვიდა, შენ მინდა რომ ტანსაცმელი გამომიცვალოო (ჩემი სამი ბებო არ მაკმაყოფილებს და მხოლოდ შენ განდობ ჩემი გამოცვლის მთელ პასუხისმგებლობასო :))) 

          მერე თემო მოვიდა, დე იცი დღეს კუმშვად კვეცად სიტყვებს გვიხსნიან და ხომ მაგარიაო... მე დროს არ ვკარგავ, თავის აწევის გარეშე ვთხოვ რომ შესვენებაზე ხელ-პირი დაიბანოს, კბილები გამოიხეხოს და მოწესრიგდეს. თუმცა თავის აწევა მაინც მიწევს, რადგან მატყუებს რომ უკვე მოწესრიგებულია, მერე ჩემს გამჭოლ მზერას ვერ უძლებს და მნებდება :))

          ამ დროს ჩასაფრებული ვიქტორია გამოხტება  - დე თემომ რომ მოგატყუა, დიდი ცხვირი ხომ გაეზრდებაო.... დავარწმუნე რომ ნამდვილად გაეზრდებოდა. სულ ცოტა ხნით დავბრუნდი კომპიუტერში. ამ დროს:

          - ლოტო ხომ არ გვეთამაშაო, მოსინჯა ყველაზე პატარამ. ჩემგან დელიკატური უარი რომ მიიღო დიდი ბოდიშებით, ახსნებით და კოცნებით, ჩავთვალე რომ ბედს დამორჩილდა და თავი გამანება, თურმე ჩუმათ მაგიდის ქვეშ შემომძვრალა და 5 წუთის შემდეგ ვეჰ შეძახილით ამოხტა და მეც ამახტუნა...

          მერე იყო თემო თავისი ნობათით, ჩიფსებით და თხილით მომადგა, ხომ გიყვარს და ჭამეო. მერე ერთ-ერთმა ბებომ მადისაღმძვრელი ღვეზელები გამოაცხო და მომართვა, ჭამეო ბებომ გენაცვალოსო.... მერე დედაჩემი მოვიდა, ყავა მომიდუღა, ცოტა დამელაპარაკეო, რა არასდროს გცალია ჩემთვისო... მერე გიო მოვიდა შესვენებაზე, ერთად ვისადილოთო, რა დროს მუშაობააო...

          ხოდა მოკლედ, ხვალ სამსახურში მივდივარ და კორონა, წადი რა 😕😁

понедельник, 21 сентября 2020 г.

წერილი ვიქტორიას

Автор: ჯუნა на 9/21/2020 0 коммент.
          ახლა, როცა ამას ვწერ, შენგან საძინებელში ვარ დამალული და ვმეცადინეობ :) შენ კი დამალობანას თამაშობ და ჩემი საძინებლის კართან ბაბუს ემალები :) ჩუმათ ჩუმათო შენს თავს აგულიანებ და პატარა ფეხებს ათამაშებ :)
          ბოლო დროს ისე ვარ...გამცვდარი. და ყველა სიტყვა გამიცვდა. ყველაფერი, რაც კი შემიძლია გითხრა, ძალიან ბანალური და გაცვეთილია, ძალას და ენერგიას მოკლებული. შენი დედიკო დაღლილია.
           უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ აუცილებლად გადავაგორებთ ზამთრის მძიმე დღეებს ერთად, მოვა სიჭრელე, ფერები და გაზაფხული. დათბება, მე და შენ თხელ ჟაკეტებს ჩავიცვამთ და გაზაფხულის სურნელით გაჟღენთილ ქუჩებში სახეტიალოდ წავალთ უმისამართოდ. მივეცემით სრულ თავისუფლებას, ვუპასუხებ შენს ყველა მოსაბეზრებელ შეკითხვას, მათ შორის როგორიცაა: სახეზე დუშგელი უნდა წავისვათ თუ მაკიაჟი :)

           რა კარგია რომ შენ მყავხარ. იმედად, ზრუნვად და სითბოდ. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მაგარი გოგო უნდა იყო და ზოგჯერ სულაც არ მემეტები ამ მაგარი გოგოობისთვის. მინდა სულ ასეთ მხიარულ და ჭინკებიან თვალებში მიყურებდე, ვარდისფერი სათვალეებით, სიხალისით და სიფერადით, ისე როგორც შენ გჩვევია და ერთადაც შეგვიძლია, ზოგჯერ :)
 
მარტი, 2019
 
воскресенье, 9 августа 2020 г.

ჩემი ლამაზი ისტორიები

Автор: ჯუნა на 8/09/2020 0 коммент.

     ***    
          წერეთლის ქუჩის დასაწყისში სულ ნახავთ ხოლმე ვინმე ისეთს, ვისაც ძალიან უჭირს. ზოგი საკრავზე უკრავს და წინ დიდი შავი ქუდი დაუდევს ხურდებისთვის. ზოგი მღერის. ზოგიც უბრალოდ ხელგაწვდილი დგას და პურისთვის ხურდების აგროვებას ელის.....
          მე რომ ჩავიარე შუახნის მამაკაცი იდგა, თეთრი პერანგი ეცვა, ტილოს თეთრ შარვალთან ერთად. იჯდა და რაღაც საკრავზე უკრავდა. თან შიგადაშიგ წაუმღერებდა ხოლმე. დიდი ყავისფერი წყლიანი თვალები ჰქონდა და ისეთი კაცის გამოხედვა, ამ ქვეყნად რომ არავინ არასოდეს გაუბრაზებია, არც არაფერზე განაწყენებულა, თითქოს არც არაფერი მომხდარა ცუდი მის ცხოვრებაში, მხოლოდ ეს ერთი საქმე ჰქონდა გულიანად გასაკეთებელი, უნდა მჯდარიყო ზაფხულის იმ ცხელ საღამოს კიბეზე და მთელი მონდომებით დაეკრა.....
          მოპირდაპირე მხარეს შეუმჩნევლად იდგა მოღეღილ პერანგიანი, უფრო ახალგაზრდა ბიჭი. თავი მხრებში ჩაერგო და ისე ჩავუარე არც შემიმჩნევია.
საკმაოდ გვიანი იყო რომ ამოვბრუნდი. მუშაობა უკვე დასრულებული ჰქონდათ და თეთრპერანგიანი ჩანთაში ნივთებს ალაგებდა. თან კამათობდნენ, რაღაცნაირად მშვიდად და სიყვარულით. კაცი ეუბნებოდა მე დღეს მეტი ვიშოვე და გამომართვი, გავიყოთო. ახალგაზრდა არ ართმევდა, არ მინდა შენია და გქონდეს, მე ჩემიც მეყოფაო....
         ვუსმენდი და მავიწყდებოდა ყველა ის ცუდი ამბავი, რაც იმ საღამომდე მინახავს და გამიგონია. როგორი საინტერესო თვისება აქვს სიკეთეს. ერთსაც რომ შეესწრო, ყველა იქამდე მომხდარ ათასს გავიწყებს.

***

        დღეს ტაქსში ვიჯექი. რაც მანქანა აღარ მყავს ხშირად მიწევს ტაქსით გადაადგილება და მძღოლებზე დაკვირვება შემიყვარდა. წარმოვიდგენ როგორები არიან, რაზე ფიქრობენ ასე მთელი დღე გზაში, ან რა აწუხებთ. მიხარია ხოლმე, რადგან არცერთი "ულამაზო" პერსონაჟი არ აღმომიჩენია.... პირიქით. თვალს უკრავენ ციგნებს ძველი მეგობრებივით და გადანახულ ხურდებს აძალებენ, კარგ მუსიკას უსმენენ ან საინტერესო დიალოგში მაბამენ ხოლმე... დამაფიქრებელში. 

        დღეს ბაბუ შემხვდა, ალბათ 70 წლის. ძალიან გამხდარი იყო და ზრდილობიანი. ჩვენს წინ მანქანა მიდიოდა, ვარდისფერი ბუშტებით სავსე. ისეთი მხიარული სანახაობა იყო, მანქანა ვარდისფერი ბუშტების თაღით, შიგნიდანაც სულ ბუშტებით სავსე. საჭესთან იქაც ბაბუ იჯდა, მის გვერდით კი პატარა გოგო, ალბათ 6-7 წლისა. იჯდა და გახარებული აცეცებდა თვალებს.

        უეცრად, სადღაც ფოთის ქუჩაზე ვიყავით, რომ ქარმა დაუბერა. ბუშტები მანქანას მოწყდა და ელვის სისწრაფით გაიბნა. სხვა მანქანებზე, რიონში, გზაზე.... ბაბუმ მანქანა გააჩერა, სახეალეწილი დარბოდა და ცდილობდა ცოტა მაინც შეეგროვებინა გაბნეული ბუშტები. ჩვენი ბაბუც გაჩერდა..... დახმარება უნდოდა და დიდი მონდომებით კრეფდა ვარდისფერ ბუშტებს. 

          მერე, როცა მანქანაში ჩაჯდა, ძალიან დამწუხრებული იყო. მე, ამდენ ჭირ-ვარამ გამოვლილს, ბუშტების დაკარგვა როგორ დამამწუხრებსო - თქვა.... მაგრამ იმ პატარა გოგოს რომ ცხოვრებაში არაფერი უნახავს და არ დაუკარგავს, ეს ბუშტების გაბნევა რამხელა ტრაგედიად ეჩვენება ალბათ და როგორ ტკივა გულიო.... 

          ალბათ ზედმეტად მიმართლებს ცხოვრებაში, რადგან ასეთი ამბები ბევრი ვიცი და ჩემს თავს მუდმივად ხდება. კიდევ იმიტომ, რომ შემიძლია ასეთი ამბები მოტივაციად გავიხადო, მოტივაციად რომ სიცოცხლე ძალიან მიყვარდეს და ადამიანებიც. და კიდევ იმიტომ, რომ 30 წლის ვარ და მხოლოდ ახლა და ისიც ხანდახან ვაცნობიერებ, როგორი პატარა შეიძლება იყოს ზოგჯერ ზოგიერთი ადამიანი, დაბალიც და იმდენად ულამაზო ზრახვებით შიგნიდან, რომ მთელი გულით შეგეცოდოს. შეგეცოდოს რომ ასეთია და სხვანაირად არ შეუძლია. თუმცა ხანდახან ამ შეცოდებას შიშიც ჯობნის. მეშინია და საშინლად არ მინდა ჩემი შვილები მსგავსი ღირებულებების ადამიანების გვერდით იზრდებოდნენ.

          ამ დროს, ძალიან მინდა სადმე მთის წვერზე დავიდო ბინა. ამდენი თვალისგან, "წარმატებებისგან", ბრძოლებისგან, გაჯიბრებებისგან რაც შეიძლება შორს. ყველა, ვინც ამ გარემოსთვის მეცოდება ჩემთან დავასახლო და ვიცხოვროთ ერთად და ბედნიერად ისე, რომ არავინ იცოდეს არავისზე შური და ბოროტება.          თქვენ კი, ყველას, გისურვებთ, რომ საკუთარი თავი უხვად ამოიცნოთ ლამაზ ისტორიებში. და არასოდეს ულამაზო ადამიანებში.....

воскресенье, 21 июня 2020 г.

My number ONE

Автор: ჯუნა на 6/21/2020 0 коммент.
          
          სულ პატარა რომ იყო, ჩემს გარეშე რომ არ შეეძლო, სულ გვერდით რომ მყავდა, დედას რომ მისტიროდა, ხელებს რომ მომხვევდა და სიყვარულს მიხსნიდა :)))) ახლა რომ გაიზარდა და ბიჭობს, დასერიოზულდიო რომ მეჩხუბება :)) იმ ბიჭის დღეობაა სუულ მალე 😎 ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა მთავარი ისევ იგივეა - ისევ ისეთია, უზომოდ ემოციური, გულისხმიერი, მზრუნველი და სულ შეუძლია თვალებში მიყუროს....
          ძალიან უყვარს ადამიანები, გულუბრყვილოა, ყველაფერს განიცდის. არ ვიცი როგორ შეიძლება ასე შვილი გავდეს მშობელს, მაგრამ გიოს ასლია ყველა თვისებით, ქცევით, დამოკიდებულებებით... :) მის გვერდითაც ისევე დაცულად ვგრძნობ თავს, ვიცი რომ ჩემზე იზრუნებს და სულ გვერდით იქნება :)

         ცოტა ხნის წინ, გიოს ბაბუ გარდაიცვალა, ჩემი დედამთილი, რათქმაუნდა, ტიროდა და მშობლებთან წასასვლელად ემზადებოდა. ხარჯებისთვის, ჩემმა მამამთილმა რაღაც თანხა მისცა, დაგჭირდებაო. გიომაც დაუძახა და ცოტა ფული მისცა, გამოგადგებაო. და თემუკაც ეძახის: ბებო, მოდი საქმე მაქვსო :) ცალკე ოთახში გაიყვანა და თავისი დაგროვილი ფული მიაწოდა - დაგჭირდება და აიღეო.... :)

          ზოგჯერ მგონია იმედებს ვუცრუებ, ვერ ვაძლევ საკმარისად იმ ყველაფერს, რაც მას უნდა და სჭირდება: დროს, ყურადღებას, ძალისხმევას.....
          დე, თუ ამას ოდესმე წაიკითხავ, მე შენით ძალიან ამაყი ვარ. ყველაზე მთავარია, შენ იყო ღიმილიანი, ბედნიერი, ჩვენ ამისთვის ნამდვილად ყველაფერს შევძლებთ.
                                                                                                                                   შენი დედიკო
                                                                                                                                      14/05/2020

          დღეს, 12 საათის ზღვარზე, ერთად დავჯექით და ბევრი ვილაპარაკეთ :)
          შევაჯამეთ ჩვენი 9 წელი, რა მოგვწონს ერთმანეთში, რა გვაქვს გამოსასწორებელი, რა - დასახვეწი, რაზე საფიქრალი :) რამხელაა უკვე, თავისი აზრებით, შეგნებით, ფიქრებით....
          ვუთხარი რომ ძალიან მომწონს მასში სიკეთე. რომ ძალიან მომწონს მასში ერთგულება. რომ ძალიან გაუმართლებს მის ყველა მეგობარს, რადგან ძლიერი და ერთგული საყრდენი ეყოლებათ მისი სახით. რომ ძალიან ვამაყობ, რადგან მე და გიომ შევძელით და ძლიერი საფუძველი ავაშენეთ მასში რწმენის, სიყვარულის, სწორი გზის განსაზღვრის.... და ხანდახან კი მეშინია იმ დიდი პასუხისმგებლობების, რომ ვერ შევძლო და რამე ისე ვერ გავაკეთო, როგორც საჭიროა, რომ წინ გარდატეხის ასაკია, რომ ყველაფერი ჯერ მხოლოდ წინაა.... მაგრამ მერე ვუყურებ და ვრწმუნდები, რომ ეს კარგი საფუძველი საკმაოდ მყარია და მისით სამართლიანად შეგვიძლია ვიამაყოთ.

          ბევრი რთული გზა გველის ალბათ წინ, მაგრამ ერთად, მჯერა, ყველაფერს მოვერევით, რაც მთავარია - მე შენთან ვარ. აწ და მარადის :)

          დაბადების დღეს გილოცავ დე 😍 უფ, როგორ მიყვარხარ !!!
                                                                                                                                      21/06/2020

вторник, 2 июня 2020 г.

ამბავი ჩემი სიყვარულისა

Автор: ჯუნა на 6/02/2020 0 коммент.
          ზუსტად 4 წლის წინ, საოპერაციოში გავიცანი ეს გოგონა :) ჩემი მუცლიდან ამოიყვანეს, გაალამაზეს და გაღიმებულმა ექთნებმა მომიყვანეს. არც კი ვიცოდი რა რეაქცია უნდა მქონოდა, თავი დავაქნიე, კარგიათქო და ასე გავიცანით ერთმანეთი. ასე გავიცანი ის, ვინც ჩემი გულის ქვეშ ცხოვრობდა და მას შემდეგ არც არსად წასულა.
სულ ჩემთანაა, სულ. რამდენი დღე, ემოცია, სიხარული, ღიმილი, სიტყვა, გამოხედვა გვაკავშირებს..... და რამდენი გვაქვს კიდევ წინ !

          მთავარია რომ მე მყავხარ. მთავარია რომ ჩვენ აგვირჩიეს შენს მშობლებად და გაჩნდი აი ასეთი, უშიშარი, ბობოქარი, მეტიჩარა, ცხოვრების მოყვარული, ლაღი, მხიარული, ლამაზი, კეთილი, ჩიტისგულა :) მაგარი და მტკიცე ხასიათის, მაგრამ თან ასეთი ემოციური, ყველა სიტყვაზე რომ უნდა დაფიქრდე, ამბები შეთხზა, შენებურად აანალიზო და მერე იშფოთო :)))

          რამოდენიმე კვირის წინ, მიტოვებული კნუტი ვიპოვეთ ქუჩაში და თემომ არაფრით დატოვა.... შეშინებულ ვიკის კი უხსნიდა, მის დედიკოს დაეკარგა და რა ცოდოა ვიკუ არ მივატოვოთო.... მას შემდეგ ჩვევად გექცა, ყველა ძილის წინ, ჩემს ხელს რომ თავქვეშ ამოიდებ და დასაძინებლად მოემზადები, უნდა მკითხო ხომ არ დაგკარგავ სადმე ქუჩაში :) რა სასაცილოა რომ მართლა დარდობ ამაზე და რა სულელი ხარ :)

          ყველაზე მეტად მე მაშინ მეშინია, როცა ვფიქრობ როგორ გავუმკლავდები შენს ცხოვრებისეულ პრობლემებს, ამბებს... რა რთული იქნება ხანდახან იმის ყურება, როგორ გატკენენ გულს სხვა ადამიანები, როგორ ეცდებიან დაგინგრიონ შენი სამყარო, სადაც ახლა მხოლოდ სიყვარული და სილაღე არსებობს..... და საერთოდაც ვიქნები თუ არა შენს გვერდით იმდენ ხანს, რამდენი ხანიც შენ ეს დაგჭირდება....
          მაგრამ სანამ ვიქნები, უნდა იცოდე, მაქსიმუმს შევძლებ იმისთვის, რომ შენ თვალებში ციმციმები არ დაკარგო და შენი სამყარო ისეთივე ლამაზი იყოს ყოველთვის, როგორიც ახლაა, 4 წლის ასაკში: ბევრი ადამიანის სიყვარულით, სიხარულით, სილამაზით, სიცელქით, თავნებობით და სილაღით სავსე.<3 p=""> 
<3 p="">           დაბადების დღეს გილოცავ ! აი შენსავით, მეც მგონია რომ ეს დღე რომ დაიწყება სასწაული უნდა მოხდეს, ფეიერვერკები აინთოს, ყველას უხაროდეს, დედამიწა შენს ირგვლივ ბრუნავდეს, სამყარო ბედნიერი იყოს და ყველამ იცოდეს, რომ დღეს ბევრი ადამიანისთვის დიდი სიხარულის დღეა.

           მიყვარხარ. უბრალოდ კარგი ადამიანი იყავი. ეს საკმარისია

пятница, 15 мая 2020 г.

ჩანაწერები კარანტინიდან

Автор: ჯუნა на 5/15/2020 0 коммент.
          არასოდეს გქონია განცდა რომ შენ შენ არ ხარ?
          აი ეს წონა შენი არ არის.
          არც ის ხარ შენ, თემოს გაკვეთილების გამო რომ უყვირის.
          არც ის, ექსელში ჩაძრომა რომ ურჩევნია ზოგჯერ ადამიანებთან ურთიერთობებს.
          არც ის, ამ ადამიანების რომ ეშინია ზოგჯერ და ცდილობს არავისთან გახდეს ზედმეტად ,,შიშველი'', არავინ ჩაწვდეს მის გრძნობებს და დადგეს ზედმეტად ახლოს.
          არც ის, ვისი ფეხებიც ხანდახან იატაკს ეწებება თითქოს და ვიკასთან ცეკვაზე უარს ამბობს, რადგან ძალა არ აქვს.
          აი სარკეში რომ იხედები და ელი გოგოს, აწეული პუჩოკით, ღიმილისგან ლოყებჩაკეცილს, თვალებმოხუჭულს და ეშმაკებიანს და ოდნავ ლოყებიანი, თვალებქვეშ ამოშავებულ სახიანს მოკრავ თვალს. დაღლილი თვალებით რომ იყურება.
          სინამდვილეში ფარატინა, თხელი, პატარა გოგო ხარ. 
          ისეთი, დიდ ბოტებს რომ მოიხდენს შიშველ ფეხებზე და ღიმილით მთელ ქალაქს შემოივლის.
          საღამოობით, დინამიკებს რომ შემოდგამს ფანჯრის რაფაზე და ქანცის გაწყვეტამდე რომ იცეკვებს ჭკუამხიარულ ბავშვებთან ერთად. 
          მთელი ქუთაისის მეგობარი რომ იქნება და ყველგან წანწალი დიდ სიამოვნებას მოჰგვრის. 
          სამსახური რომ მხოლოდ სამსახური იქნება და არა თემოსთვის მოსაბეზრებელი, ლამის საძულველი მუდმივი საქმიანობა. 
          დამალობანას თამაში რომ ისევე გააბედნიერებს, როგორც მის ჭკუამხიარულ შვილებს. ჭიდაობაც.
          ეს მეორე გოგოც ხომ მე ვარ. უბრალოდ ბოლო დროს პირველი მეტია და მღლის ხოლმე. როგორ არ მინდა ჩემში მხოლოდ ის გოგო დარჩეს სულ რომ მუშაობს, იშვიათად იღიმის, ხშირად ავადმყოფობს და ქრონიკულად დაღლილია.

среда, 29 января 2020 г.

ვარ-ხარ

Автор: ჯუნა на 1/29/2020 0 коммент.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამქვეყნად ვის შეიყვარებ.
სიყვარული რა არის?
მიყ-ვარ-ხარ - ჩემზე ბევრად ჭკვიანებს გაუშიფრიათ იგი ვარ - ხარ - ს შორის ფაქიზი და დაბალანსებული ზღვრების, დიდი ემოციების, საკუთარი თავის შეცნობისა და საკუთარი თავისვე მეტად სიყვარულის სათავედ. ამიტომ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ვის შეიყვარებ. იმიტომ რომ მიყ-ვარ-ხარ გულისხმობს არა მხოლოდ სხვის სიყვარულს და გრძნობებს "ხარ"-ის მისამართით, არამედ "ვარ"-იც ძალიან მნიშვნელოვანია.

შენ, ჩემთვის ყველაზე კარგს, ჭკვიანს, კეთილს, საყვარელს, სიმპათიურს თუ გიყვარ-ვარ მე და მე ამომარჩიე - ესეიგი მეც რა კარგი ვყოფილვარ :) და თუ არასწორად ავარჩიე ჩემთვის გულითადი ადამიანი, ჩემი სული მივეცი, თავი დავუთმე და მან გადამიყვარა - ეს ყველაზე დიდი დარტყმაა საკუთარი თავის შეფასებაში, საკუთარი ცხოვრების სრულფასოვნების რწმენისთვისა და იმ აზრისთვის, რომ სრულფასოვნად კარგი ვარ!

ხოდა, არ ვიცი რატომ ვიფილოსოფოსე ამდენი, მხოლოდ ის მინდოდა მეთქვა, და საკუთარი თავისთვისაც მოტივაციისთვის წამოძახება, რომ ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ მე.
იმიტომ, რომ სწორი ადამიანი მიყვარს.
იმიტომ, რომ ის, ვინც მიყვარს, ნამდვილია და ჭეშმარიტად კარგი.
იმიტომ, რომ მას, ვინც მიყვარს, ღალატი არ შეუძლია.
იმიტომ, რომ მას, ვინც მე მიყვარს, ძალიან ვუყვარვარ. ისე, რომ გულზე ხელს დაიდებს, სრულიად უმიზეზოდ, ერთ მშვენიერ საღამოს, და მეტყვის, რომ ძალიან ვუყვარვარ. და ამას ისე გააკეთებს, რომ ამაზე ჭეშმარიტი არაფერი იარსებებს მზის გულზე.
ისე გააკეთებს, როგორც ცრემლმორეული და მთვრალი, ბავშვების ფოტოს კოცნიდა გუშინ ტელეფონის ეკრანზე.
ისე, როგორც ვალსს ცეკვავდა ვიქტორიასთან ერთად ნაზი სიამაყით.
ისე, როგორც მხოლოდ ნამდვილებს შეუძლიათ.
2.07.2019
დაბადების დღეს გილოცავ <3 nbsp="" p="">
და მიხარია, რომ მეც მილოცავენ. 
მიხარია რომ მეუბნებიან კიდევ დიდხანს გყავდესო იმედად.... 
ძალიან ძალიან მიხარია <3 br="">

<3 br="">

четверг, 28 ноября 2019 г.

ზაფხულის ჩანაწერებიდან

Автор: ჯუნა на 11/28/2019 0 коммент.
          ბოლო დროს მგონია, რომ ძალიან გავდიდდი :) შეიძლება მოვბერდი კიდეც :) 30 წელს მიახლოვებული, ბევრ ისეთ ქცევას და თვისებას ვაფიქსირებ საკუთარ თავში, რომელიც მაოცებს და მაშფოთებს :)
         სულ მეტად მივილტვი სიმშვიდისკენ, სიჩუმისკენ, სიწყნარისკენ, ბალანსისკენ, მეტად მიზიდავს სოფლები და სიმწვანე, მეტად აღარ მინდა ბევრი ხალხი, ბევრი ემოცია, აურზაური.... სადაც ადრე ვფიქრობდი, რომ ჩემი ყოფნა აუცილებელი და საჭიროა, ახლა სულაც აღარ...
          აი გურიაში დავრჩებოდი სიამოვნებით. თხილს შევაგროვებდი, მზეს მივეფიცხებოდი, ფეხშიშველი ვივლიდი დილაობით ნამიან ბალახზე, თეთრ ლარნაკში ბალახს და მინდვრის ყვავილებს ჩავაწყობდი.....
         გუშინ მე და გიო ერთ-ერთ სოფელში ვიყავით. რაღაც ეზო იყიდებოდა პატარა სახლით. არ იყო ცუდი გარემო, მაგრამ სხვისმა ნასახლარმა ძალიანაც არ მიმიზიდა.... მგონია, რომ ,,ჩემსას" რომ შევხვდები და ,,ჩემს" გარემოში მოვხვდები, მაშინვე მივხვდები და წამოსვლა აღარ მომინდება...
          ვფიქრობ, რომ დავბერდები, მაშინ მაინც აუცილებლად შევძლებ სადმე მსგავს ადგილას გადაცხოვრებას. თონეს გავაკეთებდი და პურს გამოვაცხობდი თანასოფლელებისთვის. ხანდახან გავშლიდი მაგიდას ეზოში, დიდს, ლამაზს, დავუძახებდი ყველას, მთელ სოფელს, მშიერს, მწყურვალს, მეტად კი ლაპარაკ მონატრებულებს, დაობლებულებს, დამარტოხელებულებს. თუ მეყოფოდა ძალა, რამოდენიმე საათით მაინც დავაბრუნებდი სილაღეს ადამიანებს შორის. ვიღაც გიტარაზე დაუკრავდა, ვიღაც თავის ამბებს მოყვებოდა... მე და ყველა მოვუსმენდით, ხანდახან ვიმსჯელებდით, ხანდახან ბევრს ვიცინებდით, რაღაც დასკვნებს გამოვიტანდით, იქნებ ცოტათი გავკარგებულიყავით კიდეც.
          როგორ მინდა ეს რეალობა იყოს. არაფერი იყოს ამაში შეუძლებელი, მიუწვდომელი... როგორ არ მინდა მთელი ჩემი ცხოვრება მხოლოდ რუტინა იყოს. ყოველი დღესავით რუტინა. მინდა მას მეტი აზრი ჰქონდეს, მეტი მნიშვნელობა, მეტი სიხარული მოჰქონდეს სხვა ადამიანებისთვის და მაშინ, როცა აღარ ვიქნები, ჩემს ხსენებაზე ყველას მხოლოდ ღიმილი შეეძლოს და გული ცოტათი მაინც სითბოთი ევსებოდეს. ძალიან მინდა :)
                                                                                                                                   09.08.2019

среда, 16 октября 2019 г.

story fb-ის გაუქმებისა :)

Автор: ჯუნა на 10/16/2019 0 коммент.
                                                                          ***
          იყო რაღაც ძალიან გრძელი პერიოდი, როცა თემო ყოველ დილით ტიროდა, თუ იმ დროს გაიღვიძებდა, როცა უკვე სამსახურში ვიყავი წასული.... ყოველი ძილის წინ მთხოვდა დილით მეკოცნა და თუ ისე ფრთხილად ვაკოცებდი, რომ არ შეფხიზლდებოდა, უკვე წასულს მირეკავდა და მეჩხუბებოდა...... ტიროდა.
          ვიქტორიას ეს ასაკი ცოტა ადრე დაუდგა. ალბათ ერთი-ორი წლით ადრე. რომ მეგონა ბაღს შეეჩვია და ყველაფერი გადავლახეთ, ორი დღე მიტრიალა კითხვები:
         - ყველას დედა რომ აკითხავს, მე რატომ მაკითხავს სულ ბებო?
         - დღეს გელოდებოდი, მეგონა დღეს მაინც მომაკითხავდი და ისევ ბებომ მომაკითხა...
         - სულ რატომ ხარ სამსახურში?
         - საერთოდ რატომ უნდა იმუშაო?
         ამ ორი დღის მერე კი ადგა და გადაწყვიტა, რომ სულ აღარ უნდოდა ბაღში სიარული...

                                                                           ***
         - დედა, რატომ არ გამაღვიძე რომ წახვედი, ახლა მთელი დღე ვერ გნახავ....
         8 წლის შვილის მესიჯი მოუვიდა ოთახის თანამშრომელს. სახე შეეცვალა. იჩურჩულა ტელეფონში, გარეთაც გავიდა. ამშვიდა. ის ცალკე, თავისი თავი ცალკე.
         - დე არ იტირო და ცუდ ხასიათზე არ იყო.... თუ გიყვარვარ - მესიჯი მიწერა ბოლოს.
         - კარგი, შევეცდები - მოკლე პასუხი გადიდებული პატარა შვილისგან

         გიჟური რიტმის დრო მოვიდა. სადაც მუდმივი დეფიციტია ურთიერთობების. თითქოს რამდენია ეს ყველაფერი. თითქოს სულ მიმოწერაში ვართ, თითქოს სულ ურთიერთობებში ვართ, თითქოს სულ საუბრებში ვართ, სულ მესენჯერებში ვართ, სულ ყველამ ყველაზე და ყველაფერი იცის და მაინც.... ურთიერთობების დეფიციტის დრო მოვიდა. როცა დრო გარბის და ჩვენ მივსდევთ, გამუდმებით მივსდევთ და ვერ ვეწევით. ვერ ვიცლით საკუთარი შვილებისთვის და გვიკვირს იმ ოჯახების კვირაში ერთხელ რომ ერთობლივად განტვირთვას მოახერხებენ.
          - როგორ ახერხებთ? - მე თვითონ უკმაყოფილოს ბევრი მეკითხება.
         მაგრამ რას?
         ვერ ვახერხებ. ვერაფერ საკმარისს. როცა დღე-ღამეში მხოლოდ 24 საათია, საიდანაც 10-ს სამსახური იკავებს, დანარჩენ დიდ წილს ტრანსპორტი, ძილი, ჭამა, თავის მოწესრიგება, ბავშვების მოწესრიგება, კითხვა, გათიშულ მდგომარეობაში fb-ის სქროლვა, ვარჯიშიც პერიოდულად..... და რამდენს იკავებს საკუთარ შვილებთან საუბარი? დღეში 1 საათს? 2-ს?....

         გარდა ამისა, რამდენი ადამიანი ელოდება მუდმივად და  გრძნობს ურთიერთობების დეფიციტს სხვებისგან.... დედა, მამა, ძმა, და, ბებია, ბაბუა, ბიძა, დეიდა, მამიდა, მეგობრები, პერიოდულად ნათესავები, შეიძლება მეზობლებიც, ან ნათლიები, ნათლულები, ან კოლეგები..... ყველას უნდა მიიღოს რაღაც თავისი კუთვნილი ნაწილი ყურადღების, ზარის, შეხვედრის, სითბოსი...... თანამედროვე ადამიანი, რაღაც ოცთავიანი გველეშაპის მსგავსად, ანაწილებს ყველაზე და ყველაფერზე დროს, ძალას, ენერგიას, ემოციას...

          გამოსავლის ძიებაში გავაუქმე fb, მცირე ხნით, უფრო იმისთვის, რომ გათიშულ მდგომარეობაში სქროლვის ჩვევა მომშლოდა. მოვუძებნე ალტერნატივა: instagram-ს  ვსქროლავდი :)

          სერიოზულად ვაპროტესტებ ასე ცხოვრებას და მინდა ვიცხოვრო სხვაგვარად.
          მინდა იმდენი დრო გავატარო დღის განმავლობაში ბავშვებთან რამდენიც მინდა მე და მათ.
          მინდა თემო მე დამყავდეს სკოლაში და მე ვხვდებოდე იქედან გამოსულს. მინდა ასეთი დღეები არ იყოს მისთვის წელიწადში რამოდენიმეჯერ და დღესასწაულის ტოლი.
         მინდა ჩემი და გიოს საუბრები არ იყოს მხოლოდ მაშინ, როცა დავგეგმავთ, საღამოს დროს ბავშვებს მოვაკლებთ და სადმე გავიპარებით, უცებ შევისრუტავთ ერთმანეთის დანაკლისს, ყველაფერს მივედ-მოვედებით და სახლში გავიქცევით.... მინდა ეს დღის ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილი იყოს.
         მინდა ჩვეულებრივი დღეები სავსე იყოს ურთიერთობებით, ყურადღებებით, ლაივებით......
         შესაძლებელია?

პ.ს. ჰო მართლა, საბოლოო ჯამში ვიქტორიამ ბაღის გადაყვარება ვინმე გაბრიელს დააბრალა. რომელმაც, თურმე, სიყვარულზე უარი უთხრა :) მადლიერი ვარ.... მძიმე სინდისის ქენჯნიდან მიხსნა :) თუმცა რომელი ვარიანტი ჯობდა, აღარ ვიცი.... :))

вторник, 28 мая 2019 г.

სიცარიელე, რომელიც გვშთანთქავს

Автор: ჯუნა на 5/28/2019 1 коммент.
          კაცობრიობაში ყველა ადამიანის პრობლემა ვფიქრობ შავი ცარიელი ხვრელია საკუთარი თავის შიგნით. თუ ვინმე დაარღვევთ და შეეწინააღმდგეგებით ამ თეორიას მხოლოდ გამიხარდება, მაგრამ, ვფიქრობ თუ საკუთარ თავს შიგნით ჩავიხედავთ, ყველა აღმოვაჩენთ ამ სიცარიელეს.

          ეს ის ხვრელია, ყველაზე დიდ ენერგიას რომ შთანთქვავს საკუთარი მეს ამოსავსებად, შესავსებად, გადასაფარად, რომელიც ზოგჯერ მთლიანად გვფარავს და გვაიძულებს დავიჯეროთ, რომ სიყვარული არაფერია ამ ქვეყნად, არც ემოციები ღირს რამედ, რომ ადამიანებს შორის ურთიერთობები ერთი დიდი ტრაფარეტია და ფარსი. რომელსაც შეუძლია გაგვყინოს და იმ კონდიციაში ჩაგვაგდოს, რომელშიც ვერაფერს გრძნობ, ვერაფერ კარგს ვერ ხედავ, მხოლოდ გინდა მალე დაღამდეს, რომ სქელი საბნის ქვეშ არავინ დაინახოს შენი სევდები, და თუ გათენდება, მალე ამოეფარო რაიმე დიდ ეკრანს, ან შუშებს, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა გაშიფროს რომ მთლიანად დაგფარა სიცარიელემ და გშთანთქა.

          და ყველა სხვადასხვანაირად ებრძვის ამ ხვრელს. ზოგიერთები იტვირთებიან ფიზიკური ან გონებრივი სამუშაოთი იმისთვის, რომ ეს სიცარიელე საკუთარი სრულყოფილებით ან უბრალოდ დაღლილობით ამოავსონ. ზოგიერთები შიგ ყრიან ბოღმას და სხვა ადამიანების სიძულვილს, რადგან ფიქრობენ, რომ მხოლოდ მათ არ გაუმართლად, ამიტომ სხვა ღირსია ჩაგვრის, დაკნინების.... შედეგად, სიბნელეს უფლებას აძლევენ უფრო გაფართოვდეს და ფესვები ღრმად გაიდგას... ზოგიერთები წამლობენ სიყვარულით, რაც, მე ვფიქრობ, ყველაზე სწორი გზაა, რადგან საკუთარი სიცარიელეებიც მხოლოდ იმ შემთხვევების შედეგად გავიჩინე, როცა ეს სიყვარული სადღაც და ვიღაცას დავაკელი.

          ზოგადად, ნათელი მხოლოდ ერთია. რომ დედამიწაზე, ყველა ადამიანის პრობლემა შავი ცარიელი ხვრელია საკუთარი თავის შიგნით. რომელიც სულ რაღაცას გვთხოვს და შთანთქავს და რომელიც ყველამ რაღაცით უნდა ამოვავსოთ. რაღაც უეჭველად კარგით, კეთილით, რწმენით, მოტივაციით, ნდობით, მინდობით, ღიმილით, სიტყვებით, სიყვარულით..... როგორ მინდა ყველაფერი აი ასე, ზუსტად და სწორად მესმოდეს ყოველთვის მეც და ყველას ჩემს ირგვლივ.

суббота, 13 апреля 2019 г.

ამბები დღიურიდან

Автор: ჯუნა на 4/13/2019 0 коммент.
1 აპრილი, 2019
 
სასტუმროში ვართ, ციხისძირში. ზღვიდან მეორე სართულზე. მხოლოდ ჩვენ: მე და გიო. და წინ ჩემი ზღვაა გადაშლილი. ბედნიერებისთვის ალბათ მხოლოდ ის არ მკმარა, რომ ჩემი ბავშვები ყვიროდნენ აქვე სადმე სიხარულისგან და გაოცებისგან დაღებული პირებით.
 რა კარგია როცა შეგიძლია შენი სამყარო შექმნა სადმე. 15 კვადრატულში გამოიკეტო, თან შემოილაგო ყველაფერი, რაც გიყვარს და მხოლოდ ამ ყველაფრით ტკბობა და სიმშვიდე იყოს შენი ცხოვრება. და როგორ მინდა ვიცოდე და შევძლო ამ 15 კვადრატის მთელ სამყაროში გადატანა. აი როცა აქედან გავალთ, მანქანაში ჩავჯდებით და მთელ ქვეყანას შევუერთდებით - მე ისევ ასეთი ვიყო. მშვიდი, გაწონასწორებული, გულში ზღვა სიყვარულით, დარწმუნებული იმაში, რომ ჩემს თავში არავინ მეცილება, დარწმუნებული სწორ ერთადერთ გზაში ათასი არჩევანის გარეშე. და ვტკბებოდე საკუთარი ცხოვრებით ისე , როგორც ამ პატარა ოთახში შემიძლია. ზღვიდან მეორე სართულზე.

 2 აპრილი, 2019
          რა მშვენიერი შეიძლება იყოს გარემო შენს ირგვლივ. 
          ეს წვიმის წვეთები, ასე გამეტებით რომ ეცემიან ფანჯრებს, ბამბუკები, ხავსმოკიდებული ხეები და უსახური სახლებიც კი, რომელთა მიღმა ღრუბლების ჩრდილით გაშავებული ზღვა ბობოქრობს. რეი ჩარლზის ხმა ამ ყველაფრის ფონად და ჩვეულებრივი გადაწყვეტილებები, რომლებიც შეგვიძლია დაუფიქრებლად მივიღოთ.
აი მაგალითად დღეს. ჩვენი ლურჯა სახლის ნაცვლად ფოთში მიგვაქროლებს 🌞 

          ფოთში ვეძებდით ზღვას, კოკისპირულ წვიმაში და ნისლში :)) დაახლოებით 1 საათი ვიბოდიალეთ და ახალი აღმოჩენა გავაკეთე. უცხო ქალაქში, უცნობ ქუჩებში ბოდიალი ყოფილა წამალი :) უმიზეზო მწუხარებების და დაუმორჩილებელი შფოთვების :) 

4 აპრილი, 2019
          ეკლესიის შუაგულში ვიდექი და ვტიროდი. ცხარე, ცხელი ცრემლებით. ხალხი ირეოდა ირგვლივ.

- აცხე? ჩქარა აცხე!
- მერამდენეა?
- მიდი გოგო ეგერ მამაოსთან!
- საიდან იწყება რიგი?.......

         რაღაც რა შორს არიან აქედან.... თუმცა რა ჩემი საქმეა.

         მე რა მატირებდა? არ ვიცი. შუაგულში ვიდექი და საკუთარი ცრემლები ლოყებს მიწვავდა.

         არსებობს მდგომარეობები, როცა არაფერი იცი. ჰოდა მეც არაფერი ვიცოდი.
        და როცა არაფერი იცი, როცა გეშინია შეცდე...რა შეიძლება იყოს ერთადერთი გადაწყვეტილება, რაც არასოდეს იქნება შეცდომა? ჩახუტება. ჩახუტება იმასთან, ვინც გარეთ იდგა და შეშინებული თვალებით მელოდა. რათქმაუნდა. როცა არ იცი როგორ მოიქცე, როცა არ იცი რომელია სწორი გზა, მაშინაც კი.... ჩახუტება. 
        შემიძლია იმდენი ვიტირო რამდენიც გამიხარდება, გული ამოვიგდო, ცრემლები დავცალო, საკუთარი სული დავაცხრო. მაგრამ სულ მეცოდინება, რომ ის შორიახლოს, ჩემთანაა. დგას და მელოდება. და სულ მეცოდინება ერთადერთი სწორი გამოსავალი საკუთარ ცხოვრებაში. ერთადერთი გამოსავალი იმ მდგომარეობიდან, როცა არაფერი იცი.    

11 აპრილი, 2019
- დედა! 2 კვირის წინ რომ გთხოვე ილოცეთქო, მარტო იმ დღეს ილოცე და მორჩა ხო?!

დამნაშავე ვარ. რა მეთქმის. ვდგავარ ჩუმათ ჩემთვის.

- წამოდი ახლავე. სანამ ერთად არ ვილოცებთ, არ დაგაძინებ! 

ისეთი კატეგორიულია თან მეღიმება, თან ვფიქრობ ვაი ჯუნა, აი როგორ მოექცა შენი საქმე 😂🤦‍♀️
მივყვები რათქმაუნდა.

- მე ხმამაღლა წავიკითხავ და შენ მომისმინე!

კითხულობს მამაო ჩვენოს. მერე თავისი ხელით ფურცელზე დაწერილ ღვთისმშობლის ლოცვას. მერე ზეთს იღებს.
შუბლზე იცხებს მთელი გულმოდგინებით, მეც მაცხებს თავისი ბოტოტა თითებით, მიდის და საძინებელში მძინარე ბებოს აცხებს, გიოსაც, თავის დასაც.
ვუყურებ და ვფიქრობ, რამხელა საქმეა გენეტიკა. მთელი გიოს კეთილშობილება, მზრუნველობა, სათნოება შეუსრუტია და ყველაფერი კარგითაა სავსე. და მიხარია. რათქმაუნდა ძალიან მიხარია
 
duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review