1 წლის რომ გახდა ამდენი ემოცია არ მქონია, ასე არ მიამაყია,
ასე არ განმიცდია, ასე არ მიგრძვნია. ახლა უფრო დიდია, ბევრად დიდი. უკვე საერთოდ აღარ
მაქვს შეგრძნება რომ პატარაა, რომ ბავშვია - ჩვეულებრივი ადამიანია, ჩემი მეგობარია,
მართლა, გადამეტების გარეშე. საღამოს ჩემს ამბებს ვუყვები, ჩემს დარდს, სიხარულს ვუზიარებ,
ერთად გვიხარია და ვიცინით, ზოგჯერ მე ვტირი, ის მეფერება და გულწრფელად წუხს, ცდილობს
დამეხმაროს, გიო მოჰყავს დასამშვიდებლად :)
ისიც ყველაფერს მეუბნება, რა ნახა ახალი, რა მოეწონა,
რა ეტკინა, ზოგჯერ ბურთის თამაში ურჩევნია მშვიდად ჯდომას და ჩვენს დიალოგს, მაგრამ
ხათრიანია და დედა უყვარს ძალიან, ამიტომ ჩემთან რჩება და მშვიდად ზის - ზოგჯერ პირიქით
თვითონ უნდა ძალიან რომ ,,ეთათ იკოს“ თემო და დედა და მყუდროება არავინ დაგვირღვიოს,
დედა სამსახურში არ წავიდეს და დილით გაღვიძებულებმა დიდხანს ვინებივროთ ერთად: ხან
მუცელზე დამადოს თავი და გაინაბოს, ხან ლექსები მოვყვეთ, ხან რაიმე გამოგონილი ისტორიები
ცხოველებზე, ხან უაზროთ ვიცინოთ ერთად, ხან ვიჭყუმპალავოთ, ქუჩა ქუჩა ვისეირნოთ...
კეთილია, თუ ტკბილად ეტყვი შეიძლება რაც აბადია ყველაფერი
მოგცეს, თუ ვინმეს რამე უჭირს და ტკივა ძალიან წუხს და გული ტკივა. უყვარს დედიკო, მამიკუნია და ენატრება მათთან
ბევრი დროის გატარება. გულით უხარია, როცა სამივე ერთად ვერთობით და გულის ტკივილამდე
საწყალი გამოხედვა აქვს ზოგჯერ სამსახურში რომ მივდივართ და ვტოვებთ.
მე მინდა გითხრა დე რომ ძალიან მიყვარხარ. არ ვიცი სხვა
დედებს როგორ უყვართ შვილები, ალბათ იმათაც ძალიან, მაგრამ მე ვგიჟდები შენზე, მე შენთვის
ვსუნთქავ. მე ბედნიერი ვარ მხოლოდ იმით, რომ შენ მყავხარ ამ ქვეყანაზე და შენზე ძვირფასი
ჩემთვის არაფერი არ არსებობს. მე მეიმედები.
ახლა ვხვდები ხოლმე მამაჩემის წერილების აზრს და ასეთი
რამეები აღარ მეჩვენება უბრალო ბანალურობებად.
სულ რაღაც 2 წლის გახდი დღეს და ამ 2 წელში მთლიანად
შეცვალე ჩემში და ჩემს ირგვლივ ყველაფერი.
0 коммент.:
Отправить комментарий