Показаны сообщения с ярлыком შვილები. Показать все сообщения

четверг, 20 июня 2024 г.

შემდეგი ეტაპი - თინეიჯერის დედა

Автор: ჯუნა на 6/20/2024 0 коммент.

          ***

          რამდენი სასწაული ხდება თურმე ჩვენს ირგვლივ და ისე ვაბუნებრივებთ ყველაფერს არც კი ვუფიქრდებით. მუცელში პატარა ადამიანი მეზრდება, დაგორავს, დადის, ხან მარჯვნივ ამოიზნიქება, ხან მარცხნივ, ხან ფეხებს მომიბაკუნებს, ხან რას მომანდომებს, ხან უმიზეზოდ მატირებს... მე ის ვნახე უკვე... ხელებს შლიდა და მუჭავდა)) დაჭყეტილი თვალები ქონდა და გული უცემდა :) ჩემი კურკა:) ჩემი ერთი ციცქნა 168 გრამი :) ისე მიყვარს უკვე და ერთი სული მაქვს დრო როდის გავა...

          23/01/2011

          ***

          21 ივნისს შეგვეძინა ბიჭი, თემო ლოლაძე, 3.600 კგ და 51 სმ. ალბათ ვერაფერი მოგანიჭებს ოდნავ მსგავს ბედნიერებასაც კი ცხოვრებაში... მარტო რომ დავრჩით და ვაკვირდებოდი... აღვიქვამდი რომ ეს მყავდა მე მუცელში, ეს მე გავაჩინე, ეს იყო ჩემი და გიოს შვილი... ცრემლებად დაღვრილი იმდენი ველაპარაკე, ჭკუა დავარიგე, იმედია რამე მაინც ესმოდა :))

          3/07/2011

          ***

          ხომ არის რაღაც ეტაპები ყველა ადამიანის ცხოვრებაში, როცა ერთი რომელიღაცა ფაზა მთავრდება და იწყება განსხვავებული, რადიკალურად სხვა ცხოვრება. ჩემი სხვა ფაზა დაიწყო ალბათ სამშობიაროში, როცა მეორე თუ მესამე ღამეს ბავშვი მარტო მე დამიტოვეს. ნაოპერაციები, ტკივილისგან, ემოციებისგან თუ არ ვიცი რისგან დაღლილი, ვითიშებოდი ისე მეძინებოდა, ბავშვი კი გაუთავებლად ტიროდა და ვერაფრით ვაჩერებდი. ის ღამე როგორღაც გავათენეთ, შემდეგ ღამეს კი დავიბარე ექთანი და ბავშვი გავატანე, რომ მოშივდება მაშინ მომიყვანეთთქო და, კმაყოფილი იმით რომ საქმე გავაკეთე, მოვემზადე ტკბილად დასაძინებლად, მაგრამ... თვალი რამდენჯერ მოვხუჭე იმდენი ჩემი პატარა შოშია მომელანდა პირდაღებული:) როგორ ტიროდა და ვერ ამშვიდებდნენ. ვიწექი ცოტა ხანი, მაგრამ სინდისი სულ უფრო და უფრო მქენჯნიდა, თავი "არადედად" ვიგრძენი:) ძლივს წამოვდექი და მივლასლასდი დერეფნის ბოლომდე. კარი შევაღე და დავინახე უამრავი ახალდაბადებული:) ჩემი შვილი მშვიდად იწვა და ეძინა.

          ჩემს ოჯახში გაჩენილან პატარები და მიყურებია როგორ იზრდებიან ისინი. ვეფერებოდი, ვათამაშებდი, მაგრამ მომტირალი, რასაკვირველია, გამყავდა დედასთან და თურმე როგორი განსხვავებული ყოფილა შენი შვილი :) მთლიანად შენი, შენზე მონდობილი. ყველაფერზე წინ რომ დგას, რომ შეგიძლია ყველაფერს გადაახტე, ყველაფერი გადალახო და დათმო. რომ არ გიღირს არც ჭამა, არც ძილი მის ტირილად. გული რომ გეწურება როცა ტკივა და წესიერად არც კი იცი რა... როგორ ვიბნევი ამ დროს და არ ვიცი რა ვაკეთო... მოკლედ... ვწვდები ნელ-ნელ დედობის არსს :)

          15/07/2011

          ***

          ვზივარ და ვფიქრობ რითი უნდა დავიწყო ეს პოსტი;

          რა უნდა მოვახვედრო რამოდენიმე აბზაცში ისეთი, რომელშიც თვალნათლივ გამოჩნდება როგორი ბიჭი მყავს მე თემუკა ან როგორი გოგო ვარ მე მარტო თემუკასთვის;

          ერთმანეთის გვერდით ცუდად არ ვართ, ასე არ ხდება;

          ერთმანეთის გვერდით ნეგატიურობები არ გვაქვს, არ არსებობს;

          არც გადაუჭრელი პრობლემები;

          ჩემი გულითადი მეგობარი ხარო - მითხრა ცოტა ხნის წინ, ისე, უბრალოდ, სხვათაშორის;

          ის ჩემს გვერდით ის კაცია, რომელიც ჩემზე ზრუნავს, ჩემთვის ფიქრობს, რომელსაც ვუყვარვარ და რომელიც ყველაფერს გააკეთებს "ჩვენთვის";

          და მე მის გვერდით მთა ვარ -

          მთა, რომელსაც არაფრის ეშინია დედამიწის ზურგზე;

          ყველაზე ძლიერი, ყველაზე მაგარი და ყოვლისშემძლე...

          შენი ბედნიერებისთვის დედამიწას შევძრავ და გადავდგამ.

          მინდა იცოდე, რომ ყველაზე დიდი სიყვარულით მიყვარხარ რაც კი არსებობს დედამიწის ზურგზე.

          21/06/2015

          ***

          გუშინ ჩემმა უფროსმა შვილმა ყურში მიჩურჩულა: დედი, იცი ჩემ საყვარელ სიმღერას დესპასიტო ქვიაო.... მაშინ, როცა დედ-მამა ბავშვს გემოვნებას ვუხვეწთ, როცა მამის საგულდაგულოდ არჩეული ფლეილისთიდან საღამოობით ტკბილად იღვრება ხრინწიანი My first my last my everythiing.......

          თემოს საყვარელი სიმღერა თურმე დესპასიტოა..... )))))))))

          ყველაზე ბედნიერი მაშინ იყო, როცა რაც ხმა და ძალა ჰქონდა ჩვენს ტელევიზორს და იუთუბს ერთად, დესპასიტო ჩავრთეთ. მთელი ძალით გულში ჩავიკარი და მანამ ვიტრიალეთ ერთად, სანამ ძალა გამოგველია.... ყურში მესმოდა მისი ბედნიერი შეძახილები, ცხვირწინ კი კბილებდაკრეჭილი სიხარულიანი შვილი მიხახუნებდა სახეს.....

          დესპასიტო რა მოსატანია, მაგრამ ვფიქრობდი მის სხვა არჩევან(ებ)ს მომავალშიც ასე მხიარულებით მოვიწონებ თუ არა... რა რთულია...

          17/08/2015

          ***

          ბავშვებს ვეჭიდავებოდი საღამოს. ერთ მხარეს ერთი ამოვიჩარი და შემოვხვიე ხელი, მეორე მხარეს - მეორე. ვგორავდით ასე...შეუჩერებლად. ხან ისინი ექცეოდნენ ჩემს ზემოთ და აჟიტირებულები ტაშისკვრით გამარჯვებას ზეიმობდნენ, ხან მე და ზემოდან დავყურებდი გაჭყინტულებს, მაგრამ ბედნიერად თვალებციმციმებს... ერთმანეთში ირეოდა სიცილები, სიხარულები, აღტკინებული შეძახილები... დრო თითქოს გაჩერდა და აღარ არსებობდა არც პრობლემები, არც სტრესები, არც მოუსწრებელი საქმეები და არც სამყარო სხვა ირგვლივ... მხოლოდ ბედნიერებისგან მოღებულ პირიანი ბავშვები, ყველა კიჭს რომ დაუთვლიდი სათითაოდ, ერთს 32-ს და მეორეს ჯერ სულ რაღაც 4 ცალს...

          11/04/2017

          ***

          დე, როგორ მინდა მეტი დრო მქონდეს თქვენთვის. შენთვის. დილას თვალს რომ გაახელ მე მხედავდე მომღიმარს. ბაღში წასასვლელად მე გამზადებდე. იქედანაც მე მომყავდე. ყველა სადილს და ვახშამს მე გიმზადებდე. (გახუხულ პურს რომ ყველს მოვახეხავ და ამის გამო მთვლი საუკეთესო მზარეულად.....) გული აღარ გწყდებოდეს იმის გამო, რომ შენს გვერდით ხშირად არ ვარ... ან რომ როცა ვარ ვიქტორიას უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევ უნებურად ვიდრე შენ. რომ შენთვის ყველაფერი ცოტა შემრჩა. ყველაფერი მხოლოდ ის, რაც შემიძლია ფიზიკურად მოგცე. ვწერ, ყველაფერი ცოტა შემრჩათქო შენთვის. სიყვარული კი განუზომელია. იმდენი, სულ და ყველაფერში რომ გეყოფა, ეჭვიც არ შეგეპაროს!

          21/06/2017

          ***

          12 საათი რომ ახლოვდებოდა, იმდენი ვილაპარაკეთ... ვუთხარი რომ ძალიან მომწონს მასში სიკეთე. რომ ძალიან მომწონს მასში ერთგულება. რომ ძალიან გაუმართლებს მის ყველა მეგობარს, რადგან ძლიერი და ერთგული საყრდენი ეყოლებათ მისი სახით. რომ ძალიან ვამაყობ, რადგან მე და გიომ და ჩვენ ყველამ შევძელით და ძლიერი საფუძველი ავაშენეთ მასში რწმენის, სიყვარულის, სწორი გზის განსაზღვრის.... და ხანდახან კი მეშინია იმ დიდი პასუხისმგებლობების, რომ ვერ შევძლო და რამე ისე ვერ გავაკეთო, როგორც საჭიროა, რომ წინ გარდატეხის ასაკია, რომ ყველაფერი ჯერ მხოლოდ წინაა.... მაგრამ მერე ვუყურებ და ვრწმუნდები, რომ ეს კარგი საფუძველი საკმაოდ მყარია და მისით სამართლიანად შეგვიძლია ვიამაყოთ.

          21/06/2020

          ***

          კარგა ხნის წინ, ერთი პატარა დღიური გავაკეთე, რომელსაც შენთვის და ვიკისთვის ვინახავ. ცხოვრების ყველაზე რთულ დროს, როცა კი გულში გაივლებ რომ მარტო ხარ, ან არასაკმარისად უყვარხარ ვინმეს, მინდა ამ ჩანაწერებს გადახედო და ყველა წამი იგრძნო, რომელიც ჩვენს სახლში გაგვიტარებია. ვიცი, იდეალური დედა არ ვარ, მეც სულ ვსწავლობ, ვცდილობ, ვსინჯავ... მაგრამ მთავარი, რაშიც არასოდეს მინდა ეჭვი შეიტანო ის არის, რომ მე შენს გვერდით ვიქნები, აწ და მარადის! სულ მიყვარდი, მიყვარხარ და მეყვარები, ყველაზე მეტად. დაბადების დღეს გილოცავ ჩემო პატარა 😍

          20/06/2024

пятница, 3 июня 2022 г.

ბრილიანტი 6 წლისაა :)

Автор: ჯუნა на 6/03/2022 0 коммент.
რომ ჩავუფიქრდები ძალიან მდიდარი ადამიანი ვარ მე, ჩემს ასაკში, ძალიან და მიხარია! ობიექტურად, რათქმაუნდა, ალბათ ასე არ არის, ყველაფერი ყოველთვის იდეალური ვერც იქნება..... მაგრამ ჩემს შიგნით ცხოვრობს რაღაც, რომელიც ცოცხალია და ყველაფერს აიდეალურებს, ავსებს, ასრულყოფილებს და ალამაზებს. მადლიერი ვარ ამის გამო! მადლიერი ვარ რომ ამ "სინაზეების" (ღოღობერიძისეული :)) დანახვა და შენახვა შემიძლია. და რა არის ეს სინაზე? აი ვიქტორიას გამოვლენილი სიყვარული სინაზეა, ჩემი იდაყვი რომ ნებისმიერ "უბედურებას" წონის მისთვის :))) ნებისმიერი ტკივილისგან ამშვიდებს - ჩემთვის სინაზეა. თემოს მორიდებული და წრფელი ჩაღიმება სინაზეა. გიოს აწყლიანებული თვალებიც სინაზეა. უჩას ჯერ კიდევ მუცელში მყოფ პატარას რომ წინდები ვუყიდეთ და ერთი სული გვაქვს ვაჩუქოთ - ესეც დიდი სინაზეა. ნიკუშას რომ ველაპარაკები და განსაკუთრებულ სიახლოვეს ვგრძნობ, რაღაცნაირ გრძნობებს - ესეც სინაზეა. მეგობრებს რომ ჩემი დაბადების დღე და ზოგადად დაბადება უხარიათ, საკუთარ თავს, მორიდებას რომ ჯობნიან და მეუბნებიან რომ მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალე - ჩემთვის დიდი სინაზეა.... და ზოგადად ამ სინაზეების დანახვა დიდი რამეა, შეგრძნება - საოცრება და შენახვა - აუცილებელი. ალბათ ზუსტად ასეთი მომენტები გვაქცევს ჩვენ ადამიანებს ადამიანებად და ამ მომენტების გამო ღირს ჩვენი ცხოვრება... ეს მოკლე ჩანაწერი ჩემს დაბადების დღეზე გამიკეთებია, 2021 წელს. დღეს კი ვიკის დაბადების დღეა. ჩემი, ჩვენი ბრილიანტის, რომელიც 6 წლის გახდა. რაღაც კარგი თვისებებით ვიკი ძალიან მგავს. მასშიც ცხოვრობს რაღაც ჭინკა, რომელიც მის ცხოვრებას გაცილებით კარგს, ლამაზს და იდეალურს ხდის. მას აქვს შინაგანი სილაღე და ყველაზე წვრილმანი სინაზეებით ტკბობის უნარი. მხოლოდ ის მინდა რომ ასე დარჩეს... არ დამძიმდეს, ყურები არასდროს ჩამოყაროს, სულ შეეძლოს ათასი ცუდიდან ერთი სიკეთით გაბედნიერება და სულ დარჩეს ჩვენს ბრილიანტად... ვიქტორია, წლების მერე ამ ჩანაწერს რომ ნახავ, მინდა კიდევ ერთხელ შეიგრძნო როგორ ძალიან მიყვარხარ, ძლიერ და ძლიერ, რაც გადის დრო და ხანი და ყოველთვის ასე იქნება, გპირდები ! < 3

четверг, 10 декабря 2020 г.

დისტანციურად მუშაობის ბედნიერება

Автор: ჯუნა на 12/10/2020 0 коммент.

          დისტანციურად ვმუშაობ სტაბილურად მარტის შემდეგ.... ამ პერიოდებში სამსახურში რამდენჯერმე გავედი, თუმცა სულ ცოტ-ცოტა ხანი :( 2 კვირის წინ გაბრაზებული და საკუთარი პროდუქტიულობით უკმაყოფილო, სამსახურში დავბრუნდი და ლამის 300 კაციან ოფისში კანტი-კუნტად მოსიარულე რამოდენიმე ადამიანთან ერთად გავაგრძელე მუშაობა. თავიდან ამოვისუნთქე, ისევ შევიგრძენი ყავის ყველა ყლუპის გემო )) შეხვედრების მშვიდად მოსმენის და  მიკროფონის ჩართვის ბედნიერება, სიმშვიდეში მუშაობის მუღამი გავიხსენე :) მაგრამ 2 კვირის თავზე ამდენი მარტოობა თითქოს მომწყინდა, თან გამახსენდა, რომ თემო 1 კვირაა ყოველ დილას არ წახვიდე არ დამტოვოს მიმღერის :))) და ბავშვების პირობა მივეცი, რომ ერთი დღით მაინც ისევ სახლში დავრჩებოდი და აი, სახლში ვარ :)

          დილა გათენდა და დაიწყო.... ჯერ ერთმა გაიღვიძა, კომპიუტერი გამიწია და მაგრად ჩამეხუტა, საუკუნის უნახავივით, რა კარგია სახლში რომ ხარო... მერე მეორემ გაიღვიძა... აწია ხელები იეეეს ძახილით და კალთაში ჩამიჯდა. ეს ემოციები რომ გადავიარეთ (😇😊), ჩემი კალთა როგორც იქნა გათავისუფლდა, კომპიუტერი კი დამიბრუნდა, ვიფიქრე მორჩათქო......
          ამ დროს ვიქტორია მოვიდა, შენ მინდა რომ ტანსაცმელი გამომიცვალოო (ჩემი სამი ბებო არ მაკმაყოფილებს და მხოლოდ შენ განდობ ჩემი გამოცვლის მთელ პასუხისმგებლობასო :))) 

          მერე თემო მოვიდა, დე იცი დღეს კუმშვად კვეცად სიტყვებს გვიხსნიან და ხომ მაგარიაო... მე დროს არ ვკარგავ, თავის აწევის გარეშე ვთხოვ რომ შესვენებაზე ხელ-პირი დაიბანოს, კბილები გამოიხეხოს და მოწესრიგდეს. თუმცა თავის აწევა მაინც მიწევს, რადგან მატყუებს რომ უკვე მოწესრიგებულია, მერე ჩემს გამჭოლ მზერას ვერ უძლებს და მნებდება :))

          ამ დროს ჩასაფრებული ვიქტორია გამოხტება  - დე თემომ რომ მოგატყუა, დიდი ცხვირი ხომ გაეზრდებაო.... დავარწმუნე რომ ნამდვილად გაეზრდებოდა. სულ ცოტა ხნით დავბრუნდი კომპიუტერში. ამ დროს:

          - ლოტო ხომ არ გვეთამაშაო, მოსინჯა ყველაზე პატარამ. ჩემგან დელიკატური უარი რომ მიიღო დიდი ბოდიშებით, ახსნებით და კოცნებით, ჩავთვალე რომ ბედს დამორჩილდა და თავი გამანება, თურმე ჩუმათ მაგიდის ქვეშ შემომძვრალა და 5 წუთის შემდეგ ვეჰ შეძახილით ამოხტა და მეც ამახტუნა...

          მერე იყო თემო თავისი ნობათით, ჩიფსებით და თხილით მომადგა, ხომ გიყვარს და ჭამეო. მერე ერთ-ერთმა ბებომ მადისაღმძვრელი ღვეზელები გამოაცხო და მომართვა, ჭამეო ბებომ გენაცვალოსო.... მერე დედაჩემი მოვიდა, ყავა მომიდუღა, ცოტა დამელაპარაკეო, რა არასდროს გცალია ჩემთვისო... მერე გიო მოვიდა შესვენებაზე, ერთად ვისადილოთო, რა დროს მუშაობააო...

          ხოდა მოკლედ, ხვალ სამსახურში მივდივარ და კორონა, წადი რა 😕😁

понедельник, 21 сентября 2020 г.

წერილი ვიქტორიას

Автор: ჯუნა на 9/21/2020 0 коммент.
          ახლა, როცა ამას ვწერ, შენგან საძინებელში ვარ დამალული და ვმეცადინეობ :) შენ კი დამალობანას თამაშობ და ჩემი საძინებლის კართან ბაბუს ემალები :) ჩუმათ ჩუმათო შენს თავს აგულიანებ და პატარა ფეხებს ათამაშებ :)
          ბოლო დროს ისე ვარ...გამცვდარი. და ყველა სიტყვა გამიცვდა. ყველაფერი, რაც კი შემიძლია გითხრა, ძალიან ბანალური და გაცვეთილია, ძალას და ენერგიას მოკლებული. შენი დედიკო დაღლილია.
           უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ აუცილებლად გადავაგორებთ ზამთრის მძიმე დღეებს ერთად, მოვა სიჭრელე, ფერები და გაზაფხული. დათბება, მე და შენ თხელ ჟაკეტებს ჩავიცვამთ და გაზაფხულის სურნელით გაჟღენთილ ქუჩებში სახეტიალოდ წავალთ უმისამართოდ. მივეცემით სრულ თავისუფლებას, ვუპასუხებ შენს ყველა მოსაბეზრებელ შეკითხვას, მათ შორის როგორიცაა: სახეზე დუშგელი უნდა წავისვათ თუ მაკიაჟი :)

           რა კარგია რომ შენ მყავხარ. იმედად, ზრუნვად და სითბოდ. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მაგარი გოგო უნდა იყო და ზოგჯერ სულაც არ მემეტები ამ მაგარი გოგოობისთვის. მინდა სულ ასეთ მხიარულ და ჭინკებიან თვალებში მიყურებდე, ვარდისფერი სათვალეებით, სიხალისით და სიფერადით, ისე როგორც შენ გჩვევია და ერთადაც შეგვიძლია, ზოგჯერ :)
 
მარტი, 2019
 
воскресенье, 21 июня 2020 г.

My number ONE

Автор: ჯუნა на 6/21/2020 0 коммент.
          
          სულ პატარა რომ იყო, ჩემს გარეშე რომ არ შეეძლო, სულ გვერდით რომ მყავდა, დედას რომ მისტიროდა, ხელებს რომ მომხვევდა და სიყვარულს მიხსნიდა :)))) ახლა რომ გაიზარდა და ბიჭობს, დასერიოზულდიო რომ მეჩხუბება :)) იმ ბიჭის დღეობაა სუულ მალე 😎 ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა მთავარი ისევ იგივეა - ისევ ისეთია, უზომოდ ემოციური, გულისხმიერი, მზრუნველი და სულ შეუძლია თვალებში მიყუროს....
          ძალიან უყვარს ადამიანები, გულუბრყვილოა, ყველაფერს განიცდის. არ ვიცი როგორ შეიძლება ასე შვილი გავდეს მშობელს, მაგრამ გიოს ასლია ყველა თვისებით, ქცევით, დამოკიდებულებებით... :) მის გვერდითაც ისევე დაცულად ვგრძნობ თავს, ვიცი რომ ჩემზე იზრუნებს და სულ გვერდით იქნება :)

         ცოტა ხნის წინ, გიოს ბაბუ გარდაიცვალა, ჩემი დედამთილი, რათქმაუნდა, ტიროდა და მშობლებთან წასასვლელად ემზადებოდა. ხარჯებისთვის, ჩემმა მამამთილმა რაღაც თანხა მისცა, დაგჭირდებაო. გიომაც დაუძახა და ცოტა ფული მისცა, გამოგადგებაო. და თემუკაც ეძახის: ბებო, მოდი საქმე მაქვსო :) ცალკე ოთახში გაიყვანა და თავისი დაგროვილი ფული მიაწოდა - დაგჭირდება და აიღეო.... :)

          ზოგჯერ მგონია იმედებს ვუცრუებ, ვერ ვაძლევ საკმარისად იმ ყველაფერს, რაც მას უნდა და სჭირდება: დროს, ყურადღებას, ძალისხმევას.....
          დე, თუ ამას ოდესმე წაიკითხავ, მე შენით ძალიან ამაყი ვარ. ყველაზე მთავარია, შენ იყო ღიმილიანი, ბედნიერი, ჩვენ ამისთვის ნამდვილად ყველაფერს შევძლებთ.
                                                                                                                                   შენი დედიკო
                                                                                                                                      14/05/2020

          დღეს, 12 საათის ზღვარზე, ერთად დავჯექით და ბევრი ვილაპარაკეთ :)
          შევაჯამეთ ჩვენი 9 წელი, რა მოგვწონს ერთმანეთში, რა გვაქვს გამოსასწორებელი, რა - დასახვეწი, რაზე საფიქრალი :) რამხელაა უკვე, თავისი აზრებით, შეგნებით, ფიქრებით....
          ვუთხარი რომ ძალიან მომწონს მასში სიკეთე. რომ ძალიან მომწონს მასში ერთგულება. რომ ძალიან გაუმართლებს მის ყველა მეგობარს, რადგან ძლიერი და ერთგული საყრდენი ეყოლებათ მისი სახით. რომ ძალიან ვამაყობ, რადგან მე და გიომ შევძელით და ძლიერი საფუძველი ავაშენეთ მასში რწმენის, სიყვარულის, სწორი გზის განსაზღვრის.... და ხანდახან კი მეშინია იმ დიდი პასუხისმგებლობების, რომ ვერ შევძლო და რამე ისე ვერ გავაკეთო, როგორც საჭიროა, რომ წინ გარდატეხის ასაკია, რომ ყველაფერი ჯერ მხოლოდ წინაა.... მაგრამ მერე ვუყურებ და ვრწმუნდები, რომ ეს კარგი საფუძველი საკმაოდ მყარია და მისით სამართლიანად შეგვიძლია ვიამაყოთ.

          ბევრი რთული გზა გველის ალბათ წინ, მაგრამ ერთად, მჯერა, ყველაფერს მოვერევით, რაც მთავარია - მე შენთან ვარ. აწ და მარადის :)

          დაბადების დღეს გილოცავ დე 😍 უფ, როგორ მიყვარხარ !!!
                                                                                                                                      21/06/2020

вторник, 2 июня 2020 г.

ამბავი ჩემი სიყვარულისა

Автор: ჯუნა на 6/02/2020 0 коммент.
          ზუსტად 4 წლის წინ, საოპერაციოში გავიცანი ეს გოგონა :) ჩემი მუცლიდან ამოიყვანეს, გაალამაზეს და გაღიმებულმა ექთნებმა მომიყვანეს. არც კი ვიცოდი რა რეაქცია უნდა მქონოდა, თავი დავაქნიე, კარგიათქო და ასე გავიცანით ერთმანეთი. ასე გავიცანი ის, ვინც ჩემი გულის ქვეშ ცხოვრობდა და მას შემდეგ არც არსად წასულა.
სულ ჩემთანაა, სულ. რამდენი დღე, ემოცია, სიხარული, ღიმილი, სიტყვა, გამოხედვა გვაკავშირებს..... და რამდენი გვაქვს კიდევ წინ !

          მთავარია რომ მე მყავხარ. მთავარია რომ ჩვენ აგვირჩიეს შენს მშობლებად და გაჩნდი აი ასეთი, უშიშარი, ბობოქარი, მეტიჩარა, ცხოვრების მოყვარული, ლაღი, მხიარული, ლამაზი, კეთილი, ჩიტისგულა :) მაგარი და მტკიცე ხასიათის, მაგრამ თან ასეთი ემოციური, ყველა სიტყვაზე რომ უნდა დაფიქრდე, ამბები შეთხზა, შენებურად აანალიზო და მერე იშფოთო :)))

          რამოდენიმე კვირის წინ, მიტოვებული კნუტი ვიპოვეთ ქუჩაში და თემომ არაფრით დატოვა.... შეშინებულ ვიკის კი უხსნიდა, მის დედიკოს დაეკარგა და რა ცოდოა ვიკუ არ მივატოვოთო.... მას შემდეგ ჩვევად გექცა, ყველა ძილის წინ, ჩემს ხელს რომ თავქვეშ ამოიდებ და დასაძინებლად მოემზადები, უნდა მკითხო ხომ არ დაგკარგავ სადმე ქუჩაში :) რა სასაცილოა რომ მართლა დარდობ ამაზე და რა სულელი ხარ :)

          ყველაზე მეტად მე მაშინ მეშინია, როცა ვფიქრობ როგორ გავუმკლავდები შენს ცხოვრებისეულ პრობლემებს, ამბებს... რა რთული იქნება ხანდახან იმის ყურება, როგორ გატკენენ გულს სხვა ადამიანები, როგორ ეცდებიან დაგინგრიონ შენი სამყარო, სადაც ახლა მხოლოდ სიყვარული და სილაღე არსებობს..... და საერთოდაც ვიქნები თუ არა შენს გვერდით იმდენ ხანს, რამდენი ხანიც შენ ეს დაგჭირდება....
          მაგრამ სანამ ვიქნები, უნდა იცოდე, მაქსიმუმს შევძლებ იმისთვის, რომ შენ თვალებში ციმციმები არ დაკარგო და შენი სამყარო ისეთივე ლამაზი იყოს ყოველთვის, როგორიც ახლაა, 4 წლის ასაკში: ბევრი ადამიანის სიყვარულით, სიხარულით, სილამაზით, სიცელქით, თავნებობით და სილაღით სავსე.<3 p=""> 
<3 p="">           დაბადების დღეს გილოცავ ! აი შენსავით, მეც მგონია რომ ეს დღე რომ დაიწყება სასწაული უნდა მოხდეს, ფეიერვერკები აინთოს, ყველას უხაროდეს, დედამიწა შენს ირგვლივ ბრუნავდეს, სამყარო ბედნიერი იყოს და ყველამ იცოდეს, რომ დღეს ბევრი ადამიანისთვის დიდი სიხარულის დღეა.

           მიყვარხარ. უბრალოდ კარგი ადამიანი იყავი. ეს საკმარისია

среда, 16 октября 2019 г.

story fb-ის გაუქმებისა :)

Автор: ჯუნა на 10/16/2019 0 коммент.
                                                                          ***
          იყო რაღაც ძალიან გრძელი პერიოდი, როცა თემო ყოველ დილით ტიროდა, თუ იმ დროს გაიღვიძებდა, როცა უკვე სამსახურში ვიყავი წასული.... ყოველი ძილის წინ მთხოვდა დილით მეკოცნა და თუ ისე ფრთხილად ვაკოცებდი, რომ არ შეფხიზლდებოდა, უკვე წასულს მირეკავდა და მეჩხუბებოდა...... ტიროდა.
          ვიქტორიას ეს ასაკი ცოტა ადრე დაუდგა. ალბათ ერთი-ორი წლით ადრე. რომ მეგონა ბაღს შეეჩვია და ყველაფერი გადავლახეთ, ორი დღე მიტრიალა კითხვები:
         - ყველას დედა რომ აკითხავს, მე რატომ მაკითხავს სულ ბებო?
         - დღეს გელოდებოდი, მეგონა დღეს მაინც მომაკითხავდი და ისევ ბებომ მომაკითხა...
         - სულ რატომ ხარ სამსახურში?
         - საერთოდ რატომ უნდა იმუშაო?
         ამ ორი დღის მერე კი ადგა და გადაწყვიტა, რომ სულ აღარ უნდოდა ბაღში სიარული...

                                                                           ***
         - დედა, რატომ არ გამაღვიძე რომ წახვედი, ახლა მთელი დღე ვერ გნახავ....
         8 წლის შვილის მესიჯი მოუვიდა ოთახის თანამშრომელს. სახე შეეცვალა. იჩურჩულა ტელეფონში, გარეთაც გავიდა. ამშვიდა. ის ცალკე, თავისი თავი ცალკე.
         - დე არ იტირო და ცუდ ხასიათზე არ იყო.... თუ გიყვარვარ - მესიჯი მიწერა ბოლოს.
         - კარგი, შევეცდები - მოკლე პასუხი გადიდებული პატარა შვილისგან

         გიჟური რიტმის დრო მოვიდა. სადაც მუდმივი დეფიციტია ურთიერთობების. თითქოს რამდენია ეს ყველაფერი. თითქოს სულ მიმოწერაში ვართ, თითქოს სულ ურთიერთობებში ვართ, თითქოს სულ საუბრებში ვართ, სულ მესენჯერებში ვართ, სულ ყველამ ყველაზე და ყველაფერი იცის და მაინც.... ურთიერთობების დეფიციტის დრო მოვიდა. როცა დრო გარბის და ჩვენ მივსდევთ, გამუდმებით მივსდევთ და ვერ ვეწევით. ვერ ვიცლით საკუთარი შვილებისთვის და გვიკვირს იმ ოჯახების კვირაში ერთხელ რომ ერთობლივად განტვირთვას მოახერხებენ.
          - როგორ ახერხებთ? - მე თვითონ უკმაყოფილოს ბევრი მეკითხება.
         მაგრამ რას?
         ვერ ვახერხებ. ვერაფერ საკმარისს. როცა დღე-ღამეში მხოლოდ 24 საათია, საიდანაც 10-ს სამსახური იკავებს, დანარჩენ დიდ წილს ტრანსპორტი, ძილი, ჭამა, თავის მოწესრიგება, ბავშვების მოწესრიგება, კითხვა, გათიშულ მდგომარეობაში fb-ის სქროლვა, ვარჯიშიც პერიოდულად..... და რამდენს იკავებს საკუთარ შვილებთან საუბარი? დღეში 1 საათს? 2-ს?....

         გარდა ამისა, რამდენი ადამიანი ელოდება მუდმივად და  გრძნობს ურთიერთობების დეფიციტს სხვებისგან.... დედა, მამა, ძმა, და, ბებია, ბაბუა, ბიძა, დეიდა, მამიდა, მეგობრები, პერიოდულად ნათესავები, შეიძლება მეზობლებიც, ან ნათლიები, ნათლულები, ან კოლეგები..... ყველას უნდა მიიღოს რაღაც თავისი კუთვნილი ნაწილი ყურადღების, ზარის, შეხვედრის, სითბოსი...... თანამედროვე ადამიანი, რაღაც ოცთავიანი გველეშაპის მსგავსად, ანაწილებს ყველაზე და ყველაფერზე დროს, ძალას, ენერგიას, ემოციას...

          გამოსავლის ძიებაში გავაუქმე fb, მცირე ხნით, უფრო იმისთვის, რომ გათიშულ მდგომარეობაში სქროლვის ჩვევა მომშლოდა. მოვუძებნე ალტერნატივა: instagram-ს  ვსქროლავდი :)

          სერიოზულად ვაპროტესტებ ასე ცხოვრებას და მინდა ვიცხოვრო სხვაგვარად.
          მინდა იმდენი დრო გავატარო დღის განმავლობაში ბავშვებთან რამდენიც მინდა მე და მათ.
          მინდა თემო მე დამყავდეს სკოლაში და მე ვხვდებოდე იქედან გამოსულს. მინდა ასეთი დღეები არ იყოს მისთვის წელიწადში რამოდენიმეჯერ და დღესასწაულის ტოლი.
         მინდა ჩემი და გიოს საუბრები არ იყოს მხოლოდ მაშინ, როცა დავგეგმავთ, საღამოს დროს ბავშვებს მოვაკლებთ და სადმე გავიპარებით, უცებ შევისრუტავთ ერთმანეთის დანაკლისს, ყველაფერს მივედ-მოვედებით და სახლში გავიქცევით.... მინდა ეს დღის ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილი იყოს.
         მინდა ჩვეულებრივი დღეები სავსე იყოს ურთიერთობებით, ყურადღებებით, ლაივებით......
         შესაძლებელია?

პ.ს. ჰო მართლა, საბოლოო ჯამში ვიქტორიამ ბაღის გადაყვარება ვინმე გაბრიელს დააბრალა. რომელმაც, თურმე, სიყვარულზე უარი უთხრა :) მადლიერი ვარ.... მძიმე სინდისის ქენჯნიდან მიხსნა :) თუმცა რომელი ვარიანტი ჯობდა, აღარ ვიცი.... :))

суббота, 13 апреля 2019 г.

ამბები დღიურიდან

Автор: ჯუნა на 4/13/2019 0 коммент.
1 აპრილი, 2019
 
სასტუმროში ვართ, ციხისძირში. ზღვიდან მეორე სართულზე. მხოლოდ ჩვენ: მე და გიო. და წინ ჩემი ზღვაა გადაშლილი. ბედნიერებისთვის ალბათ მხოლოდ ის არ მკმარა, რომ ჩემი ბავშვები ყვიროდნენ აქვე სადმე სიხარულისგან და გაოცებისგან დაღებული პირებით.
 რა კარგია როცა შეგიძლია შენი სამყარო შექმნა სადმე. 15 კვადრატულში გამოიკეტო, თან შემოილაგო ყველაფერი, რაც გიყვარს და მხოლოდ ამ ყველაფრით ტკბობა და სიმშვიდე იყოს შენი ცხოვრება. და როგორ მინდა ვიცოდე და შევძლო ამ 15 კვადრატის მთელ სამყაროში გადატანა. აი როცა აქედან გავალთ, მანქანაში ჩავჯდებით და მთელ ქვეყანას შევუერთდებით - მე ისევ ასეთი ვიყო. მშვიდი, გაწონასწორებული, გულში ზღვა სიყვარულით, დარწმუნებული იმაში, რომ ჩემს თავში არავინ მეცილება, დარწმუნებული სწორ ერთადერთ გზაში ათასი არჩევანის გარეშე. და ვტკბებოდე საკუთარი ცხოვრებით ისე , როგორც ამ პატარა ოთახში შემიძლია. ზღვიდან მეორე სართულზე.

 2 აპრილი, 2019
          რა მშვენიერი შეიძლება იყოს გარემო შენს ირგვლივ. 
          ეს წვიმის წვეთები, ასე გამეტებით რომ ეცემიან ფანჯრებს, ბამბუკები, ხავსმოკიდებული ხეები და უსახური სახლებიც კი, რომელთა მიღმა ღრუბლების ჩრდილით გაშავებული ზღვა ბობოქრობს. რეი ჩარლზის ხმა ამ ყველაფრის ფონად და ჩვეულებრივი გადაწყვეტილებები, რომლებიც შეგვიძლია დაუფიქრებლად მივიღოთ.
აი მაგალითად დღეს. ჩვენი ლურჯა სახლის ნაცვლად ფოთში მიგვაქროლებს 🌞 

          ფოთში ვეძებდით ზღვას, კოკისპირულ წვიმაში და ნისლში :)) დაახლოებით 1 საათი ვიბოდიალეთ და ახალი აღმოჩენა გავაკეთე. უცხო ქალაქში, უცნობ ქუჩებში ბოდიალი ყოფილა წამალი :) უმიზეზო მწუხარებების და დაუმორჩილებელი შფოთვების :) 

4 აპრილი, 2019
          ეკლესიის შუაგულში ვიდექი და ვტიროდი. ცხარე, ცხელი ცრემლებით. ხალხი ირეოდა ირგვლივ.

- აცხე? ჩქარა აცხე!
- მერამდენეა?
- მიდი გოგო ეგერ მამაოსთან!
- საიდან იწყება რიგი?.......

         რაღაც რა შორს არიან აქედან.... თუმცა რა ჩემი საქმეა.

         მე რა მატირებდა? არ ვიცი. შუაგულში ვიდექი და საკუთარი ცრემლები ლოყებს მიწვავდა.

         არსებობს მდგომარეობები, როცა არაფერი იცი. ჰოდა მეც არაფერი ვიცოდი.
        და როცა არაფერი იცი, როცა გეშინია შეცდე...რა შეიძლება იყოს ერთადერთი გადაწყვეტილება, რაც არასოდეს იქნება შეცდომა? ჩახუტება. ჩახუტება იმასთან, ვინც გარეთ იდგა და შეშინებული თვალებით მელოდა. რათქმაუნდა. როცა არ იცი როგორ მოიქცე, როცა არ იცი რომელია სწორი გზა, მაშინაც კი.... ჩახუტება. 
        შემიძლია იმდენი ვიტირო რამდენიც გამიხარდება, გული ამოვიგდო, ცრემლები დავცალო, საკუთარი სული დავაცხრო. მაგრამ სულ მეცოდინება, რომ ის შორიახლოს, ჩემთანაა. დგას და მელოდება. და სულ მეცოდინება ერთადერთი სწორი გამოსავალი საკუთარ ცხოვრებაში. ერთადერთი გამოსავალი იმ მდგომარეობიდან, როცა არაფერი იცი.    

11 აპრილი, 2019
- დედა! 2 კვირის წინ რომ გთხოვე ილოცეთქო, მარტო იმ დღეს ილოცე და მორჩა ხო?!

დამნაშავე ვარ. რა მეთქმის. ვდგავარ ჩუმათ ჩემთვის.

- წამოდი ახლავე. სანამ ერთად არ ვილოცებთ, არ დაგაძინებ! 

ისეთი კატეგორიულია თან მეღიმება, თან ვფიქრობ ვაი ჯუნა, აი როგორ მოექცა შენი საქმე 😂🤦‍♀️
მივყვები რათქმაუნდა.

- მე ხმამაღლა წავიკითხავ და შენ მომისმინე!

კითხულობს მამაო ჩვენოს. მერე თავისი ხელით ფურცელზე დაწერილ ღვთისმშობლის ლოცვას. მერე ზეთს იღებს.
შუბლზე იცხებს მთელი გულმოდგინებით, მეც მაცხებს თავისი ბოტოტა თითებით, მიდის და საძინებელში მძინარე ბებოს აცხებს, გიოსაც, თავის დასაც.
ვუყურებ და ვფიქრობ, რამხელა საქმეა გენეტიკა. მთელი გიოს კეთილშობილება, მზრუნველობა, სათნოება შეუსრუტია და ყველაფერი კარგითაა სავსე. და მიხარია. რათქმაუნდა ძალიან მიხარია
 
вторник, 28 августа 2018 г.

დღიურებიდან

Автор: ჯუნა на 8/28/2018 0 коммент.
                                                                          24.07
 
          ახლა იქ ვარ, სადაც მთელი სიბერის გატარება მქონდა გეგმაში. სადაც ყველაფერი ისეა, როგორც ჩემს სიბერეში უნდა იყოს.  სუფთა თეთრი და ლურჯი ფერები, მზის შეგებებები დილაადრიან, მისთვის მოყოლილი განსაკუთრებული ამბები და ნუგეშები, სხივებისფერი თმები, მარილიანი მლაშე ზღვის სუნი სხეულზე, ყველაზე საოცარი დაისები, მთვარის შუქზე პლედმოხვეული ფიქრები, ღამის სანაპიროები და ოდნავ დარდიანი სიმშვიდე. თითქოს იქ გადავსახლდი. 30 ან 40 წლით მომავალში....

          ყველაფერი კარგადაა. უბრალოდ ექიმების ვარაუდით რაღაც ჩიყვი მაქვს. თითქოს არაფერი. ამას წელის ტკივილებიც დაერთო და ბონუსად ნერვოპათოლოგთან ვიზიტი. წამლები, უძილო ღამეები, ტკივილები....  თითქოს ხომ არაფერი. მაგრამ მთელი ჩემი წარმოდგენები მუსკულებიან საკუთარ თავზე წყალში ჩამეყარა. ფიქრები იმის შესახებ, რომ ყველაზე მაგარი, გამძლე ვარ, ვერაფერი მომერევა და სულ ასე იქნება - გაქრა. რაღაც მომერია და აღარაფერი იქნება ისე, როგორც ადრე. გაქრება ჩემი მუსკულებიც და გიოს ხელით სატარებელი ვეყოლები, ქალივით სუსტი და უმწეო.

1.08

          მოკლედ, მოიცდის სიბერე :) არავითარი ჩიყვი არ მაქვს. ისევ მუსკულებიანი ყოვლის შემძლე ვარ :) შეეშალათ ამ ექიმებს რაღაც და ძალიანაც კარგი....
          დღეს, თბილისიდან მოვდიოდი და გორთან ახლოს ყვავილები დავინახე. ერთხელ ვნახე ესენი, სადღაც შეკვეთილთან, ციცინათელასთან ახლოს  - საითაც გავიხედე ყველგან ესენი იყვნენ: იასამნისფერები, საოცრებები. ლანდიშებიათქო ვიძახდი, მაგრამ თურმე ლანდიში სულ სხვაგვარია. ეს ჩემი ყვავილები კი მინდვის ყოფილა, თავისთვის ამოდის და ასე უბრალოდ მრავლდებაო მითხრეს. გიოს უნდოდა ჩემთვის დაეკრიფა და ლამის გუბეში გადავარდა :) მერე ქუთაისში ვიპოვეთ :)

19.08

          რახანია გიოზე არაფერი მომიყოლია. ალბათ იმ დროიდან, ვიქტორია რომ პატარა იყო და აფთიაქში გავიპარეთ :) მას შემდეგ ბევრი არაფერიც შეცვლილა, გარდა იმისა რომ შვილები გაიზარდნენ და იმაზე ბევრად მეტ ყურადღებას ითხოვენ, ვიდრე ოდესმე. ჩვენ კი ისევ ვცდილობთ ზოგჯერ რაღაც საქმეები გამოვჩიჩქნოთ, გავაჩინოთ, მერე მხრები ავიჩეჩოთ რომ კი არ გვინდა, მაგრამ საჭიროა. იესთქო ერთმანეთს თვალებით ვანიშნოთ და ჩუმად გავიპაროთ. განა რას ვაფუჭებთ :) უბრალოდ ზოგჯერ მგონია, რომ მართლა ძალიან პატარები ვართ და უჩვეულოდ დიდი შვილები გვყავს.
          მე ძალიან მიყვარს გზები. გრძელი და მშვიდი. ბოლო თვეში მგონი ორჯერ გავიპარეთ. ერთხელ ზღვაზე:
          მთელი გზა შეუსვენებლად ვსაუბრობდით. მოსწრებაზე.
          გამახსენდა, ერთხელ  ერთმა ფსიქოლოგმა მითხრა, რომ თურმე ბევრ ადამიანს აი ასე ერთმანეთთან საუბარი არ შეუძლია. ყოფითზე კი არა...აი ისე... უბრალოდ. მითუმეტეს მეუღლეებს. ბევრს ვფიქრობდი ამაზე. მივხვდი, რომ როგორც ყოველთვის აქაც ძალიან გამიმართლა.
          დრო ცოტა გვქონდა, სულ რაღაც საათი და ცოტა. ვილაპარაკეთ ადამიანებზე, ურთიერთობებზე, შიშებზე.... სიყვარულზეც ბევრი ვილაპარაკეთ. შეგნებებზე და ეგოისტობებზე.  ეგოიზმისა და თვითშეგნების ბრძოლაზე. რომ ზოგჯერ, ადამიანს ეგოისტობა გადაგწონის და ამ დროს, როცა თითქოს ჰარმონიაში უნდა იყო საკუთარი მეს წინ წაწევისთვის, სინამდვილეში ჰარმონიას კარგავ გვერდით მდგომთან. შეიძლება სინდისი გქენჯნის, ან იქნებ გვერდით მდგომის არც ისე ბედნიერი სახე გგვრის სევდას.... მაგრამ ფაქტია, რომ სიმშვიდე მიდის. ჰოდა, თუ შეძლებ და შეგნებას ეგოიზმზე გაამარჯვებინებ - სწორ გზასაც დაინახავ, დათმობ და კომპრომისებსაც იპოვი....  
          იქ გავჩერდით, რომ ზღვაზე მივდიოდით. ჩემი ხელი ხელში ეჭირა, პერიოდულად ტუჩებთან მიჰქონდა, თითქოს რწმუნდებოდა რომ ნამდვილად მე ვიყავი და მშვიდდებოდა. ერთ ადგილას, სადღაც ლანჩხუთთან გააჩერა, ჩამეხუტა და მითხრა. რომ ძალიან ვუყვარდი. კიდე მითხრა, რომ ყოველთვის შეძლებდა ჩახუტებით ყველა ჩემი ტკივილები თავისთან წაეღო. რა ბავშვობაა :)

          მეორეჯერ გურიაში გავიპარეთ. გავიპარეთ რა, საქმეზე წავედით :) დრო საათზე ნაკლები გვქონდა ალბათ. ისე მოსწრებაზე ბევრი ვილაპარაკეთ. გიოს მოსმენა ზოგადად ძალიან მიყვარს. არ ვიცი სუბიექტური ვარ თუ არა, მაგრამ ის რომ საუბრობს მშვიდად, დინჯად, აი ისე, თითქოს მთელი ცხოვრება იმაზე ფიქრობდა, რასაც გიხსნის - შეუძლებელია არ დაუჯერო. შეუძლებელია იფიქრო რომ ცდება, იმიტომ რომ ჩემსავით არასდროს ხტება და ემოციები არ ასულელებს. ცივი გონებით და სამართლიანად მსჯელობა უყვარს.
          ჰოდა გიო იმას ამბობდა რაზეც დიდი ხანია თავად ვფიქრობ. რომ დანაშაულია ადამიანში ეჭვი შეგეპაროს. წამიერადაც კი. თუ სხვას ყველა საბუთი და ახსნა დაუდე საკუთარი თავის გასასამართლებლად- ეს რწმენა აღარაა. არც კაცთმოყვარეობაა, ალბათ. ყველაფერი თუ ომით ახსენი - სადღაა რწმენა? რაღაა ნდობა?... ჰო, კიდევ ურწმუნო თომაზე მომიყვა. თქვენ იცით რატომ ვეძახით თომას, ქრისტეს მოციქულს და წმინდანს ურწმუნოს?  
          თურმე, მას სიხარულით რომ ახარეს სხვა მოციქულებმა ქრისტე აღდგაო, ,,უკეთუ არა ვიხილო, არა სადა მრწმენესო“ - უპასუხა და მოითხოვა,რომ თავად დარმუნებულიყო მათ ნათქვამში. ამ წამიერი ეჭვით მას სამუდამოდ შერჩა ურწმუნო თომას სახელი....
         ჩემი აზრით სხვაობა ვიღაცეებსა და შენთვის ერთგულ ადამიანებს შორის ზუსტად ესაა - ერთგულებს სჯერა შენი. უბრალოდ გიყურებს და სჯერა. ვიღაცეებს - არა. რომ დაუჯდე, ყველა სიტყვა და ქცევა აუხსნა - ვიღაცაც აუცილებლად დაგიჯერებს. მაგრამ ეს დამღლელია. და არასიყვარულური :)

25.08

          ვიქტორიას ვუბრაზდები ძალიან. ან იქნებ ვერც ვუბრაზდები და ამიტომაცაა, რომ დღითი დღე უფრო გასაბრაზებლად იქცევა. ყველაფერში გვგავს. ხან მე, ხან გიოს. ალბათ უფრო მე. ხომ ვთქვი ემოციებისგან მე ვსულელდებითქო :) რთულია საკუთარ ქცევებს გაუბრაზდე. ნეტავ დაჭკვიანდებოდეს.....

          ძილის წინ თავისი სოსკა პირში ჩამიდო და ახლა მე დაგაძინებო გამომიცხადა. ხელები ლოყაზე მომისვა, როგორც მე ვეფერები ხოლმე და ,,იკო და ალა იკო ერთი საკალელი და ლალაზი გოგონა სახელად ქვიოდა პეპა გოჭიო" - მიაყარა..... თვალებდახუჭული რომ მომიგულა ადგა, გიოს ხელი ჩაჰკიდა, ,,ქელი მოტიდე და ვიტუნაოთო“ - უბრძანა. გიოს კი ეძინებოდა, მაგრამ ხომ ვამბობ ვერ ვუბრაზდებითთქო - თვალები სითბოთი აევსო, ერთი გულიანად გადაიკისკისა, ვიკუნას ხელები ჩაჰკიდა და ორივემ ერთად საწოლზე ხტუნვა დაიწყო. მხიარულად, მშვიდად… თითქოს ნორმალურებივით იქცეოდნენ და ასეც უნდა ყოფილიყო ძილის წინ.

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review