
დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა და მინდა ყველას მოგილოცოთ ეს დღე!
მე არ მინდა ვწერო ლამაზი სიტყვები იმაზე, თუ როგორ მიყვარს ჩემი ქვეყანა და როგორ მტკივა ყველაფერი ის, რაც მის თავს დღეს ხდება. არ მინდა. რადგან არ ვთვლი თავს განსაკუთრებულ პატრიოტად.
არც სიყვარულის სიტყვებით გამოხატვა მგონია დიდი პატრიოტიზმი, რადგან ბევრი "სიტყვით პატრიოტი" მინახავს საქართველოს სადღეგრძელოს რომ ისე იტყვის აგატირებს და 2008 წლის აგვისტოს საწოლის ქვეშ იმალებოდა.
მე არც ის მინდა ჩემს ბლოგზე პოლიტიკა იყოს. არ ვარ ამ საკითხში კომპეტენტური.
ვერც იმას ვიტყვი დაზუსტებით, რომ სწორ დასკვნებს ვაკეთებ ჩვენს პოლიტიკოსებთან დაკავშირებით და რომ სამართლიანად მძულს ბურჯანაძე თუ ნოღაიდელი...... დრო ყველაფერს გვიჩვენებს და ყველას განსჯის.
უბრალოდ იმდენი ბრმა ადამიანი ცხოვრობს ამ ქვეყანაში. ხანდახან შიშით ვფიქრობ ხოლმე მეც ხომ ასე არ გამოვიყურები გვერდიდან?! ვაი თუ მეც ამათ ვგავარ და სასაცილოდ გამოვიყურები როცა მიმაჩნია, რომ ეს ქვეყანა ცოტა წელში გასწორდა და რომ სააკაშვილი რაღაცას აკეთებს...
რამდენიმე ხნის წინ ერთი ძველი კაცისგან მოვისმინე სიტყვები "ამათი დედა ვატირე, რა აწყობილი ქვეყანა დაანგრიესო"....
"ამათში" იგულისხმებოდა სააკაშვილი, "აწყობილ ქვეყანაში" კი საქართველო შევარდნაძის დროს.
ბევრი კითხვა გამიჩნდა ამ ადამიანთან, დამაინტერესა რა ქვეყანას ეძახის იგი აწყობილს: იმას, რომ შუქის დანახვა გვენატრებოდა თუ იმას, რომ გაზზე ოცნებასაც კი ვერ ვბედავდით საქართველოში? ან იქნებ იმას, რომ ღამე ძილის ეშინოდა ხალხს ყაჩაღების მოლოდინში? თუ იმას, რომ ახალგაზრდობის 80%-ს ქურდობა და კაი ბიჭობა უნდოდა?
სახლს რომ გაგიქურდავდნენ და ყველაფრის დასაბრუნებლად ფულს შეგაწერდნენ და ვერც კი გაივლებდი თავში ყურმილი აგეღო და პოლიციაში დაგერეკა, რადგან უბრალოდ აზრი არ ქონდა..... ესაა აწყობილი ქვეყანა?
მე არ ვერევი პოლიტიკაში, არც სააკაშვილს ვაქებ, უბრალოდ
პირველად ჩემს გააზრებულ ცხოვრებაში მე მეამაყება ჩემი ქალაქი და ჩემი ქვეყანა!
დავდივარ და გახარებული ვიღებ სურათებს და დიდი სიამაყით ვაგზავნი საზღვარგარეთ. იმასაც ვხვდები რომ იქ ლამაზი შენობებით და უცხო ყვავილებით ვერავის გავაკვირვებ, მაგრამ მინდა გაიგონ მაინც, რომ ჩვენთანაც ყველაფერი კარგადაა!
როცა არდადეგებზე მოსკოვიდან მოვდიოდი ყველა შეშფოთებით მეკითხებოდა "იქ როგორ მიდიხარ? იქ ხომ ომია? ქუჩაში ალბათ თოფებით დადიხართ ხო?" და გამომეტყველება იცით როგორი? უი თქვე საწყლებო.... მაგრამ მთავარი ისაა, რომ მათ მართლა ასეთი წარმოუდგენიათ დღევანდელი საქართველო: არეული, გაჭირვებული, დაგლახავებული, უმწეო....
და მე მიხარია რომ ეს რეალობას არ შეესაბამება! და მე მიხარია რომ საკუთარ ქვეყანაში ცხოვრება აღარ მეშინია!
ჩვენი საქართველოც იქნება ოდესმე დიდი, ისევე როგორც იყო ოდესღაც!
მე ამის მჯერა.
მაგრამ მარტო სააკაშვილის ლანძღვა არ მგონია ამისთვის საკმარისი იყოს
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა ჩვენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.