ნებისმიერ ცვლილებას, რომელიც ჩემს ცხოვრებაში ხდება,
ძალიან სერიოზულად აღვიქვამ და ძალიან მიჭირს ხოლმე გადაწყვეტილებების მიღება. ეს მით
უფრო რთულია, როცა თვლი რომ ერთ-ერთ პირველ სერიოზულ გადაწყვეტილებას იღებ და მასზე
შეიძლება ბევრი რამ იყოს მომავალში დამოკიდებული. ყველაფერი ბევრად მარტივი იქნებოდა
ყველა ვარიანტის განვითარებას რომ ხედავდე მომავალში და იცოდე რა, როგორ დამთავრდება,
მაგრამ სამწუხაროდ შენ მხოლოდ უნდა იმსჯელო, იმარჩიელო და შემდეგ ეს ან გამართლდება
ან არა.
როცა გაქვს კომფორტული სამსახური, და თანაც ისეთი, რომელიც
გიყვარს და სადაც თავს გრძნობ ძალიან მშვიდად, თავდაჯერებულად, კომფორტულად, სადაც
არ გაწუხებს ზედმეტი პასუხისმგებლობები, სადაც ნაკლებად გაქვს სტრესი და სანერვიულო...
და მაინც არ ხარ ისე, როგორც სულ გინდოდა რომ ყოფილიყავი. ძალიან კარგი იგავ-არაკი
ვთარგმნე ცოტა ხნის წინ ყავის ჭიქებზე. აუცილებლად წაიკითხეთ. პრობლემა იმაშია რომ
მე მაწუხებს ფინჯანი, რომლიდანაც ყავას ვსვამ. მე მინდა ის იყოს ლამაზი, ფერადი, სხვისთვის
შესაშური და ამ დროს ვივიწყებ თვითონ ყავის გემოს, რომლითაც წესით მე უნდა ვისიამოვნო.
ხოდა ერთ დღესაც გადავწყვიტე, რომ მე შემიძლია უარი ვთქვა კომფორტულ და შესაშურ (რაღაც
კუთხით) სამსახურზე და წავიდე იქ, სადაც მექნება მეტი სანერვიულო, მეტი სტრესი, დატვირთული
რეჟიმი და სადაც სავარაუდოდ მელოდება არა ერთი დღე და თვე გატარებული არასიმშვიდესა
და არაკომფორტში. მაგრამ რატომღაც მე ჩავთვალე, რომ ეს იქნება უკეთესი ჩემი მომავლისთვის,
პირადად ჩემთვის - მე ვისწავლი მეტს! მე მივიღებ გამოცდილებას და ბოლო-ბოლო მე თუ ამას
შევძლებ - მე შევძლებ ყველაფერს! თუმცა იოლად შესაძლებელია მე არც აღმოვჩნდე ასეთი
ძლიერი, მოვკვდე სინანულით, რომ დავკარგე ჩემი საყვარელი და მარტივი გოგოშკური სამსახური,
სადაც ყოველ დილას მივდიოდი სიხარულით, ვსვამდი არაჩვეულებრივ ყავას არაჩვეულებრივ
ხალხთან ერთად, შემდეგ კი ვმუშაობდი წყნარად, მშვიდად და მთელ დღეს ვატარებდი ტელეფონთან
წამომჯდარი ჩემი შვილის მომღიმარი პორტრეტის წინ.
ძალიან რთულია გაურკვევლობა. როცა ცდილობ საკუთარ თავს
რაღაც დააჯერო, მაგრამ არ გამოგდის, იმიტომ რომ რაღაც შინაგანი გასწრებს და შენს ნაცვლად
დგამს ნაბიჯებს. წარმატების მისაღწევად რისკია საჭირო, მაგრამ იმავე წარმატებას შეიძლება
ლოდინითაც მიაღწიო... და სად არის სწორი პასუხი? მირჩიეს გვირილა იყიდეო J მაგრამ ვიფიქრე რომ ეს ჩემი ცხოვრებაა და გადაწყვეტილებას
გვირილას ნამდვილად ვერ ვანდობ. მე თვითონ უნდა გადავწყვიტო და შემდეგ თვითონვე უნდა
ავიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, ანუ აღარ მივცე საკუთარ თავს ცრემლების ღვრის, დეპრესიების,
მესამე პირებზე გადაბრალებების და გატეხვის საშუალება.
მე ვფიქრობ ასე: ბოლოს და ბოლოს, სადღაც კისერი თუ არ
მოვიტეხე და მარცხი არ განვიცადე, ოდესღაც მომავალში დიდი და ნამდვილი წარმატების გემოს
ვერ ვიგრძნობ ! თუმცა ვიღებ რჩევებსაც... J
2 коммент.:
მშვენიერი ბლოგი გაქვს საინტერესოდაც წერ, უბრალო ერთი შენიშვნა მაქვს - აბზაცები გამოყავი თორემ ერთიანი ტექსტის კითხვისგან ტვინი ამეხადა და თვალები დამებრიცა.
ბევრად სასიამოვნო და მარტივი წასაკითხი იქნება პოსტები : ) ♥
დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის და რჩევისთვის, აუცილებლად გავითვალისწინებ :)
Отправить комментарий