***
სახლიდან წასვლა ყოველთვის რთულია. ადრე ისე მიყვარდა სასტუმროები, ახლა აღარ. საწოლები, სადაც სხვა იწვა, სარკეები სხვისი ჩამახსოვრებული გამომეტყველებებით, ყავის ჭიქა - საერთო.... ისე მენატრება ხოლმე სახლი. ჩექინისას უკვე სახლზე ვფიქრობ. ჩემ ყავის ფინჯანზე, საიდანაც თურქული ყავა ყველაზე გემრიელია და ისეთი, როგორიც არსად. ჩემს სარკეზე, სადაც მხოლოდ ჩვენი ღიმილებია ჩამახსოვრებული, ბალიში, რომელზეც ყველაზე ტკბილად მძინავს. ჩემი აბაზანა, სადაც ყველაზე სუფთა და სხვანაირად თბილი წყალი მოდის. არ ვიცი, დავბერდი? ალბათ არა. უბრალოდ ჩემს სამყაროს მივეჯაჭვე და აღარ ვეძებ იმ სიკეთეებს სხვაგან, რაც გვერითაც მრავლად მაქვს. ამ 5 დღიან მოგზაურობაში გიოს მაისური წამოვიღე. აი დაღამდა და ჩავიცვი, სხვისი გადანაფარები თეთრი საბანი დავიფარე და ვცდილობ გავიხსენო რა მახარებდა ადრე: სიმშვიდის შესაძლებლობა, მშვიდად კითხვის, მშვიდად ფილმის ყურების, საკუთარ თავთან მარტო დარჩენის... საკუთარ თავთან მარტო დარჩენა სულ ძალიან მიყვარდა და პერიოდულად მჭირდებოდა კიდეც. ამ ბოლო დროს ეს ყველაზე ძალიან მაკლია. მაგრამ არა სხვა ქალაქში და არა ასე შორს ყველაფერი იმისგან, რაც ასე ძალიან მჭირდება და მიყვარს. ხანდახან შეგრძნება მაქვს რომ ცოტა დრო მაქვს. აი დღეს ხვალ და მორჩა, ყველაფერი დასრულდება და უნდა მოვასწრო. უნდა მოვასწრო ყოველი წამით ტკბობა, სიცოცხლე, შეგრძნებები, სიმშვიდეები, სიყვარული, სითბოები და სილამაზეები. და ვინ იზამს ყველაფერ ამას ხვალ მე თუ აღარ ვიქნები? ჩემი ყვითელი სახლი ალბათ აღარც მოეწონებათ, დრო გავა და გაღებავენ ნაცრისფრად ან თეთრად. ჩემი არმას მორწყვაც დაავიწყდებათ და ფოთოლ-ფოთოლ ჩამოცვივდება გერანიაც. აღარავინ დაალაგებს ფანჯრის რაფაზე სასანთლეებს ფერების მიხედვით და არ გადაიღებს ისე როგორც მე მიყვარს. ალბათ ყვავილებიც გაცოტავდება სახლში. არ ვიცი რატომ ვფიქრობ ამაზე, უბრალოდ სახლში მინდა.
19/10/2024
***
დღეს სასტუმროში რომ დავბრუნდი, პირველად ვიგრძენი რას ნიშნავს "სულში ხელების ფათური" :) სასაცილოა კი, მეც მეცინება ჩემს ფიქრებზე. ჩემი ოთახი დამლაგებელს დაულაგებია და ძლივს გამრავლებული ჩემი ნასუნთქი ჰაერი, ჩემი ხელების ანაბეჭდები და ჩემი კვალი სულ გაუქრია :) ჩემი საყურეები აულაგებია მაგიდიდან და საიდანაც ამოვალაგე ისევ იმ ტომარაში ჩაუყრია, გიოს მაისური ბალიშიდან აუღია და სავარძელზე დაუდევს, რომელსაც არც კი ვეხებოდი. ჩემი სავარცხალიც აუღია და აბაზანაში დაუბინავებია, საწოლი კი აკურატულად გადაუგია და ჩემი მოწყობილი ბუნაგი დაუნგრევია. ალბათ ფიქრობდა რომ ძალიან გამახარებდა, მაგრამ სასწრაფოდ უნდა ჩავიდე და ვითხოვო რომ ჩემი ოთახი აღარ დაალაგონ :(
20/10/2024
***
მთელი კვირა ვეძებდი მიზეზს დასაბრუნებლად და ვიპოვე. თემომ თითი მოიტეხა. რა უცნაური რამეა დედობა, შეიძლება სულაც არ ჭირდებოდე შენს შვილს არაფერში, შენზე უკეთაც უვლიდნენ სხვები, მაგრამ სანამ არ გადავწყვიტე რომ უნდა დავბრუნებულიყავი და იმ საღამოსვე მისთვის მეკოცნა - მანამდე სიმშვიდე და კონცენტრაცია ვერ მოვიპოვე. მერე კი მშვიდად დავასრულე სამუშაო დღე, სიხარულით ჩავლაგდი იმ გადაწყვეტილებით, რომ ყველა თანმხლები ნივთი ჩასვლისთანავე სარეცხ მანქანაში აღმოჩნდებოდა და წამოვედი. ისეთი სიხარულით მოვქროდი, თითქოს ქვეყნის დასალიერში ვყავდი ვინმეს თვეობით დამწყვდეული და ავიწყვიტე, გავთავისუფლდი და თვეების უნახავი ოჯახი უნდა მენახა :) მართლა არ ვიცი, რა არის სახლში დაბრუნებაზე უფრო კარგი შეგრძნება, თუმცა ჩემი ეს რადიკალიზმიც მეუცნაურება :) არაუშავს, ყველაფერი ხდება ხოლმე. მთავარი ისაა, რომ ხვალ დილით სახლში გავიღვიძებ. ხელებს თამამად შევაწყობ ბალიშის ქვეშ, ცხვირსაც მოურიდებლად ჩავყოფ ბალიშში, საბანსაც ტკბილად დავიფარებ და ყველაზე მშვიდად დავიძინებ.
24/10/2024